როგორ ცდილობს მტრების განიარაღებას თიკა ფაცაცია - გზაპრესი

როგორ ცდილობს მტრების განიარაღებას თიკა ფაცაცია

- ასტროლოგიით გატაცებული ვარ. ვფიქრობ, დღეს საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტს გავიგებ. პირადი ჰოროსკოპის შექმნის სურვილიც მაქვს, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მამლის წელში დაბადებული ადამიანებისთვის საკუთარ თავზე მითების შექმნის სიყვარული და ტრაბახია დამახასიათებელი. ეთანხმები?

- არა. ჩემს ხასიათში არც ერთია და არც - მეორე. საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა არასდროს მქონია და ეს სხვებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ.

- "გულის სიღრმეში კონსერვატორია".

- ანუ კონსერვატორი ვარ და თანამედროვე ადამიანს ვთამაშობ (ფიქრობს)? ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, ის არის, რომ ცვლილებები არ მიყვარს, რისკის მეშინია.

- ფრთხილი ხარ?

- ფრთხილი თუ მშიშარა? მიმაჩნია, რომ გაბედულება მაკლია.

- კარიერისტი ხარ?

- კი. ჩემთვის აუცილებელია, რეალიზებული ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაღიზიანებული ვიქნები. როცა კარიერაში ყველაფერი წესრიგში არ მაქვს, ასეთ დროს ჩემთან ურთიერთობა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის.

- "დიდად არ ადარდებს, გარშემო მყოფები მასზე რას ამბობენ". GzaPress- ასტროლოგები ამას ჩემზე ამბობენ? მათ არ ვეთანხმები. ხალხის აზრი ძალიანაც მადარდებს!

- "იშვიათად ავლენს აგრესიას ვინმეს მიმართ".

- იმიტომ, რომ ჩემთვის სიმშვიდე მნიშვნელოვანია. კონფლიქტს პირველი არასდროს ვიწყებ, აგრესია ჩემგან არ წამოვა.

- "თუ ვინმე მის თავმოყვარეობას ეხება, თავდაცვიდან თავდასხმის რეჟიმზე გადადის".

- მამალი მეომარია, თავგანწირვა შეუძლია. ცხოვრებაში მქონია შემთხვევები, როცა საკუთარი ნამოქმედარის თავად გამკვირვებია და დამისვამს კითხვა: ეს მე გავაკეთე?

- "საკუთარი თავის გარდა, ის ბოლომდე არავის ენდობა..."

- მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ჩანს, ჩემში მამლის თვისებებს სასწორის ხასიათი ჯაბნის.

- "უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა".

- მართალია! გართობაც ვიწრო სამეგობრო წრეში მირჩევნია. ხალხმრავლობაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ეს თვისება კი ნამდვილად არის ჩემს ხასიათში და რამდენადაც კარგია, იმდენად ცუდია.

- ხშირად გაზარალებს?

- ჰო, ასეა! ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა ტყუილი რატომ უნდა თქვას? მგონია, ყველა სიმართლეს მელაპარაკება. ადამიანს, რომელიც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მომატყუებს, ისევ შემიძლია ვენდო. წყენა ძალიან მალე მავიწყდება.

- მოუსვენარი ხარ?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- საქმის კეთების დროს აჩქარება გჩვევია?

- არა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.

- "გაწონასწორებული სასწორი ადამიანია ანგელოზის თვისებებით".

- მთავარია, ადამიანმა წონასწორობა არ დაკარგო, ეს კი რთულია. სასწორს ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად, მომწონს, რომ კეთილია, მაგრამ მერყევი ხასიათი კარგი არ არის.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"

- ყველაზე ხშირად ვსვამ კითხვას: ღირს თუ არა? მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ თავთან დიალოგი ხშირად მაქვს. ზოგჯერ დინებასაც მივყვები.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- დღეს განტვირთვის საუკეთესო საშუალება შვილებთან ურთიერთობაა. ასეთ დროს ყველანაირი დაძაბულობა და დაღლილობა მეხსნება. მათგან ენერგიას ვიღებ.

- ასტროლოგები კი ამბობენ: "მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- ასეც არის. კითხვით დიდ სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, ბოლო დროს ამის დეფიციტი მაქვს.

- ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, მორცხვი უნდა იყო.

- ეს თვისება ბავშვობაში და თინეიჯერობის წლებში უფრო მეტად მქონდა, ვიდრე - დღეს. სიმორცხვის დაძლევაში დედა დამეხმარა. წლებმა საკუთარი თავის რწმენა შემმატა, მაგრამ სიმორცხვე გარკვეულწილად, მაინც შემომრჩა.

- ცინიკოსი ხარ?

- არა.

- "მართალია ერთი შეხედვით პრინციპული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ზოგჯერ ის ძლიერი და გონიერი ადამიანების მარიონეტი ხდება და მათ ინტერესებს ემსახურება".

- მარიონეტად თავი მიგრძნია თუ არა? კი, ასეთი შემთხვევები მახსენდება.

- ეს არ გაღიზიანებს?

- კარგი არ არის, მაგრამ შემთხვევასაც გააჩნია. ზოგჯერ შეიძლება, სასიამოვნოც კი იყოს. როცა ვიღაც შენზე ძლიერი პიროვნება გაკონტროლებს, ამით კომფორტი გექმნება. ყოველთვის უნდა არსებობდეს უფროსი ადამიანი და მასზე დაქვემდებარებული. ის, რომ ვინმეზე ვარ დაქვემდებარებული, დისკომფორტს სულაც არ მიქმნის, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმეს ხარისხიანად ვაკეთებ. რა ვიზამთ, ყველა "ბოსი" ვერ იქნება.

