რატომ აღარ კითხულობს ლექს-სენი წიგნებს - გზაპრესი

რატომ აღარ კითხულობს ლექს-სენი წიგნებს

ლექს-სენის და ჯორჯ მინორის (გიორგი დათიაშვილის) ერთობლივი ნამუშევარი, დები იშხნელების სიმღერის - "მხოლოდ შენ ერთს" "რიმეიქი" რადიოსა და ინტერნეტში პოპულარულია: ბევრისთვის საყვარელი ძველი სიმღერის ახლებურ ვერსიას მსმენელთა მოწონება ხვდა წილად. ვიდრე ლექს-სენთან წიგნებზე ვისაუბრებდი, მას სწორედ ამ ახალი სიმღერის შესახებ ვკითხე, რადგან მოგეხსენებათ, დები იშხნელების სიმღერების ფილმში გამოყენების გამო, "ფორმულა კრეატივსა" და იშხნელების შთამომავალს შორის წლების წინ, გაუგებრობა მოხდა.

- ამ გაუგებრობის შესახებ არაფერი ვიცი... სიმღერის "გაკეთებამდე", ჯერ საავტორო უფლებების ასოციაციის წარმომადგენლებს დავუკავშირდი, რომლებიც ჩემს წინადადებას გულისყურით მოეკიდნენ, შემდეგ - იშხნელების შთამომავალს, ქალბატონ თინა მენაბდეს ვესაუბრე. მან დიდი "მწვანე ამინთო" - "გააკეთეო", რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი... ურთიერთობის ასეთი ცივილიზებული ფორმა კარგია. მაგალითად, ჩემი სიმღერის გამოყენება პრობლემა კი არ არის, მაგრამ მეც მიფიქრია ხოლმე ვიღაცებზე, - მოსულიყვნენ, ეკითხათ-მეთქი... ბევრჯერ უკითხავთ კიდეც, - შეიძლება, გადაცემაში შენი სიმღერა გამოვიყენოთო? რა თქმა უნდა, დავთანხმებულვარ. მთავარია, ადამიანთან მიხვიდე და ჰკითხო.

- შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- სამწუხაროდ - არა. დაოჯახების შემდეგ საცხოვრებად ცალკე გადავედი. ამ ეტაპზე, ფართის სიმცირის გამო, კარადაც კი არ მაქვს. მომცრო ზომის თაროებზე რამდენიმე წიგნი გვიდევს, მაგრამ ნელ-ნელა, შვილისთვის მდიდარ ბიბლიოთეკას შევქმნით. ცუდად ნათქვამი გამომდის, მაგრამ მე წიგნების კითხვის ეტაპი უკვე გავიარე.

- ბოლოს რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ, გახსოვთ?

GzaPress- ზუსტად აღარ მახსოვს. მგონი, მარკესს "ვაწვალებდი". ჩემი ამჟამინდელი სიტუაციის გამო, წიგნებს მოვწყდი. მოუცლელობა მიზეზი არ არის: ადამიანი წიგნის წასაკითხად დროს ყოველთვის გამონახავ. ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტით "გადაფურცლავ", მაგრამ ამას უკვე სხვა ნებისყოფა სჭირდება. მე ფიქრი უფრო მიტაცებს. წიგნი რომ წავიკითხო, ვეღარ ვიფიქრებ.

- ყველაზე აქტიური მკითხველი ცხოვრების რომელ ეტაპზე იყავით?

- სტუდენტობისას. მაშინ წიგნის სუნიც კი მიყვარდა. სპეციალობით კულტუროლოგს კითხვა ძალიან მიტაცებდა. ახლა იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, მაშინ მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე, ახალგაზრდობას ხომ სიზარმაცე თან სდევს!.. წიგნი მაგარი ფენომენია. ჩემი აზრით, მუდმივი მკითხველობა ზუსტად ისეთივე პროფესიაა, როგორიც თუნდაც - მუსიკოსობა, მხატვრობა...

- რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები თქვენი სიმღერის მუზა, შთაგონების წყარო გამხდარა?

