"სტალინთან ვიმეგობრებდი"
"ერუდიტის" სტუმარი ვაკაჭი ხიდაშელი გახლავთ. ამბობს, რომ ინტელექტუალური თამაშები და თავსატეხები ძალიან უყვარს. იყო პერიოდი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემეცნებითი გადაცემა - "ვაკაპედია" მიჰყავდა.
პრეამბულის მაგიერ
- გული დამწყდა, "ვაკაპედია" რომ დაიხურა. არხზე გიორგი ბარათაშვილი რომ მოვიდა, სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გამიშვა. მომდევნო 2 წელი უმუშევარი ვიყავი. ვერ ახსნეს, არგუმენტი ვერ თქვეს, რატომ მიშვებდნენ. ყველა კითხვის პასუხი იყო: "ხელშეკრულება შეგიწყდა". ვიღაცას ასე უნდა და მორჩა. გადაცემა მნიშვნელოვან სეგმენტზე იყო გათვლილი და არც მაღალბიუჯეტიანი იყო.
- "ერთხელ საქართველოში" ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც ტელევიზიას დაუბრუნდი...
- დიახ, შეთავაზება შალვა რამიშვილისგან მივიღე. ჯერ პროექტი ახალი დაწყებულია. თუ ამ ქვეყანაში "ფეისბუკი" რამეს ნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაცემა ხალხმა პოზიტიურად მიიღო.
- ცენზურა რატომ არ გაქვთ?
- რას ვამბობთ ისეთს, რაც არავის გაუგონია?
- აქტიური მკითხველი ხარ?
- რა თქმა უნდა. სულ ვკითხულობ. რამდენიმე დღის წინ, ერთი დეტექტივი "ბიბლუსში" შევიძინე და კითხვა დავიწყე.
- დეტექტივები გამორჩეულად გიზიდავს?
- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ანალიტიკა, სიღრმისეული მსჯელობები, საინტერესო ამბები მეტად მიზიდავს.
- ბავშვობაში წიგნებს როგორ "დაუმეგობრდი"?
- თავიდან საბავშვო ლიტერატურას ძალით მაკითხებდნენ, მაგრამ თან ვამჩნევდი, რომ ნელ-ნელა ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებდი. ერთ ზაფხულს, ჩემს მეგობართან ერთად ვისვენებდი. ის რაღაც წიგნს კითხულობდა. ეზოში "ლეჟანკაზე" იწვა. მივედი და - რას კითხულობ-მეთქი? - "ძმებ კარამაზოვებსო". ერთი თავი წამიკითხა და ვუსმენდი, მერე წიგნი მიაგდო, მე დავინტერესდი და 2 ფურცელი თავად წავიკითხე, მერე კიდევ მივუბრუნდი და...
- "ძმები კარამაზოები" ბოლოდე წაიკითხე?
- რამდენჯერმე წავიკითხე. საბავშვოდან კლასიკურ ნაწარმოებებზე ჩემი მეგობრის დამსახურებით გადავერთე.
- ბოლოს რა წაიკითხე?
- ნიკოლოზ გაბაონის "აივნიანი ქალაქი". ავტორი ძალიან საინტერესოდ აღწერს XVIII საუკუნის თბილისს. თუ ვინმე ძველ თბილისზე ფილმის გადაღებას აპირებს, ეს წიგნი გამოადგება.
- წიგნი მოგიპარავს?
- (იცინის) კი.
- ისეთი სახე მიიღე, წიგნი არაერთხელ გექნება მოპარული.
- პირველად ბათუმში მოვიპარე. უფრო სწორად, სპრინტით პატარა თანხა მოვიგე. ერთი წიგნი ვიყიდე, კიდევ საშლელები, სახატავები, რვეულები და "გავღორდი", კიდევ ერთი წიგნი მოვიპარე.
- საინტერესოა, ბოლოს რა მოიპარე?
- (იცინის) ყვავილი. ხომ გაგიგონია, მოპარული კარგად იხარებსო.
- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- პერსონაჟებზე რა გითხრა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი სტალინთან. მასთან ურთიერთობა ცოტათი "აპასნი" კი იქნებოდა. შეიძლება, ერთ დღეს დასახვრეტთა სიაშიც აღმოვჩენილიყავი.
