მოდელი, რომელმაც პოლიციის ფორმა წარმატებით მოირგო - გზაპრესი

მოდელი, რომელმაც პოლიციის ფორმა წარმატებით მოირგო

მას ჯერჯერობით, ლეიტენანტის წოდება აქვს, სულ მალე კი, როგორც თავად ამბობს, უფროსი ლეიტენანტი გახდება. პარალელურად, ელენე სწავლობს და სამოდელო საქმიანობასაც ეწევა. სურს, ბავშვობის დროინდელი ყველა ოცნება აისრულოს.

- 16 წლის ვიყავი, როცა სამოდელო საქმიანობა დავიწყე. საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, ამ ასაკში მოდელობის დაწყება ცოტა არ იყოს, გვიანია. თუმცა, პირადად მე, ამის გამო პრობლემა არ შემქმნია, საყვარელი საქმე დიდი მონდომებით დავიწყე.

- გაიხსენე პირველი შენი წარმატება ამ სფეროში.

GzaPress- საქართველოში წარმატების მიღწევა რთულია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: თავდაპირველად, როცა სამოდელო საქმიანობა დავიწყე, აქტიურად ვმონაწილეობდი ჩვენებებში, გადაღებებში. გარკვეული პერიოდი, სწავლისა და მერე უკვე სამსახურის გამო, სამოდელო საქმიანობაში დიდხნიანი პაუზა მქონდა. ახლა უკვე მსურს, საყვარელ საქმეს დავუბრუნდე. პოდიუმს ვერ ველევი და რა ვქნა?!

- მოდელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?

- რასაკვირველია! 3 წლის ასაკში ამ სფეროში უკვე ჩემი "კუმირი" მყავდა - სინდი კროუფორდზე ვგიჟდებოდი, მის შესახებ ინფორმაციებს ვაგროვებდი. როცა მეკითხებოდნენ - ვინ უნდა გამოხვიდეო? ვამბობდი, - ტოპმოდელი-მეთქი. ვცდილობ, ბავშვობის დროინდელი ყველა ოცნება ავისრულო და ავინაზღაურო ის, რაც პატარაობისას მაკლდა.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო სფეროში ხარ, კიდევ რას საქმიანობ?

- რაღაცნაირად, ცუდად მხვდება ყურში, როცა ჩემზე ამბობენ, - მოდელიაო... საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ხომ სიტყვა "მოდელი" "შტერუკა" გოგოსთან ასოცირდება; ისეთთან, რომელიც დიდი გონებრივი შესაძლებლობებით არ გამოირჩევა და არც არაფერზე აქვს პრეტენზია. დიპლომის მიხედვით, ჩემი პროფესია საბანკო საქმე და ფინანსებია. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო. ამჟამად მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის განხრით. ასევე, ვმუშაობ სადიპლომო თემაზე - "ოჯახური ძალადობა", რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება ჩემს სამუშაო ადგილს: მგონი ყველამ იცის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ.

- როგორ მოხვდი ამ სტრუქტურაში?

- ვაკანსია ვნახე, შევავსე "სივი" და უპრობლემოდ მიმიღეს. უკვე 4 წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ. ყველაფერს საკუთარი ცოდნის წყალობით მივაღწიე - ენების ცოდნის და ზოგადად, ჩემი განათლების გამო ამიყვანეს. სამწუხაროდ, ოჯახში მინისტრი არავინ მყავს. ამიტომ, ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობ.

- რამდენ უცხო ენას ფლობ?

GzaPress- უმაღლესი სასწავლებელი ინგლისურად მაქვს დამთავრებული. რუსულ ენასაც თავისუფლად ვფლობ, რადგან ჩემი მეორე მშობლიური ენაა - დედაჩემი რუსი გახლავთ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. ამჟამად კი ვსწავლობ თურქულს.

- შეგიძლია გვითხრა, რას საქმიანობ შინაგან საქმეთა სამინისტროში? კონკრეტულად, რა გევალება?

- სამწუხაროდ, არ მაქვს იმის თქმის უფლება, თუ რა მევალება. სხვათა შორის, "ფეისბუკზე" დღის განმავლობაში უამრავ წერილს ვიღებ. ძირითადად, მეკითხებიან, თუ რას ვაკეთებ პოლიციაში. ახლა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ყველა გაიგებს, რომ პატრული არ ვარ, არც ხალხს ვაჯარიმებ და ვიჭერ. ფორმა ყოველდღიურად მაცვია, მაგრამ ქუჩებს არ ვპატრულირებ. ამჟამად ლეიტენანტის წოდება მაქვს, მარტში კი უფროსი ლეიტენანტი გავხდები. წოდების მომატება სამუშაო სტაჟზეა დამოკიდებული.

- რთული არ არის ასეთ საპასუხისმგებლო სტრუქტურაში მუშაობა?

- მეტ-ნაკლებად, ყველა სამსახურს ახლავს სირთულეები. ნებისმიერ საქმეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ვერ გეტყვით, რომ ის, რისი კეთებაც მევალება, ძალიან ძნელია. საქმისთვის თავის გართმევა არ მიჭირს... ისე, ხომ იცით, ხშირად ქალი უფრო ამტანია, ვიდრე მამაკაცები (იცინის).

- შენ რისი ატანა გიწევს ხოლმე?

- დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმის მოგვარება მიწევს, მაგრამ ეგ არაფერი, შრომას მიჩვეული ვარ, უსაქმურად ყოფნას კი ვერ ვიტან.

