თვალებდაჭყეტილი "მიცვალებული" და შეჭმული რეკვიზიტები - გზაპრესი

თვალებდაჭყეტილი "მიცვალებული" და შეჭმული რეკვიზიტები

ახლა მსახიობი სიმღერის კონკურსში - "ორი ვარსკვლავი" მონაწილეობს და ყოველკვირა ცდილობს, მარიკო ებრალიძესთან ერთად, "ვარსკვლავურ" წყვილებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

- უცხოური სიმღერა ფართო საზოგადოების წინაშე არასდროს მიმღერია. "ორი ვარსკვლავის" წარმომადგენლებმა მითხრეს, - ყველანაირად დაგეხმარებით, გასწავლითო. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა ინგლისური ენა იყო, რადგან სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, ინგლისურთან შეხება არასოდეს მქონია. ამიტომ რთულია: ჯერ უნდა ვილაპარაკო, ენა "გავიტეხო", მერე - ვიმღერო... ვცდილობ, ვმეცადინეობ, ნელ-ნელა თავს ვართმევ...

- პირველი სიმღერა...

GzaPress- ალბათ, საბავშვო ბაღში, ზეიმზე ვიმღერე. ბავშვობაში ამას მამღერებდნენ ხოლმე: "ზოოპარკის დარაჯი ბუშტებს აფრენდა..."

- პირველი შეხვედრა მარიკო ებრალიძესთან...

- ოოო... მარიკო გადასარევი გოგოა. პირველად ტელევიზიაში შევხვდი. ძალიან გამიხარდა. "ჩემიანი" მალე გახდა, მაგრამ მეჩხუბება ხოლმე, როცა კონკურსისთვის რაღაც არ გამომდის...

- პირველი ინტერვიუ...

- ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად ვიღაც გოგო მოვიდა და მას შემდეგ, აღარც მინახავს. მის შეკითხვებს პასუხები ვერ გავეცი, რადგან ვერ მივხვდი, რა უნდა მელაპარაკა. საერთოდ, ინტერვიუს ჩაწერა როგორ ხდებოდა, არ ვიცოდი. ვერ გავიგე, რა მეთქვა და არ ვპასუხობდი. ფაქტია, ინტერვიუ არ შედგა.

- საინტერესოა, რას გეკითხებოდათ?

- ჩვეულებრივი შეკითხვები ჰქონდა, რასაც ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე.

- მისი ყურადღება რით მიიპყარით, თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა რატომ გადაწყვიტა?

- 10 წლის წინ, ჩემი მონაწილეობით გადაღებული პირველი სერიალი რომ გამოვიდა, მაშინ დაინტერესდა. მეკითხებოდა, - ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი და ა.შ. თავისუფლად ვერ ვეკონტაქტე.

- პირველი სიგარეტი...

- 8 წლის ვიყავი, როცა სიგარეტი პირველად მოვწიე. სამწუხაროდ, მას შემდეგ ვეწევი. ყველას ვურჩევ, ბავშვობაში სიგარეტი არ მოსწიონ, რადგან შემდეგ თავის დანებება ძალიან ძნელია.

- 8 წლის ბავშვს სიგარეტის მოწევის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- რა ვიცი... ნეტავ, ჩემს ცხოვრებაში ის დღე საერთოდ არ ყოფილიყო. მაშინ "კოსმოსი" და "ლუქსი" იყიდებოდა, "მალბოროს" კი "ციგნები" ყიდდნენ. მე და ჩემი მეგობარი ველოსიპედზე დავსხედით, ბაზარში წავედით. იქ "ციგანს" ჩანთა სკამზე უყურადღებოდ დარჩა. მეგობარმა იმ ჩანთიდან "მალბორო" ამოიღო და მთელი კოლოფი სიგარეტი ორმა ბავშვმა მოვწიეთ. მას მერე სიგარეტს მამას ვპარავდი. მოკლედ, ცუდად ვიქცეოდი.

- ამის შესახებ მშობლებმა როგორ შეიტყვეს?

- ერთხელ სახლში დაბრუნებულს სიგარეტის სუნი რომ ამდიოდა, დედამ მომცხო და მომცხო!.. მაგრამ სამწუხაროდ, ამან ვერ შემაშინა.

- პირველი სადღეგრძელო...

- ნამდვილად არ მახსოვს. საერთოდ, კეთილი, კარგი სადღეგრძელოები მიყვარს.

- ბოროტი სადღეგრძელოებიც არსებობს?

- როგორ არა! ცოტა უზრდელურია...

- სუფრას პირველად როდის უთამადეთ?

- ალბათ, 15-16 წლის ვიყავი, როცა სკოლის მეგობრებთან ერთად ვქეიფობდი და ღვინოსთაან ჩემი "მეგობრობა" მაშინ დაიწყო.

- კარგი თამადა ხართ?

