ადამიანები, რომლებიც არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ
რამდენიმე ადამიანის უმსგავსო საქციელს მთელ ერს მიაწერენ, ერის შეურაცხმყოფელ ფრაზებს აიტაცებენ და სტერეოტიპად აქცევენ ხოლმე, მერე კი ამ სტერეოტიპების მსხვრევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ პროექტებს ახორციელებენ, რაც ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია... ალბათ, ეს "ომახიანი" ფრაზაც გაგიგონიათ: "ქართველები მუქთახორები ვართ!" ამის თქმა ჩვენი ქვეყნის იმ უამრავი ადამიანის შეურაცხყოფად მიმაჩნია, ვინც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობს და ხშირად, ამ შრომის საფასურად, მიზერულ გასამრჯელოს იღებს...
გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ:
მაია აზარიაშვილი:
- სტუდენტობისას ერთ-ერთ ჟურნალში მოხალისედ, ხელფასის გარეშე ვმუშაობდი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი - პოლიგრაფიულ ოფისში (ოპერატორად), სადაც ჩემი პირველი ხელფასი ავიღე. მას მერე სულ ვშრომობ და ჩემი თავი სახლში "ჩამჯდარი" ვერც წარმომიდგენია. გამუდმებით მინიმუმ, ორ საქმეს ვუმკლავდები. ზოგჯერ ძალიან ვიღლები, მაგრამ შრომის შედეგი ისეთი სასიამოვნოა, რომ ახალ საქმეს ყოველთვის აქტიურად ვიწყებ: ვმუშაობ, განათლების დონეს ვიმაღლებ, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ვზრუნავ...
- პროფესიით ვინ ხარ?
- ბაკალავრის კურსი ჟურნალისტიკის განხრით გავიარე, მაგისტრატურის კი - ეკონომიკის. სამწუხაროდ, არც ერთი პროფესიით არ ვმუშაობ. არადა, როცა განათლების სფეროს ვირჩევდი, დიდი და მიზანმიმართული გეგმები მქონდა... ჟურნალი, რომელშიც სტუდენტობისას ვმუშაობდი, სამწუხაროდ, მალევე დაიხურა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, მაგრამ ეს ის არ იყო, რაზეც მთელი ბავშვობა, შემდეგ კი სტუდენტობის პერიოდში ვოცნებობდი. თუმცა, უმუშევრობას სჯობდა...
- როგორ ფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ზარმაცი ხალხი ცხოვრობს თუ სამსახურს მართლა ვერ შოულობენ?
- სამსახურის შოვნა (მით უმეტეს - პროფესიით) ძალიან ჭირს. შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანს იღბალიც უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მატერიალური სიდუხჭირე დაუბალანსებელი სახელფასო სისტემის ბრალია. იმას ვგულისხმობ, რომ სახელფასო განაკვეთი 2 უკიდურესობაშია "გადავარდნილი": ან ძალიან მაღალია, ან - ძალიან მიზერული. დასაქმებულები შრომობენ, იხარჯებიან (ფიზიკურად თუ გონებრივად), მაგრამ გასამრჯელო მხოლოდ ლუკმაპურისთვის თუ ჰყოფნით... ასე რომ, ქართველები ზარმაცი ხალხი ნამდვილად არ ვართ.
- ოდესმე სამსახური დაგიწუნებია?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დასაქმებული ვიყავი. ლოგიკურია, როცა მუშაობ და სხვა სამსახურს ეძებ, გინდა, რაც გაქვს, იმაზე უკეთესი იპოვო ან ხელფასით, ან - მუშაობის პირობებით, კარიერული წინსვლის პერსპექტივით... არ ვარ მომხრე, რომ სრულწლოვანი ადამიანი წლების განმავლობაში ვინმეს ხარჯზე ცხოვრობდეს. არ არის გამორიცხული, კვალიფიკაციის შესაბამისი ხელფასი ვერ მიიღო, ვერც პროფესიით დასაქმდე, მაგრამ უმუშევრობას ყველაფერი ჯობია. უაზრო კუდაბზიკობა მიუღებელია. მგონი, ის უფრო სირცხვილია, 40 წლის ასაკში გზის ფულს დედას ან მამას რომ სთხოვ, მშობლის პენსიას რომ დაელოდები...
