"მსახიობობა ბებიამ - სალომე ყანჩელმა გადამაწყვეტინა" - გზაპრესი

"მსახიობობა ბებიამ - სალომე ყანჩელმა გადამაწყვეტინა"

ერთი შეხედვით, ეს არცთუ ისე ცოტა დროა ურთიერთობისთვის, მაგრამ დრო გადის და ხვდები, რომ ძალიან ცოტა დრო გქონდა წინაპართან სასაუბროდ. სალომე ყანჩელის ხუთი შვილიშვილიდან მხოლოდ ნანუკა იყო გოგონა. მსახიობს შინ ვეწვიე, რათა სწორედ მას გაეხსენებინა დიდი არტისტი და ამავდროულად, თავის ოჯახზეც მოეთხრო...

ნანუკა ლითანიშვილი:

- დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ბებიასთან ურთიერთობისას ვერაფერი მოვასწარი, თუმცა, მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. პატარა ვიყავი და ალბათ, მილიონი რამ დაგვრჩა ერთმანეთისთვის უთქმელი. ბებია სცენაზე დაახლოებით, ორი-სამი წლის ასაკიდან დამამახსოვრდა. მისი მონაწილეობით ნანახი მაქვს სპექტაკლები: "ხანუმა", "რიჩარდ III", "ჰაროლდი და მოდი", სადაც აკაკი ხიდაშელთან ერთად თამაშობდა.

- როგორი იყო ის შინ?

- ფუსფუსა და კარგი დიასახლისი. უგემრიელესი "ხელი" ჰქონდა, ყველაფრის გაკეთება შეეძლო, ტორტებსაც აცხობდა და სხვა დესერტსაც ამზადებდა. სპექტაკლები ზედიზედ თუ იმართებოდა და დაკავებული იყო, მაშინ მასთან არ მივდიოდით, რადგან ძალიან იღლებოდა და დასვენება სჭირდებოდა, შედარებით თავისუფალ დღეებში კი მასთან ვიყავით. "შავად" მახსოვს, რომ მე და ჩემ ძმას სულ სალომესთან მარტო ყოფნის დეფიციტი გვქონდა, რადგან წამდაუწუმ ირეკებოდა მის კარზე ზარი და სტუმარი შემოდიოდა. იწყებოდა საუბარი ჩაის სმის თანხლებით. გაისტუმრებდა ერთს და მერე ისევ თავიდან იწყებოდა - ახლა სხვა სტუმრობდა. მე და ჩემი ძმა ვერ ვიტანდით ამ მდგომარეობაში ყოფნას (იღიმის).

- იცოდა, რომ თქვენც გსურდათ მსახიობობა? GzaPress- რა თქმა უნდა, იცოდა. უფრო მეტიც, მან შთამაგონა და დამარწმუნა, რომ ეს პროფესია ამერჩია. მასთან, რუსთაველის თეატრის საგრიმიოროში დიდ დროს ვატარებდი. სულ მეუბნებოდა, რომ მის მერე ის ადგილი მე უნდა დამეკავებინა.

- თუმცა თქვენ არა რუსთაველის, არამედ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გახდით...

- კი, ასე მოხდა. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ბატონ მიშასთან მოვხვდი, მისგან "გაქცევა" კი ნამდვილად არ მინდოდა.

- ბაბუასთან უფრო მეტ დროს გაატარებდით...

- ის 2003 წელს გარდაიცვალა. სალომე და ოთარი გაშორებული იყვნენ. ბებიას შემდეგ მას კიდევ ერთი მეუღლე ჰყავდა, თუმცა, მამაჩემის გარდა, ბაბუას სხვა შვილი არ ჰყოლია. მამა ძალიან განიცდიდა, მისი მშობლები ერთად რომ არ იყვნენ.

სალომე ყანჩელი თბილისში, სოლოლაკში, იტალიურ ეზოში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი - სანდრო იურისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ, რომელმაც მოგვიანებით რეჟისურაშიც სცადა ბედი. ქვრივი იყო, როცა სალომეს დედაზე იქორწინა. პირველ მეუღლესთან სამი ვაჟი ჰყავდა. სალომეს დედა, ელენე შენგელაია სანდროს მეორე მეუღლე, ასაკით მასზე ბევრად უმცროსი იყო. თუმცა, ამ წყვილმა ერთად რამდენიმე წელი იცხოვრა. ელენე შენგელაიას მეორე ქორწინების შემდეგ, სალომეს მამობილი გიორგი ნანეიშვილი გახდა, რომელთანაც მომავალ მსახიობს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

სწორედ მაშინ, როცა სალომე სკოლას ამთავრებდა, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, რომ თბილისში თეატრალური ინსტიტუტი იხსნებოდა. ბედის საცდელად წავიდა და გაუმართლა. ახალგახსნილ თეატრალურ ინსტიტუტში პირველი სამსახიობო ჯგუფის წევრები გახდნენ: სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, დავით ქუთათელაძე, ეკატერინე ვაჩნაძე და სხვები. სტუდენტები სრულიად ახალგაზრდა რეჟისორმა - გიორგი ტოვსტონოგოვმა აიყვანა, რომელიც მოგვიანებით სალომე ყანჩელის მეუღლე გახდა.

