"უბრალოდ მოდური" პარიკმახერი მიშა, მისი ცნობილი მეგობრები და მოგზაურობები - გზაპრესი

"უბრალოდ მოდური" პარიკმახერი მიშა, მისი ცნობილი მეგობრები და მოგზაურობები

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, განტვირთვის კარგი საშუალებაა. რა თქმა უნდა, სურვილი ყოველთვის მაქვს, რომ მეგობრებთან ერთად ქვეყნის გარეთ სადმე წავიდე და ამას თუ დრო და საშუალებაც ემატება, ხომ კიდევ უკეთესი. ბოლოს, ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში ვიყავი, ცოტა ხნის წინ. ადრე, "ნანუკას შოუს" გადაღების დროს ტაბაშიც ვიყავით. ევროპა ძალიან მიყვარს, პარიზი და იცი, როგორ მაქვს დაყოფილი? მაგალითად, რომში მე და ქრისტინე დავდივართ, პარიზში - მე და ნინა, ეგვიპტეში მე, ნინი და ქრისტინე ერთად ვიყავით. ამსტერდამი ძალიან შემიყვარდა, იქ ჩემს საყვარელ მეგობრებთან - გიგა ჭიქაძესთან, რომელიც სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონია და მისი მეუღლესთან - თამუნა გაზაშვილთან ჩავედი და ძალიან მომეწონა! ჩემს დაბადების დღეზეც ვიყავი ამსტერდამში. მე და ნინა ვან-გოგის მუზეუმის გვერდით ვცხოვრობდით და შესანიშნავი ტილოები დავათვალიერეთ, კმაყოფილი დავრჩი.

- იტალიაში რომელი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ?

GzaPress- სხვათა შორის, რომში ქრისტინე შესანიშნავი გიდი იყო, ბევრი საინტერესო ადგილი დამათვალიერებინა და ყველაფერს მიხსნიდა. ვატიკანშიც ვიყავით, მუზეუმებში და თუკი რაიმე ღირსშესანიშნაობაა იქ, ყველაფერი ვნახეთ. არ მხიბლავს მოგზაურობა მხოლოდ გასართობად. ჩემთვის მთავარია ქალაქის დათვალიერება და ღირსშესანიშნაობების ნახვა. სხვა ქვეყანაში ყოფნა, უკვე თავისებური გართობაა, სხვანაირ სიტუაციაში, სხვა გარემოში ხარ და უბრალოდ, ქუჩაში სიარულითაც კი შეიძლება გაერთო. არ არის აუცილებელი, იქაური ღამის კლუბები "დაიმხო". ასეთ ადგილებში სიარული დიდად არც მიყვარს. სეირნობა, ქალაქის დათვალიერება და წყნარ კაფეში საუბარი უფრო მომწონს. ვატიკანში რომ ვიყავით, უამრავი მხატვრის ნამუშევარი ვნახე. ყველა ქვეყნიდან სუვენირები მომაქვს ხოლმე, რომ იქაური მოგზაურობიდან სამახსოვროდ დამრჩეს. პარიზიდან სხვადასხვა ზომის ეიფელის კოშკები ჩამოვიტანე, რომიდან - კოლიზეუმის ფიგურები, ამსტერდამიდან - ველოსიპედისა და ფეხსაცმელების ფიგურები, ეგვიპტიდან - კატები და ა.შ.

- ამსტერდამში როგორ გაერთე? ტურისტებს რისი ინტერესიც აქვთ ხოლმე იქ ჩასვლისას, თუ "დააგემოვნე"?

- მთლად ისეც არ არის, როგორი წარმოდგენაც გვაქვს, ამგვარი გართობით არ დავინტერესებულვარ. გიგას მატჩს უნდა დავსწრებოდი, ამისთვის ჩავედი და გიგას და თამუნას მადლობელი ვარ, რომ იქ მოვხვდი. თავისუფალი ქალაქია, ყველა თავისთვის დადის, ლამაზია, ყველაფერი მოწესრიგებულია, ველოსიპედებით დადიან და პოზიტიური გარემოა.

- როგორც სტილისტი, ამა თუ იმ ქალაქში ჩასვლისას, იქაური ხალხის ვარცხნილობებს თუ აკვირდები ხოლმე?