- პირველი სამსახური როგორ იშოვე?
- რეკომენდაცია ახლობელმა გამიწია. მივედი, გამესაუბრნენ და მუშაობის პირობებზე შევთანხმდით. პოლიგრაფიულ ოფისში 2 წელი ვიმუშავე.
- ამჟამინდელ სამსახურშიც ახლობლის რეკომენდაციით მიგიღეს?
- არა, ვაკანსიის შესახებ დასაქმების ერთ-ერთი საიტიდან შევიტყვე: "სივი" გავგზავნე და სამსახურში ყველა წესის დაცვით მიმიღეს: გასაუბრების, ტესტირების ეტაპები გავიარე.
- შენი ოჯახის წევრები მუშაობენ?
- კი, მაგრამ საკუთარი პროფესიით - არა. თავის გატანა სხვა საქმით უწევთ...
- რატომ?
- დაუსრულებელ სტაჟირებებს სთავაზობენ, რა თქმა უნდა - უხელფასოდ. თვეების ან წლების განმავლობაში მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობა რთულია, როცა ოჯახი გყავს. მცირეწლოვან ბავშვს ვერ ეტყვი, - დედა ან მამა სტაჟირებას გადის და სათამაშოების საყიდელი ფული არ აქვსო. სამწუხაროდ, ნეპოტიზმის შემთხვევა ხშირია...
გიორგი მეგრელიშვილი:
- ქართველები ზარმაცები ნამდვილად არ ვართ. ჩემი სანაცნობო წრიდან ბევრი მუშაობს, ხოლო ვინც უმუშევარია, სამსახურს ეძებს. პირადად მე, 15-16 წლიდან ვმუშაობ. პირველად ახლობელმა დამასაქმა - მუშა ვიყავი, ტომრების ზიდვა მიწევდა.
- სამსახური დაგიწუნებია?
- არასოდეს. სხვის ხარჯზე ცხოვრებას ნებისმიერ სამუშაოს ვამჯობინებ.
- ახლა სად მუშაობ?
- 2 წელია, მეტალურგიულ ქარხანაში ხარატად ვმუშაობ: "სივი" გავგზავნე და მიმიღეს. შემდეგ ხარატის პროფესია შემასწავლეს.
- კარგი სამსახურის საშოვნელად რა არის საჭირო?
- კარგისთვის - უპირველეს ყოვლისა, განათლება და მიზანი, ნორმალურისთვის - მონდომება (იღიმის).
- ახლა კარგი სამსახური გაქვს?
- კი, ძალიან კარგი სამუშაო პირობებია და გასამრჯელოც - ნორმალური.
თინი თევდორაძე:
- პირველი ოფიციალური სამსახური ბავშვთა სასწრაფო დახმარების ბრიგადაში, პედიატრის ასისტენტის თანამდებობა იყო: იაშვილის სახელობის კლინიკაში ინსტიტუტიდან პრაქტიკაზე დავდიოდით. ვაკანსიის შესახებ გამოკრული განცხადება ვნახე, გასაუბრება გავიარე და ჩემს ცხოვრებაში ახალი, ძალზე საინტერესო ეტაპი დაიწყო. დღიური გასამრჯელო იმდენად მცირე იყო, რომ მორიგეობისას კვებისთვის საჭირო თანხასაც არ შეადგენდა. ღამის მორიგეობები დაქალებთან ღამის გათევას ჰგავდა - სამსახურში გიტარა და გემრიელი სასუსნავი მიმქონდა, ვერთობოდით... დათუნიებიანი, ფერადი ხალათები გვეცვა, რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ. ოჯახში შესულებს იმედიანი თვალებით შემოგვყურებდნენ... მაშინ ექიმების ძლიერ ჯაჭვში ერთი პატარა რგოლი ვიყავი, არაფრის გადაწყვეტა არ შემეძლო, მაგრამ ყველა გამოძახებაზე, სირენაჩართულ მანქანაში მჯდომი, პაციენტთან მისვლამდე ვლოცულობდი, ვნერვიულობდი, მოსალოდნელი სურათის დანახვის წინასწარ მეშინოდა... ხშირად ჩუმად მიტირია... ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ასეთი გულით ექიმი ვერასოდეს ვიქნებოდი.
- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან ხარ?
- მახსოვს, სკოლაში სწავლის პერიოდში, რამდენჯერმე ნამცხვარი გამოვაცხვე და სკოლასთან მდებარე ჯიხურში ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ დედის კალთას "გამოკერებული" ბავშვი ვიყავი, უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს მქონია. "ბნელი" 90-იანები იყო, ყველა ვაჭრობდა. ერთხელ ერთი მოხუცისგან "ვაფელნიცა" (ვაფლის საცხობი აპარატი) ვიყიდე. ეს იყო "უზორებიანი" ელექტროტაფა, რომელიც წიგნივით იშლებოდა. მასზე ცომი უნდა დაგესხა და დაგეხურა, ცოტა ხანში კი უგემრიელეს და განსხვავებული ფორმის ვაფლს მიიღებდი. მოკლედ, ახალი გასართობი ვიპოვე და ამ აპარატით ექსპერიმენტს ხშირად ვატარებდი. "დავამუღამე", რომელი ინგრედიენტების დამატებით ან გამოკლებით გამოდიოდა ვაფლი ხრაშუნა ან ფაფუკი, დრეკადი, მსხვრევადი... სკოლამდე გზად უამრავი ჯიხური გვხვდებოდა. ერთხელ ერთ-ერთში მივედი და გამყიდველს ლამაზ ყუთში სუფთად მოთავსებული, პერგამენტჩაფენილი, ჩემ მიერ გაკეთებული ნამცხვარი ვუჩვენე. შევთავაზე, გაესინჯა და თანხა დავუსახელე, რომელიც თითო გაყიდული ნამცხვრიდან დარჩებოდა. ეს იყო ჩემი პირველი, მარკეტინგულად სწორად გათვლილი ნაბიჯი. ზამთარი იყო. საღამოს, მეცადინეობის შემდეგ ვაფლს ვაცხობდი და კრემს ვამზადებდი, დილას კი სკოლაში წასვლამდე, მათ ვრთავდი და ჯიხურში ვტოვებდი. გაკვეთილების შემდეგ, შინ ცარიელი ყუთით, გულის ფანცქალით ვბრუნდებოდი. ფინანსური მოგება კი არ მახარებდა, არამედ - ის, რომ ჯიხურში ვიღაცას ჩემ მიერ მომზადებული "გემრიელობა" ეგულებოდა. როგორც მიხვდით, ეს ლუკმაპურისთვის ბრძოლა არ იყო. საკუთარ ძალებში დარწმუნების და ახალი აღმოჩენების პერიოდი მქონდა. ცხადია, დედა ამ საქმეს არ მიშლიდა. მშობლებისგან ჩანერგილი მქონდა, რომ შრომისგან სიამოვნება უნდა მიმეღო. მოგვიანებით მივხვდი, რომ კერვა შემეძლო და ახალ საქმეზე "გადავეწყვე"... ავტომობილის მართვის მოწმობა 17 წლისამ ავიღე და წლების შემდეგ, მანქანა საკუთარი შემოსავლით შეგროვებული თანხით შევიძინე. ჩემი ჰობისთვის "თეთრხალათიანი" სტუდენტობის პერიოდშიც ვიცლიდი. მთელი სტუდენტობა ჩემი შეკერილი სამოსით გავატარე. მხოლოდ ფეხსაცმელებსა და სუნამოებს ვყიდულობდი, რადგან მათი დამზადება არ შემეძლო. მერე სუნამოს დამზადების ტექნოლოგიამ დამაინტერესა, მაგრამ პრაქტიკაში ისეთი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რომ მალევე მომბეზრდა და შევეშვი. ინტერესით შევისწავლე სამკურნალო მცენარეები, კოსმეტოლოგია, მაკიაჟი, ჩვილ ბავშვთა მასაჟი. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სფეროთი ვინტერესდებოდი და სასწრაფოდ ვეწერებოდი შესაბამის კურსზე. გავლილი მაქვს მარკეტინგის, ეფექტური გაყიდვების, ვებდიზაინის შესასწავლი კურსები. მეორე კურსის სტუდენტი გახლდით, როცა მაღაზიაში სამკაულებს, სურათის ჩარჩოებს, ნაქსოვ ქუდებს, კაშნეებს ვაბარებდი - ელვის სისწრაფით იყიდებოდა. ჩემი შემოსავალი სამედიცინო აპარატურისა და საკუთარი კოსმეტოლოგიური კაბინეტის გასახსნელად საკმარისი აღმოჩნდა.
- ოდესმე, სამუშაო დაგიწუნებია?
- უამრავ ადგილას მიმუშავია, ხელმძღვანელიც ვყოფილვარ და ხელქვეითიც, მაგრამ სამუშაო არასოდეს დამიწუნებია - შეუფერებელი სამსახური არ არსებობს! ვინ იცის, ვის რა შეეფერება? ყოველი სამუშაო გამოცდილებას გაძლევს!
- ამჟამად რას საქმიანობ?
- საღამოს ხელჩანთების ("ქლაჩების") შეკვეთებს ვიღებ; მყავს ანიმატორთა ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ბაღისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კოსტიუმირებულ დაბადების დღეებს ვუწყობ: ხან ფიფქია ვარ, ხანაც - "მინი მაუსი"... ასევე, ფერადი მინის სამკაულზე, თიხაზე, თექაზე ვმუშაობ. საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ხშირად ვაწყობ. კულინარიული ექსპერიმენტების არ მეშინია. დაინტერესებული ვარ ვეგანური და ვეგეტარიანული სამზარეულოთი, რადგან ვეგეტარიანელ მეგობრებს ვერსად ვეპატიჟები. კულინარია ისე მიყვარს, დიდი ხანია, საკონდიტროს გახსნაზეც ვოცნებობ. ბლოგიც მაქვს, სადაც ვაქვეყნებ, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს, თმას, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი ან ვარცხნილობა.
დავით აბრამიშვილი:
- სკოლის დამთავრების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ჯერ კინოსტუდიაში ვმუშაობდი (ფოტო და ვიდეოსინჯები, გადაღების დაგეგმვა მებარა), თან - კოლეჯში მსახიობობას ვსწავლობდი. შემდეგ 2 წელი თბილისის მერიაში, კეთილმოწყობის სამსახურში ვმუშაობდი. მერე "შემცირებაში" მოვყევი, სამუშაოდ მშენებლობაზე "პრარაბად" გადავედი. ბოლოს საქართველოდან ავსტრიაში (დედა იქ მყავს) გავემგზავრე, სადაც დაახლოებით 3 წელი ვიცხოვრე. რა თქმა უნდა, იქაც ვმუშაობდი. საერთოდ, თვითრეალიზაციისკენ მივისწრაფვი. არ მინდა, შინ ვიჯდე და სხვის ნაშრომს ვჭამდე. რაც გოგონებთან პაემანზე დავიწყე სიარული, ყოველთვის მქონდა ფული, რომ მათთვის ყვავილები მეყიდა ან კაფეში დამეპატიჟებინა.
- ავსტრიაში რას საქმიანობდი?
- სადაც თავდაპირველად დავბინავდი, იქ ყველა კორპუსს თავისი დიასახლისი (როგორც ჩვენთან - ამხანაგობის თავმჯდომარე) ჰყავს. ეზოში რაღაცებს აკეთებდნენ. შინ ჯდომას ჩასვლა და მათი დახმარება ვარჩიე. დიასახლისმა მითხრა: ყოჩაღი ბიჭი ხარ, სამსახური არ გინდაო? მეორე დილით, 6 საათიდან მუშაობა დავიწყე; კაბინეტში არ ვმჯდარვარ. ფაქტობრივად, მეტყევე გახლდით, მაგრამ მიხაროდა, საქმე რომ მქონდა... მერე საცხოვრებლად ვენაში გადავედი, სადაც რესტორანში მზრეულის დამხმარედ ვმუშაობდი. პარალელურად, ყასაბიც გახლდით. ჩემი სამუშაო დღის განრიგი ასე ჩამოყალიბდა: დილის 5-6 საათზე სწრაფი კვების ობიექტში მივდიოდი, სკამები და მაგიდები გარეთ გამომქონდა - ხალხს უნდა ესაუზმა... შემდეგ მეორე სამსახურში მივდიოდი: რესტორანი უნდა გაგვეღო, მოგვეწესრიგებინა, მერე - უნგრეთის საზღვართან წასვლა მიწევდა, რადგან საყასბო საქმეს იქ ვაკეთებდი... ებრაელებთან სინაგოგაშიც ვმუშაობდი: დღესასწაულებზე სუფრის დიზაინი, დალაგება, თეფშების გარეცხვა მევალებოდა. ჩემი 3-კაციანი ჯგუფი მყავდა.
