წიგნების კითხვის ცუდი მეთოდი - გზაპრესი

წიგნების კითხვის ცუდი მეთოდი

- მითხრა ქეთი ორჯონიკიძემ, მაგრამ იქვე დასძინა: - ადამიანში კარგი, სასიკეთო ცვლილებები ნელ-ნელა უნდა ხდებოდეს, "თავზარი" არ უნდა დაგეცესო... ასეთი "თავზარდამცემი" წიგნის დასახელება გაუჭირდა, თუმცა "წიგნის თაროსთვის" საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

- ამოჩემებულად საყვარელი წიგნი არ მაქვს. დიდი ხანია, მხატვრული ნაწარმოები არ წამიკითხავს, უფრო ხშირად ფსიქოლოგიის შესახებ დაწერილ წიგნებს ვკითხულობ.

- შეგიძლია დაგვისახელო წიგნი, რომელმაც შენზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა?

- ქართველი მწერლებიდან ნოდარ დუმბაძემ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს იუმორზე. ისე კი, კომპოზიტორებმა უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინეს, ვიდრე - პოეტებმა თუ პროზაიკოსებმა, მაგრამ პუშკინმა ცხოვრების სხვა ეტაპზე გადამიყვანა... ალექსანდრე ბელიაევის "პროფესორ დოუელის თავი" ძალიან საინტერესო იყო, ასევე - აიზეკ აზიმოვის "მე რობოტი", რომლის მიხედვითაც ფილმიც გადაიღეს. ერთი პერიოდი, ფანტასტიკის ჟანრმა გამიტაცა, შემდეგ დეტექტივებს ვკითხულობდი. "შერლოკ ჰოლმსი" ბავშვობაში წავიკითხე, მაგრამ ახლა "სხვანაირი თვალით" კიდევ ერთხელ ვკითხულობ... ალბათ, ჩემზე ბევრმა სხვა წიგნმაც მოახდინა გარკვეული გავლენა. შეიძლება, მწერალს ყველაფერში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნისგან სიამოვნებას ვერ მივიღებ...

- მხატვრული ლიტერატურის გაცნობა რომელი ნაწარმოებით დაიწყე?

- რომლითაც ალბათ, ყველა იწყებს - "ბიძია თომას ქოხით", თუმცა, ამას "გაცნობას" ვერ დავარქმევ: 5 ფურცლიდან ერთს ვკითხულობდი, დანარჩენს - ვფურცლავდი ანუ თავიდან ბოლომდე არ წამიკითხას... ისე კი, "განძთა კუნძულზე" და საერთოდ, სათავგადასავლო წიგნებზე ვგიჟდებოდი.

- კითხვა რა ასაკში დაიწყე?

GzaPress- არ მახსოვს, მაგრამ სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა ნორმალურად ვიცოდი. დედა წიგნს წასაკითხად სულ მაძლევდა, მე კი ასე ვიქცეოდი: ნაწარმოების თავს და ბოლოს ვკითხულობდი, რომ შინაარსი მცოდნოდა და მალე "გამოვმძვრალიყავი" (იცინის). ჩემს სახლში დიდი ბიბლიოთეკაა. დედა კითხვაზე გიჟდება. ბავშვობაში, კვირაში თითო წიგნს მაძლევდა წასაკითხად, ძირითადად - კლასიკურ ნაწარმოებებს. პატარა ასაკში კითხვაზე გადარეული ადამიანი იშვიათად მინახავს, მე კი მით უმეტეს, მუსიკაზე ვიყავი გადართული: ფორტეპიანოზე მეცადინეობას ბევრ დროს ვანდომებდი. მერე თამაშიც ხომ მინდოდა? ჰოდა, დრო რომ დამეზოგა, წიგნების თავს და ბოლოს ამიტომ ვკითხულობდი (იცინის).

- თავიდან ბოლომდე პირველად რომელი წიგნი წაიკითხე?

- "პროფესორ დოუელის თავი".

- ფსიქოლოგიით რატომ დაინტერესდი - ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის მისაღწევად თუ...

