რომელ რეჟისორთან თანამშრომლობის სურვილი აქვს იუნა შაფათავას - გზაპრესი

რომელ რეჟისორთან თანამშრომლობის სურვილი აქვს იუნა შაფათავას

როგორც თავად მსახიობმა გვითხრა, მისი დამსახურება არ არის, რომ დღეს "იუნა შაფათავა" სექსთან ასოცირდება...

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- ამაზე პასუხის გაცემა რთულია. სხვათა შორის, საგნებსა და ფერებსაც კი ცოტა სხვანაირად ვხედავ. ასე რომ, ვერ ვიტყვი, - გემოვნებიანი ვარ-მეთქი, მაგრამ განსხვავებულობა მომწონს. საერთო გემოვნებას რაც შეეხება, ცოტა ესთეტიკური ხედვა მაქვს. შეიძლება, ფული არ გქონდეს, მაგრამ ლამაზად გეცვას. გემოვნებაზე მეტყველებს, თუ როგორ ლიტერატურულ ნაწარმოებს ირჩევ წასაკითხად, როგორ მუსიკს უსმენ. თუმცა, ზოგი ჯაზს "მოდურობის" გამო უსმენს...

- როგორი ლიტერატურული ნაწარმოებები მოგწონთ?

GzaPress- ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანები მიყვარს ანუ ყველაფერზე წარმოდგენა რომ აქვთ. ასეთი ბევრია... პირადად მე, ამჟამად ფილოსოფოსები მაინტერესებს: გუშინ სენეკას ვკითხულობდი, მანამდე - კონფუცის... მხატვრულ ლიტერატურას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის მწერლების ნამუშევრები მხიბლავს, რადგან ყველაფრის გამეორება ხდება... მართლა არ მახსოვს, თანამედროვე მწერლებიდან ბოლოს რომელი მომეწონა. ლიტერატურაში პარალელების გავლება ელემენტარული რამ არის: თუნდაც, ორჰან ფამუქი (რომელიც ძალიან მიყვარს) მარკესს მახსენებს. წერის სტილის მოპარვა უნებლიეთ ხდება. კონსტანტინე გამსახურდია მიყვარს და ეს ჩემი ლაპარაკის მანერასაც ეტყობა: მისი სტილი რომ მომწონს, ეს ალბათ, საუბრის მანერაში "ჩამიჯდა". თუმცაღა, ამას რუსულ სტილისტიკას აბრალებენ... მიყვარს: კაფკა, ცვაიგი, ვაჟა-ფშაველა, მემატიანეები, სელინჯერი, ფრანგი მწერლებიდან - ყველა... რომელი ერთი დავასახელო? ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა" მომწონს... მიმაჩნია, რომ გენიოსების დაბადებას ჩვენთვის ძალიან დიდი აზრი ჰქონდა, მაგრამ უბედურება იცი, რა არის? როგორც ირკვევა, წაკითხულის შინაარსს ადამიანები სხვადასხვანაირად იგებენ. "ბიბლიაში" გვიწერია: მარცვალი დაეცემა ზოგი ნაყოფიერ ნიადაგზე, ზოგი - ქვაზე, ზოგი - დაიკარგება, ქარი წაიღებსო. მართლა ასე ყოფილა. შეიძლება, აღქმის უნარი გემოვნებად ჩავთვალოთ: განსხვავებული ხედვა გქონდეს, მაგრამ - ნაყოფიერი. მთავარი ის კი არ არის, ნაწარმოები უბრალოდ წაიკითხო, არამედ ინფორმაციის აღქმის, გადამუშავებისა და ანალიზის უნარი უნდა გქონდეს...

- ახლახან თქვენი ძველი ვიდეოები ხელახლა გავრცელდა. ამ ვიდეოებს როგორ აფასებთ: ეს ხელოვნებაა, ეროტიკა, პორნოგრაფია თუ სხვა რამ?

