რომანტიკული და ემოციური მომღერალი - გზაპრესი

რომანტიკული და ემოციური მომღერალი

თუმცა, თავის ბენდთან ერთად ის მანამდეც აქტიურად მღეროდა. ახლა "ორ ვარსკვლავში", მერაბ სანოძეს (იგივე - სანოს) უწევს პარტნიორობას. ეკა პირად ცხოვრებაზე არ გვესაუბრა, მაგრამ ის მაინც გაგვიმხილა, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანია.

- ამ კონკურსამდე შენს მეწყვილეს, სანოს თუ იცნობდი?

- ვიცნობდი და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც გვქონდა. თუმცა, აქამდე ერთად არ გვიმუშავია. როცა დაგვაწყვილეს, ორივეს გაგვიხარდა. ის ნიჭიერი ადამიანია და შესაბამისად, მასთან მუშაობა ადვილია. რა თქმა უნდა, პიროვნულადაც არაჩვეულებრივი, თბილი და მხიარული ადამიანია. ჩვენი მუსიკალური გემოვნება ბევრ რაღაცაში ემთხვევა.

- მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

GzaPress- შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით. რაღაც საოცრად კარგი ნაკადია. ამ პროექტში ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობს და ყველას ვგულშემატკივრობ. რეპეტიციებზე მისვლა მიხარია.

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვების შანსი გაქვთ?

- გამარჯვება რა თქმა უნდა, ყველას გვინდა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგეთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინოთ, სიმღერით ჩვენც ვისიამოვნოთ და მსმენელმაც.

- ჟიურის რომელი წევრის შეფასებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჟიური კონკურსანტების მიმართ კეთილგანწყობილია და ჩვენც თითოეულ მათგანს პატივს ვცემთ. როცა კრიტიკა ჯანსაღია, ის ყოველთვის მისაღებია. მათთან პრობლემები ჯერ არ შეგვქმნია და იმედია, არც მომავალში შეგვექმნება.

- ოჯახში შენ გარდა, ვინმე მღერის?

- საოცრად მუსიკალური ოჯახი მყავს. დედა, მამა, ბებია - ყველა მღერის. დედა, მაია ჩიქვინიძე "მზიურელია", გიტარისტი. ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში ვიზრდებოდი და შეიძლება ითქვას, რომ პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი. ჩემი პედაგოგები იყვნენ: ციცინო ციცქიშვილი და ეთერ გოგატიშვილი. მინდა, დღეს მათ მადლობა გადავუხადო. ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი. დაკვრა კარგად გამომდიოდა და უნდოდათ, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ მე მაინც თეატრალური უნივერსიტეტი ვარჩიე და სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე.

- "ახალ ხმაში" მონაწილეობდი. კონკურსები გიზიდავს?

- პირიქით - არ მიყვარს შეჯიბრება მუსიკაში. ხომ იცით, ყველანაირ კონკურსს ახლავს გულისწყვეტა. მიუხედავად ამისა, ბავშვობიდან ვმონაწილეობდი კონკურსებში და საკმაოდ წარმატებულადაც. სხვათა შორის, პატარაობისას პრეზიდენტის სტიპენდიანტი სამგზის ვიყავი. რაც შეეხება "ახალ ხმას" - მასში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. არ ვაპირებდი, მაგრამ მეგობრებმა დაიჟინეს, ბედი სცადეო. ჰოდა, ვიფიქრე, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა და გავრისკე.

- მგონი, სწორადაც მოიქეცი, რადგან ამ პროექტით გაგიცნო საზოგადოებამ...

- მეორე კურსიდან ბენდთან ერთად ვმღერი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისედაც მიცნობდა. თუმცა, კონკურსმა უფრო მეტი თაყვანისმცემელი გამიჩინა, ვიდრე მანამდე მყავდა... საქართველოში დღეს კონკურსებით ხდება მომღერლების წარმოჩენა, სხვა არჩევანი არც გვაქვს. სამწუხაროდ, იშვიათად იმართება კონცერტები.

- სიმღერის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

GzaPress- ამ ეტაპზე სიმღერა არის ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და სცენა - ის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუმცა, თუ ტელევიზიიდან შემოთავაზება იქნება, სხვა ამპლუაშიც სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს.

- სიმღერა შენი შემოსავლის წყაროა?

- ამ ეტაპზე სიმღერა ჩემთვის ყველაფერია (იღიმის)!

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- გეგმებზე იშვიათად ვსაუბრობ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად, სპონტანურად ხდება.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? შეყვარებული ხარ?

- პირად ამბებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ... მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ შეყვარებული ეკა დოლიძე მელოდრამის პერსონაჟივით არის. ზოგადად, ბუნებით რომანტიკული და ემოციური ვარ, მაგრამ პრინციპული და მაქსიმალისტიც. თუ მიყვარს, მიყვარს მთელი გულით. ადამიანებს ყოველთვის ისე ვექცევი, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ.

მარეხ ჭონიშვილი