GzaPress- საერთოდ არა. სამსახურიდან რომ გამოვდივარ, ჩემს თავს "ბლოკირებას" ვუკეთებ და ჩვეულებრივი მიშა ვხდები. ახლაც რომ მკითხო, რა შემიძლია გავაკეთო, ვერ გიპასუხებ. სამსახურში ორ საათს რომ გელაპარაკო ერთ ვარცხნილობაზე, არ დავიღლები, მაგრამ ჩემი საქმიანობა იქ მთავრდება. მერე, ჩვეულებრივ ვისვენებ, ვერთობი და ამაზე აღარ ვფიქრობ. პროფესიული უნარ-ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გადამდის. ზოგჯერ მოსულან, ვა, მიშა, თქვენთან გვინდა მოსვლა ვარცხნილობის გასაკეთებლადო და მითქვამს, - მიშა არა ვარ-მეთქი. თავხედი ან ამბიციური კი არა ვარ, უბრალოდ, ამ ყველაფერს სამსახურში ვტოვებ და ევროპაში დასასვენებლად ყოფნისას, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არაფერს ვაკვირდები. როცა მივლინებით ვარ, სხვა მომენტია. ერთხელ, რომში ვიყავი წასული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მაშინ - თავისთავად. თვალში მომხვდება ლამაზი და კარგად ჩაცმული გოგო, გემოვნებიანი, მაგრამ ცალკე ვარცხნილობას არ ვუყურებ.

- ყველაზე მეტად სად მოგწონებია გოგონები?

- მილანში ერთი თვე ვცხოვრობდი და ძალიან გემოვნებიანი ხალხია, ყველა ლამაზი, კარგი, მოვლილი და ლაღია. პარიზს ხომ თავისი კულტურა აქვს და ადგილობრივი ფრანგები კლასიკურად და გემოვნებიანად ჩაცმული ხალხია. თუმცა, ჩემი აზრით, ძირითადი მასა იტალიაში უფრო გამორჩეულია. ახლა ისევ მინდა მილანში წასვლა, ადამიანი სულ უნდა იზრდებოდეს თავის საქმიანობაში. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე პროფესიონალად არ მივიჩნევ თავს. უფრო - გემოვნებიანად. გამიმართლა და ასე ვთქვათ, "მოდაში" ვარ და ვინაიდან ამდენი ადამიანის ნდობა მაქვს, შესაბამისად, ყოველთვის მინდა, რაღაც ახალი შევთავაზო და კვალიფიკაცია ავიმაღლო ხოლმე.

- საქართველოში ცნობადი ადამიანების ნდობის მოპოვობა და მათთან ისე დამეგობრება, რომ სამოგზაურობაც ერთად დადიხართ, თავიდან რთული იყო?

- ჩემს მომხმარებლებთან სხვანაირი ურთიერთობა მაქვს, ეს არ არის კლიენტისა და პარიკმახერის ურთიერთობა. მიშა პარიკმახერი ყველას მაგარი სტილისტი ჰგონია, მაგრამ ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდა, გაუმართლა, ბევრი ადამიანი გაიცნო, დაუმეგობრდა და მიშა "შექმნეს". ალბათ ჩემს ხასიათშია რაიმე ისეთი, რაც მათ მოსწონთ. ჩამოყალიბდა ურთიერთობები, რომლებიც სამსახურის და ქვეყნის გარეთაც გრძელდება. ასე ვართ, წლებია. შენ წარმოიდგინე, მათ ვარცხნილობებზე არ ვზრუნავ, ნინა წკრიალაშვილი მოვა ხოლმე, თვითონ იბანს თავს, თვითონ იკეთებს ყველაფერს, მერე, მადლობას მიხდის და მიდის. ასევე, ჩემი სხვა მეგობრები. შინაურულად არიან.

- ეგვიპტეში წასვლა ვისი იდეა იყო?

