ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული, ბედისწერა... - გზაპრესი

ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული, ბედისწერა...

როდის ჯიუტდება, ვინ იყო მისი პირველი სიყვარული, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და რის გამო იტირა ბოლოს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1977 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისის #1 სამშობიაროში.

- ბავშვობაში ვოცნებობდი...

- ...მსახიობი ვყოფილიყავი. სულ სარკის წინ ვიდექი, ვიპრანჭებოდი, ხან დედოფალი ვიყავი, ხან - პრინცესა. ასეთი როლები მიზიდავდა. დრამატულ წრეზე დავდიოდი. დაახლოებით 10 სპექტაკლში მაქვს ნათამაშები. მსახიობობა პროფესიად რატომ არ ავირჩიე? - ის პერიოდი დაემთხვა, კლასები ჰუმანიტარულ და ტექნიკურ ჯგუფებად რომ დაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ მატემატიკას კარგად ვსწავლობდი და დედას მასწავლებელმაც უთხრა, ეს ბავშვი არ დაღუპოთ, ჰუმანიტარულ ჯფუფში არ გადაიყვანოთო, არჩევანი მაინც ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაკეთე. თეატრი დღესაც ძალიან მიყვარს. სპეტაკლებზე ხშირად დავდივარ. მუსიკა და კინოც მიზიდავს. 10 წელი რადიოწამყვანი ვიყავი... ჩემს ოჯახს უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. ჩემი მამინაცვალი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი გახლდათ. ხშირად ამბობდა, რომელ სფეროშიც უნდა მუშაობდე, აუცილებლად იმ საქმის პროფესიონალი უნდა იყოო. მას 2 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ასაკით ჩემზე დიდები არიან. მამის პროფესია არც ერთმა არ აირჩია. მე მეუბნებოდა, ჩემი გამოცდილება იქნებ, შენ მაინც გამოიყენოო. მერვე კლასში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩამაბარებინებდნენ. იმდენად ემოციური ვარ, ექიმობას ვერ შევძლებდი. იყო კარგი ექიმი - ეს გმირობაა.

- ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში...

GzaPress- ...დიდი როლი ითამაშეს დედამ და ჩემმა გამზრდელმა, დედაჩემის დეიდამ. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, დახვეწილი, განათლებული. ოჯახის წევრები მუშაობდნენ, თავიანთ პროფესიაში რეალიზებული ადამიანები იყვნენ. ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, კარგად სწავლა იყო. დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ ამის ბრალია ჩემი სიბეცე სამზარეულოში, რაც არ მომწონს... დღესაც შეიძლება ვისწავლო, მაგრამ ახლა საამისოდ დროც ნაკლებად მაქვს და - სურვილიც. სამაგიეროდ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს გაასმაგებული. მეუბნებიან, შენთან თანამშრომლობა გვიადვილდებაო, საქმის დაგეგმვა მიყვარს. პედანტი ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები მეუბნებიან, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. ჩემს პრობლემას, მოწყენილობას მათ არ ვაგრძნობინებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი. მირჩევნია, უკეთესი ვიყო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, ჩემი გარეგნობით ძალიან უკმაყოფილო ვარ-მეთქი. ვის მინდა, ვგავდე? მსოფლიოში ყველაზე მეტად 2 ადამიანის გარეგნობა მომწონს: კეტრინ დენევის და ნიკოლ კიდმანის.

- მრცხვენია, როცა...

- ...საჯაროდ მაქებენ, კომპლიმენტს მეუბნებიან. ზოგადად მორცხვი - არა, კომუნიკაბელური ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი შვილია. ყოველ წამს მასზე ვფიქრობ, მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში უამრავჯერ ვურეკავ.

- როცა შვილი პირველად დავინახე...