- "გასაჭირში ჩავარდნილს სიამაყე არ აძლევს უფლებას, რომ სხვებისგან დახმარება ითხოვოს".

- ესეც სიმართლეა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ ეს კარგი თვისება არ არის. ამიტომ ხშირად, საკუთარ თავთანაც მივდივარ დათმობაზე. სხვისი დახმარებისა და თანადგომის გარეშე ვერ იცხოვრებ.

- "სირთულეები საკმარისზე მეტი ხვდება. პრობლემებთან ბრძოლა გამოცდილებასთან ერთად, თავდაჯერებულობასაც სძენს".

- ძალიან გამიხარდება, მომავლში ასე თუ იქნება. წარსულში პრობლემები რა თქმა უნდა, მქონია და მათი გადალახვა საკუთარი თავისადმი რწმენის ამაღლებაში დამხმარებია.

- "უსაზღვრო ოპტიმიზმსა და გაუფრთხილებლობას, როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, ხშირად სავალალო შედეგამდეც კი მიჰყავს".

- ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოპტიმიზმი უსაზღვროა. პრაგმატულობაც მახასიათებს. რეალობისგან შორს დგომა და გაქცევა არ მჩვევია. ასე რომ, არ მგონია, წინ ასეთი საფრთხე მელოდეს.

- "ბუნებით რომანტიკოსი და იდეალისტია".

- კი, ასეა.

- რომატიკული დღესასწაულების მოწყობა გჩვევია?

- არა, უფრო სწორად - აღარ. მგონი, თანდათან მიწაზე ვეშვები. იყო დრო, როცა დავფრინავდი. ახლა ამისთვის ვეღარ ვიცლი თუ აღარ მინდა, ვერ გეტყვით. თუმცა, საყვარელი ადამიანის მხრიდან ყურადღება და რომანტიკული სიურპრიზები ძველებურად მახარებს.

- "სამართლიანობის გრძნობითა და დიპლომატიური ნიჭით არის დაჯილდოებული".

- ჰო, უსამართლობა და ტყუილი მაგიჟებს.

- როცა უსამართლობას აწყდები, როგორ იქცევი?

- შემთხვევას გააჩნია. შემიძლია, დაჩაგრულს გამოვექომაგო. ძალიან ემოციური ვარ. სასწორებს ბევრი კარგი თვისებები გვაქვს. მიხარია, რომ ამ ნიშნით დავიბადე, რადგან ჰარმონიული, ქალური ნიშანია.

- "უბოროტო ბუნებიდან გამომდინარე, მტერი იშვიათად ჰყავს".

- მტრები მყავს. უფრო სწორად, მათ არაკეთილისმსურველებს დავარქმევდი. მათ "ვაიგნორებ", ჩემი უყურადღებობით განვაიარაღებ.

- შენი ხასიათის მთავარ ნაკლად რას მიიჩნევ?

- (ფიქრობს) გაფანტული გონება მაქვს. მეტად კონცენტრირებული რომ ვიყო და მებრძოლი ხასიათი მქონოდეს, უკეთესი იქნებოდა.

- ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ შენი მთავარი ნაკლი მერყევი ხასიათია.

- ეს თვისება ჩემში იმდენად გამჯდარია, რომ... ალბათ გარისკვაშიც ხელს მიშლის. ხომ გითხარი, ცვლილებების მეშინია.

- "მისი გრძნობები იშვიათად არის ცალმხრივი და თითქმის ყოველთვის ბედნიერი, ხანგრძლივი ქორწინებით სრულდება".

- ო! ეს ამბავი ჩემს ამბავს ჰგავს. ცალმხრივად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ.

- როცა ოჯახს ქმნიდი, წინასწარ თუ გაარკვიე, შენი მეუღლე რა ნიშნით იყო დაბადებული და ეწყობოდით თუ არა ხასიათით ერთმანეთს?

- მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მერე წავიკითხე, რომ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთთან თანხვედრაში არიან. მახსოვს, ეწერა: თქვენი თანაცხოვრება არ იქნება კონფლიქტური და არც - ძალიან ჰარმონიულიო. სადღაც შუაში ვართ, ნეიტრალური მდგომარეობა გვაქვს. ფეხმძიმობის პერიოდებში ყოველთვის ვინტერესდებოდი, ჩემი შვილები რომელი ნიშნით დაიბადებოდნენ და მათ დახასიათებას ვკითხულობდი. ჩემი შვილებიდან 2 მშვილდოსანია. მშვილდოსნები მიზანდასახულები არიან. ეს თვისება მე ნაკლებად მაქვს და ძალიან მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ.

- დაბოლოს, ახალ გადაცემაზე გკითხავ, რომელიც მალე "მარაოზე" დაიწყება.

- ოქტომბერი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი და "მარაოს" დაბადების თვეა. გადაცემას - "შეიცვალე" ნუკი კოშკელიშვილთან ერთად წავიყვან. ეს იქნება გადაცემა ქალბატონებისთვის; შევეცდებით, მანდილოსნებს ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ და ამ ადამიანების ბედნიერებით გავიხაროთ. პირველი გადაცემა ჯერ არ ჩაგვიწერია, მაგრამ ვიცით, ჩვენი პირველი გმირი ვინ იქნება. თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"