- აბა, მასთან მეგობრობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?
- უდავოა, რომ ის ძლიერი ადამიანი იყო.
- სტალინი რომ ცოცხალი იყოს და მასთან მეგობრობა გაკავშირებდეს, პირველს რას სთხოვდი?
- საქართველოს გაერთიანებას. დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებდა. მინდა, ჩემმა შვილმაც ნახოს აფხაზეთი და არა მხოლოდ. ბავშვობაში აფხაზეთში ხშირად ჩავდიოდი, ვთევზაობდი. ნადირობა და თევზაობა ჩემი ჰობია.
- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?
- რა თქმა უნდა. მიყვარს შეკითხვები, რომელზეც პასუხი ლოგიკური აზროვნებით უნდა ამოიცნო და თავსატეხებზე ვგიჟდები.
- არაბების მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, მათმა მთავარსარდალმა განაცხადა, ყურანში ისედაც ყველაფერი წერიაო და ბარბაროსული ბრძანება გასცა. რისი გაკეთება დაავალა მან ჯარისკაცებს?
- (ფიქრობს)
- მიგანიშნებ: ჯარისკაცებს ეგვიპტეში რაღაც უნდა გაენადგურებინათ. რა?
- პირამიდებს ასე პირდაპირ ვერ მიადგებოდნენ გასანადგურებლად. რა შეიძლებოდა გაენადგურებინათ?
- მე ხომ ყურანი ვახსენე.
- ა! მივხვდი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განადგურების ბრძანება გასცა, არა?
- რა თქმა უნდა. გერმანულად ეს სიტყვა მთიდან მინდვრის მიმართულებით მობერილ ნიავს ნიშნავს. ამ საყოფაცხოვრებო ნივთს დღეს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდები. რომელ ნივთზეა ლაპარაკი?
- ვერ ვხვდები.
- სავარაუდო პასუხებს გეტყვი, უთო, ფენი, ვენტილატორი თუ ჰაერის გამწმენდი?
- ვენტილატორი.
- ცდები. სწორი პასუხია - ფენი.
- ფენი ცხელ ჰაერს რომ უბერავს, ამიტომ არ ვთქვი.
- რომელი მხედართმთავარი აარსებდა დაპყრობილ ტერიტორიებზე თავის მოსახელე ქალაქებს?
- ალექსანდრე მაკედონელი.
- ლაკონიაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია, თუ მოვედი, ძირფესვიანად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?
- "მოდი".
- "თუ" იყო მათი პასუხი. რა თანამდებობა ჰქონდათ ძველ შეიარაღებულ ძალებში ადამიანებს, რომლებსაც მკერდზე თუთიყუში ჰქონდათ ტატუირებული?
- თარჯიმნები იყვნენ.
- რას ნიშნავს არაბულად "შარიათი"?
- ალიაქოთს? არ ვიცი.
- "ჭეშმარიტ გზას".
- მერე, ალიაქოთსა და კამათში იბადება ჭეშმარიტება.
- რა ჰქვია ფურცლის დაკეცვით ფიგურების შექმნის ხელოვნებას?
- ორიგამი.
- მაია წყნეთელის მამაკაცური სახელი გახსოვს?
- მათეს ეძახდნენ.
- "მურის ძველ ხიდთან,/ სადაც გორმახებს თითქოს მდინარემ დანა დაუსვა/ სამი ციხე დგას ციხე "დაჰკარი",/ ციხე "დაუხვდი" და... რა ჰქვია მესამე ციხეს?
- არ ვიცი. სად არის ეს ციხეები?
- ლეჩხუმში. მესამე ციხეს "არ გაუშვა" ჰქვია. რომელ თევზს აქვს ორივე თვალი ცალ მხარეს?
- კამბალას.
- რომელი მწერლის რომელი ნაწარმოების გმირია კირილე მიმინოშვილი?
- არ ვიცი.
- დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი". კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და არც ქურდობას ერიდებიან. რაზეა ლაპარაკი?
- მარკების შემგროვებლებზე, არა?
- ადამიანებზე, რომლებიც ავტოგრაფებს აგროვებენ. რომელ თვეს ეძახიან გიორგობისთვეს?