- დილით ადრე იღვიძებ?

- დიახ... სამსახური 9 საათზე მეწყება. სამწუხაროდ, დილის ძილის "გემო" დამავიწყდა (იღიმის). ჩემთვის დღე გვიან ღამით მთავრდება, რადგან სამსახურის შემდეგ ლექციები მაქვს. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე სპორტდარბაზში მივდივარ. ვარჯიშის გარეშე ცხოვრება უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ფიზიკური აქტიურობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ერთი სული მაქვს, როდის დადგება გაზაფხული, რათა ქუჩაში "როლიკებით" ვიარო.

- არაჩვეულებრივად გამოიყურები. გარდა ვარჯიშისა, კიდევ რას აკეთებ საიმისოდ, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. კვებას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხომ იცით, სწორედ ჯანმრთელ სხეულშია სილამაზე.

- რამდენი წლის ხარ?

- 24-ის.

- შენი ოჯახი გაგვაცანი...

- ყველაზე ძვირფასი, რაც კი ამქვეყნად გამაჩნია და რაც მაბედნიერებს, ეს ჩემი ოჯახია. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. მყავს 2 ძმა. ერთ-ერთ მათგანს - მსახიობ ბესო ზანგურს საზოგადოება კარგად იცნობს, მეორე კი პოპულარული სულაც არ არის. ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო და თბილი ოჯახის წევრები მყავს. მამა პროფესიით ინჟინერია, დედა - ბუღალტერი. ფულისა და შრომის ფასი ბევრზე უკეთესად ვიცი. ვამაყობ იმით, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს ვერავინ წამომაძახებს იმას, რომ სადმე რამეში დამეხმარა. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას: გათხოვებაზე არ ვფიქრობ, მომავალში კი ზუსტად ვიცი, ძალიან კარგი ოჯახი მექნება და მინიმუმ, 3 შვილი მეყოლება (იღიმის).

GzaPress

- მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც გაიგეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იწყებდი მუშაობას?

- ისინი ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულები იყვნენ და არიან. მათ იციან, რომ რასაც ხელს მოვკიდებ, აუცილებლად, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. ჩემი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაგება, ურთიერთშეთანხმება და ნებისმიერ დროს მხარში ამოდგომა. ჰოდა, როგორც ყველა ცივილური ადამიანი, არჩევანში ყოველთვის თავისუფალი ვიყავი.

- შინაგანად ძლიერი ხარ?

- ძლიერი თუ არ ხარ, ამ სტრუქტურაში უბრალოდ, ვერ იმუშავებ. XXI საუკუნეში ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი საქმეა კაცის და რომელი - ქალის. ვისაც რა გამოსდის კარგად, ის უნდა აკეთოს. მჯერა, ნიჭიერი ადამიანი ყველანაირ საქმეში წარმატებული იქნება. ვფიქრობ, ძლიერი ქალი ვარ. სირთულეების არ მეშინია, პირიქით - რთული გზის გავლა მირჩევნია გაკაფულ და ია-ვარდით მოფენილ გზაზე სიარულს. ჩემი აზრით, ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.

- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- ბავშვობიდანვე ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ასე რომ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღებას მიჩვეული ვარ, ამ ყველაფერმა კი გარკვეული როლი ითამაშა ჩემი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ზედმეტად პრეტენზიული ვარ, წვრილმანებს ვაკვირდები. ჩემთვის ჭეშმარიტება სწორედ წვრილმანებშია.

- შეყვარებული გყავს?

- დღევანდელ რეალობაში ძნელია იპოვო ნამდვილი სიყვარული. ყველაფერი იმდენად გამარტივდა და ადვილად მისაწვდომი გახდა, რომ ერთმანეთს სათანადოდ აღარ ვაფასებთ. არ გვეშინია ადამიანის დაკარგვის. ბევრმა საერთოდ აღარ იცის სიყვარულისა და ერთგულების ფასი. ვფიქრობ, ეს უკვე გლობალურ პრობლემად იქცა. თუმცა, მჯერა, დადგება დრო, როცა ისეთი სიყვარული მეწვევა, როგორზეც ვოცნებობ; თავს გადამხდება ისეთი ამბავი, როგორზეც რომანებს წერენ და შემდეგ შვილიშვილებს უყვებიან (იცინის).

- არასდროს გყვარებია?

GzaPress- ძალიან პირადულ ამბებზე ლაპარაკი არ მსურს და იმედია, ეს არ გეწყინება.

- რა გაეწყობა... ამჟამად რომელ სამოდელო სააგენტოში ხარ?

- ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოში ვმუშაობ.

- თავისუფალი დრო, თუნდაც იმისთვის, რომ სპორტდარბაზში შეხვიდე, როდის გაქვს?

- თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. დილით ადრე გავდივარ სახლიდან და გვიან ვბრუნდები. მაგრამ არ ვწუწუნებ: ვიდრე მაქვს ძალა და საშუალება, რომ საკუთარ მომავალზე ვიზრუნო, უკან არ დავიხევ.

- გატყობ, მიზანდასახული ადამიანი ხარ. ასეა?

- საკმაოდ მიზანდასახული ვარ. არ მიყვარს პასიური ადამიანები ანუ ისეთები, საკუთარ ცხოვრებაზე რომ წუწუნებენ. ვფიქრობ, ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია. მჯერა დარვინის პრინციპის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიპოვო.

სოფო ჭონიშვილი