რატომ თქვა საკუთარ პროფესიაზე უარი ელენე კალანდაძემ - გზაპრესი

რატომ თქვა საკუთარ პროფესიაზე უარი ელენე კალანდაძემ

სტუდიაში ელენე პედაგოგობასაც ითავსებს და მოზარდებს ვოკალში მონდომებით ამეცადინებს. სურს, მუსიკალური ალბომი ჰქონდეს, რომელიც "ქოვერებით" კი არა, საკუთარი სიმღერებით იქნება დაკომპლექტებული. ერთფეროვნება არ უყვარს და დღესაც საკუთარი თავის ძიებაშია.

- 19 წლიდან მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ: "ვარსკვლავების აკადემიაში" მონაწილეობის შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში დავიწყე. ასევე, ბენდიც მყავდა, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოვდიოდი.

- ტელევიზიაში რას საქმიანობდი?

- საბანკო საქმიანობისა და მარკეტინგის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჰოდა, მარკეტინგის დეპარტამენტში ვმუშაობდი: ჯერ პრაქტიკანტი გახლდით, შემდეგ - შტატში ჩამსვეს და 3 წელი ვიმუშავე. დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი.

- ეს სამსახური რატომ დატოვე?

GzaPress- სიმღერის მუღამში შესულს, პროფესიით მუშაობა აღარ მაინტერესებდა.

- როცა სამსახურს თავი დაანებე, სხვა სტაბილური შემოსავალი გქონდა?

- "ივენთებიდან" გარკვეული შემოსავალი მქონდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ დამოუკიდებლობას, საკუთარ შემოსავალს დიდი ხნის წინ გავუგე გემო. გარშემო ყველას უხაროდა, რომ უცებ "დიდი ადამიანი" გავხდი, გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად ვიღებდი. ოჯახის წევრებისთვის ჩემი გადაწყვეტილება ყოველ ჯერზე სიურპრიზი იყო, მაგრამ ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- ზუსტად მახსოვს, უმეტესი ნაწილი დას დავახარჯე, რომელიც ჩემზე 15 წლით უმცროსი გახლავთ. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს, როცა ახლობლებს საჩუქარს ვუკეთებ. ვცდილობ, ჩემთვის საყვარელ, ძვირფას ადამიანებს გული გავუხარო...

- თეენ ჩლუბ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხარ. სტუდია როგორ შეიქმნა?

- იდეის ავტორი სოფო ტოროშელიძე გახლავთ. ეს საქმე ხუთმა გოგომ წამოვიწყეთ: შევიკრიბეთ, ჩამოვყალიბდით, ფართიც ვიშოვეთ და არაჩვეულებრივი პედაგოგებიც.

- შემოსავლიანი საქმეა?

- არა. სტუდიის დამფუძნებლები ბიზნესში კარგად გარკვეულები არ ვართ, ბევრი რთული საკითხის გადაჭრა მოგვიხდა, მაგრამ თანდათან ყველაფერს ვსწავლობთ, "ვიზრდებით" და სტუდიას სიახლეებს ვმატებთ. საერთოდ, ვიცი, რომ ბიზნესს "ფეხზე დასადგომად", წარმატებისთვის 3 წელი მაინც სჭირდება. ვნახოთ, მესამე წელს რა იქნება (იცინის)...

- სტუდიის ერთ-ერთი პედაგოგი ნინა სუბლატია, არა?

- კი, ნინა ჩვენი ერთ-ერთი პედაგოგია, ვოკალში ინდივიდუალურ გაკვეთილებს ატარებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ გვერდით დგას...

- ალბათ, სტუდიის მართვისას შენს პროფესიას იყენებ.

- შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, გამოვიყენო. რომ გითხრათ, ჩემი პროფესია არ გამომადგა-მეთქი, ასეც არ არის, მაგრამ სიმღერის ნიჭი ჩემში უფრო ადრე რომ აღმომეჩინა, ალბათ, სხვა ფაკულტეტზე ვისწავლიდი. სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მიმიღია. არ მეგონა, თუ ჩემგან მომღერალი ან მუსიკოსი დადგებოდა. ჰოდა, სხვა მიზანი და გეგმები მქონდა. "ვარსკვლავების აკადემიამ" ჩემი ცხოვრება "ამოატრიალა" - ყველა გზა და გეგმა შემეცვალა. ამიტომ ვამბობ: დროის უკან "გადახვევა" რომ შემეძლოს, საბანკო საქმესა და მარკეტინგს კი არ ვისწავლიდი, არამედ - შესაძლოა, კონსერვატორიაში რომელიმე ფაკულტეტი დამემთავრებინა. გვიანი არასოდეს არის, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. მინდა, ჩემს ტვინს მუსიკალურ სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდო, რადგან მხოლოდ პრაქტიკა საკმარისი არ არის, თეორიული განათლებაც საჭიროა.

