ტემპერამენტიანი, მაცდური, თავნება და "ფეთქებადი" - გზაპრესი

ტემპერამენტიანი, მაცდური, თავნება და "ფეთქებადი"

გარშემო მყოფები ხშირად ამოუცნობ, მარტოსულ, ძნელად გასაგებ ადამიანად მიიჩნევენ. სიყვარულში ისეთივე პარადოქსულია, როგორც - ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მსახიობ მანანა აბრამიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

GzaPress- ასტროლოგია რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რასაც წავიკითხავ, მალევე მავიწყდება, იშვიათად ვითვალისწინებ. ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. შინაგანად სასტიკი არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ გარემოება მაიძულებს, ასეთი გავხდე. მიზანს კი თითქმის ყოველთვის ვაღწევ.

- მაცდური როდის ხარ?

- (იცინის) არ ვიცი. ხშირად მეკითხებიან: გარშემო ყოველთვის ამდენი თაყვანისმცემელი რატომ გახვევიაო? მათ ხუმრობით ვპასუხობ, - სულ რომ ზურგით ვიჯდე და მამაკაცს საერთოდ არ შევხედო, მაინც შემიძლია, თავი მოვაწონო-მეთქი. მაცდურობაა ეს თუ სხვა რამ, არ ვიცი.

- "მასში პერიოდულად დეპრესიული განწყობა მძლავრობს, რაც განმარტოებისკენ უბიძგებს".

- განმარტოების სურვილი ხშირად მიჩნდება. მინდა, სადმე წავიდე, სადაც მხოლოდ მე ვიქნები. რამდენად ვიკმაყოფილებ ამ სურვილებს, ვერ გეტყვი, მაგრამ დეპრესია ნაკლებად მაქვს. ყოველთვის ვპოულობ ძალას საიმისოდ, რომ გავიღიმო, ვიმღერო...

- "გარშემო მყოფები ხშირად ამოუცნობ, მარტოსულ, ძნელად გასაგებ ადამიანად მიიჩნევენ".

- ესეც არაერთხელ უთქვამთ. ხშირად, როცა მეგობრების გარემოცვაში ვარ და ისინი რაღაც კონკრეტულ თემაზე ლაპარაკობენ, მე სადღაც სხვა სამყაროში ვინაცვლებ და საერთოდ არ მესმის, გარშემო რა ხდება. მერე გაკვირვებულები მეკითხებიან, - სად დაფრინავო?

- მარტოსულობის განცდა ხშირად გაქვს?

- ზოგჯერ მგონია, რომ ვერ მიგებენ და გული მწყდება - ეს თვისება ჩემში ბავშვობიდანვე გამოკვეთილი იყო.

- "ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა".

GzaPress- ზუსტად ასეა, ხასიათის მუდმივი ცვალებადობა მახასიათებს.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- ამისი ძალა შემწევს. რა პრობლემა უნდა მქონდეს, რომ ვერ გავუმკლავდე. ბარიერები არ მთრგუნავს. დაუღალავად შემიძლია ვიბრძოლო მიზნის მისაღწევად.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- უმნიშვნელო დეტალმა შესაძლოა, ხასიათი მართლა გამიფუჭოს, მაგრამ ეს განწყობა დიდხანს არ გამყვება.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გადაწყვეტილების მიღება ხშირად მიჭირს, ვყოყმანობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გაუბედავი ვარ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია"...

- ზოგჯერ ჩავიკეტები ხოლმე და "ჯაჭვის პერანგი" მაცვია.

- სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევი?

- გავლენის ქვეშ არასდროს ვექცევი; რაც უნდა სწორად მომიდგე, ვერაფერს მოახერხებ. მე მაქვს ჩემი შეხედულება და მორჩა!

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა, პატიება გულწრფელად შემიძლია. სრულყოფილ პიროვნებად არ მიმაჩნია ადამიანი, რომელსაც პატიების უნარი არ აქვს.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ცნობისმოყვარე საერთოდ არ ვარ. სადაც ჩემი საქმე არ არის, იქ ცხვირი რატომ უნდა ჩავყო? ზოგიერთს ჩვევად აქვს - ახალგაცნობილ ადამიანს უამრავ კითხვას უსვამენ, მე კი მსგავსი რამ არ მახასიათებს. სამაგიეროდ, დაკვირვებული ვარ. შთაბეჭდილება, რომელიც ამა თუ იმ ადამიანზე პორველი შეხვედრისას მექმნება, ყოველთვის მართლდება.

- "მხიარული და ცოტა არ იყოს, მშიშარაა".

- მხიარული ვარ, მაგრამ მშიშარა - არა. ცხოვრებაში იმდენი რამ გადავიტანე, შიშები სადღაც დავკარგე.

- "წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- ჯანსაღი ამბიცია კარგია, უამბიციო ადამიანი კი ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

GzaPress- ძალიან ერთგული ვარ. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები გავაზიარე: მე მხოლოდ იმიტომ მჯერა ერთგულების, რომ არასდროს არავისთვის მიღალატია. ღალატის სიმწარე არ ვიცი, რა არის და მომავალშიც ღმერთმა მაშოროს-მეთქი.

- "სიყვარულში მერწყულების უმეტესობა ისეთივე პარადოქსულია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში".