- როცა ეს ვიდეოები გადავიღე, იმ პერიოდში უმუშევარი გახლდით. არაფერს ვაკეთებდი, ვიდეოს გადაღება-გამოქვეყნება კი თვითრეალიზაციის საშუალებაა. ერთ-ერთ ვიდეოში (რომელსაც "პროვოკაცია" აწერია"), კაბა მაცვია და "ტანგოს" ვმღერი (სიმღერა ჩემი დაწერილია). ეს არც პორნოგრაფიაა და არც - ეროტიკა. ვიდეო ჩემმა მეგობარმა, ფრანგმა ფოტოხელოვანმა ნახა და თქვა, - კარგი, რა. რა სისულელეა, ამას ვინ უყურებს? სხვა რამე გააკეთეო. ვიდეო ესთეტიკური არ არის, არც მომწონს... აი, ჩემი სიმღერა კი ვფიქრობ, კარგია... მეორე ვიდეოს რაც შეეხება, რომელშიც აღბეჭდილია, კაბას როგორ ვიხდი, ერთ-ერთი კოქტეილის კონკურსისთვის გადავიღე. სხვათა შორის, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ახლა წერენ, - ეს ვიდეო, გინდა თუ არა, იუნას ბოზობის ნათელი მაგალითიაო. ბოზობა ადამიანის შინაგანი განწყობილება უფრო მგონია და ის თავისი არსით, ცუდი არ არის, - თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს, რომლის მოტრფიალე მეც ვარ. "ბოზობა" და "პროსტიტუცია" განსხვავებული ცნებებია. დამწამონ ბოზობა, წინააღმდეგი არ გახლავართ, პირიქით - მადლობა... სულიერი და ფიზიკური პროსტიტუცია უფრო დიდი საშინელებაა და ზუსტად ასეთი ადამიანები მაბრალებენ ბოზობას. მირჩევნია, რაღაც დამწამონ, ვიდრე - "პრასტიტუტკა" ვიყო და ვიღაცას "ბოზი" ვუწოდო.

- როგორ ქალს მიიჩნევთ სექსუალურად?

- ჩვენ ქალები ვართ და ამის თქმის გვეშინია: სექსუალური ის არის, ვისაც მამაკაცისთვის სრულყოფილი სიამოვნების მინიჭება ძალუძს. მას სხვა სქესის წარმომადგენელი ვერასოდეს შეცვლის, როგორი ლამაზად ჩაცმული და შეღებილიც უნდა იყოს. სექსუალური ქალი, როგორც - ყვავილი, ყველას მოსწონს, მაგრამ მასთან ურთიერთობა ვიღაცებს არასოდეს ეღირსებათ. ასეთ ქალს სექსუალური ძალა ბუნებამ უბოძა ანუ ის ამისთვის არის შექმნილი და არა - იმისთვის, რომ უყურონ და ამით მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება... მსოფლიოს პოლიტიკოსმა ქალებმა საკუთარი სექსუალური ენერგია სერიოზული პროცესების მართვისთვის გამოიყენეს. სექსუალურობა ძლიერი ენერგიაა და ამ ენერგიას სად და როგორ გამოიყენებ, არავინ იცის. ანგელა მერკელს მთელი მსოფლიო თვალებში შესციცინებს...

- პოლიტიკოსობას თავადაც ხომ არ აპირებთ?

- არა. 22 წლის ვიყავი, როცა დიპლომატიურ ბიუროში ვმუშაობდი. ძალიან კარგად ვიცი, საგარეო ურთიერთობების რეგულაცია რას ნიშნავს: გადაწყვეტილებას თავად არ იღებ, ქვეყნის კურსზე დამოკიდებული ხარ და არის მცდელობები, რომ სპეცსამსახურებმა "დაგითრიონ". ეს საქმე მარტივი არ გახლავთ. დიპლომატიაც დიდი ხელოვნებაა... არ მსურს, მუსიკა ვიღაცის ნოტებით დავუკრა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მიყვარს.

- იყო პერიოდი, როცა "სექსუალურს" ქალები ქათინაურად კი არა, შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ. თქვენთვის "შეურაცხმყოფელი ქათინაური" როგორია?

- გააჩნია, ქათინაურს ვინ გეუბნება და შეურაცხყოფას ვინ გაყენებს. ასეთი ადამიანების მსოფლმხედველობა მესმის, ამიტომ ვერავის განვსჯი... ზოგს ჰგონია, რომ "როგორ მინდიხარ" დიდი კომპლიმენტია... არა, ქათინაურის გამო თავი შეურაცხყოფილად ნამდვილად არასდროს მიგრძნია. შეურაცხმყოფელი ის უფრო მეტად არის, რასაც ბოლო 3 კვირაა, ჩემი მისამართით ამბობენ: ბებერი ხარ, პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეო. ადრე თუ გვიან, ყველანი დავბერდებით. სამწუხაროდ, როცა ვბერდებით, ყველაზე ჭკვიანებიც მაშინ ვართ. როგორი ჭკუაც ახლა მაქვს, 20 წლის წინ რომ მქონოდა, ცხადია, უბედნიერესი ვიქნებოდი. მგონია, სიტყვა "დაბერდი" ყველაზე კარგი ქათინაურია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბრძენდი. გუშინაც, ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, - არ გინდა, ბოტოქსი გაიკეთოო? ასეთ რაღაცებზე მეცინება (იცინის). მსგავსი "ქათინაურების" მთქმელები არ უფიქრდებიან, "გვერდიდან" თვითონ როგორ ჩანან...