- ...ეს სასაცილო მომენტი იყო. მშობიარობის პროცესი გამირთულდა, 18 საათი გრძელდებოდა. ექიმები ჩვენი ოჯახის ახლობლები იყვნენ. ბავშვი რომ დაიბადა, ხელში აიყვანეს და მიეფერნენ, - ნახეთ, როგორი ცხვირ-პირი აქვს, ბებიასავით "კურნოსა" არისო. თვალი ვერ გავახილე, მხოლოდ ის ვიკითხე, - ჯანმრთელია-მეთქი? - კიო. წაიყვანეთ, მომაშორეთ-მეთქი (იცინის).

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი დანაშაულს გრძნობს. ღირსეულია ის, ვინც საკუთარ შეცდომას აღიარებს და პატიებას გთხოვს. ბოდიშის მოხდის არც თავად მრცხვენია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...უკვე იუმორით ვიხსენებ. რაც აღარ შეიცვლება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. ძალიან მტკივნეული შეცდომები არც დამიშვია.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...მატყუებენ. საერთოდ, ჩხუბი და კონფლიქტი არ მჩვევია. თუ ვინმე მაწყენინებს, ერთ დღეს ტელეფონზე არ ვუპასუხებ და ყველაფერი ამით მთავრდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ზღვის სანაპიროზე, ზაფხული იყოს და ჩემს შვილთან ერთად ვისვენებდე. ჩემთვის მთავარია ენერგია, რომელსაც ზღვისგან ვიღებ. ზამთრის კურორტები და თოვლი არ მიყვარს, არც თხილამურებით ვსრიალებ. ზამთარშიც ზაფხულის კურორტებს ვირჩევ.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე დიდი კომფორტია, რომელიც გაბედნიერებს.

- პირველად შემიყვარდა...

GzaPress- ...ჩემი სკოლელი - გიორგი მსხილაძე. დღეს მასთან და მის ნათესავებთანაც ვმეგობრობ. სკოლაში ვითომ ერთმანეთს არ ვიცნობდით და მთელი ღამე ტელეფონზე ვსაუბრობდით. გიორგი იყო ერთადერთი ბიჭი, რომელმაც მითხრა: დავფიქრდი და მგონი, არ მიყვარხარო. იმ საღამოს ძალიან ვინერვიულე. ამ ამბავს რომ ვიხსენებთ, ვხალისობთ. გიორგი მეუბნება, მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, შენ დღეს ასეთი მაგარი გოგო ვერ იქნებოდი, შენში გარდატეხა მოვახდინეო. ნაწილობრივ ვეთანხმები.

- ვეპრანჭები...

- ...ბუნებით პრანჭია ვარ. საკუთარ თავსაც ვეპრანჭები და შვილსაც. ის ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია. ვერ იტანს, როცა სპორტულ ფორმაში ვარ. უნდა, ყოველთვის კარგი ვარცხნილობა მქონდეს, მოწესრიგებული, "მაღალ ქუსლებზე" ვიდგე. თავიდან ფეხებამდე მამოწმებს ხოლმე - ფორმაში ვარ თუ არა.

- მამაკაცი უნდა იყოს...

- ...დელიკატური, დახვეწილი, კარგი იუმორით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალის ფასი უნდა იცოდეს. ვგიჟდები მამაკაცზე, რომელიც ძლიერია, მაგრამ ქალთან დათმობებზე მიდის. კაცი ქალს უნდა ათამამებდეს, ვაჟკაცობა ამაშიც ჩანს.

- ვრისკავ, როცა...

- ...რისკი და ხშირი ცვლილება არ მიყვარს. სტაბილურობის მოყვარული ვარ. ერთგული გახლავართ. ახალი სამსახური თუ ახალი ურთიერთობის დაწყება ერთგვარი რისკია. ბეწვის ხიდზე არასდროს გამივლია.

- თავისუფლება...

