არაპლასტიკური არტისტიდან "ცხენის ისტორიამდე" - გზაპრესი

არაპლასტიკური არტისტიდან "ცხენის ისტორიამდე"

თავისუფალი თეატრისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მაყურებელი მას კარგად იცნობს; შიგადაშიგ ქართულ სერიალებშიც გამოჩნდება ხოლმე; 2014-2015 წლების მიჯნაზე "იუმორინითა" თუ სხვადასხვა ტელეშოუთი კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინა - ამჯერად იმიტაციის შესანიშნავი უნარით მოხიბლა საზოგადოება: მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს იმდენად კარგად მიჰბაძა, რომ სატელეფონო საუბრისას მსახიობი გოგა პიპინაშვილიც კი მოტყუვდა. შესანიშნავი დეკლამატორია და გამორჩეულად ნიკო გომელაური და მისი პოეზია უყვარს. ჩემი რესპონდენტი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა მსახიობი - ლაშა გურგენიძეა.

GzaPress- ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მაგრამ ოჯახის წევრები ნამდვილად არ ოცნებობდნენ ჩემს არტისტობაზე, ამიტომ მთხოვეს, პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად პროფესიას - სტომატოლოგიას დავუფლებოდი. ისინი ვერ გავაწბილე და სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვისწავლე, დავამთავრე და ნათლიასთან პრაქტიკის გავლა რომ დავიწყე, მივხვდი: მთელი ცხოვრება ვერაფრით გავაკეთებდი საქმეს, რომელიც არ მაინტერესებდა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საბუთების ჩაბარების ვადა იწურებოდა, ამიტომ სასწრაფოდ, ჩუმად მოვაგროვე საბუთები და შევიტანე. სამწუხაროდ, სრულიად მოუმზადებელი ვიყავი - ლექსიც, იგავ-არაკიც და პროზაც თავად ავარჩიე, ცეკვაში ძალიან მოვიკოჭლებდი, სიმღერაში - კიდევ უფრო (დღესაც ვერ ვმღერი), მაგრამ მაინც გავრისკე და გავედი გამოცდაზე. პირველსავე ტურზე "მოვხიბლე" ჟიური, სადაც რეჟისორ გიორგი შალუტაშვილთან ერთად ბევრი გამომცდელი იჯდა - ლექსი დავიწყე და... შემეშალა; იგავ-არაკი დავიწყე - დამავიწყდა; დაინტერესდნენ: რას იმღერებო? - ვერაფერს-მეთქი; ცეკვითაც რაღაც ვიცოდვილე და ბატონმა გიორგიმ მკითხა: რატომ აბარებ თეატრალურშიო? ძალიან ვნერვიულობდი და რომ არ შემტყობოდა, პასუხად, ჩემი ჭკუით, გავიხუმრე: რა ვიცი, გამოვიარე შენობასთან, დავინტერესდი, რა ხდებოდა და აუდიტორიაში შემოვიხედე-მეთქი. - სასაცილოდ კი გაქვს საქმეო? - მიპასუხა რეჟისორმა და იქვე დასძინა: კარგი, შვილო, წადი, იმეცადინე და მომავალ წელს გამოგვიარეო.