- კი, ოღონდ - თუ კარგ განწყობილებაზე ვარ. გააჩნია, სუფრასთან ვინ სხედან. ამბობენ, რომ თამადობა კარგად გამომდის.

- ღვინისთვის ყურძენი პირველად როდის დაწურეთ?

- მგონი, 19 წლის ვიყავი. კახეთში, ჩემს სახლში ქვევრიც გავრეცხე, ყურძენიც დავწურე და კარგი ღვინოც "დავაყენე"... ეს საქმე კარგად გამომდის.

- გადასაღებ მოედანზე რეკვიზიტად მიტანილი საჭმელი პირველად როდის დააგემოვნეთ?

- ალბათ, სერიალის - "ბიჭები და გოგოები" გადაღებისას. "ოლივიე" მომიტანეს. თან უნდა მეჭამა, თან - ტექსტი მეთქვა. ერთდროულად ჭამა და ლაპარაკი ცოტათი რთულია - ეკრანზე ცუდად არ უნდა გამოჩნდეს.

- ამ შემთხვევაში, ჭამა როლისთვის ყოფილა საჭირო. საკუთარი სურვილით რეკვიზიტი არ შეგიჭამიათ?

- ასეთი რამ გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება. როდესაც ხანგრძლივი პაუზაა, განათებაა დასაყენებელი და მოქმედება სუფრასთან ხდება, მსახიობმა თავისუფალ დროს რა უნდა აკეთოს? ჰოდა, სუფრაზე რაც მოეწონება, ჭამს. ამიტომ, გადაღების დაწყებისას სუფრა ცარიელი რჩება. ბევრი ხერხი არსებობს, რომ მსახიობებმა გადაღებისთვის საჭირო საჭმელი არ მიირთვან: მაგალითად, საკვებს ბენზინს გადაასხამენ ხოლმე ან კერძის გაფუჭებას სხვა მეთოდით ცდილობენ.

- პირველი ავტოგრაფი...

- ადრე ანსამბლ "კახეთში" ვცეკვავდი. მახსოვს, ბულგარეთში ვიყავით. როცა ვიცეკვეთ და გარეთ გამოვედით, ვიღაც გოგონები დამხვდნენ და პირველად ხელი მათ მომაწერინეს.

- პირველი სიყვარული...

- საბავშვო ბაღში ერთი გოგონა ძალიან მომწონდა. არ ვიცი, მან ამის შესახებ იცოდა თუ არა. მგონი, ვუმალავდი. ერთხელაც, გაზაფხულზე, საბავშვო ბაღის ეზოში ვიყავით. კიბის ბზარში ია იყო ამოსული, მოვწყვიტე და იმ გოგონას ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა, გაუკვირდა და ლოყაზე მაკოცა.

- დღეს თუ გაქვთ მასთან კონტაქტი?

- კი, ის ჩემი მეგობრის მეუღლეა და უკვე ჩემი მეგობარიც გახლავთ.

- პირველი "ჩეპე" სცენაზე...

GzaPress- მოქმედება მორგში ხდებოდა. სცენაზე მიცვალებული უნდა შემოესვენებინათ. ცხადია, ბუტაფორია იყო - მანეკენ მამაკაცს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. მისთვის ზეწარი უნდა გადამეხადა და "მიცვალებულთან" ლაპარაკი დამეწყო: ნეტავ, ვინ იყავი - ექიმი თუ მსახიობი, ინჟინერი თუ მეხანძრე-მეთქი?.. ეს სცენა ბევრჯერ ვითამაშე. ერთხელაც, "მიცვალებულს" ზეწარი რომ გადავხადე, თვალებდაჭყეტილი ცოცხალი ადამიანი (სცენის დეკორატორი) დამხვდა. გამეხუმრნენ...

- შეგეტყოთ?

- რა თქმა უნდა! გამეცინა და ტექსტის თქმა გამიჭირდა. "მიცვალებული" რომ მიყურებდა, მეცინებოდა.

- პირველი წარმატება...

- თეატრალურ უნივერსიტეტში, მესამე კურსზე სპექტაკლში - "ვარდი და გვირგვინი" ვითამაშე. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი წარმატება ეს იყო, რადგან როლი ნორმალურად შევასრულე და ეს მაყურებლებმაც აღნიშნეს. მაშინ წარმატების გემო პირველად ვიგრძენი.

- პირველი კონკურსი...

- მგონი, კონკურსში ახლა პირველად ვმონაწილეობ.

- "ორ ვარსკვლავში" კონკურსანტებს შორის დაძაბულობა უკვე იგრძნობა?

- არ ვიცი. პირადად მე, დაძაბულობას ვერ ვგრძნობ. ალბათ, მონაწილეების რაოდენობა რომ შემცირდება, დაძაბულობაც უფრო შესამჩნევი გახდება.

ეთო ყორღანაშვილი