"ტიტანების შერკინება" იწყება - გზაპრესი

"ტიტანების შერკინება" იწყება

სახალისო თამაშზე დაფუძნებულ გადაცემას 3 ფინალისტი წყვილი - ლევან ჯიბღაშვილი და დიმიტრი ტატიშვილი, ონისე ონიანი და ეკა ნიჟარაძე, რუსკა მაყაშვილი და მისი შეყვარებული, სპორტსმენი სანდრო ნიჟარაძე ჰყავს. გამარჯვებულ გუნდს გადაცემის პარტნიორი ტურისტული სააგენტო საგზურით დააჯილდოებს.

მოგეხსენებათ, "მიმიხვდის" მოთამაშეებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების, პერსონაჟების ახსნა-გამოცნობა უწევთ. ერთ-ერთ ტურში ეკა ნიჟარაძე იატაკზეც კი გაწვა, მეწყვილისთვის "ნატვრის ხის" პერსონაჟი რომ აეხსნა... მოკლედ, აზარტში შესული მოთამაშეების ხილვისას ნამდვილად არ მოიწყენთ.

თამთა ასათიანი:

- ასეთი გადაცემის წამყვანი პირველად ვარ. ვცდილობ, თამაშში მეც აქტიურად ჩავერთო. ჩემი ძირითადი მოვალეობა მონაწილეებისთვის თამაშის გამარტივება გახლავთ. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩართული წამმზომის გამო, გადაცემის სტუმარი დაძაბულა. ასეთ დროს შეიძლება, ძალიან ცნობილი ადამიანიც ვერ ახსნა, ვერ გამოიცნო... პროდიუსერი ნებას მრთავს ხოლმე, რომ მოთამაშეს რაღაცნაირად დავეხმარო... სხვათა შორის, პროდიუსერებს ვეხვეწებოდი, - ახალ წელს მაინც მომეცით შანსი, რომ მეც ვითამაშო-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა... სამაგიეროდ, მეგობრების წრეში აუცილებლად ვითამაშებ, რადგან "მიმიხვდი" ძალიან სახალისო და აზარტულია.

- მოთამაშეების დაძაბულობა კონფლიქტში არასოდეს გადაზრდილა?

- რა თქმა უნდა, იმ განწყობილებით მოდიან, რომ ეს მხიარული თამაშია, მაგრამ როცა აზარტული ხარ და პრიზისთვის იბრძვი, დაძაბული ურთიერთობები მაინც ვლინდება. ამ დროსაც ვცდილობ, "მშვიდობის მტრედის" ფუნქცია შევასრულო, მოთამაშეები დავამშვიდო და კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ ეს მხოლოდ თამაშია და ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას - არა... ვეჭვობ, რომ "მიმიხვდის" ფინალი ძალიან დაძაბული იქნება, რადგან ყველა მონაწილე აზარტულია, მეწყვილეები ერთმანეთს კარგად უგებენ, თამაშის გამოცდილებაც დიდი აქვთ... მაყურებლებს ვურჩევ, აუცილებლად უყურონ და სტუმრებთან ერთად გაერთონ.

რუსკა მაყაშვილი:

- ფინალისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. იმედი გვაქვს, რომ გაგვიმართლებს და გავიმარჯვებთ.

- საერთოდ, აზარტული ხარ?

GzaPress- კი, რა თქმა უნდა!

- მახსოვს, ამბობდი, - კონკურსებში მონაწილეობას აღარ მივიღებო. გადაცემაში მონაწილეობაზე როგორ დაგითანხმეს?

- ეს გასართობი გადაცემა გახლავთ, ნერვების "ხარჯვას" არ მოითხოვს. ამიტომ მასში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდი. კარგი გადაცემაა.

- თამაშისას განსაკუთრებულად, რომელი ადამიანის ამოცნობა გაგიჭირდა?

- თეა წულუკიანის (იცინის). სამწუხაროდ, ვერ გამოვიცანი, მაგრამ ფინალში მაინც გადავედით.

- ძლიერ კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნევ?

- ორივეს. რადგან ფინლში არიან, ე.ი. ძალიან საშიში კონკურენტები არიან.

- ფართო საზოგადოების წინაშე შეყვარებულთან ერთად გამოჩენას ერიდები ხოლმე, ახლა კი გადაცემაში ერთად მონაწილეობთ...

- უბრალოდ, "მიმიხვდი" აზარტული, გასართობი, საყვარელი გადაცემაა და მე და სანდრო ერთად ვთამაშობთ...

დიმიტრი ტატიშვილი:

- მინდა, ჩემს მეტოქეებს ბედნიერება, წარმატება ვუსურვო პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში, მაგრამ ჩემთან თამაშში - წაგება (იცინის)!

- გამარჯვების შემთხვევაში, ლევანთან ერთად გამგზავრების პერსპექტივა გხიბლავთ?

