რა სტერეოტიპს ამსხვრევს ნინი წიკლაური - გზაპრესი

რა სტერეოტიპს ამსხვრევს ნინი წიკლაური

ნინი საჩუქრითა და მიღწეული წარმატებით ძალიან გახარებულია. როგორც გვითხრა, კარგი მძღოლია, საგზაო წესებს ყოველთვის იცავს. მისი საოცნებო მანქანა "რენჯ როვერია".

- რომ გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდებოდი-მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან ბევრს ვშრომობდი, ვრეპეტიციობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. ყოველ წუთს იმ შემსრულებელზე ვფიქრობდი, ვინც უნდა განმესახიერებინა და შესაბამისად, შრომა ყოველ ტურზე მიფასდებოდა. ველოდი, რომ საუკეთესო ოთხეულში ვიქნებოდი და რაიმე პრიზი შემხვდებოდა.

- როგორი შეგრძნებაა, როცა ერთ-ერთ გამარჯვებულად გასახელებენ?

GzaPress- იმ წუთას ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, ფეხებით მიწას ვერ ვეხებოდი, ბედნიერებისგან ჰაერში დავფრინავდი; ვკიოდი და ვწიოდი სიხარულისგან. ამ ბედნიერების სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია.

- ახლო მომავალში კიდევ, რომელიმე პროექტში ან კონკურსში ხომ არ გიხილავთ?

- ჯერჯერობით, უნდა დავისვენო. თანაც, არა მგონია, სადმე ამაზე საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემომთავაზონ, მაგრამ სამომავლოდ არაფერს გამოვრიცხავ.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე კარგად რომელი მომღერლის ამპლუა მოირგე?

- ჩემთან ყველაზე ახლოს ლორდე და ემელი სანდე აღმოჩნდნენ. ამ ორი მომღერლის ტყავში შეძრომამ დიდი სიამოვნება მომანიჭა. "ლორდეს სხეულიდან" კარგა ხანს ვერ გამოვედი. ის ხმის ტემბრითაც ძალიან მგავს და იმ ტურში, როცა მისი სიმღერა შევასრულე, ლიდერიც გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ მომღერალს და მის შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ. ზოგადად, ლოტოტრონში ნაკლებად ცნობილი მომღერლების სახელები ამოდიოდა. ემელი სანდეს სიმღერა "ცოცხლად" შევასრულე, მაგრამ ჩემი ვერსია გავაკეთე, როიალთან თავად ვიჯექი და ჩელისტი გვანცა მატიაშვილი მეხმარებოდა. ეს ნომერი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

- ნინი, მანქანის მართვა რა ასაკში ისწავლე?

- საჭეს საკმაოდ პატარა ასაკში მივუჯექი. ავტომანქანის მართვა მამამ მასწავლა. მაშინ "01" გვყავდა (იცინის). სხვათა შორის, საკმაოდ რთული იყო ამ მანქანის საჭის დამორჩილება. მერე მამა გარდაიცვალა და აღარავინ მითმობდა დროს ამ საქმისთვის. მოგვიანებით, ხან მეზობელი მსვავდა თავისი მანქანის საჭესთან, ხანაც - მეგობრები. ასე წვალებით ვისწავლე ავტომობილის მართვა. დღეს ახლობლები მეუბნებიან: თმა რომ შეიკრა და ქუდი დაიხურო, ვერც მიხვდებიან, თუ ქალი ზის საჭესთან, ისე კარგად მართავ ავტომობილსო. მე ვამსხვრევ სტერეოტიპს - "ქალი საჭესთან საშიშია". სხვათა შორის, მანდილოსნები წესებს მეტი გულმოდგინებით იცავენ, ვიდრე მამაკაცები.

- მართვის მოწმობა რა ასაკში აიღე?

- 18 წელი როგორც კი შემისრულდა, მაშინვე გავედი გამოცდაზე. მოწმობა რომ მომცეს, ამით ძალიან ამაყი ვიყავი.

- პირველად რა მარკის ავტომობილი გყავდა?

