ნინო ლეჟავა და მისი "პატარა დიქტატორი" - გზაპრესი

ნინო ლეჟავა და მისი "პატარა დიქტატორი"

ცოტა ხნის წინ მისი 9 წლის ვაჟი - ლუკა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვიხილეთ: ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლში "1945" მან ჰიტლერის ბავშვობა განასახიერა, ხოლო უკვე ზრდასრული დიქტატორის როლს კი პაატა ქვლივიძე ასრულებს... მშობლების წყალობით, ლუკა ქაჩიბაიასთვის (შეგახსენებთ, ლუკას მამა მსახიობი და რეჟისორი - გოგა ქაჩიბაია გახლავთ) თეატრი და სცენაზე თამაში "უცხო ხილი" არ არის, ვინაიდან დედ-მამა - ორივე მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს. პატარა ლუკამ პირველად დათა თავაძის სპექტაკლში - "ზამთრის ზღაპარი" პრინცი განასახიერა.

- ლუკა, ჰიტლერის შესახებ რა იცი?

- თავიდან არაფერი ვიცოდი. ნიკა "1945" წელს რომ დგამდა, ბავშვი დასჭირდა. მითხრა: დაგელაპარაკები და პერსონაჟს თუ მოერგები, აგიყვანო. როცა ვისაუბრეთ, მოვეწონე. ამის შემდეგ რეპეტიციები დავიწყეთ. მაშინ მსახიობებმა და რეჟისორმა მიამბეს ჰიტლერზე. სახლში მშობლებსაც ვკითხე რაღაცები. სკოლის შემდეგ, ყოველდღე ექვს საათზე გვქონდა რეპეტიციები და ეს პროცესი მომწონდა. როლისთვის სახლში არ ვმეცადინეობდი, მხოლოდ თეატრში. მსახიობებიც მეხმარებოდნენ. ჩვენს სპექტაკლში ბევრი კარგი მსახიობი თამაშობს, მაგრამ ყველაზე კარგი ქეთი ქაფიანიძეა. პრემიერაზე ვნერვიულობდი, ახლა - აღარ.

- თეატრში ხშირად ხარ. ყველაზე მეტად, რომელი სპექტაკლები მოგწონს?

- მამაჩემის სპექტაკლი - "ჭინჭრაქა" მომწონს. კიდევ, რეჟისორ მაია ჩართოლანის "კარებს აჯახუნებენ" და ნიკა საბაშვილის კლოუნადა - "ქაღალდის წვიმა".

ნინო:

GzaPress- ნიკამ რომ უთხრა, როლს მოგცემო, ბავშვმა ინტერნეტიდან ამოგვაკრებინა ჰიტლერის ბიოგრაფია და წაიკითხა. ენის დახვეწაზეც იმუშავა. ლუკას ნათლია გერმანულ ენას კარგად ფლობს და ვინაიდან სპექტაკლში მცირე ტექსტი ამ ენაზე აქვს სათქმელი, მთხოვა, - ნათლიასთან წამიყვანე, რომ მან შეაფასოს, როგორი აქცენტით ვლაპარაკობ და ვმღერი გერმანულადო.

- ალბათ, მომავალში მსახიობის პროფესიას არიჩევს...

ლუკა:

- ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ. ალბათ, ეს სულერთია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მაღალი ხელფასი უნდა მქონდეს.

ნინო:

- ძალიან უყვარს ცხოველები და ერთი პერიოდი ზოოპარკის დირექტორობა უნდოდა. განსაკუთრებით დაინტერესებულია რეპტილიებით. მსახიობობა და რეჟისორობა არ სურს. ალბათ იმიტომ, რომ უყურებს, როგორ ვწვალობთ და ჩვენს შრომას მატერიალური კეთილდღეობა არ მოაქვს. სულ ამბობს, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური სჭირდება. ვეუბნები, - საამისოდ ბევრი უნდა ისწავლო-მეთქი, მაგრამ ესეც არ არის მთავარი: ძალიან ბევრი ადამიანი იღებს კარგ განათლებას, მაგრამ შესაბამის სამსახურს ვერ პოულობენ. რაღაც მომენტში ფული არ არის მთავარი და ამას ხშირად ვეუბნები, მაგრამ როცა ოჯახი გყავს და ცხოვრებისეულ სირთულეებს აწყდები, ყველაფერი მაინც ფინანსებამდე მიდის. ამაზე დამოკიდებულია ჯანმრთელობაც და როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, რთულია, შვილს რამე ვურჩიო. რასაკვირველია, სიყვარული და მეგობრობა სოციალურ მდგომარეობას გავიწყებს და გადაწონის, მაგრამ ახლანდელი თაობა ძალიან კარგად ხედავს იმ სირთულეებს, რის წინაშეც ვდგავართ. არასოდეს მდომებია, ფული უშრომელად მქონოდა. ჰოდა, ვშრომობ, თავს არ ვიზოგავ, მაგრამ ის ხელფასი, რაც გვაქვს, ზღვაში წვეთია საიმისოდ, რომ 6-სულიანი ოჯახი შეინახო. ჩემი მეუღლე კი მოგეხსენებათ, რეჟისორია. სპექტაკლს დადგამს და ამ საქმეში ჰონორარს აიღებს, მაგრამ ეს ხომ ერთჯერადი ანაზღაურებაა. რეჟისორის შტატი არ არსებობს და შესაბამისად, მისი შემოსავალი სტაბილური არ არის. ჩვენ ვსულდგმულობთ სიყვარულით, ურთიერთობებით და სადამდეც გავქაჩავთ, ასე ვიცხოვრებთ (იღიმის).

