მეგრელა შვილს ტყეში მარტო ტოვებდა - გზაპრესი

მეგრელა შვილს ტყეში მარტო ტოვებდა

მოგეხსენებათ, წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, გადაცემის სტუმარი წიგნებს მოიგებს. როგორც გიორგიმ გვითხრა, გადაცემაში მონაწილეობაზე ბევრი ცნობილი ადამიანი ამბობს უარს, ზოგი კი წაგებას ღიმილით ხვდება...

- ვინც გადაცემაში "გვეთამაშე ჩვენ" მოდის, უკვე კარგი ტიპია. ადამიანს ყველაფერი ვერ გეცოდინება, ან შეიძლება, რაღაცები დაგავიწყდეს მაშინ, როცა კამერები გიღებს... ვინმემ მარკესის ვინაობა თუGzaPress იცის, უკვე კარგია, რადგან დღეს საზოგადოებას ის უფრო აინტერესებს, ვინ უფრო დიდი ძუძუ გამოაჩინა...

- გიორგი, გაიხსენეთ ამ გადაცემის სტუმარი, რომელმაც თქვენი გაოცება შეძლო.

- გავოცდი, როცა დავით ზურაბიშვილმა მაქს ვებერის "პროტესტანული ეთიკა და კაპიტალიზმის სული" ახსენა. სხვათა შორის, ამ წიგნის წაკითხვას ყველას ვურჩევ. თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ, მიხვდებიან, რა ამოძრავებთ პოლიტიკოსებს... კიდევ, გავოცდი, როცა გია ჯაჯანიძეს მისი საყვარელი წიგნის შესახებ ვკითხე, მან კი მიპასუხა, - ჩემი წიგნია "ქალი და მამაკაციო" (იცინის)...

- ინტელექტუალური თამაშები გიყვართ?

- ჭადრაკი ყველაზე მეტად მიყვარს. "ფეისბუკზეც" ვთამაშობ... ფეხბურთიც მიყვარს და ადრე "ვფუტბალისტობდი" კიდეც.

- შეჯიბრებისას განცდილი პირველი მარცხი გაიხსენეთ...

- დაახლოებით 11 წლის ვიყავი. მახსოვს, საბურთალოზე ხრეშიანი სტადიონი იყო, რომელსაც "მარაკანას" ეძახდნენ. ფეხბურთის გუნდის კაპიტანი ვიყავი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თამაში დიდი ანგარიშით წავაგეთ. რამდენით რამდენი? ამას ვერც გავამხელ. ასეთი ანგარიშით ფეხბურთის მატჩს არ აგებენ - ტაიმი რამდენწუთიანიც არის, კარში თითქმის იმდენი ბურთი შეგვიგდეს...

- პირველი წიგნი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- ალბათ, ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი". მანამდეPპირველი მნიშვნელოვანი წიგნი "დედა ენა" იყო. მახსოვს, რომ მომცეს, ყდაზე გადასაკრავი გავუკეთე. შეიძლება, "დედა ენა" ბალიშის ქვეშ არ მედო და მასთან ერთად არ ვიძინებდი, მაგრამ ძალიან ვუფრთხილდებოდი.

- პირველი მასწავლებელი...

- კლასის დამრიგებელი - ბელა სიხარულიძე გახლდათ. ძალიან სასიამოვნო ქალი იყო. მახსოვს, გრძელი ჯოხი ჰქონდა, რომელიც ბოლო მერხამდე წვდებოდა. პირველ გაკვეთილზე გვითხრა, - ამ ჯოხს ნურასოდეს გამომაყენებინებთო. მართლა არ გამოუყენებია, არავისთვის დაურტყამს. ისე გამოიშვერდა ხოლმე. ზოგჯერ, ამ ჯოხის წვეტი თავში მომხვედრია. მაშინ "ვფეხბურთელობდი" და თავს ვუფრთხილდებოდი. ამიტომ ჯოხის წვეტს მხარს ან გვერდით მჯდომი თანაკლასელის თავს "ვუშვერდი"... მოკლედ, როგორც ბავშვები "ხულიგნობენ", მეც ისე ვიქცეოდი...

- პირველი თაყვანისმცემელი...

- არ ვტრაბახობ, მაგრამ ბევრნი იყვნენ. მეგობრები სულ მაშაყირებდნენ, რადგან ყოველთვის ვიღაცის სიყვარულით შეპყრობილი ვიყავი და გოგონებს მეც მოვწონდი. ზოგი ჩემი სკოლის თუ სახლის კუთხეშიც იდგა და იმ ქუჩაზეც სპეციალურად დადიოდა, სადაც მე ვიდექი... ეს ძალიან მიხაროდა. ზოგს დავუმეგობრდი კიდეც. ასეთი თავგადასავლები მიყვარდა. ბავშვობიდან "კავეენში" ვთამაშობდი და სცენაზე გამოვდიოდი. ძალაუნებურად, ყურადღების ცენტრში ვექცეოდი...

- პირველი პაემანი...

