ვის ანებივრებს საჩუქრებით გვანცა გიორგობიანი - გზაპრესი

ვის ანებივრებს საჩუქრებით გვანცა გიორგობიანი

"2 სამსახური მაქვს, მაგრამ შემოსავალი მაინც არ მყოფნის. ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ყოველთვიურად გარკვეული ანაზღაურება მქონდეს", - მითხრა მსახიობმა, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონში მაყურებლის წინაშე ახალი იმიჯით წარდგება.

- ჩემი ყოველთვიური შემოსავალი იმდენად პატარაა, რომ არ მაძლევს საშუალებას, დავაწყო გეგმა, თუ როგორ ან სად უნდა დავხარჯო. ფული არის ის, რისი წყალობითაც ადამიანს ცხოვრების გალამაზება შეუძლია. თუმცა, მას ბედნიერების მოტანა არ ძალუძს.

- მაინც, რამდენია შენი ყოველთვიური შემოსავალი?

- დაახლოებით 700 ლარი.

- ფული ხელის ჭუჭყია?

GzaPress- ფულთან დაკავშირებით ეგ ფრთიანი გამონათქვამი გამიგონია, მაგრამ ფულს ხელის ჭუჭყად არ მივიჩნევ. "დიდი" ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. კარგია, როცა თანხას პატიოსანი შრომით მოიპოვებ, ბევრს კი სიმდიდრე სხვების ხარჯზე აქვს დაგროვებული. არავის ვკიცხავ, მაგრამ ის კაცი, რომელიც ადამიანს ჯიბეში ხელს ჩაუყოფს, რათა ბოლო თეთრები ამოაცალოს და ის მთავრობის მოხელეც, რომელიც საწყალი ადამიანების მოტყუებით ფულს შოულობს - ორივე ქურდია. სხვისი ნაშრომის მიტაცება არავის შეერგება... ერთადერთი, ბევრ ფულს მაშინ ვნატრობ, როცა გაჭირვებულს ვხედავ. ბევრი ფულით ბევრი სიკეთის კეთება შეიძლება! უამრავი იღუპება იმის გამო, რომ ოპერაციას ვერ იკეთებს ან უბრალოდ, მედიკამენტების შეძენის საშუალება არ აქვს. საბედნიეროდ, ამქვეყნად არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ბევრი სიცოცხლე გადაურჩენიათ. სიკეთის კეთება ჩემი ჰობია. შეიძლება, საკუთარი თავისთვის არ შევიძინო საჭირო ნივთი, მაგრამ მეგობარს ვუყიდო.

- ამბობ, რომ ფული და ქონება ბედნიერებას ვერ მოგანიჭებს. საინტერესოა, რასთან ასოცირდება შენთვის ბედნიერება?

- ჩემთვის ბედნიერება ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა. ბედნიერი ვარ მაშინ, როცა მათ გახარებულს ვხედავ. მიუხედავად ჩემი მცირე შემოსავლისა, ახლობელ ადამიანებს ყოველთვის ვუმზად სიურპრიზებს. არ არსებობს, რომელიმეს დაბადების დღე გამომრჩეს ან დღესასწაულმა ისე ჩაიაროს, მათ სიმბოლური საჩუქარი მაინც არ მივართვა. მთელი ჩემი ხელფასი ძირითადად, საჩუქრებსა და მოგზაურობაში იხარჯება. ყოველთვის ვცდილობ, როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ყველა მეგობარს (არადა, უამრავი მეგობარი მყავს) რაღაც ჩამოვუტანო. ჰოდა, დამცინიან ხოლმე: საჩუქრებს ბითუმად ყიდულობსო.

- პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე?

- ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი სამსახური და პირველი ხელფასი. როგორც კი თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავამთავრე, მუშაობა დავიწყე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატულ თეატრში, სადაც ხელფასი - 70 ლარი მქონდა. მახსოვს, ეს თანხა სამად გავყავი და 3 საჩუქარი შევიძინე: დედისთვის, მამისთვის და ჩემი დისთვის. აი, ასე გადავანაწილე პირველი ხელფასი, მეორე ხელფასით კი მხოლოდ დედას ვუყიდე საჩუქარი, მესამე ხელფასით - მამას და მეოთხეთი - დას.