- რატომაც არა? მეგობრები ვართ, ვძმაკაცობთ. გასართობს ვერ მოვძებნით თუ რა? მგონი, კარგ დროს გავატარებთ. ახლა ორივეს დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვაქვს და განტვირთვა კარგი იქნება.

- "მიმიხვდი" თქვენთვის საინტერესო გადაცემაა?

- კი, სახალისო იყო, რადგან ბავშვობაში ასეთ რაღაცებს ყველა ვთმაშობდით. მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც "ასოციაციობანა" და მსგავსი რაღაცები არ მითამაშია. "მიმიხვდი" თითქოს, თავიდან აზარტული არ იყო, მაგრამ ახლა ფინალში რომ გადავედით, მინდა, მოვიგო.

- ამ გადაცემაში მონაწილეობისას, ყველაზე მეტად რომელი ადამიანის გამოცნობა გაგიჭირდათ?

GzaPress- როცა ლევანმა სიტყვა "შტანგა" მითხრა, მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ აინშტაინს გულისხმობდა (იცინის).

ლევან ჯიბღაშვილი:

- მანამდე აინშტაინი სხვა სიტყვებით ახსნეს. "შტანგა" სიტყვებს შორის მსგავსების გამო ვთქვი, თორემ ცხადია, აინშტაინთან არაფერ შუაშია (იცინის).

- ფინალში მოხვედრა გაგიჭირდათ?

- თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს, თამაშს ალღო კარგად ავუღეთ. "მიმიხვდის" მთავარი პრინციპია - პარტნიორის კარგად გესმოდეს. ჩვენ თამაში გაგვიადვილდა. ვნახოთ, ფინალისტებთან როგორ იქნება საქმე - "ტიტანების შერკინება" იწყება (იცინის).

- გამარჯვების შემთხვევაში, ეს პირველი მოგზაურობა იქნება დიმასთან ერთად?

- კი, პირველი და სავარაუდოდ - ბოლო (იცინის). ცხადია, ვხუმრობ. იმის გათვალისწინებით, რომ მე და დიმა კარგი მეგობრები ვართ, გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ, წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გველის. სხვათა შორის, გადაცემის წამყვანი ხშირად, "წყვილად" მოგვიხსენიებს ხოლმე. სულ ვეუბნები, - "წყვილს" თავი დაანებე, მე და დიმა გუნდი ვართ-მეთქი (იცინის).

ონისე ონიანი:

- რომ გითხრათ, აზარტული ვარ და სათამაშოდ სპეციალურ ადგილებში დავდივარ-მეთქი, - მოგატყუებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ გადაცემაში ძალიან "ვიაზარტულე", მე და ეკამ საქმეს მშვენივრად გავართვით თავი, ერთმანეთს გამოხედვით გავუგეთ. აზარტულები და მონდომებულები ვყოფილვართ.

- თამაშისას ყველაზე მეტად, რა გაგიჭირდათ?

- ძირითადად, თანაგუნდელისთვის ცნობილი ადამიანების ისე ახსნა, რომ მან გამოიცნოს, ვისზეა ლაპარაკი. ასე თუ ისე, ამას ვახერხებთ. მაგალითად, პეტრე მამრაძეს ვერაფრით ვხსნიდი. შემდეგ გამახსენდა, რომ პარლამენტში სახეში ხელი გაარტყეს და მეც ხელი სახეში ვიტკიცე (იცინის). ეკა ამით მიხვდა და მაშინვე მითხრა, - მამრაძეაო.

- წინასაფინალო განწყობილებაზე რას გვეტყვით?

GzaPress- გადასარევ, ბრწყინვალე ხასიათზე ვარ! ვვარჯიშობთ: დილით დავრბივართ, მერე ცურვაზე მივდივართ (იცინის)...

ეკა ნიჟარაძე:

- სიმართლე გითხრათ, ვღელავ, მაგრამ გამარჯვების დიდი იმედი მაქვს...

- გადაცემა მოგწონთ?

- კი, ძალიან საინტერესოა. თანდათან თამაში ისეთი აზარტული ხდება, რომ გულიც კი მწყდება, მალე რომ დასრულდება. მომწონს, საკუთარ თავს გამოცდას რომ ვუწყობ და ვამოწმებ, რა შემიძლია, რა ვიცი, სხარტი აზროვნების უნარი მაქვს თუ არა... მოკლედ, გადაცემა მომწონს და ვერთობი.

- ონისე როგორი მეწყვილეა?

- ძალიან კარგი. რაღაცებში "ჭედავს" ხოლმე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაში (იცინის). ერთმანეთის სუსტ მხარეებს ვიცნობთ. შეხმატკბილებულები ვართ. სცენაზე ერთად გვითამაშია... რადგან ფინალში მოვხვდით, არ უნდა მოვდუნდეთ და ყურადღებით ვიყოთ. ყველას წარმატებას ვუსურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი