როლი, რომელიც პავლე ნოზაძეს "ოსკარზე" ნომინირებულ "მანდარინებში" უნდა შეესრულებინა - გზაპრესი

როლი, რომელიც პავლე ნოზაძეს "ოსკარზე" ნომინირებულ "მანდარინებში" უნდა შეესრულებინა

ჩვენს რეალობაში არაერთი მაგალითია, როცა ოჯახის რამდენიმე წევრი ერთი და იმავე პროფესიისაა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი მამა-შვილია, ვინც ერთსა და იმავე თეატრში მუშაობს. მსახიობი პავლე და ვახტანგ ნოზაძეები მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე ერთად დგანან. პავლე ნოზაძე მეტეხის თეატრში დაარსების დღიდან, კერძოდ - 1974 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გახდა. ვახტანგიც მეტეხის თეატრიდან "მოვიდა" "მოზარდში". მამა-შვილი რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. როგორც უმცროსმა ნოზაძემ მითხრა, ხელოვანების გვერდით გაზრდილს, სხვა სფეროზე არც უფიქრია, მით უფრო, რომ სცენაზე მისი "ნათლობა" 4 წლის ასაკში მოხდა, როცა სტუდენტი მამის გვერდით, თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე დადგა.

ვახო:

- 4 წლის ვიყავი, როცა თეატრალურ ინსტიტუტში მამასთან ერთად ვითამაშე ნუგზარ ლორქიფანიძის სპექტაკლში - "უცნაური მისის სევიჯი". მაშინდელი განცდები არ მახსოვს, მაგრამ ამის ამსახველი სურათები კი მაქვს. მამის გვერდით, თეატრში გავიზარდე. მაშინ მეტეხის აღმართზე ვცხოვრობდით. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ: რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, მხატვრები... თეატრისადმი სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. პროფესიაში პირველი ნაბიჯები რეზო მირცხულავას, თამაზ მესხის, მანანა კვირკველიას, ანზორ ქუთათელაძის პედაგოგობით გადავდგი და პირველ კურსზე სწავლისას, ქალბატონმა მანანამ რუსთავის თეატრში, მთავარ როლზე დამამტკიცა.

პავლე:

GzaPress- მადლობელი და კმაყოფილი ვარ, რომ ვახტანგი ჩამოყალიბდა, როგორც პროფესიონალი მსახიობი. მას უკვე თავის გზა აქვს და არაფერს ვურჩევ ხოლმე. საერთოდ, მარტო თეატრში მუშაობა ბევრს არაფერს შეგმატებს, თუ როლის შექმნაზე სხვა დროსაც არ იფიქრე. მას აქვს საკუთარ თავზე მუშაობის უნარი. ბევრჯერ მიმიყურადებია მისთვის, განსაკუთრებით - მაშინ, როცა მარტოა საკუთარ თავთან და როცა ადამიანის ფანტაზია სრულად იშლება. ოთახიდან მისი ხმა რომ მესმოდა, მეუღლეს ვეუბნებოდი, - ვახტანგი რეპეტიციებს გადის-მეთქი. თეატრს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს და წარმოსახვის დიდი უნარის ქონა აუცილებელია. სიტყვების რახა-რუხი და ტექსტის დაზეპირება ყველას შეუძლია, მსახიობი კი ვალდებულია, პერსონაჟი ძირფესვიანად შეისწავლოს და დამაჯერებლად განასახიეროს.

- ვახო, პროფესიული არჩევანი ოდესმე გინანიათ?

- გულწრფელად გეტყვით, - არა! ერთი წელი ამერიკაში ვცხოვრობდი, პოლონელებთან ვიყავი თეატრში და თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ქართული თეატრი მაინც მენატრებოდა. რა ვქნა, აქაურობა ძალიან მიყვარს. შეიძლება, რასაც ახლა ვიტყვი, ხმამაღალი ნათქვამი იყოს (ეს არ ეხება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს, სადაც რეპერტუარის დიდი ნაწილი ქართულია), მაგრამ ჩვენ ვკარგავთ ქართველებისთვის დამახასიათებელ ცრემლსა და ემოციას, რაც სხვებისგან გამოგვარჩევდა და რაც უცხოელებისთვის საინტერესო იყო. ვიწყებთ ისეთი სპექტაკლების დადგმას, რასაც ისინი დიდი ხანია, თამაშობენ. თუ დააკვირდებით, ქართული თეატრები ისეთი დონისა და მასშტაბის წარმატებას ვეღარ აღწევენ, როგორც ეს უწინ ხდებოდა.

