მსახიობი, რომელსაც აფხაზეთის ომმა ბავშვობა წაართვა - გზაპრესი

მსახიობი, რომელსაც აფხაზეთის ომმა ბავშვობა წაართვა

"რეჟისორი დათო საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში ედუარდო დე ფილიპოს პიესას - "ნიაპოლი მილონერთა ქალაქი" დგამს, მაგრამ ამ წარმოდგენაში "იქაური" ნეორეალიზმი, ჩვენი 90-იანი წლები და დღევანდელი ლარის კურსი იქნება შერწყმული...", - ასე დაიწყო ჩემთან საუბარი მსახიობმა გიორგი გასვიანმა, რომელიც აქტიური და მრავალმხრივი მსახიობია. აქვს ბერი სამსახური: ორი თეატრის ("სოხუმისა" და "სანდრო ახმეტელის"), შტატიანი თანამშრომელია, ასევე - რადიოწამყვანი, ტელევიზიის "ხმაა" და ა.შ. რაც მთავარია, უზომოდ უყვარს თავისი პროფესია. თეატრალურ უნივერსიტეტში მისი პედაგოგი გოგი ქავთარაძე იყო, მაგრამ მანამდე მსახიობის ხელობის საიდუმლოში მურმან ჯინორიამ გაარკვია.

- როგორც ვიცი, მსახიობ მურმან ჯინორიას პედაგოგად მიიჩნევ...

GzaPress- ერთმანეთი ერთ-ერთ ტაძარში, რელიგიურ დღესასწაულზე გავიცანით. იმ ეკლესიაში 10 წელი ვგალობდი. ბატონი მურმანი ტაძარში წირვა-ლოცვაზე დადიოდა. ერთხელაც, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ... ბავშვობიდან მიყვარდა ეს მსახიობი და კომპლიმენტიც ვუთხარი. მაშინ 16 წლის ვიყავი და მსახიობობა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. ეს რომ გაიგო, გაოცდა. როგორც ჩანს, არ ეგონა, ასეთი არჩევანი თუ მქონდა გაკეთებული... მითხრა, - თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებს მხატვრულ კითხვას ვასწავლი და იქ მოდი; ისეთ რაღაცებს გაიგებ, რაც გამოგადგებაო... მისი მადლიერი ვარ. ძალიან "ღრმა" ადამიანია, ცოტა - მისტიკურიც, ცოტა დინების საწინააღმდეგოც და რაც მთავარია, კრისტალურად სუფთა: სამსახიობო ინტრიგაში არასდროს ჩარეულა...

უნივერსიტეტში მის ლექციაზე რომ მივედი და მოვუსმინე, პირი ღია დამრჩა. ჩემი მომავალი პროფესია სხვანაირად დავინახე და მას მერე ლექცია არ გამიცდენია... გამოცდების ჩაბარების პერიოდი რომ მოახლოვდა, მითხრა, - მაჩვენე და მომასმენინე, რა გაქვს მომზადებულიო და შინ დამიბარა. მასთან ოჯახშიც თბილად მიმიღეს. რამდენიმე ეტიუდი გამაკეთებინა... მოკლედ, საგამოცდოდ უანგაროდ მომამზადა, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი. სხვათა შორის, არასდროს შევუქივარ... უნივერსიტეტში აუცილებლად, "უფასოზე" უნდა მოვხვედრილიყავი, რადგან ვიცოდი, ოჯახი სწავლის საფასურს ვერ გადამიხდიდა. ისე, მოხდა, რომ უმაღლესი ქულები მივიღე. მოკლედ, გამიმართლა... ახლა შემთხვევით ვისარგებლებ, ბატონ მურმანს თქვენი ჟურნალის საშუალებით, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა.

- სოხუმში დაიბადე. შენი ბავშვობის პერიოდი აფხაზეთის ომს დაემთხვა. ალბათ, ის წლები მძიმედ გახსოვს. ასეა?

GzaPress- ომი რომ დაიწყო, ექვსი წლის ვიყავი, სკოლაში უნდა შევსულიყაი. ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია. ომის დაწყების შემდეგ საოცარი სირთულეები გამოვიარე და ამის გამოც იყო ალბათ, აზროვნებითა და ცნობიერებით ადრე რომ მოვმწიფდი. შეიძლება ითქვას, ბავშვობა ექვსი წლის ასაკში დავამთავრე...