- საკუთარ თავს რით ანებივრებ?

- როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის უმთავრესი საყვარელი ადამიანების გახარებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზეც ვზრუნავ (იცინის).

- ბავშვობაში ფულს ყულაბაში თუ აგროვებდი?

- ბავშვობაში ყულაბას ხშირად მჩუქნიდნენ, მაგრამ მასში ჩაყრილ ფულს დიდხანს ვერ ვაჩერებდი. ყოველთვის მიჭირდა ფულის შეგროვება. ახლაც, როცა უკვე კარგად მესმის, რომ დანაზოგის გაკეთება აუცილებელია, ეს საქმე არ გამომდის. ჩემი ყულაბა ბავშვობაში სულ ცარიელი იყო: ერთ დღეს თუ ჩავყრიდი ფულს, მერე დღეს ამოვიღებდი.

- თვიდან თვემდე ხელფასის გადანაწილებას თუ ახერხებ?

- ძალიან მიჭირს შემოსავლის მთელ თვეზე გადანაწილება. ვიღაცები ამბობენ: ადამიანი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა - ჯამაგირი ადამიანსო, მაგრამ როცა მცირე შემოსავალი გაქვს, თანხის განაწილება ძალიან ძნელია. სხვა თუ არაფერი, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ ხდება ცხოვრებაში და უცებ შესაძლოა, იმდენი ლარი ან დოლარი დაგჭირდეს, მთელი თვის ხელფასი არ გეყოფა. უამრავი ახლობელი მყავს და ზოგიერთი მათგანი ქორწინდება, ზოგი - ბავშვს ნათლავს და ა.შ. ჰოდა, ახლობლებისთვის ღირსშესანიშნავ დღეს რომ დაესწრო, ამას ფინანსებიც სჭირდება.

- როცა მატერიალური პრობლემა გაქვს, დასახმარებლად ვის მიმართავთ ხოლმე?

- ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების შეწუხება მიჭირს და იმის თქმა, რომ ფული მჭირდება. მსგავსი რამ რომ გავაკეთო, ძალიან ცუდ დღეში უნდა ვიყო ან საყვარელ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა უნდა ჰქონდეს. ფინანსური კრიზისის დროს მირჩევნია, ფული ბანკიდან გამოვიტანო, პროცენტიანი ვალი ავიღო. საბედნიეროდ, ბანკი დახმარებაზე უარს არასდროს მეუბნება.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- ძალიან კარგი გადამხდელი ვარ. არ არსებობს, ერთი დღე დავაგვიანო. საერთოდ, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ პედანტი გახლავართ; როცა ყველა ნივთი თავის ადგილას დევს და ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვგრძნობ თავს კომფორტულად.

- თავად თუ გაგისესხებია ფული?

- რა თქმა უნდა, ბევრჯერ გამისესხებია. როცა ვხედავ, ადამიანს უჭირს, მე კი მაქვს საშუალება, დახმარების ხელი გავუწოდო, ამაზე უარი რატომ უნდა ვთქვა? ყველანაირად შევეცდები, ბანკიდან პროცენტიანი ვალი არ ავაღებინო. მაგრამ თუ თავადაც არაფერი მაბადია, ასეთ შემთხვევაში ცხადია, უკან დახევა მიწევს... იყო პერიოდი, როცა ძალიან კარგი ანაზღაურება მქონდა და ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, თანამშრომელს ჩემი ვალი ჰქონდა.

- ვალს თავის დროზე გიბრუნებდნენ?

GzaPress- რა თქმა უნდა, მიბრუნებდნენ... ბოლო დროს კი თავად მჭირდება დახმარება. ვიღებ სესხს, წელიწადზე ვანაწილებ და ისე მივდივარ სამოგზაუროდ. უკვე 12 ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

- ანუ ბანკიდან სესხს იმისთვის იღებ, რომ იმოგზაურო?

- დიახ, დაახლოებით 2.500 ლარი გამომაქვს ხოლმე.