- თქვენი აზრით, რატომ ვბაძავთ უცხოელებს?

პავლე:

- ქართველებს კლასიკური დრამატურგია ცოტა გვაქვს, მაგრამ გვყავდა ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, ასევე - ძლიერი ნოველისტები და მათ ნაწარმოებებზე არაერთი სპექტაკლის დადგმა შეიძლება. რასაკვირველია, უნდა დაიდგას უცხოური პიესებიც, მაგრამ ვფიქრობ, რეპერტუარის დიდი ნაწილი ქართულ ნაწარმოებებზე უნდა აიგოს. წლების განმავლობაში ბევრ უცხოურ კლასიკაში მითამაშია, მაგრამ თითოეულ როლში ქართული სული ჩავდე.

ვახო:

- მწერალი წერს ნაწარმოებს, მაგრამ თითოეული მსახიობი თავისებურად აღიქვამს და ძერწავს პერსონაჟს. სწორედ ამიტომაა მსახიობობა საინტერესო პროფესია. ერთადერთი, შეიძლება მაშინ იფიქრო, - ნეტავ, სხვა რამე მეკეთებინაო, როცა როლს ეჭიდავები და არაფერი გამოგდის. მაგრამ როცა ბევრი ფიქრისა და წვალების შემდეგ, იმ შედეგს იღებ, რაც საჭიროა, უდიდეს შვებას გრძნობ, ძალიან ბედნიერი ხარ. ქალბატონი მედეა კუჭუხიძე "პატარძლის ამორჩევას" რომ დგამდა, პირველსავე რეპეტიციაზე მითხრა: "ვახო, საყვარელო, ასე - არა". მსგავსი რამ რამდენჯერმე რომ განმეორდა, უკვე ვფიქრობდი, - მომდევნო რეპეტიციაზე აღარ მივალ-მეთქი, მაგრამ მეხუთე რეპეტიციაზე რომ მითხრა: "ჰო, ვახო, ასეა, საყვარელო", მას შემდეგ "წამოვიდა" და "წამოვიდა"; დაიწყო ის სიამოვნების პერიოდი, რაც როლის სისრულეში მოყვანას თან სდევს ხოლმე.

- დაასახელეთ სპექტაკლი, სადაც ერთად თამაშობთ...

პავლე:

- ახლა ერთად ვთამაშობთ წარმოდგენაში - "მე ვხედავ მზეს". დაახლოებით ასამდე სახე მაქვს შექმნილი თეატრების სცენაზე და აქედან არაერთი - წარმატებით. ნოდარ დუმბაძის "დიდრო" 1200-ჯერ მაქვს ნათამაშები. "ოქროს ფონდშია" შესული. იქ ვახტანგი ნოდარს თამაშობდა, თავად მწერალს, რომელიც შემდეგ დიდროსთან დიალოგში შემოდიოდა. წლების განმავლობაში პირველი "ნოდარი" მსახიობი თემურ ნაცვლიშვილი იყო, მეორე - სლავა ნათენაძე, ხოლო მესამე ვახტანგი გახლავთ. მეტეხის თეატრის შემდეგ, ეს სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა, სახელწოდებით - "მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი", სადაც ჩემი პარტნიორი ნიკა კვანტალიანი გახდა. ეს სპექტაკლი დღესაც ცოცხალია და 27 იანვარს, პანტომიმის თეატრში, უსინათლო მაყურებლებისთვის ვითამაშეთ.

- საზღვარგარეთ არაერთ ქვეყანაში იდგმება სპექტაკლი, რომელსაც 2-3 თვე თამაშობენ და მერე იხსნება რეპერტუარიდან. პირადად თქვენთვის ეს ვარიანტი უფრო მისაღებია, თუ ის, როცა ერთსა და იმავე როლს წლების განმავლობაში ასრულებთ?