- პედაგოგის ამპლუაში როგორი ხარ?

- რა თქმა უნდა, თითოეული პედაგოგი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუ როგორ მოვეპყროთ ბავშვებს, როგორ ვესაუბროთ. მათ საშუალებას ვაძლევთ "მოეშვან", მეგობრულები იყვნენ. უკვე მოსწავლეებს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმოუდგენიათ, რაც ძალიან გვიხარია.

- მოსწავლეებთან მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო, მოზარდები ზედმეტად ხომ არ გითამამდებიან და თავს სიზარმაცის უფლებას ხომ არ აძლევენ?

- არა, ურთიერთობაში ზღვარს ყოველთვის ვიცავთ. ცხადია, მათრახიანი პედაგოგები არ ვართ და ბავშვებს ქამრებით არ ვცემთ (იცინის), მაგრამ ყველა მოსწავლეს პედაგოგის მიმართ პატივისცემის გრძნობა გააჩნია. გაკვეთილის მსვლელობისას სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ კი - სულ სხვანაირი...

- როგორც მომღერალი, ბოლო დროს ცოტა პასიური ხომ არ გახდი?

- განსაკუთრებულად "გიჟური" ბოლო 3 თვე მქონდა. ჩემი სურვილია, სტაბილურად ერთსა და იმავე ადგილას არ ვიყო. ძირითადად, "ივენთებით", კორპორატიული საღამოებით, ფესტივალებით ვარ დაკავებული. ზუსტად 4 თვის წინ ბავშვი გავაჩინე და მუშაობა მალევე დავიწყე: ბენდის წევრები შევკრიბე და პირველსავე საქმიან შემოთავაზებას დავთანხმდი.

- ახლა ბავშვის მოსავლელად როგორ იცლი?

- ყოველდღიური სამუშაო არ მაქვს. დროს სწორად ვანაწილებ და შედეგად, ბავშვისთვისაც ვიცლი, მეუღლისთვისაც, ახლობლებსაც ვნახულობ, იოგაზეც დავდივარ... კორპორატიული წვეულებები ძირითადად, ღამით იმართება, დღისით კი გაკვეთილების ჩატარებას, მეგობრების მონახულებას და ვარჯიშს ვასწრებ.

- შენი მეუღლე ვინ არის?

GzaPress- ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს. ბედნიერი ვარ, გვერდით მისნაირი ადამიანი რომ მყავს. ის ყოველთვის მხარში მიდგას და მეხმარება. არაჩვეულებრივი ქმარი, მამა და მეგობარი გახლავთ. სხვათა შორის, ბავშვისთვის ძიძა არ აგვიყვანია, შვილის აღზრდა საკუთარ თავზე ავიღეთ. არ შემიძლია, რომ დედამთილ-მამამთილს და ბებიას შრომა არ დავუფასო: ისინი ბავშვის მოვლაში ძალიან მეხმარებიან. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები საქართველოში არ არიან, თორემ ზუსტად ვიცი, ისინიც მხარში ამომიდგებოდნენ (მამა დიპლომატი გახლავთ და ჩემს მშობლებს ხშირად უხდებათ მოგზაურობა). მეც და ოთოც მაქსიმალურად ვცდილობთ, პატარას ყურადღება არ მოვაკლოთ.

- ქალიშვილზე რას გვეტყვი, როგორი ბავშვია?

- ლილი ძალიან საყვარელია, მაგიჟებს! ის ჩემი წამალია...

- ღამეს არ გათენებინებს?

- ხან მათენებინებს, ხან - არა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი ბაიაა, ჭკუას მაკარგვინებს...

- მას შემდეგ, რაც შემოსავლის წყარო გაგიჩნდა, გქონია პერიოდი, როცა მატერიალური პრობლემა გაგიჩნდა და იძულებული გახდი, თანხა მშობლებისთვის გეთხოვა?

- რა თქმა უნდა, მქონია. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ სტაბილური შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ "ივენთიდან" "ივენთამდე" ფული თითქმის ყოველთვის მყოფნიდა. ერთი კარგი თვისება მაქვს: თანხას "შავი დღისთვის" გადავინახავ ხოლმე (იცინის). მიუხედავად ამისა, ზოგჯერ გადანახული ფულის "მარაგიც" ამოწურულა. რა თქმა უნდა, ამ დროს ფული მშობლებისთვის მითხოვია, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო... ვფიქრობ, ახლა ამის უფლება აღარ მაქვს, რადგან ზრდასრული ვარ, საკუთარი ოჯახი მყავს. ვფიქრობ, ყველანაირი შანსი უნდა გამოიყენო საიმისოდ, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი გახდე. მიმაჩნია, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. უბრალოდ, ამ ნიჭის სწორად გამოყენებაა საჭირო და მერე შემოსავალიც გექნება.

ეთო ყორღანაშვილი