- მერე, ეს თანხა სამოგზაუროდ საკმარისია?

- რა თქმა უნდა, არ მყოფნის, მაგრამ გარკვეულ თანხას მშობლებიც მაძლევენ. რა ვქნა, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. წელიწადში შეიძლება, სამჯერაც გადავკვეთო საქართველოს საზღვრები. ბევრ სიამოვნებაზე ვამბობ უარს იმისთვის, რომ ის 2-კვირიანი შვებულება, რომელიც წელიწადში ერთხელ მეკუთვნის, ისე გამოვიყენო, როგორც მე მინდა. უკვე 7 წელია, ღამეებს ვათენებ მუშაობაში. ძალიან მიყვარს კარგად ჩაცმა, ძვირად ღირებული სამკაულები, რაც ქალს ძალიან ამშვენებს, მაგრამ მოგზაურობის გამო ამ ყველაფერზე უარს ვამბობ. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს. ზოგი საფრანგეთშია გათხოვილი, ზოგი - იტალიაში, ბელგიაში. ჰოდა, როცა საქართველოში ჩამოდიან, ჩემთვის უამრავი საჩუქარი ჩამოაქვთ: სამკაულები, ტანსაცმელი, კოსმეტიკა და ბევრი ისეთი რამ, რაც იციან, რომ მომეწონება.

- პირველად რომელ ქვეყანაში იმოგზაურე?

- მოსკოვში, სადაც გასტროლით ვიყავი და ტაგანკის თეატრის სცენაზე ვითამაშე, შემდეგ უკვე თურქეთში, ეგვიპტეში, საფრაგეთში, ბელგიაში და ა.შ. ვიყავი.

- გარდა იმისა, რომ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" მონაწილეობ, აეროპორტშიც მუშაობ, არა?

- კი, ავიაციის უშიშროების თანამშრომელი ვარ და ყოველთვიურად, სტაბილურად ვიღებ ხელფასს.

- ოდესმე ფული გიპოვია?

- კი, მიპოვია, მაგრამ დიდი თანხა - არა. დაკარგვით კი იშვიათად დამიკარგავს. ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი ვარ. თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ არასოდეს არაფერი მავიწყდება და არც ვკარგავ.

- თქვენთვის საყვარელი საქმის კეთება უფრო მნიშვნელოვანია თუ ანაზღაურება?

- რა თქმა უნდა, საყვარელი საქმე - კინო პირველ ადგილზეა. ყველაზე დიდი სიამოვნებას მაშინ ვიღებ, როცა ჩემს პროფესიას ვუბრუნდები ხოლმე და ასეთ დროს მუშაობის სანაცვლოდ რამდენ ლარს შემომთავაზებენ, ამას თითქოს, მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდაც კინოში მონაწილეობა მთხოვონ და მიზერულ ანაზღაურებასაც ვთანხმდები.

- "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი როდის იწყება?

- 27 თებერვალს დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ძალიან საინტერესო სერიები ელოდებათ.

- წინა სეზონიდან განსხვავებით, რამდენად დატვირთული იქნები ახალ სეზონში?

- მეშვიდე სეზონში ახალი იმიჯი მექნება და შეიძლება, მაყურებელმა ვერც მიცნოს. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით ბევრი სიახლეა, მაგრამ ამ ყველაფერის გამხელის უფლება არ მაქვს.

- საკუთარი ავტომობილი გყავთ. მოძრაობის წესებს ხშირად არღვევთ?

- ძალიან მიყვარს სიჩქარე, ამიტომ ძირითადად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის მაჯარიმებენ ხოლმე. ბოლო დროს მობილურში გადმოვწერე სპეციალური პროგრამა, რომელიც რადართან მიახლოებას გრძნობს და მაფრთხილებს, რომ სიჩქარე უნდა შევანელო (იცინის). მანამდე, ვიდრე ამ პროგრამის შესახებ გავიგებდი, თვის განმალობაში საკმაოდ ბევრი ჯარიმა მიგროვდებოდა. ახლაც, 50 ლარი მაქვს გადასახდელი.

სოფო ჭონიშვილი