სალომე ყანჩელს სამი შვილი ჰყავდა. პირველი ორი - ალექსანდრე და ნიკოლოზი, გიორგი ტოვსტონოგოვთან სამწლიანი თანაცხოვრების შედეგად შეეძინა. გაყრის შემდეგ, სასამართლომ მათზე მეურვეობა მამას დააკისრა. ვინაიდან სალომე რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი იყო და ამავდროულად ახალბედა მსახიობი ორ შვილს მხოლოდ დედის პენსიით ვერ უზრუნველყოფდა.

იმ დროს ტოვსტონოგოვს ლენინგრადის გორკის სახელობის დიდი დრამატული თეატრიდან მოწვევა მოუვიდა, სადაც ბავშვებთან ერთად გაემგზავრა. ცხადია, დედობრივი განცდები ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ვერაფერი შეცვალა.

მოგვიანებით, სალომე ყანჩელმა მხატვარ-არქიტექტორი ოთარ ლითანიშვილი გაიცნო. მსახიობი სოხუმის თეატრში მიიწვიეს, დათანხმდა და ძალიან მალე სოხუმში თეატრის პრიმა გახდა. მისი მეორე მეუღლე ოთარ ლითანიშვილი იმავე ქალაქის მთავარი მხატვარი იყო. მათ სოხუმში რამდენიმე წელი იცხოვრეს. ეყოლათ საერთო შვილი ოთარი, რომელიც მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროს არ მოშორებია; რეჟისორი მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმსა" და ტელევიზიაში, სადაც სხვადასხვა გადაცემის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გახლავთ.

წლების შემდეგ, სალომე და ოთარი თბილისში დაბრუნდნენ. მოგვიანებით, სალომემ უფროს შვილებთან ჩასვლა შეძლო და დედა-შვილებს შორის შეძლებისდაგვარად აღდგა ურთიერთობა, თუმცა ისინი ლენინგრადში დარჩნენ. პროფესიით ორივე რეჟისორი იყო. სამწუხაროდ, დღეს აღარც ერთი არ არის ცოცხალი.

- საინტერესოა, თქვენ ან თქვენს ძმას ბაბუისგან ხატვის ნიჭი თუ გამოგყვათ? GzaPress- ჩემი ძმა მხატვარია, მაგრამ ახლა არ ხატავს. ისიც ოთარ ლითანიშვილია, როგორც ბაბუა და მამა. ჩემმა ძმამ სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, ჯერ კინომცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე - სარეჟისორო. რაც შემეხება მე, მხატვრობას ახლოსაც არ გავკარებივარ.

- თქვენი უფროსი შვილი - ერეკლე გეწაძე მშობლების მსგავსად, მსახიობი გახდა. დანარჩენებმა რა არჩევანი გააკეთეს?

- სალომე 19 წლის არის და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ სიმღერის ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვს, სულ მღერის და წელს ზაფხულში "X ფაქტორის" ბექვოკალისტებს შორის აღმოჩნდა. ასე რომ, სალომეს მეორე პროფესია გამოუჩნდა.

- ერეკლეც მღერის, როგორც ვიცი...

- მღერის, მაგრამ მე არ მომისმენია (იღიმის). ის კი ვიცი, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, კარგი სმენა აქვს, მუსიკას წერს და საერთოდ, მუსიკალური ადამიანია... ჩემი მესამე შვილი - ზუკა 17 წლისაა. ახლა მეთორმეტე კლასშია და პროფესიასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს. მგონი, მსახიობობა არ სურს. რაც შეეხება ნუცას, ის ჯერ ხუთი წლისაა და ამბობს, რომ უნდა, ცურვის მასწავლებელი გამოვიდეს ან საბავშვო ბაღის პედაგოგი. მსახიობობაც მოსწონს და ბალერინობაც, მაგრამ მის მომავალ პროფესიაზე ლაპარაკი ნაადრევი მგონია.

- თქვენ და ზურას თუ გქონდათ სურვილი, რომ თქვენი შვილებიდან რომელიმე თქვენს გზას გაჰყოლოდა?