- ნოემბერს.
- ქალს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?
- ძალიან ხშირად, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 8 წლიდან 80 წლამდე ყველას კომპლიმენტს ვეუბნები.
- მერე ყოველთვის გულწრფელი ხარ?
- რა თქმა უნდა, გულწრფელი ვარ.
- გადარჩენილხარ, რომ სახელმწიფო ტოგოში არ დაიბადე.
- რატომ, იქ ძალიან ლამაზები არიან?
- თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?
- არ ვიცი.
- ცოლად უნდა მოიყვანოს. ჩარლზ რიდი წერდა: "დათესავ აზრს, მოიმკი ქცევას, დათესავ ქცევას - მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას, მოიმკი ხასიათს. დათესავ ხასიათს, მოიმკი..."
- ვერ გეტყვი.
- "...მოიმკი ბედს". ის შეადგენს ადამინის წონის 3%-ს, მაგრამ მოიხმარს მთელი ორგანიზმის ჟანგბადის 20%-ს. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?
- ტვინზე.
- მუსლიმანებში მამაკაცი მოწამეობრივ სიკვდილს მხოლოდ ბრძოლის ველზე ეზიარება. რა შემთხვევაში უთანაბრდება მას ქალის სიკვდილი?
- მშობიარობის დროს თუ გარდაიცვლება, არა? ლოგიკით ასე უნდა იყოს.
- რა თქმა უნდა. რა ერქვათ ძველ საბერძნეთში მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ?
- დავფიქრდები და გეტყვი.
- მიგანიშნებ დღეს ამ სიტყვას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით ვამბობთ.
- ვერ ვხვდები.
- პორნოგრაფები. ამერიკელები ამაყობდნენ, რომ მათ არც ერთ პრეზიდენტს ეს კოსმეტიკური "ნაკლი" არ ჰქონდა.
- არც დღევანდელ პრეზიდენტს?
- არც მას აქვს.
- ვხვდები, ვიზუალურ მხარეზეა ლაპარაკი. წვერის ტარება?
- არა, მაგრამ სწორ პასუხს მიუახლოვდი.
- მელოტი.
- ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია. მონაწილეობენ დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე... გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა. დაასახელე ფილმი და მისი რეჟისორი.
- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".
- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?
- 3 თვეა, არ დამილევია. ახლა სიამოვნებით დავლევდი. თავად ღვინო არასდროს დამიყენებია, მაგრამ ტექნოლოგია ვიცი. ღვინო იმიტომ მიყვარს, რომ "ცოცხალი სასმელია"
- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება წითელ ღვინოს?
- მიჩნეულია, რომ ღიავდება, მაგრამ არასწორია. ილექება და იქმნება ეფექტი, რომ გაღიავებულია. ზემო მაჩხაანში, გათხრების დროს აღმოჩენილი, მე-4 საუკუნის ღვინო მინახავს.
- 1922 წელს, როცა ეს ცნობილი შოტლანდიელი გამომგონებელი გარდაიცვალა, მისი ხსოვნის პატივსაცემად ყველა სატელეფონო საუბარი 1 წუთით შეწყდა. საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ იმ დროს ამერიკაში 13 მილიონი ტელეფონი დუმდა.
- ანდრეი ბელი. მაგრამ ამ გამოგონებაზე დღესაც დიდი კამათი მიდის. მე რომ "ვაკაპედიას" ვამზადებდი, გამოგონებების შესახებ დავის ამბებს მაშინ გავეცანი.
- რატომ არ გაიცემა პრემია მათემატიკოსებზე?
- იმიტომ, რომ ნობელს ერთ მათემატიკოსთან პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა. მან ცოლი წაართვა.
- დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "მე შემიძლია გავუძლო ყველაფერს, გარდა...
- ...სიყვარულისა
- "...გარდა ცდუნებისა".
- შენი "ერუდიტი" ძალიან მომეწონა. ყველანაირი რუბრიკისგან გამორჩეული და განსხვავებულია, რაც კი არსებულ ჟურნალ-გაზეთებში მინახავს. დღეს მე ბევრი რამ ვისწავლე და მადლობა ამისთვის.
თამუნა კვინიკაძე