პირველი პაემანი, დაწუნებული სიყვარულის ახსნა და ის, რაც ქალს ყოველ წუთას უნდა უმტკიცო - გზაპრესი

პირველი პაემანი, დაწუნებული სიყვარულის ახსნა და ის, რაც ქალს ყოველ წუთას უნდა უმტკიცო

"გზის" არქივიდან, რამდენიმე მათგანის ინტერვიუდან ამონარიდები შევაგროვეთ და ახლა ძველ, მაგრამ სახალისო ამბებს შევახსენებთ ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს, ხოლო მათთვის, ვინც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შემოგვიერთდა, ვფიქრობთ, ეს სასიყვარულო თავგადასავლები ბევრად საინტერესო იქნება.

"ემოციებით ისეთი დამუხტული ვიყავი, იმ ღამეს არ მიძინია"

თიკო სადუნიშვილი:

"9 წლის ვიყავი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი პირველად რომ დაინტერესდა ჩემით. ზაფხული იყო. არდადეგებზე ბათუმში ვიყავი წასული. მითხრეს, - ერთ ბიჭს მოსწონხარო. ძალიან გამიხარდა და გაპრანჭვა დავიწყე. დეიდაშვილს ვუთხარი, რომ ის ბიჭი მეც მომწონდა, მან კი ეს ყველას უამბო. ძალიან გავბრაზდი, ჩემი სიყვარულის ამბავი რომ "გააბაზრა". მოვძებნე დეიდაშვილი და სახეში გამეტებით გავარტყი...

GzaPressმეხუთე კლასამდე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სკოლაში ვსწავლობდი. ჯგუფში მხოლოდ სამი ბიჭი მყავდა, რომლებიც მომავალი ბალერონები იყვნენ, აქედან გამომდინარე, მათთან სასიყვარულო თავგადასავლები არ მქონია. 12 წლის გახლდით, ერთმა თაყვანისმცემელმა სკოლაში რომ მომაკითხა. მითხრა, - მომწონხარო. მეგობრები გავაცანი. ერთხელ, მათთან ერთად ბარში დამპატიჟა. შეიძლება, ესეც ჩაითვალოს ჩემს პირველ პაემნად. მერე რამდენიმე ხანს სკოლაში მაკითხავდა, იქიდან კი სახლში მაცილებდა ხოლმე. ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა...

თხუთმეტი წლისას უკვე სერიოზულად შემიყვარდა, 16-ის კი გავთხოვდი კიდეც... "კინოს სახლში" მსახიობის ოსტატობაზე დავდიოდი. ჩემს მეგობარ გოგონას შეყვარებულმა მოაკითხა. მასთან ერთად იყო ჩემი მომავალი მეუღლე - მიშა ბალუაშვილიც. იმ დღეს "ყავის სახლში" დაგვპატიჟეს. ნელ-ნელა აეწყო ჩვენი ურთიერთობა. არაფერი ხდებოდა დაგეგმილად. გრძნობას მოჰყვა სიყვარულის ახსნა და პირველი კოცნა. ერთ მშვენიერ დღეს კუს ტბაზე პიკნიკი მოვაწყვეთ ორმა შეყვარებულმა წყვილმა და მიშამ პირველად მაშინ მაკოცა. ემოციებით ისეთი დამუხტული ვიყავი, იმ ღამეს არ მიძინია. უფრო მეტიც: იმ ღამეს კი არა, მგონი, გათხოვებამდე ვეღარ დავიძინე. სწავლით დაკავებული ვიყავი, მშობლები კი შეყვარებულთან გვიან შეხვედრას მიკრძალავდნენ. ჰოდა, მხოლოდ ცოტა ხნით ვნახულობდი ხოლმე - ალბათ, ამიტომაც გავყევი მიშას გაცნობიდან ცხრა თვეში ცოლად. თუმცა, ჩემს მაშინდელ ნაბიჯს არ ვნანობ... სხვათა შორის, ჩემი საქციელი არასდროს მინანია. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, მაინც იმავეს გავაკეთებდი, რაც აქამდე მიკეთებია..."