- არა. ჩვენს ქვეყანაში მსახიობის პროფესია ძალიან დაჩაგრულია. ამ ზაფხულს სპექტაკლით - "ცხოველების ფერმა" ედინბურგის ფესტივალზე ვიყავით. ძალიან დამღლელი წარმოდგენაა, დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ყოველი სპექტაკლის შემდეგ, ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სულს ვღაფავდით, სამაგიეროდ, დიდი წარმატება გვხვდა წილად. 24 სპექტაკლი სულ ანშლაგებით წარიმართა, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. ედინბურგის ფესტივალზე არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი ოვაცია არ მახსოვს, იყო ფეხების ბაკუნიც. ვიდექით და ვფიქრობდით: ამ ყველაფერს საკუთარი თვალით რომ არ ვხედავდეთ, არ დავიჯერებდითო. მოგვანიჭეს სხვადასხვა პრიზიც. რაც მთავარია, მივიღეთ გაზეთ "სთეიჯის" ჯილდო - 2014 წლის ედინბურგის ფესტივალის საუკეთესო სამსახიობო დასის წოდება. წარმატებული გამოსვლა მოგვილოცა ედინბურგის მერმა, ლორდ პროვოსტმა, რომელიც დედოფლისნაცვალი და კულტურის მინისტრია. თუმცა, ამ წარმატებების გამო თბილისში, არავის გამოუჩენია ჩვენ მიმართ დიდი ინტერესი.

- როგორც ვიცი, "ცხოველების ფერმას" 3 და 26 ოქტომბერს, ჯერ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, შემდეგ კი ფესტივალ "საჩუქრის" ფარგლებში წარმოადგენთ...

- დიახ, ასეა. არა მხოლოდ მე, არამედ დიდი არტისტებიც აღნიშნავდნენ და ამას ხაზს უსვამდა სალომეც, რომ ქართველი მაყურებელი ყველაზე მკაცრია; მას თუ გადაურჩი, სხვასთან უკვე მარტივია "გამოცდის ჩაბარება". ორუელის ეს პიესა დასავლეთისთვის გაცილებით საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ყველა ქვეყანას და მთავრობას შეიძლება მოერგოს. მთავარი ის არის, რომ ედინბურგიდან ძალიან დიდი წარმატება ჩამოვიტანეთ, მაგრამ აქ ამის იგნორირება ხდება, რაც ნამდვილად საწყენია.

- თქვენ ამ წარმოდგენაში რომელი ცხოველის როლი გაქვთ?

- ზურას ცხენის როლი აქვს, მე ცხვრის, რომელიც ბრძოლის დროს "კვდება". შემდეგ მე და ჩემი შვილი ერეკლე "ნაპოლეონის" ძაღლები - დობერმანები ვართ.

- ედინბურგში ნუცაც გყავდათ, არა?GzaPress - დიახ. ასე ვთქვათ, ნუცა აგარაკზე იყო, ისვენებდა (იღიმის). ის დაესწრო 23 სპექტაკლს და ბოლოს, ოცდამეოთხეში ათამაშეს გოჭი. ასე რომ, მისი დებიუტი ედინბურგში შედგა.

- არსებობს თუ არა რაიმე ტრადიცია, რაც ბებიისგან მოგყვებათ და რასაც დღემდე არ ღალატობთ სცენაზე გასვლის წინ?

- არ მიყვარს ცრურწმენები, ცრუმოძრაობები და ყოველგვარი "ცრუ" (იცინის). როლის რვეული რომ დაუვარდებათ ძირს და მაშინვე დააჯდებიან, - როლი არ გამოვაო, ასეთი რამ არ მახასიათებს.

- ამბობენ, რომ ერთხელ, როცა სალომე ყანჩელი მამათქვენთან ერთად რუსთაველზე, გადასასვლელზე გადადიოდა, შუა გზაზე დაუვარდა რვეული და თურმე, დაუფიქრებლად დააჯდა ზედ...

- კი, ასეთი რამ მოხდა. ასეთი ცრურწმენების არ მჯერა. ეს ჩემთვის გადამწყვეტი არ არის.

- ბებიათქვენი როლს საკუთარი ხელით რამდენჯერმე იწერდა...

- კი და ამას მეც ვაკეთებ. ყველაზე ცოტა, სამჯერ გადამიწერია, ზოგჯერ - შვიდჯერაც. ახლახან ვიპოვე ათი წლის წინ, ზურას დადგმული სპექტაკლის - "გმირი" ჩემი პერსონაჟის ტექსტი, რომელიც ხუთჯერ გადამიწერია. "ყურით" ვიმახსოვრებ, მაგრამ უფრო კარგი მხედველობითი მეხსიერება მაქვს და როცა ვწერ, კარგად მამახსოვრდება. 2008 წელს, როცა რუსთაველის თეატრში სალომეს იუბილეს ვაკეთებდი, მაშინ ბებიას ბევრი ასეთი რვეული ვიპოვე, რაც ამ გადასახედიდან, კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- დაბოლოს, ნანუკა, მისი ნივთებიდან რა გაქვთ შემორჩენილი?

- ბებიას ძალიან უყვარდა ბეჭდები, ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები. ყოველთვის დიდთვლიანი, დიდი ზომის ბეჭდები ეკეთა და მეც ძალიან მომწონს მათი ტარება. ზოგჯერ, ღამეც მიკეთია. ასევე, მაქვს ბებიას ნაქონი ძალიან ძველი ქინძისთავი, რომელიც ჩემთვის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთია. სტუდენტობის დროს მისი ნაქონი კაბებიც მეცვა და ეს ძალიან მსიამოვნებდა (იღიმის). ანა კალანდაძე, ჟურნალი "გზა"