- მახსოვს, თქვენ უფროს შვილს მსახიობობა სურდა...

- ნიკოლოზს დღემდე აქვს ამის სურვილი. სამხედრო სავალდებულო სამსახური რამდენიმე თვის წინ მოიხადა და განაცხადა, უნდა დავისვენოო. "ალმა მატერში" ჩააბარა, რეპორტიორის ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ სტატუსი დროებით შევაჩერეთ იმის გამო, რომ ჯარის პარალელურად შუალედური გამოცდების ჩაბარებას ვერ ასწრებდა. მიუხედავად ამისა, მთელი გულითა და სულით, მსახიობობა სურს. ვნახოთ, შესაძლოა, თეატრალურ უნივერსიტეტშიც ჩააბაროს. მთავარია, სიზარმაცემ არ გვძლიოს... არასოდეს არავის არაფერს ვაძალებ, შვილებსაც კი. ვიცი, ძალდატანება ყოველთვის იწვევს ზიზღის გრძნობას. მაგალითისთვის: კერძი, რომლის მირთმევასაც ბავშვობაში მაძალებდნენ (იღიმის).

- განსაკუთრებით რთული ბავშვის გარდატეხის ასაკია...

GzaPress- გარდატეხის ასაკში ბავშვებს განსაკუთრებით უმძაფრდებათ პროტესტის გრძნობა და რაც უფრო მეტს დაუშლი, მით უფრო მეტად შეგეწინააღმდეგებიან. ჰოდა, ვინაიდან მათ თითქმის არაფერს ვუკრძალავ, ჩვენ შორის ტყუილიც აღარ არსებობს. ყოველთვის ვიცი, ჩემი შვილები სად არიან და რას აკეთებენ. ნიკოლოზის უდიდესი გატაცება კინოში სიარულია. ბებიამისი პენსიას რომ აიღებს და შვილიშვილს ფულს ჩუქნის, იზოგავს და მეგობრებთან ერთად კინოპრემიერებზე დადის. დიდ დროს ატარებს ბიბლიოთეკაში, სადაც კითხულობს მასალებს კინოხელოვნებაზე. ვურჩევ: თუ მსახიობობის სურვილი გაქვს, კარგად უნდა ისწავლოს უცხო ენა და საზღვარგარეთ წახვიდე-მეთქი. ხომ იცით, რამდენიმე ქვეყანაში გახსნილია ჰოლივუდის სკოლის ფილიალები, სადაც მასტერკლასებს ფანტასტიკური მსახიობები ატარებენ: მერილ სტრიპი, ტიმ როტი, ალ პაჩინო და სხვები. აქ სწავლას რატომ არ ვურჩევ? - საქართველოში "პატრონი" თუ არ გყავს და იღბალიც არ გაქვს, ვერაფერს მიაღწევ. ჩვენს ქვეყანაში მსახიობის პროფესია კარგა ხანს არ დაფასდება.

- უმცროს შვილებზე რას გვეტყვი?

- ანდრია მომავალ წელს სკოლაში მიდის და ძალიან მიხარია, რომ ლუკას დამრიგებელთან მოხვდება. ეკა დვალი ფანტასტიკური მასწავლებელია... ჩემი მეოთხე შვილი - გიორგი კი სამი წლის არის და ბაღში დადის.

- წლებია, სცენაზე დგახართ. რა განცდა დაგეუფლათ, როცა შვილი სპექტაკლში ნახეთ?

- საოცარი დამთხვევა ის არის, რომ პირველად მეც ხუთი წლის ასაკში დავდექი სცენაზე და ჩემი უფროსი ვაჟიც. 5 წლის გახლდით, როცა გია ანთაძემ რუსთავის თეატრში "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" დადგა. სპექტაკლში მამას უმცროსი და განვასახიერე, რომელიც აუზში იხრჩობა. ნიკოლოზიც 5 წლის იყო, როცა მიკა კიკაჩეიშვილის "სურამის ციხეში", ოსმან-აღას მიერ მოკლული ბავშვის სული განასახიერა. ლუკამ პირველად ცოტა გვიან, 7 წლისამ ითამაშა დათა თავაძის "ზამთრის ზღაპარში" ითამაშა, მაგრამ დებიუტიც "გარდაცვალებით" დაიწყო: პრინცი დარდით კვდება და მეფეს გარდაცვლილი შვილის სულის სახით ევლინება (იღიმის). შვილის რეპეტიციებზე არ დავდივარ, რადგან ვფიქრობ, ასეთ დროს მსახიობმა მხოლოდ რეჟისორს უნდა უსმინოს. რეჟისორის ფუნქციებში არ შევჭრილვარ, მაგრამ ლუკას თამაშთან დაკავშირებული რჩევები, მითითებები მივეცი. ცოტა "უცნაური" ბიჭია, მისი ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელი აზროვნება არ აქვს და ამიტომაც, როგორც გაცილებით დიდს, ისე ველაპარაკები.

ანა კალანდაძე