ვახო:

- დიახ, ასეთი რამ ბევრგან ხდება. მაგალითად, მსგავს შემთხვევებს ინგლისში წავაწყდი. იქ არის ერთი საბავშვო თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელთან საუბრისას ვიკითხე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ ერთ სპექტაკლს და ზუსტად იგივე მიპასუხა, რაც ახლა თქვენ თქვით. რასაკვირველია, არის გამონაკლისებიც და ზოგიერთი წარმოდგენა 10-20 წლის განმავლობაში "ცოცხლობს". ვფიქრობ, როცა ემზადები, გიყვარდება შენი გმირი თავისი ნაკლოვანებითა და დადებითი თვისებებით, გიყვარს კოსტიუმებიც კი, უვლი და უცებ, სულ რაღაც 2-3 თვეში ეს პერსონაჟი საპნის ბუშტივით ქრება, მსახიობისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, უფრო მეტიც - ტრაგედიაა.

პავლე:

- არის სპექტაკლები, რომელიც წლებს უძლებს და ასეთად მიმაჩნია "დიდრო". დაახლოებით 40 წელია, ეს წარმოდგენა ცოცხლობს და მას დღესაც იმავე ემოციით ვთამაშობ, როგორც - პრემიერაზე ვითამაშე. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ამ დადგმას შევინარჩუნებ! წარმოიდგინეთ, როცა ეს როლი მოზარდმაყურებელთა თეატრში შევასრულე, პერანგი იმდენად იყო გაცვეთილი და დამდნარი, რომ იძულებული გავხდი, სხვა ჩამეცვა. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სპექტაკლი ძველებურად კარგად ვერ ვითამაშე. გავგიჟდი კაცი, ძველი პერანგი მკერავთან ავიტანე და ახალს ქვეშიდან გამოვაკერებინე. მერე უკვე "წავიდა" და "წავიდა" სპექტაკლი, აღარაფერს დავუბრკოლებივარ.

- წლების წინ სახელმწიფო აფინანსებდა ქართული ფილმის გადაღებას და წელიწადში არაერთი ფილმი გამოდიოდა, ახლა კი ძირითადად, კოპროდუქცია გვაქვს. ბატონმა პავლემ ითამაშა რამდენიმე ფილმში, თქვენ - ჯერჯერობით არც ერთში. ალბათ, ამის გამო გული გწყდებათ...

ვახო:

- რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია. ვფიქრობ, რომ კინოში თამაში აბსოლუტურად სხვა რამ არის. დრამატულ მსახიობებს ეს ცოტა არ იყოს, უჭირთ. ჩემს თაობას არ მოუხდა ისეთი ოსტატების გვერდით ყოფნა, ვისგანაც ცოდნას მივიღებდით. კამერის წინ მუშაობასაც დიდი სკოლა სჭირდება - არც ეს გამოგვივლია.

პავლე:

- მე ცოტა გვიან მივედი კინოში, რადგან ბევრს ვმუშაობდი თეატრში. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა "მხიარულ რომანში" ჩხუბის სცენაში გადამიღეს, შემდეგ - "მონანიებაში", პატარა ეპიზოდის გადაღებისას თენგიზ აბულაძესთან მქონდა შეხება. ასევე, ვმონაწილეობდი: რეზო ესაძის ფილმში - "ნეილონის ნაძვის ხე", ნელი ნენოვასა და გენო წულაიას "მეტიჩარაში". სამ ფილმზე ვითანამშრომლე ნანა მჭედლიძესთან და დიდი სკოლა გავიარე რეზო ჩხეიძესთან. მე და ოთარ მეღვინეთუხუცესი უნდა ვყოფილიყავით პარტნიორები ფილმში - "დონ-კიხოტი", სადაც სანჩო პანსას როლი უნდა შემესრულებინა. დამამტკიცეს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მერე რაღაცები შეიცვალა და თამაშის საშუალება არ მომეცა. გული დამწყდა. ასევე, მეწყინა, როცა უფინანსობის გამო, გიგა ლორთქიფანიძის მიერ დაწყებული ფილმის გადაღება შეჩერდა. ფილმს ალექსანდრე ყაზბეგის "ელეონორას" მიხედვით ვიღებდით, ერთ-ერთ მთავარი როლი მქონდა. ასევე, დამწყდა გული "მანდარინებზე". მინდა, ზაზა ურუშაძეს თქვენი ჟურნალის საშუალებით მივულოცო ფილმის წარმატება, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე გავიდა. როლზე დამტკიცებული ვიყავი, მაგრამ ვინაიდან ფილმის გადაღების უდიდესი ნაწილი ესტონეთმა დააფინანსა, მათი მოთხოვნით, ორი მსახიობი ესტონელებმა ჩაგვანაცვლეს.