- არტთერაპიის კურსები დავამთავრე, შემდეგ - ფსიქოლოგიით დავინტერესდი. უპირველეს ყოვლისა, ეს საკუთარი თავისთვის არის კარგი. რომ გითხრა, ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს ან ოდესმე მიჭირდა-მეთქი, - მოგატყუებ.

- არტთერაპიის შესწავლა რამ გადაგაწყვეტინა?

- ფსიქოლოგთან იმ მოტივით მივედი, რომ საკუთარი თავის უკეთ შეცნობა მაინტერესებდა და მინდოდა, ამაში კომპეტენტური ადამიანი დამხმარებოდა. გასაგებია, რომ რაღაცას წავიკითხავ, პარალელებს გავავლებ, მაგრამ კომპეტენტური ხალხი ბევრად უფრო მარტივად გვეხმარება, საკუთარი თავი სხვა "კუთხით" რომ დავინახოთ.Aთან, ხატვით თერაპია მომეწონა - ეს საქმე არ გამომდიოდა, არადა, სულ მინდოდა, რაღაც დამეხატა. ჰოდა, როცა ჩემს ნახატს ნახულობდნენ, ხუმრობის გუნებაზე დგებოდნენ, ხატვითი თერაპიის დროს კი ზუსტად ვიცოდი, არავინ გამეხუმრებოდა. ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა: რაღაცებს გამოვსახავდი, ვძერწავდი... ეს დაახლოებით, 5 წლის წინ ხდებოდა... მერე აღმოჩნდა, რომ არტთერაპიის შემსწავლელი კურსები იწყებოდა. ჰოდა, ამითაც დავინტერესდი. სერტიფიკატიც ავიღე...

- ამ სფეროს პროფესიონალურ დონეზე შესწავლას ხომ არ აპირებ?

- დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი, მაგრამ როცა ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო, საქმისადმი ინტერესი მეკარგება. მაგალითად, რომ დამსვა და იმ წიგნების წაკითხვა "მომისაჯო", რომელიც მომწონს, შეიძლება, ამ ლიტერატურის მიმართ ინტერესი დავკარგო.

- საკუთარი სიამოვნებისთვის წიგნი თუ გიყიდია?

- კი, მიყიდია, მაგალითად - ალბერ კოენის "დედაჩემი". ბოლო დროს განსაკუთრებული დიზაინის მქონე წიგნების შეძენამ გამიტაცა. სხვათა შორის, შინ ძალიან მცირე ზომის წიგნი მაქვს. ფოტოც კი გადავუღე და ყველას ვუჩვენებდი, რადგან ძალიან საყვარელია. "იყავი მართალი საკუთარ თავთან" - ასე ჰქვია. ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, ფრაზები წერია. ზოგჯერ, როცა რაიმე შეკითხვას დავსვამ (რაც მაწუხებს, მაინტერესებს...), თვალებს ვხუჭავ, ამ წიგნს გადავშლი და გარკვეულ მონაკვეთზე თითს ვდებ. ხშირია შემთხვევა, როცა პასუხი "ამომდის" - ზუსტი თუ არა, მიახლოებული მაინც...

- საინტერესო დიზაინის მქონე წიგნს "მოუტყუებიხარ"? მისი შინაარსი შენთვისUუინტერესო აღმოჩენილა?

- კი, ჩემი ეს გატაცება ხშირად, იმედგაცრუებით დასრულებულა - ვიზუალურად საინტერესო წიგნში სისულელეები ეწერა. ერთხელ რუსული წიგნის დიზაინს დავხარბდი და ვიყიდე. ანეკდოტების წიგნი აღმოჩნდა, მაგრამ - ძალზე უინტერესო. 1000 ანეკდოტიდან მხოლოდ ორზე გამეღიმა...

- თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას თუ ეცნობი?

