ტელეწამყვანი ქსელში კატამ "შეიტყუა" - გზაპრესი

ტელეწამყვანი ქსელში კატამ "შეიტყუა"

ამ ფონზე, სოციალური ქსელებისადმი ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის დამოკიდებულება ჩემთვის მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ ეთერში ყოფნისას, ნანიკოს "დღის შოუს" "ფეისბუკის" გვერდი ყოველთვის "გახსნილი" აქვს და ტელემაყურებლებს ეკონტაქტება...

ცნობისათვის, შარშან ტელეწამყვანის მიერ ურეკში გადაღებული და "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებზეც პლაჟზე მყოფი ჩაცმულ-დახურული ადამიანები იყვნენ ასახული, სოციალურ ქსელში ძალზე პოპულარული იყო...

- პირველად "მაისპეისზე" გასართობად დავრეგისტრირდი. არ ვიცოდი, რა იყო და დავინტერესდი. ამ ქსელში ბევრი ადამიანი იყო გაწევრებული. მეც ფეხის ხმას ავყევი.

- დღეს ყველაზე მეტად, რომელ ქსელში აქტიურობთ? GzaPress- ერთადერთ ქსელში - "ფეისბუკში" ვარ, მაგრამ არ ვაქტიურობ; ჩვეულებრივი, პასიური მომხმარებელი ვარ. სოციალური ქსელის გარეშე მთელი დღის გატარება და საერთოდ, ცხოვრება თავისუფლად შემიძლია.

- "ფეისბუკზე" რა მიზნით დარეგისტრირდით?

- "კატის" თამაშის გამო გავწევრდი.

- თამაში თქვენ გსურდათ თუ თქვენს გოგონას?

- მე. ჩემთვის გავაკეთე. მინდოდა, კატისთვის მომევლო და გამეზარდა.

- საერთოდ, კომპიუტერული თამაშები გიზიდავთ?

- არა, არა. ერთადერთი თამაში, რომლითაც გავერთე, "კატა" იყო. თავი მალევე დავანებე და "ფეისბუკი" შემრჩა.

- დღის განმავლობაში, "ფეისბუკს" რამდენჯერ სტუმრობთ?

- სამსახურის გამო, გადაცემის წაყვანისას სულ "ფეისბუკზე" ვარ, რადგან პირდაპირ ეთერში ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. სამსახურის შემდეგ სოციალური ქსელით ნაკლებად ვსარგებლობ: თუ ვინმემ წერილი არ მომწერა, არც შევდივარ, წერილებს კი მომენტალურად ვპასუხობ.

- უცნობი ადამიანების წერილებისთვის პასუხის გაცემას ახერხებთ?

- კი, ყველას ვპასუხობ.

- ძირითადად, რა სახის წერილებს იღებთ?

- ეს ცოტა ინტიმურია და ამაზე ლაპარაკი არ მინდა. და კიდევ, "ინტიმურში" არ იგულისხმოთ, რომ რაღაც "ისეთს" მწერენ... უბრალოდ, როცა ადამიანი წერილს გწერს, ეს შენსა და მას შორის უნდა დარჩეს, საჯარო ინფორმაცია არ არის. ამიტომ, ამ შეტყობინებების "გახმოვანებისგან" თავს შევიკავებ.

- წერილების შინაარსის მოყოლა არც მითხოვია. პირად ამბებს გიყვებიან, ქათინაურებს გეუბნებიან თუ?.. GzaPress- ეს ჩემსა და მათ შორის უნდა დარჩეს. ყველა ადამიანს პატივს ვცემ, ვინც მწერს.

- კარგი. ვირტუალურ სამყაროში მეგობარი თუ შეგიძენიათ?

- კი, მაგრამ მეგობრობა არ გაგვიგრძელებია.

- პირადად შეხვედრიხართ?

- არა. შეიძლება, სადმე გადავწყდომივარ და მიფიქრია: ვახ, როგორ მეცნობა, ნეტავ, - საიდან-მეთქი? მერე გონებაში აღვიდგენ ხოლმე, საიდანაც მეცნობა.

- სოციალურ ქსელში ვინმესთან კონფლიქტი მოგსვლიათ?

