საჩუქრის მიღების კულტურა, მოქრთამვის მცდელობები და იდუმალი ქალბატონები - გზაპრესი

საჩუქრის მიღების კულტურა, მოქრთამვის მცდელობები და იდუმალი ქალბატონები

შესაძლოა, პიროვნება საჩუქრის შერჩევისას დიდი შემოქმედებითი უნარით არ გამოირჩეოდეს, სამაგიეროდ, საყვარელი ადამიანის "მოქრთამვას" ძვირად ღირებული ნივთებით ცდილობს. ამჯერად, ცნობილების საჩუქრებით დავინტერესდი...

"არ მინდოდა, საჩუქრის მიღებით მისთვის რაღაცის იმედი მიმეცა..."

ხატია ბრაჭული:

- საჩუქრები რომელ ქალს არ უყვარს? ძალიან სასიამოვნოა, როცა შენ მიმართ ყურადღებას ამ ფორმით გამოხატავენ.

- ძვირად ღირებულ საჩუქრებს ხშირად იღებ?

- კი, საკმაოდ ხშირად მიმიღია.

- მაგალითად, რა უჩუქებიათ?

- საგზური, სამკაული...

- ძირითადად, ვინ გჩუქნის?

- თაყვანისმცემლები.

- საჩუქარზე უარი გითქვამს?

- კი. ალბათ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ პიროვნებას მოვწონდი და არ მინდოდა, საჩუქრის მიღებით მისთვის რაღაცის იმედი მიმეცა - ეს წინათ იყო, როცა ბავშვურად ვფიქრობდი. ახლა საჩუქარი ძალიან მახარებს.

- დასასვენებლად მასთან ერთად მიდიხარ ხოლმე, ვინც საგზურს გჩუქნის?

- არა. 2-კაციანი საგზური კი უჩუქებიათ, მაგრამ დასასვენებლად დასა ან დაქალთან ერთად გავმგზავრებულვარ... ძვირად ღირებული საჩუქრების შესახებ გიყვები, რადგან მკითხე, თორემ ისე, სუნამოს, აქსესუარებს, თაიგულს ხშირად მიძღვნიან.

- ოდესმე გიგრძნია, რომ ადამიანი საჩუქრის მოძღვნით რაღაცას გავალდებულებს?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. ასეთ საჩუქარს კატეგორიულად არ ავიღებ... ადამიანები საჩუქარს ალბათ იმიტომ მჩუქნიან, რომ გამახარონ და ჩემ მიმართ ყურადღება გამოხატონ...

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- ერთ-ერთი პარფიუმერიული კომპანიის ახალი, ძალიან კარგი სუნამო, რომელსაც რეკლამას ჯულია რობერტსი უკეთებს.

- საჩუქრებს დღესასწაულთან დაკავშირებით გიძღვნიან თუ სხვა დღეებშიც?

- ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია (იღიმის)...

- სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება გიყვარს?

- კი, მეგობრებისთვის სიურპრიზების მოწყობა ძალიან მიყვარს.

- მათთვის საჩუქრების შერჩევა არ გიჭირს?

- არა. ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს ძალიან კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რა გაუხარდებათ.

"ქმარმა "აიფონ 6" მაჩუქა"

მანიკა ასათიანი:

- საჩუქრის მიძღვნაც მიყვარს და მიღებაც. ახლობლებისთვის ნივთების შერჩევა არ მიჭირს, რადგან ვიცი, როგორი გემოვნება აქვთ. ისე, ზოგჯერ კი გამჭირვებია, განსაკუთრებით - მამაკაცისთვის, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი საჩუქრით ყველა კმაყოფილი რჩება.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- რამდენიმე დღის წინ ქმარმა "აიფონ 6" მაჩუქა.

- შენთვის უსარგებლო, გამოუსადეგარი საჩუქარი მიგიღია?

- მართალია, სამკაულებს არ ვიყენებ, მაგრამ ხშირად უჩუქებიათ და მეც ყველანაირი საჩუქარი მსიამოვნებს.