"შენი მეუღლე თავს დედოფლად ყოველ წუთსა და ყოველ წამს უნდა გრძნობდეს"

ჯანსუღ ჩარკვიანი:

"პირველ პაემანას რა დამავიწყებს?! მე და ირმა (ჩემი მომავალი მეუღლე) ერთმანეთს რუსთაველის ძეგლთან შევხვდით. მაშინ შეყვარებულ გოგონასთან ერთად რუსთაველზე თუ გაივლიდი, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობდა. 40-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, ირმამ მორიდებით, თითქოს განაწყენებულმაც მკითხა, - გახსოვს, პირველად რომ მითხარი, მიყვარხარო? იმ მომენტს რა დამავიწყებს?! ვერის ბაღთან ავუხსენი სიყვარული. ასეც ვუთხარი ირმას. - იცი, ახლა ვფიქრობ, კარგად ვერ მითხარი, რომ გიყვარდიო, - მისაყვედურა წლების შემდეგ. ცოტა არ იყოს, მეწყინა. მე ჩემს სიტყვებში მთელი გრძნობა ჩავაქსოვე, მას კი ჩემი ახსნილი სიყვარული არ მოსწონებია. ჩვენი საუბრიდან რამდენიმე ხანში, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რესტორან "ბერიკონში" მიმიწვიეს. ჟურნალისტი მოვიდა და მკითხა: რას ეტყოდით თქვენს მეუღლესო? შევხტი სკამზე და მთელი ხმით ვიყვირე: ირმა ჩხეიძე, მიყვარხარ-მეთქი!.. მოვედი სახლში და კიდევ არ გავილანძღე?! რატომ ყვიროდიო? - მისაყვედურა. - ქალო, ჩუმად გითხარი, არ მოგეწონა, ახლა სახალხოდ ვიყვირე, რომ მიყვარხარ და კიდევ არ მოგეწონა-მეთქი? ასეა, ქალს ყოველდღიურად უნდა უმტკიცო, რომ გიყვარს. შენი მეუღლე თავს დედოფლად ყოველ წუთსა და ყოველ წამს უნდა გრძნობდეს. ეს არის სიყვარული..."

"ოთახში გალუმპული შემოვიდა, მე კი მშრალი იები მომართვა"

ნანუკა ჟორჟოლიანი:

GzaPress"პირველად ჩემი მარიამის მამა, ნიკა გეგუჩაძე შემიყვარდა. თოთხმეტი წლის ვიყავი, ნიკა რომ გავიცანი. ძალიან მომეწონა. 15 წლისამ ამიხსნა სიყვარული. ერთ საღამოს მეგობრები შევიკრიბეთ. გარეთ საშინლად წვიმდა. მახსოვს, ყველანი ფანჯრიდან ვიყურებოდით, ნიკას მოსვლა რომ არ გამოგვპარვოდა. გულში საშინლად ვბრაზობდი, რომ იგვიანებდა. როცა გამოჩნდა, შევნიშნეთ, უბეში რაღაცას მალავდა. ოთახში გალუმპული შემოვიდა, მე კი მშრალი იები მომართვა. იმავე საღამოს ამიხსნა სიყვარული... იმ დღეებში დედაჩემი თბილისში არ იყო. დავურეკე: ჩქარა ჩამოდი, რაღაც უნდა მოგიყვე-მეთქი. გულგახეთქილი ჩამოვიდა. მაშინვე ვუთხარი, სიყვარული ამიხსნეს-მეთქი. მახსოვს, ამას რომ ვამბობდი, სულ წითელი ვიყავი... არავის რჩევას ყური არ ვათხოვე და თხუთმეტი წლის გავთხოვდი.

- მშობლები არ შეგეწინააღმდეგნენ?

- ნიკა ოჯახში ყველას მოსწონდა, მაგრამ თავისთავად, ჩემი ასაკის გამო გვირჩევდნენ, რამდენიმე წელი მოგვეცადა. ჩემი გათხოვება განსაკუთრებით მტკივნეულად მამამ აღიქვა, მაგრამ ბოლოს ყველა შეეგუა..."

"ლამაზ გოგონებს ადგილს და კარაქიან პურს ვუთმობდი ხოლმე"

ნიკა ქავთარაძე:

"პირველად "მოწინააღმდეგე სქესით" საბავშვო ბაღში დავინტერესდი. მაშინ მეგონა, რომ ძალიან შეყვარებული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა შეყვარებულის დანახვაზე ჟრუანტელი გივლის... დიდი ერთგულებით არ გამოვირჩეოდი. ყველა ლამაზი გოგო მიყვარდებოდა ხოლმე. ჩემი "ვაჟკაცური" საქციელით ვცდილობდი, მათთვის სიყვარული დამენახვებინა. ბევრი ლაპარაკი არ მჩვეოდა. ლამაზ გოგონებს ადგილს და კარაქიან პურს ვუთმობდი ხოლმე... სკოლაში კი დაახლოებით 11 გოგო მიყვარდა - ე.ი. ყოველ წელს სხვადასხვა მიყვარდებოდა. თუმცა, არც ერთს ჩემ მიმართ საპასუხო გრძნობა არ გასჩენია.

- რა იყო ამის მიზეზი?