- არასოდეს. კომენტარებს იშვიათად ვწერ, მხოლოდ პასუხს თუ გავცემ ვინმეს. რა აუცილებელია, რომ ყველას პირად ამბავში ჩავერიო? ეს ჩემს ინტერესის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს, მით უმეტეს - საქმის გარჩევა.

- თქვენი აზრი "სტატუსად" დაგიფიქსირებიათ?

- არასოდეს.

- ხშირად აღნიშნავენ, რომ "ფეისბუკი" ადამიანის ერთგვარი "სივია". ქსელში აქტიურობისგან თავს ამიტომ ხომ არ იკავებთ?

- არა, არა. საჯაროდ აზრს არ გამოვთქვამ, რადგან ისეთი კომპეტენტური არაფერში ვარ, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო. ოდესმე თუ მივხვდები, რომ რაიმეში კომპეტენტური ვარ, საკუთარ თავს აზრის საჯაროდ დაფიქსირების უფლებასაც მივცემ.

- "სელფომანიით" შეპყრობილი ხართ?

- ჯერჯერობით - არა. ყველაფერი წინ არის (იღიმის).

- თქვენს ფოტოებს "ფეისბუკზე" ხშირად აქვეყნებთ?

- არა, იშვიათად. ფოტოების გამოქვეყნების სურვილი არ მიჩნდება.

- რა სახის "პოსტებით" ინტერესდებით?

- თუ რამე ისეთი ხდება, რაც ტელევიზორში ვერ ვნახე, ამ შემთხვევაში, "ფეისბუკზე" სიახლეებს ვათვალიერებ. ისეთი მომხმარებელი არ ვარ, რომ "ნიუსფიდს" ჩამოვუყვე და რაღაცები მოვიწონო, რაღაცებმა - გამაღიზიანოს...

- "ფეისბუკზე" თქვენი გოგონა - ლილუც დარეგისტრირებულია?

- დიახ.

- სოციალურ ქსელში ჩართვასთან დაკავშირებულ მის სურვილს უყოყმანოდ დათანხმდით?

- კი. დიდი ადამიანია და უფლება აქვს, ის გააკეთოს, რაც სურს.

- რამდენი წლის არის?

- 11-ის.

- მისი ასაკისთვის შეუფერებელი ინფორმაციისგან როგორ იცავთ?

- ძალზე გახსნილი ადამიანია და თუკი რაიმე "ისეთი" მოხდა, ყოველთვის მეკითხება. კონტროლი არ სჭირდება. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერზე ვსაუბრობთ... "ფეისბუკის" აქტიური მომხმარებელი ისიც არ არის.

- მახსოვს, შარშან, ურეკში დასვენებისას, თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ. ასე ხშირად იქცევით?

- ასეთი რამ ერთადერთხელ გავაკეთე, რადგან შოკში ჩავვარდი - ურეკი ცოტა სხვა რამე მეგონა და სხვაგან მოვხვდი. მაშინ ბევრი ფოტო გადავიღე...

- პლაჟზე გარუჯვისას ინტერნეტს თუ მოიხმართ?

- არა. თან მხოლოდ ტელეფონი მაქვს, ისიც - იმიტომ, რომ დამირეკონ.

- საერთოდ, ინტერნეტის როგორი მომხმარებელი ხართ, რა სახის ინფორმაციით ინტერესდებით?

- საქმიანი მომხმარებელი ვარ: ინტერნეტს მაშინ ვიყენებ, როცა მჭირდება. საჭირო ინფორმაციას მოვძებნი, ამოვბეჭდავ ან ვინახავ. უაზროდ "ბოდიალი" არ მჩვევია.

- წიგნებს კითხულობთ?

- კი, შეძლებისდაგვარად, თუკი ამისათვის დრო მრჩება.

- ბეჭდური წიგნები ელექტრონულმა ხომ არ ჩაგინაცვლათ?

- ბოლომდე - არა: თუკი ინფორმაცია საქმისთვის მჭირდება, ინტერნეტში ვკითხულობ; საკუთარი სურვილით შერჩეულ ლიტერატურას რაც შეეხება, წიგნებს ვამჯობინებ. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"