- მახსოვს, თოვლი იყო. ერთ ულამაზეს გოგოს - ეკას შევხვდი. მეგონა, ყველაფერს ვეტყოდი და ერთმანეთს ვაკოცებდით ისე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა: ვიდექით და ვლაპარაკობდით, ხვალ რა გაკვეთილი გვექნებოდა... მეგონა, რომ სადმე დავპატიჟებდი, მაგრამ ვერ დავპატიჟე, სახლამდეც არ მივაცილე... ალბათ იფიქრა, - დაბნეული ბიჭიაო. მეორე დღეს ერთმანეთს სკოლაში ისე შევხვდით, თითქოს პაემანი არც გვქონია. შემდეგ ერთმანეთი გვიყვარდა, ვიდრე თოვლი მეორედ არ მოვიდა, მერე ორივემ სხვა შეყვარებული გავიჩინეთ... ვინც ამბობს, რომ პირველ პაემანზე ძალიან მაგრად მოიქცა, ე.ი. იტყუება.

- პირველი სატელევიზიო ეთერი...

- პირველ არხზე გადაცემა "გვარები" უნდა გასულიყო. მახსოვს, "პილოტს" ვწერდით. ჩაწერაზე ცხონებულ გოგი გეგეჭკორთან ერთად ვიყავი. სტუმრად მელაძეები და ქათამაძეები გვყავდა - ამ ორ გვარს ვარჩევდით. ბატონი გოგი ოდნავ ხანშიშესულ სტუმრებს ესაუბრებოდა, მე კი ახალგაზრდებს. ძალიან ვნერვიულობდი. ვამაყობდი, რომ ბატონი გოგის გვერდით ვიდექი და ამავდროულად, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. მაშინ პირველ თუ მეორე კურსზე ვიყავი. გადაცემა ძალიან ცუდად წავიყვანე...

- პირველი რეაქცია, როცა შვილმა "მამა" დაგიძახათ...

- "მამა" ერთხელ დამიძახა და ეს ძალიან მაგარი შეგრძნება იყო: სიხარულისგან ჭერს თავი ავარტყი, ორი კოპი ამომივიდა, ძირს დავხტი, იატაკის საწმენს ჯოხს შემოვაჯექი და გაფრენა მინდოდა (იცინის)!.. მგონი, მაშინ წყნეთში ვისვენებდით: შვილი ტყეში დავტოვეთ. შიშისგან პირველად დაიძახა "მამა". გავოცდით. მერე ტყეში კიდევ ვუშვებდით ხოლმე, - იქნებ შეეშინდეს და "მამა" დაიძახოსო, მაგრამ აღარ უთქვამს. დღემდე "გიოს" ან "მეგრელას" მეძახის. დედასაც სახელით მიმართავს.

GzaPress- პირველი წვეულება, რომელზეც მშობლების გარეშე იყავით...

- ფეხბურთის გუნდი მოსკოვში წაგვიყვანეს. იქ მოწინააღმდეგე გუნდის წევრებმა წვეულებაზე დაგვპატიჟეს - ვიღაცის დაბადების დღე იყო. მაგრად გავერთე! "ლამბადა" ბოლო ხმაზე იყო ჩათული და ვუყურებდით, იქაური გოგონები როგორც ცეკვავდნენ...

- თქვენ არ ცეკვავდით?

- ახლა ყველაფერს ნუ მომაყოლებ (იცინის)...

- პირველი სტრესი...

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ვერ ერკვევი, ამ ცხოვრებში რა გინდა... იმ პერიოდიდან სიცარიელის შეგრძნება მახსოვს...

- პირველი ნაბიჯი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...

- როდესაც ჩემი პირველი მხატვრული ფილმი - "იბრძოლე" გადავიღე, მივხვდი, რომ თუკი "ნული" ბიუჯეტით ასეთი ფილმის გადაღება მოვახერხე, "კინოს კეთებაც" შემიძლია. შემდეგ მეორე ფილმი - "ტრაქტორი" გადავიღე. ახლა მესამეზე ვაპირებ მუშაობას, ოღონდ - ჯერ ფული უნდა ვიშოვო...

- პირველი მავნე ჩვევა, რომლის დაძლევაც მოახერხეთ...

- სიგარეტი "გადავაგდე". 16 წლიდან ვეწეოდი. 8-9 წელია, რაც თავი დავანებე. ბოლოს სამზარეულოში მოვწიე 3 ღერი და ვთქვი, რომ მოწევას თავს ვანებებდი და ასეც მოვიქეცი.

- პირველი უთანხმოება მშობლებთან...

- პირველად ღამით სახლში რომ არ მივედი, ეს ფაქტი მშობლებთან დიდი კამათის მიზეზი გახდა. მოზარდი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უკვე "დიდი" გახლდით და თავს უფლებას ვაძლევდი, შინ არ მივსულიყავი.

- პირველი როლი, რომლის შესრულებაც ინანეთ...

- ასეთი როლები არსებობს, მაგრამ ვერ დავასახელებ - ჩვენს პროფესიაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არსებობს ხოლმე... მაშინ ჩემი საქმე კეთილსინდისიერად შევასრულე, ახლა კი ვნანობ, რადგან უკეთესი რაღაცების გაკეთება შემეძლო. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"