- ქართულ ტელესივრცეში პროფესიონალ ტელეწამყვანად ვის მიიჩნევთ?

- დღევანდელ გადაცემებში რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა, რაღაცები შოუსთვის კეთდება... თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ტელევიზიებში სამხატვრო საბჭო არ არსებობს, რადგან ტელეწამყვანებად, პროდიუსერებად, მათ ასისტენტებად "სლუჩაინად", "ბლატით" მოხვედრილი ხალხი ინიშნება, რომელთაც საზოგადოებრივი აზრისთვის მიმართულების მიცემის არანაირი უფლება არ აქვთ, რადგან გადაცემების "კეთებისთვის" საჭირო ელემენტარული განათლება არ გააჩნიათ. საუბედუროდ, "პიარდებიან", ცნობილები ხდებიან და მერე ფიქრობენ, - თუ ხალხს მოსწონს, ე.ი. სწორია, რასაც ვაკეთებთო. ამიტომ, ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ტელეგადაცემას ავკრძალავდი და კონკურსის საფუძველზე, აუცილებლად, დიდ სარედაქციო კოლეგიას შევქმნიდი. საქმის მცოდნე ადამიანების წყალობით კი ვფიქრობ, გემოვნებიანი გადაცემები გაკეთდებოდა. შეიძლება, მასკულტურა სწორად წაიყვანო ან ჭაობში ჩაძირო. დღეს ჩვენ ჭაობში ვართ...

- ხომ შეგეძლოთ, გადაცემა თავად "გაგეკეთებინათ"?

GzaPress- "მეცხრე არხზე" პატარა, რუბრიკის მსგავსი გადაცემა მქონდა და ყოველთვის ვცდილობდი, სტუმრად გონებაგახსნილი ადამიანები მყოლოდა. გადაცემის "ნახვების" რაოდენობა მცირე იყო... სამწუხაროდ, რობერტ სტურუასთან ჩემი ინტერვიუ "მოიჭრა", რადგან მხატვრულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ თურმე, მხრები მქონდა მოშიშვლებული (ინტერვიუ თეატრში ჩავწერე, საღამოს კაბა მეცვა)... ჭკვიანი, გონებაგახსნილი რესპონდენტები ნებისმიერი წამყვანისთვის მონაგარია, მსოფლიოსკენ ფანჯარაა. ასეთი რესპონდენტები უნდა გვყავდეს და არა - "კლიშირებული". "იუნა შაფათავა, მოდი, ეთერში სექსზე ილაპარაკე" - ეს ძალიან მომბეზრდა. ტელევიზიებიდან უამრავი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ყველა სექსზეა ორიენტირებული. სექსი კარგია, მაგრამ მათ ადგილას მე სულ სხვა რაღაცას გავაკეთებდი...

- მაგრამ თქვენ არ შეუწყვეთ ხელი იმ ფაქტს, რომ "იუნა შაფათავა" სექსთან ასოცირდება? ეროტიკული არხის შექმნასაც აპირებდით...

- გადაცემებში სერიოზულ თემებზეც ვლაპარაკობ, მაგრამ რატომღაც, ეს ნაწილი "იჭრება" და მხოლოდ შოუსთვის საინტერესო ელემენტები რჩება, კონტექსტიდან "ამოჭრილი" ფრაზით კი შეიძლება, მთელი ნაწარმოები "მოკლა" - ეს ყველამ იცის. ვინც ჩემში ერუდიციასა და ინტელექტს ხედავს, მას დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ გაუნათლებელ ადამიანს როგორ დავემდურო?..

- ფილმებიდან, რომლებშიც გითამაშიათ, რომელი მოგწონთ?

- დიდი ბოდიში, მაგრამ - არც ერთი. ზაზა ურუშაძის ფილმებში სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან მისი ფილმები ნამდვილ ფასეულობებზეა გადაღებული. ამ რეჟისორთან აღვირახსნილი ქალის როლსაც ვითამაშებდი - ჩემი ამპლუა ხომ ბოზია (როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა ასეთ როლს კარგად "ერეგბა")... სამწუხაროდ, ბაზარი რასაც მთავაზობს და ფულს რაშიც მიხდიან, იმ ფილმებში ვმონაწილეობ, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს ცოტა თვითირონიით უნდა მივუდგეთ.

ეთო ყორღანაშვილი