"საჩუქარზე უარის თქმა ორჯერ მომიხდა"

რატი დურგლიშვილი:

- საერთოდ, საჩუქრების მიძღვნა ძალიან მიყვარს. უცხო ადამიანებსაც დაუფიქრებლად ვჩუქნი ან ვეხმარები, თუკი ამის საშუალება მაქვს. რა თქმა უნდა, სხვების ყურადღება თავადაც მსიამოვნებს და კეთილი ადამიანებისგან საჩუქრებს ხშირად ვიღებ.

- მოულოდნელ საჩუქრებს იღებ თუ დღესასწუალებთან დაკავშირებულს?

- მოულოდნელიც ბევრჯერ მიმიღია. სახლის კარი გამიღია და გადმოუციათ, წარწერით - "დიდი სიყვარულითო..." ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია: ბედნიერს მხდის და სტიმულს მანიჭებს, რომ საჩუქრები თავადაც მივუძღვნა სხვებს.

- ძირითადად, ვინ გჩუქნის?

- არ ვიცი, ვინ გზავნის. ხშირ შემთხვევაში, გვარ-სახელი არ აწერია ხოლმე. მათი მესმის: შეიძლება, ადამიანს მეგობრობა არ უნდა, უბრალოდ, პირადი სიმპათიის გამო მჩუქნის. ეს დასაფასებელია.

- ძვირად ღირებულ საჩუქრებს ხშირად იღებ?

- ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია. მაგალითად, კონვერტიც კი, რომელშიც თბილი სიტყვებით სავსე წერილი დევს... საჩუქრის ფასით არ ვინტერესდები (იცინის). ადამიანი საჩუქრის შესარჩევად დროს რომ კარგავს და შენ მიმართ ყურადღებას იჩენს, ჩემთვის ეს არის მთავარი.

- საჩუქარზე უარი გითქვამს?

- ორჯერ მომიწია...

- რატომ?

- მართლა ძალიან ძვირად ღირებული იყო და იმიტომ. მისი მიღება საჭიროდ არ მივიჩნიე, რადგან ვიცოდი, რის გამო მჩუქნიდნენ.

- რის გამო?

- შემდეგ ჩემთან "სხვანაირი" ურთიერთობა რომ დაემყარებინათ.

"ეული ვარ - ტრფობის ობიექტი არ მყავს"

გიორგი გაგლოევი:

GzaPress- ყველაზე მეტად მიხარია, როცა ადამიანს რაღაცას ვჩუქნი და სიამოვნებას ვანიჭებ.

- საჩუქარს ვის უძღვნი ხოლმე?

- ძირითადად, დაბადების დღეზე ვისთანაც მივდივარ, საჩუქარს იმას ვუძღვნი: მეგობრებს ახლობლებს... სხვათა შორის, კარგ რაღაცებს ვარჩევ - ზუსტად ვიცი, იმ ადამიანს რა უნდა, რა მოეწონება... მეგობრებისთვის ტანსაცმელი, აქსესუარები სხვა დღეებშიც მიჩუქებია.

- თავად საჩუქრებს ხშირად იღებ?

- ვერ ვიტყვი, რომ - ხშირად, მაგრამ დაბადების დღეზე - აუცილებლად! ერთხელ გადაღება მქონდა. ტელევიზიაში ორი, 55-60 წლის ქალბატონი მოსულა და დაცვის თანამშრომელთან ჩემთვის გადმოსაცემად საჩუქარი - საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდის საათი (რომელიც საქართველოში არ იყიდება) დაუტოვებია.

- როგორ ფიქრობ, ვინ შეიძლება, ყოფილიყვნენ?

- აზრზე არ ვარ (იცინის). ამაზე დღემდე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, კარგი ადამიანები რომ იყვნენ, ფაქტია.

- თაყვანისმცემელი გოგონები საჩუქრებს არ გიძღვნიან?

