"მის ხმაში ერთდროულად, მეტალი და სითბო იგრძნობა" - გზაპრესი

"მის ხმაში ერთდროულად, მეტალი და სითბო იგრძნობა"

ენერგიული, დაუზარელი, თავდაჯერებული, - ასე ახასიათებენ ნუცას ის ადამიანები, ვინც მასთან ერთად წინასაკონკურსო პერიოდში მუშაობდა. ნუცამ ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი შეფასება - 11 ქულა მიიღო. ის კონკურსის პირველი დღიდანვე ლიდერი იყო.

საქართველოში ტრანსლაციას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი მონაწილეობდა.GzaPress

"ვუსმენდი ნუცას და ძალიან ამაყი ვიყავი. ჩემი და რატის გამარჯვების სიხარული განმიახლდა. ეს საოცარი შეგრძნებაა", - ამბობს მომღერალი მაკა ზამბახიძე.

- არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. 17 წლის გოგოსთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. კარგად შერჩეული რეპერტუარი, იმიჯი, არტისტიზმი - ყველაფერი დადებითი და კარგი იყო. მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ!

- ვიდრე გაემგზავრებოდა, მას შეხვდით, არა?

- კი. ქართულ სიმღერას ერთად ვარჩევდით, ვმსჯელობდით. მის წინასაკონკურსო სამზადისს აქტიურად ვადევნებდი თვალს.

- მისი რომელი გამოსვლა იყო შენთვის შთამბეჭდავი?

- ნუცას სამივე გამოსვლა მომეწონა. პირველ საკონკურსო დღეს კარგი სტარტი აიღო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. ძალიან მომეწონა მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა. როგორც ჩემი და რატის შემთხვევაში მოხდა, ნუცამაც ყველაზე დიდი ქულები ბოლო საკონკურსო დღეს მიიღო. იურმალადან ოთხშაბათს, გამთენიისას ბრუნდებიან და აეროპორტში უნდა დავხვდე. ზუსტად ვიცი, ახლა როგორ განცდებშია, როგორი ემოცია აქვს...

- შარშან სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტი "ჯორჯიაც" იყო. წელს რატომ არ გაემგზავრეთ?

- წელს განსხვავებული დაგეგმვა მოხდა. ისე, გულშემატკივრის როლში ყოფნა არანაკლებ აზარტულია.

- ჟიურის შეფასებებზე რას იტყვი? კირკოროვის 10-იანმა ბევრი ქართველი გულშემატკივარი გაანაწყენა.

- ჟიურის ვერაფერში დავადანაშაულებ. ჟიურიში განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს. ჩემი აზრით, ერთსულოვანი ჟიური იყო. კირკოროვის 10-იანს არ გავუღიზიანებივარ, მას ამის გამო ვერ გავაკრიტიკებ. ჩვენს დროსაც დაიწერა ასეთი ქულა და მახსოვს, აგუტინი ამის გამო ლამის, "გააციმბირეს". საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ნუცას კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას.

ნუცა ბუზალაძე 2 თვის განმავლობაში ვოკალში ნუცა ჯანელიძესთან ემზადებოდა.

- ნუცა ჩემთან ყოველ მეორე დღეს დადიოდა. ქართულ სიმღერაზე ერთად ვიმუშავეთ. დღეს ნუცას ხსენებაზე მეღიმება, სიამოვნებით და სიამაყით სავსე ვარ.

- პედაგოგის თვალით დანახული ნუცა ბუზალაძე როგორია?

- მას დიდი დიაპაზონის ხმა აქვს, ამ ხმაში ერთდროულად, მეტალიც იგრძნობა და სითბოც. ეს ბუნების დამსახურებაა, მაგრამ თანდაყოლილ ნიჭი თუ არ განავითარე, გინდ გქონია, გინდ - არა. ნუცას შრომა უყვარს, ეს მისი ღირსებაა, რაც საბოლოო ჯამში, საუკეთესო შედეგს გვაძლევს.

GzaPress- ძალიან ღელავდა?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განიცდიდა. ერთადერთი, რაზეც ყველაზე მეტად ნერვიულობდა, ფონოგრამის საკითხი იყო. მოგეხსენებათ, ფონოგრამა წინასწარ იგზავნება. ბევრი დეტალი თანხმდება. არ ვიცოდით, ქართული სიმღერა რომელ ფონოგრამაზე უნდა გვემღერა.

- სოფო ხალვაში რა ნიშნით შეირჩა?

- კონკურსის წესებში ცლილება შარშან შეიტანეს. მომღერალს თავის ქვეყნის ჰიტი კონკურსზე გასულ წინა რომელიმე შემსრულებელთან ერთად უნდა ემღერა. შარშან სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტი "ჯორჯია" გამოვიდა, წელს კი ნუცასთან ლელა წურწუმიამ სოფო ხალვაში დააწყვილა. ვფიქრობ, კარგი ტანდემი გამოვიდა. მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და სოფო ხალვაში იურმალაში ძალიან უყვართ. "ჯორჯიას" იქ "ვარსკვლავიც" გაუხსნეს. ალბათ ნუცასაც გაუხსნიან. მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ნუცას და საქართველოს ეს გამარჯვება მივულოცო! მინდა, მადლობა ვუთხრა მსმენელს და ჟიურის წევრებს, რომელთა შორის "მამალი" რუსები იყვნენ. მამულიჩა ნუცას სულ ეუბნებოდა: იცოდე, გახსოვდეს, შენს უკან საქართველო დგასო. მაყურებელი ნუცას ყოველ გამოსვლას ოვაციით ხვდებოდა. ამ ადამიანებმა ნიჭი დააფასეს, პოლიტიკაზე მაღლა დადგნენ და ეს უდაოდ, დასაფასებელია. თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"