- შეფმზრეული როგორ გახდი?
- რამდენჯერმე რესტორნიდან შეფმზარეული გასული იყო, როცა კერძის შეკვეთა მივიღეთ. ბევრჯერ მინახავს, ის კერძს როგორ ამზადებდა, ამიტომ თავად მოვამზადე. რესტორანში დაბრუნებულმა შეფმა ნახელავი მომიწონა, მხარში ამომიყენა და კლიენტებისთვის ჩემ მიერ კერძების მომზადებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. ბოლოს შეფმზარეულმა საქმე მთლიანად მომანდო.
- დღეს რას საქმიანობ?
- საქართველოში დაბრუნებულს მეგობარმა თავის მაღაზიაში მუშაობა შემომთავაზა, სადაც ავტომობილის აქსესუარები, ზეთი იყიდებოდა. საჭიროების შემთხვევაში, მანქანისთვის ზეთიც უნდა გამომეცვალა. ამ საქმეს რამდენიმე კვირა ვსწავლობდი - "შავი" მუშა ვიყავი. დღეს მაღაზიის თანამფლობელი ვარ. მშიერი არ გახლავართ. თავს უფლებას ვაძლევ, მაგალითად, კვირაში ერთხელ რესტორანში ვივახშმო ან დასასვენებლად გავემგზავრო.
- ყოფილ შეფმზარეულს "შავი" სამუშაო არ გეთაკილებოდა?
- არა. რესტორნებში კარდაკარ სიარულსა და სამსახურის ამაოდ ძებნას ეს სჯობდა. შემიძლია, სამუშაო ტანსაცმლით ბანკში, მაღაზიაში შევიდე, ამის კომპლექსი არ მაქვს. ავსტრიაში, შეფმზარეულად მუშობისას, როცა ყველა ოფიციანტი დაკავებული იყო, ოფიციანტის ფუნქციაც შემითავსებია - რა პრობლემაა? რესტორნის მფლობელიც ასე იქცეოდა: კაცს ბევრი ფული, რესტორნების ქსელი ჰქონდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ოფიციანტის საქმეს აკეთებდა. ახლა რადგან ერთი "მოიკა" ვიქირავე, შემოსავალი თვეში 1.000 ლარი მაქვს და "უფროსი" მქვია, სხვებისთვის "ზემოდან" ყურებას ხომ არ დავიწყებ?! სხვათა შორის, არის შემთხვევები, როცა ბანკში სამუშაო ტანსაცმლით შესულს ქედმაღლურად მიყურებენ. როცა ბანკის თანამშრომელს უკვე ჩემი შპს-ს საიდენტიფიკაციო ნომერს ვეუბნები, პირადობის მოწმობას ვაწვდი და იგებს, რომ დირექტორი ვარ, ქედმაღლობა სადღაც უქრება და მაშინვე "ბატონი დავითი" ვხდები.
P.S. შემიძლია, კიდევ ბევრი ადამიანი გაგაცნოთ: მაგალითად, სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კომპანიაში დაცვის სამსახურში მუშაობს, სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაშიც ამზადებს; ასევე - ტელევიზიის ოპერატორი, რომელიც შაბათ-კვირას ქორწილების გადაღებასაც არ თაკილობს... მერწმუნეთ, ჩვენ გარშემო უამრავი მშრომელი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო, თითქოს ქართველები მუქთახორები ვართ, ისეთ ხალხს გულს ნუ ვატკენთ, ვისაც შრომა არ ეზარება, მაგრამ სამსახურს მართლა ვერ შოულობს: კარგად მოგეხსენებათ, კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიები ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, რეკლამაა და არა - დასაქმების რეალური შანსი.
ეთო ყორღანაშვილი