- თაყვანისმცემლები მყავს? არც ვიცი (იცინის). ადრე უფრო მჩუქნიდნენ ხოლმე. სხვათა შორის, ახლახან ერთმა მეგობარმა მანქანის "ბრელოკზე" ჩამოსაკიდებელი, სტალინისგამოსახულებიანი სუვენირი მაჩუქა (იცინის).

- სტალინის - რატომ?

- არ ვიცი, ამით რატომ "იკაიფა". მერე კი ბევრი ვიცინეთ...

- გიორგი, გოგონებთან ურთიერთობისას მათი "მოქრთამვის" მეთოდს თუ იყენებ?

- ეს არ მჭირდება, რადგან ამ ეტაპზე, ეული ვარ - მეორე ნახევარი, ტრფობის ობიექტი არ მყავს. მეგობრებს რაც შეეხებათ, ჩემი ტკბილი ენით ყველას ვხიბლავ, ზედმეტი რაღაცები არ დამჭირვებია. თუმცა, მანდილოსნებისთვის საჩუქრების მიძღვნა თავად მსიამოვნებს.

"ირგვლივ მყოფებმა მეტ-ნაკლებად იციან, რა გამახარებს"

ლიკა ქორქია:

- საჩუქრის მიღების კულტურა ცალკე თემაა: როცა ადამიანი რაღაცას გჩუქნის, იმდენად დამაჯერებლად უნდა მოიქცე, რომ მჩუქებელი ბედნიერი იყოს. უნდა იგრძნოს, რომ საჩუქარი სწორად შეარჩია. მე ეს ძალიან კარგად გამომდის. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან და გაათმაგებული სურვილი აქვთ, კიდევ მაჩუქონ რამე.

- თამაში ხშირად გიწევს თუ ყოველთვის სასურველ საჩუქრებს იღებ?

GzaPress- საერთოდ, უმნიშვნელო საჩუქარიც ყოველთვის მიხარია. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისგანაც რაღაცის მიღება არ მინდა ან მერიდება, მეუხერხულება. თუმცა, ვერ ეტყვი, - არ მივიღებო, თუ რა თქმა უნდა, გრანდიოზული საჩუქარი არ არის, რაც იმ ადამიანის წინაშე ვალდებულებას გიჩენს... ირგვლივ მყოფებმა მეტ-ნაკლებად იციან, რა გამხარებს. ამიტომ უსიამოვნო საჩუქრები ნაკლებად მხვდება...

- შენი "მოქრთამვა" ვინმეს უცდია?

- მეტ-ნაკლებად, ასეთი მცდელობები სულ არის... დაკონკრეტებისა და მინიშნებისგან თავს შევიკავებ.

"ბევრი გოგონა ვარდს ყიდულობს, ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს - ვითომ მას მიართვეს"

ნინი ლისენკო:

- ქმრისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებს ხშირად ვიღებ. ისე კი, ვეუბნები ხოლმე, - ყველაფერს ტანსაცმელი მირჩევნია-მეთქი. სამკაულს თუ მაჩუქებს, ბრილიანტისთვლიანი უნდა იყოს.

- სამოსის შერჩევისას მის გემოვნებას ენდობი?

- არა, არა, შოპინგზე უნდა წამიყვანოს.

- ვალენტინობის დღესასწაულზე, "ფეისბუკზე" შენი საჩუქრის - ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნე მინაწერით - ნამუსი იქონიეთ და 5-ლარიანი ვარდების ფოტოები აიღეთო...

- ბევრი გოგონა 1 ვარდს საკუთარი თავისთვის ყიდულობს, ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს - ვითომ აჩუქეს. ნამდვილად ვიცი, რომ ასეა და ამიტომაც დავწერე. ასეთ რაღაცებზე მეცინება... ისე, პირადად მე, ყველანაირი საჩუქარი მიხარია, მით უმეტეს - საყვარელი ადამიანის მიერ მოძღვნილი.

ეთო ყორღანაშვილი