ყველაზე "დიდი სიმართლე" მაკა ზამბახიძეზე - გზაპრესი

ყველაზე "დიდი სიმართლე" მაკა ზამბახიძეზე

"სიტყვაძუნწია, მაგრამ სიყვარულის ბუშტი თუ გაუსკდა, შესაძლოა, მისგან თავი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დააღწიო. იშვიათად აქვს ვინმესთან ქიშპობის ან შეჯიბრების სურვილი. იმდენად ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა. საოცარი წინათგრძნობა აქვს. ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი. უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა. გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მომღერალ მაკა ზამბახიძის ზოდიაქოს ნიშანია.

GzaPress- მართალია, ეკლესია კრძალავს, მაგრამ ასტროლოგიის მჯერა. ადამიანის გაცნობისას ისიც კი მიკითხავს, რომელია მისი ზოდიაქოს ნიშანი?

- პირადი ჰოროსკოპი შეგიდგენია?

- არა.

- ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თევზები ყველაზე რთულად აღსაწერია. როგორ ფიქრობ, რატომ? შენს ხასიათში რა სირთულეს ხედავ?

- ღმერთო ჩემო! თევზებზე მსგავსი რამ აქამდე არ მსმენია, ჩემს ზოდიაქოზე სხვა შეხედულება მქონდა. ყველა ადამიანს აქვს ხასიათში რთული შტრიხები და გამონაკლისი არც მე ვარ... მიამიტი და მიმნდობი გახლავართ, სისხარტე მაკლია.

- ადამიანებისგან იმედგაცრუების სიმწარე ხშირად განგიცდია?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მომენტები ყოფილა. ეს მტკივნეული თემაა.

- "იმდენად ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, მაგრამ არც იმას უარვყოფ, რომ ეს თვისება მაქვს. ადამიანი თუ სწორად მომიდგება, ჩემში სიჯიუტის დაძლევა არ გაუჭირდება. ვფიქრობ, უცნობებისთვისაც კი კომფორტული და კომუნიკაბელური ვარ.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- ყოველ ჩვენგანს აქვს პატარა ოცნებები. არა მგონია, ეს თვისება "ქრონიკულობაში" გადამსვლოდეს.

- "მუდმივად პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის მერყეობს".

- შორს ჩემგან უიმედობა! მე ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით ვცხოვრობ.

- "საოცარი წინათგრძნობა აქვს".

- კი, ნამდვილად ასე, მაგრამ დაკვირვებული ვარ, როცა სამომავლო გეგმებზე წინასწარ, ღიად ვლაპარაკობ, უმეტეს შემთხვევაში, ის საქმე აღარ გამოდის. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ გეგმებზე ლაპარაკი კარგი არ არის, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ. ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა წინათგრძნობას ავყევი, ისე მოვიქეცი, როგორც შინაგანმა ხმამ მიკარნახა და შედეგად, სწორ გზაზე დავდექი.

- შენი მოტყუება ადვილია?

- ვერ ვიტყვი, რომ მთლად ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ მიმნდობი და მიამიტი ვარ. მიამიტობა სიბრიყვეში არასდროს გადამსვლია.

- "საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერზე წამსვლელია".

- მართალია, ასტროლოგებს ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. მგონია, რომ ეს კარგი თვისებაა. თავგანწირვა და ერთგულება ჩემი ცხოვრების დევიზია. როცა ადამიანი მიყვარს, მისთვის ყველაფრის გაღება შემიძლია.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

GzaPress- მართალია. ბოლოს და ბოლოს, ვის არ უთქვამს ტყუილი?!

- ბოლოს რის გამო ან ვისთან იცრუე, გახსოვს?

- არ მახსოვს, მაგრამ ისეთი ტყუილი არასდროს მითქვამს, ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინოს. ბოროტ ტყუილებს არ ვამბობ.

- "ხშირად არ ჰყოფნის მოხერხებულობა, იყოს ეშმაკი".

- ვაიმეე!!! დაწერე, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე, რაც კი დღეს ჩემი ნიშნის დახასიათებიდან მოვისმინე. აი, ზუსტად ასეთი ვარ. რამდენჯერ მოვინდომე და სიეშმაკე ვერ ვისწავლე. ალბათ, ასეთი უნდა დაიბადო. სხვათა შორის, ამ თვისების გამო ბავშვობაში ვიჩაგრებოდი. სხვას რომ ათჯერ დაეშავებინა და მე - ერთხელ, ყოველთვის ჩემი გაფუჭებული ჩანდა, მე მბრალდებოდა და სიტუაციიდან გამოძრომას ვერ ვახერხებდი.