- (იცინის) სიყვარულში მერწყულები ერთგულები არიან. ისიც წამიკითხავს, - სხვადასხვა პარტნიორი უყვართ და მათგან საუკეთესოს არჩევენო. ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე თუ მიყვარს, ბოლომდე მიყვარს, კითხვის ნიშნებს არ ვსვამ.

- საკმაოდ მძაფრი და საინტერესო წარსული გაქვს. ამ თემაზე ჩვენს ჟურნალში ერთხელ უკვე დაიბეჭდა, მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის მოკლედ ვიტყვი: მოგიტაცა ბიჭმა, რომელსაც ფაქტობრივად, არც კი იცნობდი, შემდეგ ის თავდავიწყებით შეგიყვარდა, მერე იყო დიდი ტრაგედია შენს ცხოვრებაში - მეუღლე გარდაგეცვალა...

- დიახ, ეს მრავალი წლის წინ იყო. ვერ გეტყვი, რომ დამავიწყდა ან ოდესმე დამავიწყდება, მაგრამ გახსენება არ მინდა.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს მაშინაც კი, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- ეს მეგობრებსაც არაერთხელ უთქვამთ. რჩევებისთვისაც ხშირად მომმართავენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მდგომარეობიდან მათ გამოყვანას ხშირად ვახერხებ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა მეგობარს გაღიმებულს ხედავ, ეს მაბედნიერებს.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- სიმშვიდეა.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- მსგავსი რამ არ მჩვევია, მაგრამ რატომღაც, რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გულწრფელი არ ვარ და მეკითხებიან: "მეთამაშები?" ამ დროს მაქვს განცდა, რომ ჩემი არ ესმით და გული მწყდება. ადამიანს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მას ჩემი ბოლომდე არ სჯერა. არადა, ყოველთვის გულით ვმოქმედებ, გულიდან ვლაპარაკობ და ურთიერთობებში არასდროს არაფერს ვიგონებ.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- კი, მხარჯველი ვარ. მერწყულები ხელგაშლილები ვართ.

- "საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

- ხანდახან მიწევს და "ხალხი რას იტყვის" - ეს არ მაშინებს. საკუთარ აზრს პატივს ვცემ.

- საკუთარი თავის დახასიათება ერთი სიტყვით რომ გთხოვო, რომელ სიტყვას აირჩევდი?

- (ფიქრობს) "სამართლიანი". მეუბნებიან, შუბლზე "სიმართლე" უნდა გეწეროსო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი ყოველთვის მართალი მგონია. ვერ ვიტან, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უსამართლოდ ექცევა და ჩაგრავს.

- ამ დროს რა შეგიძლია, მოიმოქმედო?

- ყველანაირად შემიძლია დავიცვა უცნობი ადამიანიც კი; მას აუცილებლად, გვერდით დავუდგები.

- "მიუხედავად იმისა, რომ გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი თითქმის არ ჰყავს".

- სულიერი ახლობლობა თუ რაღაც ამდაგვარი რომ გაკავშირებს, ასეთი ბევრი მეგობარი არც შეიძლება, გყავდეს. ზოგიერთი მეგობარი ბავშვობიდან მომყვება, ზოგიერთი - დროთა განმავლობაში შევიძინე. ახალ ნაცნობებზე ვგიჟდები. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს.

- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. რთულია, აზრი შეაცვლევინო".

- აი, ხომ ხედავ, ყველაფერს სიმართლეს გელაპარაკები - ამ თემას ნაწილობრივ ხომ შევეხეთ. ვერავინ ვერასდროს ვერაფერს მაიძულებს. მე მიყვარს თავისუფლება და ვერ ვიტან შეზღუდვებს. არასდროს არავინ შემიზღუდავს. პირად ცხოვრებაშიც ასე ვარ და პარტნიორს იმდენად დიდ თავისუფლებას ვაძლევ, ზოგიერთს უკვირს, რომ არ ვეჭვიანობ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ვინც არ ეჭვიანობს, მას არც უყვარს.

GzaPress- "ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა; ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".

- მართალია, ადამიანს მალე და ადვილად იშვიათად ვენდობი.

- "მოსწონს მამაკაცები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან".

- საერთოდ, ადამიანი ბოლომდე თუ ამოვიცანი, მისდამი ინტერესს დავკარგავ. მით უმეტეს, ქალი და მამაკაცი ერთმანეთს პერიოდულად, სიახლეებით უნდა ანცვიფრებდეს, სხვანაირად ურთიერთობა ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდება. მე სულ უნდა მაინტერესებდეს მისი ამოცნობა. ეს თუ თამაშია, იყოს თამაში; ასეთ თამაშზე თანახმა ვარ და მართლა ძალიან მომწონს.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. რაც უფრო მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც მეტია იდუმალება, მით უკეთესია".

- კი, ასეა! თავადაც მგონია, რომ ბოლომდე ვერავინ ამომხსნის.

- საკუთარი თავი შენთვისაც გამოცანა ხომ არ არის?

- უი, ეგ ცუდია. აი, ინტერვიუს დასაწყისში შიშზე რომ ვერაფერი გავიხსენე, ახლა გეტყვი: ერთადერთი, საკუთარი თავის მეშინია. შეიძლება, რაღაც მომენტში ისეთი თვისება გამოვავლინო, გაკვირვებული დავრჩე და საკუთარ თავს ვკითხო, - ეს ჩემში იყო?

თამუნა კვინიკაძე