- არა, ოღონდ - განა იმიტომ, რომ ცუდია... თანამედროვე მწერლებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ ნაწარმოებებს არასოდეს "ჩავჯდომივარ", ისე კი - მეტ-ნაკლებად ვიცნობ. ახლა ინტერნეტში წიგნების ჩამონათვალს წავაწყდი - "100 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო". იქ ბევრი საინტერესო წიგნი აღმოვაჩინე, რომელთა ნაწილიც თანამედროვეა.

- რუსულისა და ქართულის გარდა, წიგნებს კიდევ, რომელ ენაზე კითხულობ?

- მაგალითად, შექსპირის ნაწარმოებები ინგლისურად მაქვს წაკითხული. თუმცა, რეზო თაბუკაშვილის მიერ ქართულადაც არაჩვეულებრივად არის ნათარგმნი და შეუძლებელია, არ მოგეწონოს. თარგმნისას ნაწარმოების "სული" უნდა დაიჭირო, რაც ზოგჯერ იკარგება ხოლმე...

- პროზა უფრო მოგწონს თუ პოეზია?

- პროზაზე არ ვგიჟდები, ლექსები უფრო მეტად მომწონს.

- წიგნების კითხვის ბავშვობის დროინდელი ჩვევა უფროს ასაკშიც ხომ არ გამოგყვა?

- მხოლოდ თავისა და ბოლოს წაკითხვა? უინტერესო წიგნის დახურვას და თაროზე შემოდებას ჯობია, თავი და ბოლო მაინც წაიკითხო (იცინის). ახლახან მეგობრებმა "წიგნის კლუბის" დანერგვა გადავწყვიტეთ: რომელიმე ნაწარმოებს შევარჩევთ, 1 კვირის განმავლობაში წავიკითხავთ, შემდეგ კი განვიხილავთ. ინტერაქტიული და საინტერესო იქნება, თუკი წიგნის შესახებ ყველა საკუთარ აზრს იტყვის.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს ან რომელმა გაგიცრუა იმედი?

GzaPress- ფილმი "რომეო და ჯულიეტა" საშინლად არ მომწონს. შექსპირისეული ნაწარმოები სულ სხვა არის, ფილმი - სხვა. მთავარი ის ხომ არაა, რომ ვიღაცამ საწამლავი დალია, მოკვდა და მერე სატრფომაც მოიკლა თავი?! ახლა ფილმი - "გრეის 50 ელფერი" გამოვიდა. მართალია, მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, წიგნი ჯობია. საერთოდ, წიგნის "პლუსი" ის არის, რომ ფანტაზიას არ გიზღუდავს: ძირითად ფაბულას კითხულობ, ფანტაზია კი გონებაში იმ ფილმს "გილაგებს", რომელსაც თავად გადაიღებდი.Aასე რომ, თუ ფანტაზიის უნარი გაქვს, შეიძლება, წიგნი ბევრ კარგ კინოზე უკეთესიც მოგეჩვენოს.

- როგორც ვიცი, ლექსებს, რომანებს წერ...

- კი, მაგრამ ჩემი რომანები მხოლოდ ჩემთან რჩება (იცინის)...

- შენს ლექსებსა თუ რომანებზე რომელიმე ავტორის წერის მანერას გავლენა მოუხდენია?

- კი. თაბუკაშვილის ნათარგმნი სონეტები ისე მომეწონა, რომ მთელი წიგნი "ერთი ამოსუნთქვით", ერთ დღეში წავიკითხე. შექსპირთან ისე ვარ, როგორც "კატა ვერ შესწვდა ძეხვსა", მაგრამ ყოველ შემთხვევაში,Gგარკვეული პერიოდის შემდეგ, ლექსი რომ დავწერე და წავიკითხე, აშკარად, შექსპირის დიდი ზეგავლენა იგრძნობოდა. ამიტომ დღემდე ვცდილობ, პოეტურ ნამუშევრებს ძალიან არ ჩავუღრმავდე. ნაწარმოები იმ დონეზე უნდა წაიკითხო, რომ განვითარდე, შენი აზროვნება უკეთესი გახდეს, მაგრამ სხვის აზროვნებას არ უნდა დაემონო, არ უნდა "გადაამლაშო".

ეთო ყორღანაშვილი