- ვერ ვიხსენებ... ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, "ვეფხისტყაოსანი" გახლავთ. მისი ტექსტი ხომ მუსიკაცაა. ისე მიყვარდა, რომ ნახევარი ზეპირად ვიცოდი და ყველგან ვყვებოდი ხოლმე. სკოლას რომ ვამთავრებდი, ლექსების წერა დავიწყე და მუსიკის "კეთების" სურვილიც გამიჩნდა. ვატყობდი, "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს, სტრიქონებს მუსიკალურად "ვახუჭუჭებდი", მეგობრების დაბადების დღეებზე ვყვებოდი...

- "ვეფხისტყაოსნის" სტროფების ზეპირად სწავლა ბევრ ბავშვს ეზარება ხოლმე...

- მე კი ძალიან ადვილად ვსწავლობდი. ძველი ქართული სიტყვები ჩემთვის გასაგები იყო.

- საერთოდ, პოეზია გიყვართ?

- პოეზია სკოლაში სწავლის პერიოდიდანვე მიყვარდა. სხვათა შორის, ლექსების კრებულებიც მაქვს გამოცემული. რაღაცებს ახლაც ვქმნი. შემოქმედება ხომ იმაზეა დამოკიდებული, შენში ამბოხი, პროტესტი, ემოცია როგორ დაიბადება, რომ ტექსტი დაწერო?

- ყოფითი პრობლემები ახსენეთ. ასეთ დროს შემოქმედი ადამიანი თავის საქმეში უფრო ნაყოფიერი არ უნდა იყოს?

- ბოლო პერიოდში, ჩემს 3-4 ახალ სიმღერაში დღევანდელი რეალობა თვალნათლივ ავსახე. წერის მუზა ბევრჯერ მომსვლია და მიფიქრია, რაღაც დამეწერა. უცნაურობა მახასიათებს: მუზას სტუმრობა განსაკუთრებით ღამის საათებში უყვარს ანუ მაშინ, როცა ძილი მინდა. ამიტომ, მასთან დუელი მაქვს ხოლმე - განიდევნე, მაცდურო, უნდა დავიძინო-მეთქი (იცინის)!..

- ანუ ლექსის წერას ძილს ამჯობინებთ?

- დიახ, რადგან უძილობა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს... ასე რომ, ვინ იცის, კაცობრიობამ რამდენი კარგი ნაწარმოები დაკარგა (იცინის).

- ლექსო, ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად წაკითხვა როდის დაიწყეთ?

- დედა ფილოლოგი გახლავთ და წიგნების კითხვას სულ მაძალებდა. სკოლის ასაკში ადამიანი სულ "ყალთაბანდობს", თვალი ქუჩისკენ უჭირავს. დედა მეუბნებოდა, - აბა, სახლში ამოდი, ეს წაიკითხე და მერე წადიო.

- კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვას გაძალებდათ?

- რა თქმა უნდა! დამოუკიდებლად უკვე სტუდენტობისას ვკითხულობდი. ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. იმ პერიოდმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმ დროს ხშირად ვაანალიზებ, ეტაპებად ვყოფ... საკუთარი თავის, გარემოს მიმართ უფრო მომთხოვნი და კრიტიკული გავხდი. ადამიანის არსებობის, ფუნქციის "რაობა" დავინახე. ძალიან მაგარი ლექტორები მყავდა, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისე, ზარმაცი სტუდენტი ვიყავი. იმ დროს ალბათ, განსაკუთრებით ბევრი უნდა იკითხო, მაგრამ მე სხვა "ჭია" მაწვალებდა - მუსიკისკენ და ჩემი ლექსებისკენ "მივდიოდი". კარგად მახსოვს, ესთეტიკის კათედრაზე ჩემი ლექსების პირველი საღამო მოაწყვეს, თან - ისე, რომ არაფერი ვიცოდი. თავად ფილოსოფოსები მეუბნებოდნენ, - შენი ტექსტი რეპიაო... ჩვენი აზრები დაემთხვა. ალბათ, რადგან რეპისკენ "მივდიოდი", სწავლისას "ხალტურას" ვაკეთებდი. საერთოდ, ნებისმიერი ღირებული ტექსტის წაკითხვა ინტელექტს გმატებს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ბევრი წიგნი აქვთ წაკითხული, მაგრამ - ამით არაფერი მოჰმატებიათ იმიტომ, რომ მხოლოდ სხვის დასანახად კითხულობდნენ. ასეთი რაღაც ჩემთვის მიუღებელია.

