რატომ დატოვა მასტერმა საქართველო - გზაპრესი

რატომ დატოვა მასტერმა საქართველო

ის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მომღერალ დათო ხუჯაძის რჩევით გაემგზავრა. იმედოვნებს, რომ იქ შეძლებს, მატერიალურად დამოუკიდებელი გახდეს და შესაბამისად, უფრო მეტი კლიპის გადაღების შესაძლებლობაც მიეცემა. რეპერს სოციალური ქსელის მეშვეობით დავუკავშირდით.

- მასტერ, რატომ დატოვე საქართველო?

- გული მტკივა, როცა ამ კითხვას მისვამენ, მაგრამ ფაქტია, საქართველო მართლა დავტოვე. ეს არ იყო ჩემი სურვილი, უბრალოდ, იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი.

- ამის გაკეთება რამ გაიძულა?

- 11 წელი საქართველოში თავს არ ვზოგავდი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, 1 ლარის გამომუშავებაც ვერ მოვახერხე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში, როგორც მომღერალს, მაღალი რეიტინგი მაქვს და ხალხს ვუყვარვარ, პატივს მცემენ, მაინც არაფერი გამოვიდა. კარგია, როცა დადებითად გაფასებენ, მაგრამ უკვე 25 წლის ვარ და საკუთარი შემოსავალიც ხომ უნდა მქონდეს? სულ სხვაზე დამოკიდებული ვერ ვიქნები.

- საქართველო დიდი ხნით დატოვე?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი მომიწევს მოსკოვში ცხოვრება. რა თქმა უნდა, სამუდამოდ აქ დარჩენას არ ვაპირებ.

- რატომ გააკეთე არჩევანი მაინცდამაინც მოსკოვზე? ვინ გირჩია კარიერის რუსეთში აწყობა?

- დათო ხუჯაძემ შემომთავაზა, მოსკოვში ჩავსულიყავი და როგორც კომპოზიტორს, მის სტუდიაში მემუშავა. მეც უარი არ მითქვამს, დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება. რასაც ვიმუშავებ, იმის შესაბამის ანაზღაურებას მივიღებ. აქ ყველაფერი გამომუშავებითაა.

- როგორ შეეგუე უცხო ქალაქს?

- ჯერ მხოლოდ 10 დღეა, აქ ვარ და ვცდილობ, აქაურობას მივეჩვიო. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თუმცა, მე ვჩქარობ. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთების სურვილი მაქვს, რასაც ვაკეთებ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ისე, თუ გაინტერესებთ, იმის გამო, რომ ქართველი ვარ, რუსებისგან არანაირი აგრესია არ მიგრძნია. ვფიქრობ, ქართველობა აქ ყოფნაში ხელს არ შემიშლის.

- რუსულ ენას კარგად ფლობ?

- ვერ გეტყვი, რომ ძალიან კარგად ვფლობ, მაგრამ ადამიანებთან კონტაქტი შემიძლია. გრამატიკული შეცდომებით, მაგრამ მაინც ვლაპარაკობ. არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ რომელიღაც სიტყვას დამახინჯებულად ვამბობ. საქართველოდან რომ მოვფრინავდი, თვითმფრინავში ჩემ გვერდით იჯდა გოგონა, რომელიც შემდეგ გავარკვიე, სტიუარდესა, ყოფილა. უბრალოდ, იმ მომენტში არ მუშაობდა. საქართველოში მამის მოსაძებნად ყოფილა ჩასული. მოკლედ, ეს გოგო მთელი 2 საათი საკუთარ ამბებს მიყვებოდა, მისი ცხოვრება საინტერესო ფილმის სიუჟეტს ჰგავდა... ის 2 საათი კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის რუსული ენის განსამტკიცებლად (იცინის).

- იმ სტიუარდესამ იპოვა ის კაცი, ვისაც ეძებდა?

- დიახ, იპოვა...

- ერთმანეთს როგორ დაშორდით?

- დამშვიდობებისას საკონტაქტო ნომრები გავცვალეთ. "დომოდედოვოს" აეროპორტთან ვცხოვრობო, - მითხრა და ყავაზეც დამპატიჟა. თუმცა, უარი ვუთხარი, რადგან მის სახლამდე 2 საათის სავალი გზა იყო... ეს სტუარდესა გახლდათ პირველი გოგონა, რომელიც რუსეთმა გამაცნო და ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით ხოლმე.

- მოსკოვში სასტუმროში დაბინავდი?

- არა, საკამაოდ კომფორტული ბინა ვიქირავე, რომელიც სტუდიასთან ახლოს არის.

- ბოლო დროს შენი "ფეისბუკის" გვერდზე უამრავი ახალი კლიპი ატვირთე. თუ ეს საქმიანობა მომგებიანი არ იყო, ვინ გიფინანსებდა კლიპების გადაღებას? GzaPress- არასდროს არავის არ დაუფინანსებია ჩემი კლიპები. ფინანსურად მამა მეხმარებოდა ხოლმე, მე კი ვცდილობდი, თანხა ეკონომიურად დამეხარჯა. მაგალითად, არ ვასხამდი საწვავს მანქანაში, არ ვყიდულობდი ახალ მობილურ ტელეფონებს... თავს არავის ვაცოდებ, მართლა ასე ვიქცეოდი. მამა ფულს კლიპების გადასაღებად კი არა, ახალი ტანისამოსის საყიდლად, საჭირო ნივთების შესაძენად მაძლევდა, მე კი ამ ნივთებში თანხის გადახდას საქმის კეთება მერჩივნა. წელს 8 კლიპი გადავიღე. მეცხრეს სულ მალე ავტვირთავ ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე. მუსიკა ჩემთვის კოკაინივით არის. არასოდეს "მოვაშიებ" ჩემს მსმენელს, რადგან მათგან ძალიან დიდ მუხტსა და ენერგიას ვგრძნობ. არადა, საოცარი ის არის, რომ არც ერთ ტელევიზიას და არც ერთ ტელეჟურნალისტს არ გასჩენია სურვილი, მივეწვიე გადაცემაში, რათა გაეგოთ, ამ ყველაფერს რისთვის ვაკეთებდი.

- შენ თვითონ არ გითხოვია ვინმესთვის, რომ ამა თუ იმ შოუში შენი ახალი კლიპის პრემიერის ჩვენების უფლება მოეცათ?

- უამრავი უარი მაქვს მიღებული... ეგ თემა უკვე აღარ მადარდებს. მე მაქვს ჩემი საკუთარი ტელევიზია - "ფეისბუკი", სადაც 53 000 მაყურებელი მყავს. ბოლოს, როდესაც ზურა ყიფშიძის მონაწილეობით ახალი კლიპი - "ნუში" გადავიღე, დიდი პრეზენტაცია მოვაწყვე, მაგრამ არც ერთი სატელევიზიო არხი არ დაინტერესებულა ამ ნამუშევრით, რაც ძალიან უცნაურია. სიმართლე გითხრათ, ასეთმა უყურადღებობამ გული მატკინა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- არა, შეყვარებული არ მყავს. მოსკოვში შეყვარებული კაცი არც უნდა ჩამოხვიდე (იცინის).

- მოსკოვში ალბათ უკვე აცივდა, არა?

- კი, აქ ფაქტობრივად, ზამთარია. გოგონებს კოლჰოტები აცვიათ, რაც ძალიან მომწონს. სოფო ჭონიშვილი, ჟურნალი "გზა"