- თავმდაბალი ვიყავი, ჩემს გრძნობას აქტიურად არ გამოვხატავდი. მეშინოდა, რომ ჩემი სიყვარულის ამბავს მთელი სკოლა გაიგებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ სიყვარული ისეთი ინტიმური გრძნობაა, რომ სხვისი "ქირურგიული ჩარევა" არ ესაჭიროება. მე რომ მიყვარდა, იმითაც კმაყოფილი ვიყავი. იმის წარმოდგენაც კი, რომ შეყვარებული გოგონა მაკოცებდა, მთელ მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად მაქცევდა, მაგრამ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც შეყვარებულის კოცნა შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, მე რომ 12-13 წლის ასაკში ვიყავი, შეყვარებულის კოცნა სამარცხვინო საქციელად მიიჩენოდა. იმედი მაქვს, მომავალში ამ საკითხზე ასეთი შეხედულება არ ექნებათ..."

"ერთმანეთს სკოლის ჭიშკართან შევხვდით, მაგრამ რამდენიმე წუთში მიწისძვრა მოხდა"

ნინა წკრიალაშვილი:

GzaPress"ალბათ, ყველა ადამიანს პირველად, საბავშვო ბაღში უყვარდება ვინმე და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ის ბიჭი შემიყვარდა, ვისთან ერთადაც "ქართულში" სოლოს ვცეკვავდი. ზეიმზე გამოსვლა მის გამო მიხაროდა ხოლმე. მოგვიანებით, დედა მიყვებოდა - იმ ბიჭს ძალიან აწვალებდიო. ასეთი რამ არ მახასიათებს. ალბათ, ეს ბავშვური სიყვარულის ბრალი იყო... სკოლაში ერთი პერიოდი, ბევრ ბიჭს ვუყვარდი, მე კი ყურადღებას არც ერთი მათგანის მიმართ არ ვიჩენდი და მეგონა, მაგარი "როჟა" ვიყავი, მაგრამ 13 წლის რომ გავხდი, მეც შემიყვარდა. ბავშვობიდან ვმღეროდი, სხვადასხვა კონცერტზე მიწევდა გამოსვლა. ერთ სხვა სკოლელ ბიჭს მოვეწონე. ყველგან დამყვებოდა, ჩემ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა და მეც დავიწყე მასზე ფიქრი. რამდენიმეთვიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, პაემანზე მისვლასაც დავთანხმდი. ვერ წარმოიდგენ, ამ დღისთვის როგორ ვემზადებოდი. მთელი ღამე ვფიქრობდი, პაემანზე მისულს რა უნდა მეთქვა... ერთმანეთს სკოლის ჭიშკართან შევხვდით, მაგრამ რამდენიმე წუთში მიწისძვრა მოხდა (სომხეთში ქალაქები რომ დაინგრა, ეს მაშინ ხდებოდა) და ჩვენი პაემანიც დამთავრდა. მოგვიანებით, იმ ბიჭს ცოლად გავყევი. ერთმანეთს ექვსწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დავშორდით. ახლა ვხუმრობთ ხოლმე, - ეტყობა, პირველი პაემანი მიწისძვრით იმიტომ დამთავრდა, რომ ბოლომდე ერთად ყოფნა არ გვეწერა-თქო..."

"წყალსაცავთან ჩავდიოდით და კოცონს ვანთებდით"

ანი გიუნტერი:

"სიყვარული პირველად მეცხრე კლასში რომ ვსწავლობდი, მაშინ მეწვია. ყოველთვის ვცდილობდი, იმ ბიჭის სიახლოვეს დავმჯდარიყავი. მისი ხათრით ხშირად, "შატალოზეც" წავსულვარ... სამწუხაროდ, პაემანზე ხშირად არ დავდიოდი. არ მიყვარს დაგეგმილ ადგილას გადაპრანჭულები რომ მიდიან ხოლმე. შეხვედრაზე ჩემი დაყოლიება ადვილი არ იყო. ერთხელ (მაშინ 16 წლის ვიქნებოდი) მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად სიონში ვისვენებდი. ყოველ საღამოს, წყალსაცავთან ჩავდიოდით და კოცონს ვანთებდით ხოლმე. ერთ საღამოს ვარსკვლავების ცქერით გავერთე. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ყველა წასულიყო, ჩემი ერთი თაყვანისმცემლის გარდა. მანამდე ის ბიჭი მთელი წელი მეხვეწებოდა, რომ შევხვედროდი, მაგრამ სულ ტყუილად... მივხვდი, შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა და სიყვარულს ამიხსნიდა, ასეც მოხდა. ვუთხარი, მეგობრები ვიყოთ-მეთქი. ეს ბავშვური, დაუფიქრებლად ნათქვამი პასუხი იყო. ასეთ რამეს ბიჭს არასდროს ვეტყვი... ჩვენი ურთიერთობა რა თქმა უნდა, სიყვარულში არ გადაზრდილა.