GzaPress- ქრისტინესი. საახალწლო გადაღებების შემდეგ, დასვენება უნდოდა, - ძალიან გადავიღალეო და უცებ გადაწყვიტა, - ეგვიპტეში ხომ არ წავიდეთ, ოღონდ არ გადავდოთ და რაც შეიძლება, მალეო. დავურეკეთ შესაბამის კომპანიას, ნინი ბადურაშვილიც შემოგვიერთდა და შესანიშნავად გავერთეთ, ფოტოებიც გადავიღეთ, რომელთაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა... სხვათა შორის, ადრე, პირამიდების სანახავად როცა ვიყავით, დიდად არ აღვფრთოვანდი, უფრო მეტს ველოდი, ვიდრე დამხვდა. ერთმანეთის მოშორებით სამი სამკუთხედი დგას და ის ემოცია არ მქონდა, რაც მაგალითად, პარიზზე, რომზე ან თუნდაც საბერძნეთზე დამემართა, აკროპოლისის ნახვისას. დუბაიც საინტერესოა. ეგვიპტეში საშინელი სამზარეულოა. მართალია, სასტუმროებში ყველაფერი მაღალ დონეზეა, მაგრამ სუშის, სალათას, ხორცს, ხილს ერთი და იგივე გემო აქვს. გემრიელი მაინც ფრანგული სამზარეულოა, თავისი ფუაგრებით, თევზებითა და სხვა კერძებით. ბაყაყი, გველი ან რამე მსგავსი არ გამისინჯავს, არ მომწონს. ყველაზე გემრიელი, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულოა და სადაც არ უნდა იყო, მაინც მოგენატრება. პური რომ პურია, ისიც კი სხვანაირია.

- რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

- სხვათა შორის, თბილისის გარდა, ვერსად ვიცხოვრებ, აქაურობა ძალიან მიყვარს. რაც უნდა რთული წელი მქონდეს, ილუზიებში მეც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა სადმე მეცხოვრა, მაგრამ როგორც კი 10 დღე გავა ხოლმე, ვხვდები, რომ თბილისში მინდა. აქ მაინც სხვა ურთიერთობებია. მარტში კიდევ ვგეგმავ სადმე წასვლას, თუ დრო და საშუალება გამოჩნდება. ლონდონში ნამყოფი არა ვარ და ძალიან მინდა.

- როგორ ემზადები ხოლმე, სამოგზაუროდ წასვლის წინ?

- შენ წარმოიდგინე, დიდად არ ვემზადები ხოლმე, მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ვილაგებ და მივდივარ.

- საზღვარგარეთ შოპინგზე დადიხარ?

- პირადად მე, H&M-ის სამოსზე ვგიჟდები, შევდივარ ხოლმე და ზედები, მაისურები, პიჯაკები, როლინგები ძალიან ბევრი გამომაქვს. სნობი არა ვარ და ბრენდებზე არ ვგიჟდები, მაგრამ ეს ფირმა ძალიან მომწონს. ძვირფასი ბრენდების სამოსი ზოგჯერ ჩემს მეგობრებსაც ჩამოაქვთ საჩუქრად და ბევრი კარგი რამ მაქვს, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს ჰ&მ-ში ვგრძნობ, ას ევროდ მთელი სეზონის ტანსაცმელს გამოვიტან (იცინის). მაგალითად, სოფო ნიჟარაძემ მაიკლ კორსის პიჯაკი ჩამომიტანა. სოფო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეგობარია. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა ნიუ-იორკში, მუსიკალურ სასწავლებელში კურსებიც დაამთავრა. მოგეხსენებათ, მის პროექტებს მსოფლიოში აღიარებული სახელები და გვარები უკავშირდება და ბევრი საინტერესო შეთავაზებაც აქვს.

- სხვა ქვეყნებში, იქაურ ცნობილ ადამიანებთან ერთად თუ მოხვედრილხარ, სადმე?