- "მას ცოტა მეგობარი ჰყავს, მაგრამ მათ ბოლომდე ინარჩუნებს".

- ბევრი ნაცნობი მყავს, ძალიან ბევრიც კი, მაგრამ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება, მეგობარი ვუწოდო, თითებზე დასათვლელია. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.

- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა".

- მართალია, როცა საჩუქარს ვიძენ, ეს პროცესი და მერე ადამიანის გაბრწყინებული სახის დანახვაც იმაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე თავად ვხარობ მორთმეული საჩუქრებით. თან, ჩვევად მაქვს: როცა ვინმესთვის საჩუქარს ვარჩევ, ვცდილობ გავიგო, რა უნდა ყველაზე მეტად, რა გაახარებს და მერე ერთი სული მაქვს, როდის მივუტან სასურველ ნივთს. არც ერთი ადამიანისთვის საჩუქარი მოვალეობის მოხდის გამო არ შემიძენია.

- თავად საჩუქარს ხშირად იღებ?

- საკმაოდ ხშირად ვიღებ. მეუღლე, მეგობრები, შვილი - ყველა მანებივრებს.

- "მას არ უყვარს კამათში ჩართვა..."

- თუ საჭიროა, ჩემი სიტყვა და აზრი დავაფიქსირო, ამ შემთხვევაში ვერთვები. ძალიან ნეიტრალური ადამიანიც არ ვარ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ აზრს ღიად არასდროს ამბობენ.

- "მას იშვიათად აქვს ვინმესთან ქიშპობის ან შეჯიბრების სურვილი".

- ჩემში ეს თვისება ძალიან მომწონს. ყველა ნიჭიერი ადამიანის მხარდამჭერი ვარ და მათი წარმატებით გახარების უნარიც მაქვს. ზოგჯერ ჩემს სიტყვაზე ყოფილა დამოკიდებული კონკრეტული ადამიანის კარიერული წინსვლა, მომავალი და თამამად, ამაყად შემიძლია გითხრა, მე ეს გამიკეთებია! ზოგადად, ჩემს სიკეთეებზე ლაპარაკი არ მიყვარს.

- ის, რაც ზოგადად, შოუბიზნესისთვის არის დამახასიათებელი - შური, ინტრიგა, "ფეხის დადება" შენთვის უცხოა?

- ჩემთვის ასეთი რამ გაუკეთებიათ თუ არა? ამას ყურადღებას არ ვაქცევ. პირველ რიგში, მინდა, ჩემი საქმით ვიყო დაკავებული და ვინმე ფეხს თუ დამიდებს, ეს პირადად მისი პრობლემაა, მას მეტად დააზარალებს. მე იგივეს არასდროს გავაკეთებ.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ სიყვარულის ბუშტი თუ გაუსკდა, შესაძლოა, მისგან თავი დიდხანს ვეღარ დააღწიო".

- ან ვლაპარაკობ, ან ვმღერი (იცინის), სიტყვაძუნწი საერთოდ არ ვარ.

- "ქონებას და ფულს ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებს".

GzaPress- მე ვიტყოდი, რომ ხელგაშლილი ვარ. მიყვარს და მსიამოვნებს, როცა საყვარელ ადამიანებს საჩუქრებს ვუძღვნი, სადმე ვეპატიჟები...

- სიზარმაცე არის შენი თვისება?

- ზარმაცი არ ვარ, პირიქით - შრომა მიყვარს.

- "მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია, ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრახუნოს".

- ფიცხი ვარ, მაგრამ წონასწორობას ხშირად არ ვკარგავ.

- ცინიზმი გახასიათებს?

- არა.

- როცა ოჯახს ქმნიდი, დაინტერესდი, შენი და შენი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდნენ?

- მაშინ ამაზე არ მიფიქრია, მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენს ნიშნებს ერთმანეთთან მთლად კარგი დამოკიდებულება ვერ აქვთ, მაგრამ ეს რეალურ მდგომარეობას არ ეტყობა. მცირე კამათი, სირთულეები ყველა ოჯახშია. რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთის გაგება არ გვიჭირს.

თამუნა კვინიკაძე