პირველი პაემანი კი სასაცილო სიტუაციასთან არის დაკავშირებული. ერთხელ ჩემმა პატარა დისშვილმა გამაბრაზა. სახლიდან გასვლა არ უნდოდა, მე კი გადავწყვიტე, ზოოპარკში წამეყვანა. დისშვილი სახეში სხვადასხვა ნივთს მესროდა. მაგალითად, მანიკიური პირდაპირ თვალში მომხვდა. ამ დროს თაყვანისმცემელმა დამირეკა. ვუთხარი, ზოოპარკში მივდივარ-მეთქი. გადავწყვიტე, იქ შევხვედროდით ერთმანეთს. საკმაოდ ბევრი მაკიაჟის გაკეთება დამჭირდა, თვალზე სილურჯე რომ დამეფარა. შეხვედრისას სათამაშო თაგვი მაჩუქა, რომელსაც მოგვიანებით, ანი დავარქვით. იმ ბიჭს მთელი პაემნის მანძილზე შავი სათვალე ეკეთა. გამახსენდა დაქალის ნათქვამი - პაემანზე შავი სათვალით უნდა მიხვიდე, რომ თვალებმა შენი სათქმელი არ გასცესო. ინტერესით ვკვდებოდი, ძალიან მინდოდა გამეგო, ჩემთვის რა ჰქონდა სათქმელი... შემდეგ ის ბიჭი ჩემი შეყვარებული გახდა. სიყვარული გაცნობის ადგილას, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ამიხსა. ერთხანს ვფიქრობდი, რომ ის ჩემი ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ ახლა, როცა უკვე ნამდვილად შემიყვარდა, ვხვდები - მაშინ უბრალოდ, გატაცებული ვიყავი..."

"მან ტოტი მომართვა, მე კი სანაცვლოდ, ვაკოცე..."

ჯემალ ღაღანიძე:

GzaPress"ჩემი პირველი, სერიოზული და ერთადერთი სიყვარული ჩემი მეუღლე, ლენა გახლავთ. ერთმანეთი 1967 წელს გავიცანით. მაშინ მიხეილ თუმანიშვილმა დადგა სპექტკალი - "ზღვის შვილები", სადაც ერთ-ერთ როლს ვასრულებდი. მოგეხსენებათ, იმ დროს თეატრზე უდიდესი მოთხოვნილება იყო, ამიტომ ბილეთები ძნელად იშოვებოდა. ერთ დღეს თეატრთან მისულს, როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი დამხვდა სალაროს წინ. უეცრად, ნაცნობი გოგონა შემხვდა და ორი ბილეთი მთხოვა. მითხრა, ვერაფრით ვიშოვეო. მე, რა თქმა უნდა, ვუშოვე. ის და მისი მეგობარი გოგონა მადლობის გადასახდელად, სპექტაკლის შემდეგ გარეთ მიცდიდნენ. სწორედ მაშინ გავიცანი ლენა, რომელიც ჩემი ნაცნობის დაქალი აღმოჩნდა. შემდეგ რამდენჯერმე, კიდევ ავუღე ბილეთი იმ ჩემს ნაცნობს, რომ ლენას შევხვედროდი. სპექტაკლი შემდეგ კი, ვინაიდან მანქანით ვიყავი, სახლამდეც მიმიყვანია ორივე. აი, ასე, ნელ-ნელა დაიწყო და აიკინძა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ვიდრე მას ცოლობას ვთხოვდი, ჭკუის დასარიგებლად დამიბარა სერგო ზაქარიაძემ და მითხრა: ჯემალ, შენ ახლა იწყებ ცხოვრებას. არ დაგავიწყდეს, რომ თეატრს თავისი ადგილი აქვს და ოჯახს - თავისი. არ შეიძლება, შენს საქმეში ოჯახმა შეგიშალოს ხელიო.

მივედი მომავალ მეუღლესთან და ვკითხე: თანახმა ხარ მსახიობის გვერდით ცხოვრებაზე, რომელიც ოჯახის გამო ვერ მიატოვებს თავის საყვარელ საქმეს-მეთქი? თანხმობა მომცა და შევუღლდით.

მახსოვს, ერთხელ მე და ლენაჩკამ მანქანით ქალაქგარეთ გავისეირნეთ. ის პერიოდი იყო, როცა ყველაფერი ყვაოდა. ლენამ სეირნობისას, გაფურჩქნულყვავილებიანი ტოტი მოტეხა და მომართვა, მე კი სანაცვლოდ, მას ვაკოცე. აი, ასე გავცვალეთ საჩუქრები..."

მარეხ ჭონიშვილი