- ...ეს ის განცდაა, რომლის გარეშეც თავს სრულყოფილ ადამიანად ვერც იგრძნობ. ჩემი აზრით, თავაშვებულობა ყველაზე დიდი კომპლექსია, შინაგანი თავისუფლება კი ზრდილობის ფარგლებში ექცევა. ვერ ვიტან, როცა ერთი ადამიანი მეორის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს.

- ბედისწერა...

- ...მჯერა ბედისწერის. მისი შეცვლა ადამიანს გონიერებით, მეტ-ნაკლებად შეუძლია. ზოგიერთი ძალიან იღბლიანია, ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებულები - ასეთები წარმატებას იოლად აღწევენ, ზოგიერთის ცხოვრება კი მძიმედ მიდის. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დიდი შრომის შედეგად მოვიდა. ღმერთის მადლობელი ვარ.

- ინტუიცია...

- ...ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ ზოგჯერ მეშინია. გველის წელში ვარ დაბადებული, გველი კი სიბრძნის სიმბოლოდ ითვლება. შესაძლოა, ჩემი კარგი ინტუიცია აქედანაც მოდის. მეგობრები სადმე კლუბში წასვლას რომ მოინდომებენ და მე უარს ვიტყვი, - არ წავალ-მეთქი, იქ რაღაც უსიამოვნება აუცილებლად ხდება. გამორიცხულია, რომ მოლხენა შეერგოთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მძინავს. დაღლილობას, დაძაბულობას ყველაზე მეტად ძილი შველის.

- მინდა ვიცოდე...

- ...ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური ენები. ფრანგული ენის ცოდნა იმიტომ მინდა, რომ საფრანგეთში ხშირად მიწევს ყოფნა. თან, ლამაზი ენაა; ესპანური იმიტომ, რომ ბოლო დროს, ძალიან საჭირო გახდა, პორტუგალიური კი ჩემთვის ყველაზე მუსიკალური ენაა. მინდა, დიასახლისობაც ვიცოდე. მეგობრებს დავურეკავდი და ვეტყოდი: ჩემს გამომცხვარ ნამცხვარზე გეპატიჟებით-მეთქი. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც შეეძლო ცხოვრება პრინცესასავით გაეტარებინა, სულ ჰყავდა მძღოლი, მოსამსახურე და ა.შ. მაგრამ საოცარი დიასახლისია. სურვილი აქვს, მეუღლეს თავისი მომზადებული კერძები მიართვას და საზღვარგარეთ ეძებს რეცეპტებს, ახალ სუნელებს... სხვადასხვა სანელებლები ჩამოაქვს და მერე აქ კერძებს ამზადებს. მე მსგავსი რამ თავში აზრადაც არ მომივა. გურმანი არ ვარ და ალბათ, ინტერესიც ამიტომ არ მაქვს.

- ქართველი ავტორები, რომლებთანაც სიამოვნებით ვისაუბრებდი მათსავე ნაწარმოებებზე, არიან...

- ...ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი. დიდი სიამოვნებაა და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან ვლაპარაკობ ხოლმე ზოგადად მწერლობაზე და - არა მხოლოდ მათ ნაწარმოებებზე. გრიგოლ რობაქიძეც ძალიან მიყვარს.

- ნატვრისთვალი რომ მქონდეს...

- ...ჩემი, ოჯახის წევრების, ახლობლების ჯანმრთელობას შევთხოვდი.

- ყოველთვის მინდოდა მეთქვა და ახლა ვიტყვი...

- ...რაც მინდა, იმას ყოველთვის ვამბობ.. სულ მინდა, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ, ერთურთს უფრო მეტად გაუფრთხილდებიან...

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ. სოციალური თემების გამო სულ მეტირება. ქუჩაში მოხუცი ქალი რომ მთხოვს, - ბებო, ლიმონი იყიდეო, არ შემიძლია, გულგრილად ჩავუარო. მაშინაც მეტირება, როცა ძალიან მიხარია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ძალიან მიყვარხართ.

თამუნა კვინიკაძე ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული, ბედისწერა...