მახსოვს, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო უსაყვარლესი ადამიანი და მეტყველების შესანიშნავი პედაგოგი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი თამილა ლასხიშვილი. ვერ გეტყვით, რით მოვეწონე, მაგრამ ვიდრე გამოვიდოდი, მკითხა, - პროზას რას კითხულობო? მომზადებული მქონდა გაბრიელ გარსია მარკესის "ბოლო სიტყვა" და ტერენტი გრანელის "სიკვდილის შემდეგ". თურმე, ქალბატონ თამილას უზომოდ უყვარდა ტერენტი გრანელის შემოქმედება და გიორგისთან შეთანხმებით მთხოვა, - წაგვიკითხეო. მივხვდი, ეს ჩემი ბოლო შანსი იყო. ჟიურის წევრებს ჩემი სკამით მივუახლოვდი, იქვე ჩამოვუჯექი და დავიწყე: "დადგება ზამთარი, მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა..." და ისე გამიტაცა გრანელმა, გამოცდაც დამავიწყდა და გამომცდელებიც. აშკარად გამიმართლა და მეორე ტურზე გასვლის ნება მომცეს. სამ დღეში დღე და ღამე გავასწორე, მეგობრის დახმარებით სხვადასხვა ცეკვის რამდენიმე ილეთი და "უდაბნოს თეთრი მზიდან" სიმღერა - "ვაშე ბლაგოროდიე" შეძლებისდაგვარად მოვამზადე და ჟიურის წინაშე წარვდექი... კვლავ შედეგიანად - მესამე ტურში ანუ გამოცდაზე გამსვლელთა სიაში აღმოვჩნდი. გამოცდაზე რამდენიმე ამოცანა გიორგი შალუტაშვილმა მომცა, ერთიც - ჟიურის წევრმა, ცნობილმა ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ და ჩემი საშინლად უნიჭოდ შესრულებული საცეკვაო ნომრის შემდეგ რეჟისორს უთხრა: თუ ეს ბიჭი "მასალად" მოგწონს, აიყვანე, პლასტიკასა და მოძრაობაში რას შეძლებს, პირველი კურსის ბოლოს გამოჩნდება - თუ არ იმუშავებს და არ გამოგადგება, მერე გავუშვათო. მოკლედ, ამიყვანეს, ეროვნული გამოცდების ბარიერიც გადავლახე და ჩემს საოცნებო სასწავლებელშიც მოვხვდი.

- მართლაც, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ჩანხარ. მაგრამ მხოლოდ მოხვედრა არ არის საქმე, მთავარია, მერე რით გამოიჩენ თავს. როგორ და სად გაგრძელდა შენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- დრო უქმად ნამდვილად არ დამიკარგავს. ოთხი წლის განმავლობაში, მეტყველების, პლასტიკისა და ოსტატობის კურსი პროფესიულად გავიარე.

- ცეკვა ისწავლე?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ვისწავლე. ცეკვის ლექცია ერთხელაც არ გამიცდენია. მყავდა შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც შანსი მომცა და ის არ უნდა გამეწბილებინა. ორჯერ, მეორე და მესამე კურსების ბოლოს ბატონმა კოტემ უმაღლესი - 100 ქულა დამიწერა. ეგ კი არა, საერთოდ არ ვაცდენდი ლექციებს, თეორიულსაც კი, აკადემიურ წერასაც ყოველთვის ვესწრებოდი, ცუდი ნიშანი რომ არ მიმეღო ან არ ჩავჭრილიყავი და პრობლემები არ შემქმნოდა... კიდევ ერთი ადამიანი მინდა გავიხსენო, რომელსაც ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სტუდენტად გახდომაში: აწ გარდაცვლილ შესანიშნავ რეჟისორს, ბატონ შალვა გაწერელიას გიორგი შალუტაშვილი დიდ პატივს სცემდა და მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, გამოცდაზე მასაც შეუწევია ჩემთვის სიტყვა: მივცეთ ამ ბიჭს შანსიო. ასე რომ, იღბლიანი ვყოფილვარ, ჩემი ოცნების ასრულება უნებლიეთ, ამდენმა ადამიანმა რომ მოიწადინა. უფლებაც არ მაქვს, ეს დავივიწყო და თავდაუზოგავად არ ვიშრომო.

- დღეს შენ ორი დასის წევრი ხარ - თავისუფალი თეატრისა და გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის. იმ სცენაზე დგახარ, სადაც ერთ დროს შენი სათაყვანო მსახიობი და პოეტი, ნიკო გომელაური იდგა. მას პირადად იცნობდი?

- საბედნიეროდ, მოვასწარი ნიკოს გაცნობა. ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თიკო კორძაძემ გამაცნო. თავისუფალი თეატრის კიბეზე გავატარე მთელი სტუდენტობა, განსაკუთრებულად მიყვარდა და მიყვარს ეს თეატრი, განსაკუთრებულად მიყვარდა და მიყვარს ნიკო. რომ გავიგე, სიმსივნე ჰქონდა, მინდოდა, ხატი მეჩუქებინა და თიკომ შემახვედრა საგრიმიოროში. ძალიან თბილად შემხვდა, ჩამიხუტა, ხატისთვის დიდი მადლობა გადამიხადა და მთხოვა, როცა კი მოხვალ თეატრში, ჩემს უნახავად არ წახვიდე ხოლმე, ვიმეგობროთო. უბედნიერესი ვიყავი. სამწუხაროდ, ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა თეატრის დასში რომ ამიყვანა, ნიკო თვეების გარდაცვლილი იყო. ძალიან განვიცდი, სცენაზე მისი პარტნიორობის საშუალება რომ არ მომეცა.