- საკუთარი მანქანა 2008 წლიდან მყავს. ჩემი პირველი ავტომობილი A კლასის მერსედესი გახლდათ, რომელიც საკმაოდ ეკონომიური იყო და რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებოდი. მიყვარს მანქანის მოვლა, ყოველთვის დროულად ვუცვლი ამა თუ იმ დაზიანებულ ნაწილს. ერთადერთი, რასაც დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო ვერ ვაკეთებ, მანქანის საჭირო დროს გარეცხვაა. ამიტომ, ხშირად ნახავთ ჩემს ავტომობილს გასარეცხ მდგომარეობაში. მიხარია, რომ ზოგჯერ ამ საქმეში ოჯახის წევრები მეხმარებიან და მათ მიჰყავთ გასარეცხად.

- შენი ახალი მანქანით ყველაზე შორს, სად ყოფილხარ?

- ჯერჯერობით, ყველაზე შორს რუსთავში ვიყავი, სადაც მანქანის გადასაფორმებლად წავედი.

- მოძრაობის წესებს ყოველთვის იცავ?

GzaPress- წესებს არასოდეს ვარღვევ, ძალიან მოწესრიგებული ვარ. სხვა მძღოლები საგზაო ნიშნებს ყურადღებას რომ არ აქცევენ, ეს მაღიზიანებს. ისინი ხომ ასეთი საქციელით არა მარტო საკუთარ თავს აგდებენ საფრთხეში, არამედ სხვებსაც აზარალებენ. მაშინაც ვღიზიანდები, როცა უმიზეზოდ ასიგნალებენ. ჩემი აზრით, ასეთი მძღოლები აუცილებლად უნდა ჯარიმდებოდნენ.

- მანქანის შეკეთება თუ შეგიძლია?

- ერთხელ მანქანას რაღაც გაუფუჭდა, მოძრაობისას უჩვეულო ხმას გამოსცემდა. მაშინვე ხელოსანთან მივიყვანე, რომელმაც უკან გამომიშვა, - არაფერი სჭირსო; მერე სხვასთან მივიყვანე, მანაც იგივე მითხრა და მესამესთან რომ მივედი, ხელით მივანიშნე: დაახლოებით ამ ადგილიდან რაღაც ხმას გამოსცემს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ რადიატორს ჰქონდა პრობლემა. როცა ხელოსნებს წინა ორ შემთხვევაზე ვუამბე, ბევრი იცინეს: თუ რამეა, იცოდე, ჩვენთან სამსახური გარანტირებული გაქვსო (იცინის). სხვათა შორის, დამოუკიდებლად საბურავის გამოცვლაც შემიძლია და დაყენებაც. საჭირო ატრიბუტიკით დავდივარ, მანქანაში ხელსაწყოები ყოველთვის მაქვს.

- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- პატრულს უმიზეზოდ არასოდეს გავუჩერებივარ. ერთხელ დამაჯარიმეს 10 ლარით, ტელეფონზე საუბრის გამო და მას მერე, საჭის მართვისას მობილურით აღარ ვსარგებლობ. იმედია, ის ადამიანები, ვისაც აჯარიმებენ, ჩემსავით ითვალისწინებენ გაფრთხილებას.

- თუ შეგიძლია, მეგობარს მანქანა ათხოვო?

- არა, ჩემი დისა და ოჯახის სხვა წევრების გარდა, მანქანას ვერავის ვათხოვებ. მირჩევია, ისინი თავად წავიყვანო ამა თუ იმ ადგილას, ვიდრე ავტომობილი გავატანო.

- მანქანის მართვის დროს სახიფათო სიტუაცია თუ შეგიქმნია?

- უკვე დიდი ხანია, საჭესთან ვზივარ, მაგრამ სახიფათო სიტუაცია არასოდეს შემიქმნია, პირიქით - სხვის მიერ შექმნილი საავარიო მდგომარეობა გამომისწორებია და ამით მეც გადავრჩენილვარ და ის სხვაც. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მძღოლი ვარ.

მარეხ ჭონიშვილი