- რომელ როლზეა ლაპარაკი - ესტონელი ივოსი თუ მანდარინების ბაღის მფლობელის?

- მანდარინების ბაღის პატრონის როლზე. სამწუხაროდ, ასეც ხდება... საერთო ჯამში, 30 ფილმში ვარ გადაღებული, არაერთი საინტერესო სახე გამომივიდა და ახლაც ვმუშაობ რაღაცებზე.

- თეატრს მივუბრუნდები. სპექტაკლის მსვლელობისას ბავშვების საოცარი რეპლიკები ისმის, რაც არა მგონია, სცენაზე მდგომი მსახიობის ყურამდე არ აღწევდეს...

ვახო:

- (იღიმის) ამას წინათ ბატონი დიმა ხვთისიაშვილის სპექტაკლს - "ნაცარქექიას" წარმოვადგენდით, სადაც ყაფლანს ვთამაშობ. ბოროტი კაცია, ხალხს ჩაგრავს და ა.შ. ბოლოს ნაცარქექიასა და ყაფლანის სცენაა. მაინტერესებდა, ბავშვები ყურადღებით იყვნენ თუ არა და მათი შემოწმება გადავწყვიტე: ნაცარქექიას ჩემთან ერთი ტომარა ოქრო მოაქვს. ვამბობ, - ხომ იცი, როგორი პატიოსანი კაცი ვარ? ამას მე წავიღებ-მეთქი. მერე დარბაზისკენ მივბრუნდი კითხვით: მე ხომ პატიოსანი ვარ-მეთქი? აყვირდნენ, - არა, არა, არ ხარო. მე მაინც ჩემსას ვამტკიცებდი და ბოლოს ერთი ბავშვი გაფართოებული თვალებით, ლამის სცენაზე ამომივარდა, ისტერიკა დაემართათ. აი, ასეთ დროს გრძნობს ხოლმე მსახიობი, რომ რაღაც გამოუვიდა.

პავლე:

- ერთხელ, დიდროს სიკვდილის სცენისას, სამი ბავშვის ერთდროული ტირილი მომესმა. ერთი ისტერიკაში ჩავარდა და დარბაზიდან გაიყვანეს. "მოკვდა, მოკვდა", - სლუკუნებდა პატარა. სპექტაკლის შემდეგ ნანერვიულები ბავშვი ჩემთან მოიყვანეს. დავამშვიდე, მივეფერე და ბოლოს, ფოტოებიც გადავიღეთ.

GzaPress- როგორ გრძელდება თქვენი შთამომავლობა?

- ქალიშვილისგან ორი შვილიშვილი მყავს, ხოლო ვახტანგისგან - სამი. ვახოს უფროსმა ქალიშვილმა თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა და ქორეოგრაფი გახლავთ; მეორე - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, ხოლო მესამე მგონი, თეატრალურში ჩააბარებს.

ვახო:

- სამი შვილი მყავს: სოფიკო, ნიკუშა და ლაშა-გიორგი. სოფოსგან ორი შვილიშვილი მყავს: კესარია და რუსუდანი. ჩემი უმცროსი შვილი 11 წლისაა და შექსპირის ყველა პიესა აქვს წაკითხული. ჩემი შვილიშვილები მამას ხშირად სტუმრობენ, ბატონი პავლე კი მათთვის მესამე სართულზე თოჯინების თეატრს აკეთებს. შინ აღმოვაჩინეთ ორი 48-ფურცლიანი რვეული, სადაც ლაშუკას პიესები აქვს გარჩეული. ინტერნეტში აგროვებს ინფორმაციებს ადამიანებზე და შემდეგ მათზე თავისებურ ისტორიებს ქმნის, გამოძიებებს აწარმოებს. ერთხელ, ქალბატონმა მედეა კუჭუხიძემ თქვა, - დააკვირდით თქვენ შვილებსა და შვილიშვილებს. ვისაც გამოძიებისკენ აქვს მიდრეკილება, კარგი რეჟისორი დადგებაო. ასე რომ, ვნახოთ, რა გამოვა (იღიმის).

ანა კალანდაძე