- ავთო ვარსიმაშვილმა ურთულესი - ხოლსტომერის როლი მოგცა თავის სპექტაკლში - "ცხენის ისტორია". მე ამ როლში უდიდესი რუსი მსახიობის, ევგენი ლებედევის გასაოცარი თამაში მინახავს და თანაც - სწორედ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. ამ როლის მორგება არ გაგიძნელდა?

GzaPress- ახსენეთ უდიდესი მსახიობის თამაში სპექტაკლში, რომელიც ასევე უდიდესმა რეჟისორმა - გიორგი ტოვსტონოგოვმა დადგა. რა თქმა უნდა, ურთულესი როლია და დიდი შრომა დამჭირდა. ეს ჩემს სამსახიობო კარიერაში ჯერჯერობით, უმნიშვნელოვანესი, უსაყვარლესი და ყველაზე რთულად შესასრულებელი როლია. ტოვსტონოგოვის დადგმისგან სრულიად განსხვავდება ვარსიმაშვილის ვარიანტი და მეც ვცადე, სხვაგვარი ხოლსტომერი მეჩვენებინა მაყურებლისთვის. სპექტაკლი "ცხენის ისტორია" სწორედ გიორგი ტოვსტონოგოვსა და ევგენი ლებედევის ხსოვნას მივუძღვენით და ამას ვაცხადებთ კიდეც სცენაზე. სხვათა შორის, მოსკოვში მოწყობილ ფესტივალზე "ოქროს რაინდი", სადაც ოდესღაც თენგიზ აბულაძეს - "მონანიებით", ალისა ფრეინდლიხს და კიდევ რამდენიმე სხვა დიდ შემოქმედს მთავარი პრიზი აქვს აღებული, ჩვენი "ცხენის ისტორია" გრან-პრის მფლობელი გახდა.

- ახლახან სოციალურ ქსელში შენს გვერდზე ფოტოები ვნახე. როგორც ჩანს, ახალ სპექტაკლზე - "ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?" მუშაობთ. საკმაოდ მძიმე, ტრაგიკული სიუჟეტია და არც იოლი სათამაშო იქნება დაუსრულებელი საცეკვაო მარათონი. ასეა?

- სიუჟეტი ქორეოგრაფიაზეა აგებული - რეალითი შოუს მსგავსია, სადაც 10-წუთიანი შესვენებით 24-საათიანი საცეკვაო მარათონის გამარჯვებული 100 ათასს იგებს. ბატონმა ავთომ სიუჟეტი საქართველოს მოარგო, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა, სცენაზე ბენდი დაუკრავს. პრემიერა დაახლოებით მარტის ბოლოს გვექნება.

გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა - "ჩვენი პატარა ქალაქი" სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამ სპექტაკლში ლაშა გურგენიძეც მონაწილეობდა. ინგლისში, კერძოდ კი შეფილდში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მსოფლიოს 220 ქვეყნიდან ოცეულში, ჟანრობრივად კი ათეულში ქართველები მოხვდნენ.

"წარმოგიდგენიათ, ორი გიგანტი ქვეყანა - საფრანგეთი და რუსეთი საერთოდ ვერ მოხვდა! შეფილდში "ჩვენი პატარა ქალაქი" ხუთჯერ ვითამაშეთ. ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამო ფესტივალზე გრან-პრი არ ჰქონდათ, 6 მთავარი ნომინაციიდან კი (სამი "ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის" და სამიც - "მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის") სამი მთავარი პრიზი წამოვიღეთ: საუკეთესო მამაკაცის პრიზი აიღო კოკომ, საუკეთესო ქალის პრიზები კი - თეკლამ და მარიამ ნადირაძემ", - ამბობს ლაშა და იქვე გულდაწყვეტილი აღნიშნავს, რომ მათი ამ წარმატების შესახებ საქართველოში ბევრი არც დაწერილი და არც - თქმულა.

ირმა ხარშილაძე