- ინტელექტის დონე ყველაზე მეტად, რომელმა ნაწარმოებმა აგიმაღლათ?

- როცა "ასე იტყოდა ზარატუსტრა" წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რომ სამყაროში რაღაცები სხვანაირად უნდა დამენახა და დავინახე კიდეც... შემდეგ იყო იოჰან ჰაიზინგას "კაცი მოთამაშე"... ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოხდინა "სტუმარ-მასპინძელმა" და "ალუდა ქეთელაურმა"...

- ქართულის გარდა, წიგნებს რომელ ენაზე კითხულობთ?

- რუსულად და გერმანულად ვკითხულობდი ხოლმე, მაგრამ გულახდილად ვამბობ: მირჩევნია, ქართულად წავიკითხო. ბევრი ამბობს, - ორიგინალში უკეთესიაო. ეს ჩემთვის გაუგებარია; ნორმალური თარგმანი იყოს და ქართულად წავიკითხავ.

- ანუ თარგმანს ენდობით?

- კი, ცუდი თარგმანიც რომ იყოს, შინაარსს მაინც გაიგებ.

- მაგრამ ალბათ, ცუდად ნათარგმნ ლიტერატურულ ნაწარმოებს მხატვრული ღირებულება ეკარგება...

- ჰო, თუკი "გაკვრით ნაწერია" (იცინის).

- საკუთარ თავს რომელ პერსონაჟს ადარებთ?

- "ვადარებ" ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შეიძლება, დარტანიანი ვიყო (იცინის). ისე, ერთი პროექტის განხორციელებას ვაპირებდით, რომელიც შემდეგ დამუხრუჭდა: "ვეფხისტყაოსანი" უნდა "გაგვემუსიკებინა", მიუზიკლად დაგვედგა. ეს იდეა ნიაზ დიასამიძეს ჰქონდა, მერე მეც "ჩამრთეს". ტარიელის როლში უნდა ვყოფილიყავი... პერსონაჟთან გაიგივების შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ ალუდა ქეთელაურმა ჩემზე ძლიერი ეფექტი მოახდინა: ნაწარმოები სტუდენტობისას კიდევ ერთხელ წავიკითხე და მივხვდი, რომ ის უბრალოდ, მთის შვილი არ არის, რომელიც თემის წინააღმდეგ წავიდა. ნაწარმოებში სულ სხვა სამყარო, სხვა სიმაღლეები დავინახე. ვერ გავკადნიერდები და საკუთარ თავს მასთან ვერ გავაიგივებ...

- ჟურნალის მკითხველებს რომელი ნაწარმოების წაკითხვას ურჩევთ?

- მთავარია, "დრაივი" დაიჭირო; იცოდე, როგორი ტექსტი გწყურია, რა გინდა. ისეთი წიგნები უნდა იკითხო, როგორიც გსიამოვნებს, მთავარია - აუცილებლად იკითხო! შვილი მეზრდება და ალბათ, როცა საშუალება მექნება, ბიბლიოთეკისთვის დიდ კუთხეს გამოვყოფ. მინდა, ბავშვი წიგნიერად გავზარდო. წაკითხული წიგნები ისეთი ბაზაა, რომ ადამიანს მრავალფეროვანი განვითარების საშუალებას აძლევს. ჩემი "მესიჯი" ასეთია: წიგნები იკითხეთ და მერე ამის შესახებ ერთმანეთს მოუყევით.

ეთო ყორღანაშვილი