GzaPress- არ ვარ იმ დონის პერსონა, რომ საზღვარგარეთ ვინმე სადმე მეპატიჟებოდეს... პარიზში ყოფნისას, სასტუმროში, სადაც მე და ნინა გავჩერდით, პარიზის მოდის კვირეული იმართებოდა, რომელშიც ცნობილი მოდელები მონაწილეობდნენ. დიდი პავილიონი იყო და ზოგიერთთან ფოტოც გადავიღეთ. ერთხელ, შანელის ჩვენებაზე დაგვპატიჟეს, ჩვენი მეგობარი მუშაობს მათ დიზაინერებთან, ბლოგერია და ვერ წავედით იმის გამო, რომ "შანელი" თავის ჩვენებებს ყოველთვის დილის 7 ან 8 საათზე მართავს და ვერ ავდექით... თუმცა, თბილისში ვინც კი ცნობილი ადამიანი ჩამოსულა, ბაიდენით დაწყებული, ტრამპით დამთავრებული, ყველა ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი და ყველაფერი კარგად მახსენდება. ბევრი რამ ტარდებოდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ და ყველა გავიცანი - სტინგი, კრის ბოტი, ენდი გარსია და ვინ აღარ, შერონ სტოუნზე ხომ აღარაფერს ვამბობ! აქ ვინც იყო ჩამოსული, აბსოლუტურად ყველასთან მქონდა შეხება. სამი დღე შერონ სტოუნთან ერთად რომ ვიყავი ნომერში, ვინ უნდა გამოვარჩიო, თუ არა ის?! ზოგჯერ ჩვენებებს რომ ვუყურებ, სადაც შერონ სტოუნია მიწვეული, გავიფიქრებ ხოლმე, რა ლამაზი ქალია-მეთქი და უცებ გამახსენდება, რომ მასთან სამი დღე მქონდა ურთიერთობა. ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი!

- მიშა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- შენ წარმოიდგინე, პირადი ცხოვრება არა მაქვს. დიდი რომანებით ვერ დავიკვეხნი, ჩუმი, წყნარი პატარ-პატარა რომანები მაქვს ხოლმე, კარგი ურთიერთობები, თუმცა, სერიოზული - არაფერი, რადგან ალბათ ჯერ ისე ძალიან არავინ შემყვარებია, რომ საჯაროდ გამოვიყვანო და მუდამ მასთან ერთად ვიყო. ყველას დიდ პატივს ვცემ, ვისთანაც ურთიერთობა მქონია და მინდა, ბედნიერები იყვნენ.

- თბილისი ისეთი ჭორიკანა ქალაქია, ალბათ დამალვა ჯობია...

- როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ მიყვარს და ვუყვარვარ, სხვებიც გაიგებენ. ვის რაში აინტერესებს, მაგრამ... ნორმალური, ჯანმრთელი და საღი ადამიანი, სულ მარტო ვერ იქნება. ვიღაც მეც ყოველთვის მყავს და ვუფრთხილდები. ხალხს რატომღაც სნობი და ამბიციური ვგონივარ და ალბათ იმიტომ, რომ ცნობილ ადამიანებთან ერთად მხედავენ. სოციალურ ქსელშიც კი, თუ ვინმე რამეს მომწერს, ყველას თავაზიანად ვპასუხობ. ერთხელ, ერთმა პედაგოგმა დამირეკა, თქვენთან მოხვედრა ძალიან მინდა, შეიძლება თუ თქვენთან მხოლოდ ვარსკვლავები დადიანო? რა თქმა უნდა, ასე არაა, ჩემთვის ყველა ქალი ვარსკვლავია, როგორ შეიძლება ადამიანები დავყო?

- ახალი მთავრობის წევრები თუ დადიან შენთან?

- ასე ვერ დავყოფ. ვალდებული ვარ, ყველა მომხმარებელს ის მივცე, რაც მას სურს. თუმცა, ჩემთან რატომღაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფიც ასოცირდება... ასე თუ ისე, გამოდის, რომ მეც 2003 წელს "დაბადებული" ვარ, ჩემი ბევრი მეგობრის, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო, გინდაც, მათი ცოლების დიდი დამსახურებაცაა, რომ ხალხმა გამიცნო. ბევრი მეგობარი მყავს წინა ხელისუფლებიდანაც და ახლიდანაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე უნდა გავარჩიო, ეს ჩემი საქმე არაა, მე მიშა პარიკმახერი ვარ, ისინი - პოლიტიკოსები არიან. ვიღაცას შალვა ნათელაშვილი მოსწონს, ვიღაცას - სხვა ვინმე. თბილისში მიშაზე მაგარი პარიკმახერები არიან, ზოგს ისინი მოსწონს, ზოგს - მე. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსაზრებებიც გამაჩნია და ჩემი ფავორიტებიც მყავს, ვისი კურსიც მომწონს, წინა ხელისუფლებაშიც და ახალშიც. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვისთანაც შეხება მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ ვუყვარვარ, ვგრძნობ, ჩემ მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და ამას ვერასდროს იყიდი. მე ეს მაბედნიერებს.

თამთა დადეშელი