ომი კი ჩემთვის ასე დაიწყო: ჩვენს სახლს, სადაც მე, დედა და მამა ვცხოვრობდით, გადაუფრინა თვითმფრინავმა და სახურავს რაღაც დაეცა. როგორც გაირკვა, ჭურვის ნამსხვრევი იყო. იმ პერიოდში გადავრჩით. დაიწყო დაბომბვა, სოხუმიდან ბავშვებისა და ქალების გამოყვანა დაიწყეს. მე დეიდებმა წამომიყვანეს, ჩემი მშობლები კი იქ დარჩნენ. კოშმარივით მახსოვს ის პერიოდი... მთელი დღე ვიდექით და იმ თვითმფრინავში ვერ შევდიოდით, რომელიც თბილისში მოფრინავდა, ეს მხოლოდ ღამით მოვახერხეთ. ის იყო, სალონში სახანძრო კიბით უნდა ავსულიყავით, რომ უცებ ჭურვი ჩამოვარდა. საშინელი ხმა ჰქონდა, კვამლმა დაფარა ყველაფერი. არავინ დაშავებულა, მაგრამ საშინელი პანიკა კი გამოიწვია. იმ გაუგებრობაში მამას თავში კონდახი ჩაარტყეს, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - თურმე, "გაჟონვა" დაემართა, რასაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქცია და ერთ თვეში ინსულტი მიიღო, მარჯვენა ხელ-ფეხი წაერთვა...

მერე ზავი გამოცხადდა და ადამიანები სოხუმში, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. იმ პერიოდში ჩემი მშობლები უკვე თბილისში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამას ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, აქ ვერ გაჩერდა და სოხუმში დაბრუნდა. მერე მე და დედაც წავედით. მალე სოხუმი ისევ გაეხვა კვამლში. მახსოვს, მეზობლის ბუნკერში გადამმალეს. მამა ცუდად გახდა, შეტევა დაემართა... ახლაც ყურში ჩამესმის იმ შემზარავი დაბომბვის ხმა, რომელიც ბუნკერშიც აღწევდა. ვნერვიულობდი. მეშინოდა, ჩემს მშობლებს რაიმე არ დამართნოდათ...

- საბოლოოდ, იმ საშინელებას თავი როგორ დააღწიეთ?

- იმ ღამეს გადავრჩით, ჩვენი უბანი არ დაიბომბა და ისევ დეიდამ წამომიყვანა თვითმფრინავით. მე და ჩემი დეიდაშვილი პილოტის გვერდით ვისხედით. მშობლები ისევ იქ ჩარჩნენ. ჭუბერის გზით ვერ გამოვიდოდნენ, რადგან მამა მძიმედ იყო. ამიტომ დედამ ზურგზე მოკიდებული, გემამდე ძლივს მიიყვანა... მამა 36 წლის ასაკში დაინვალიდდა, 6 წელი საავადმყოფოში იყო, დედა უვლიდა, მაგრამ არაფერი ეშველა, 42 წლისა გარდაიცვალა.

- მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი... ფართო საზოგადოებამ სერიალით - "გოგონა გარეუბნიდან" გაგიცნო. სახასიათო როლი გქონდა, მარინა კახიანის პარტნიორი იყავი...

- როცა დამირეკეს, მითხრეს: ამ როლზე ბევრი მსახიობი გავსიჯეთ და ვერავინ შევარჩიეთო. სინჯებზე მივედი... ორ დღეში დამირეკეს და მითხრეს, მოგვეწონეო. ჩემი გმირი - ვატო ქალბატონი ლალის ინტრიგანი, "შეგზავნილი" ასისტენტი იყო, რომელიც ჰომოსექსუალს თამაშობდა...

- შოუბიზნესის წარმომადგენლებთან მეგობრობ. მაგალითად, ხშირად ხარ ანრი ჯოხაძის გვერდით...

- ანრი ჩემი ახლობელია და მის კლიპებშიც ვმონაწილეობ. ერთმანეთის კარგად გვესმის. იცის, რა რაკურსით უნდა გადაგიღოს, რა გათამაშოს, თან - პერსონაჟებს ერთად ვქმნით. ის მარტივად უხსნის მსახიობს, თუ რა უნდა მისგან. ანრი ძალიან კარგი მეგობარია და მეამაყება, მისი სახით ასეთი მეგობარი რომ მყავს.

- როგორც ვიცი, ასტროლოგიით ხარ გატაცებული.

GzaPress- არ შეიძლება, მორიელს ასტროლოგია არ აინტერესებდეს. ჩემი პროფესის წყალობით, ადამიანებზე დაკვირვებას ისედაც ვახდენ. მსახიობებს თვალი გამეცადინებული გვაქვს, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევთ, იმასაც კი - რაც ფოკუსსა და კადრში არ მოხვდა... თავიდან ასტროლოგიით დეიდაშვილმა დამაინტერესა, შემდეგ ანრიც შემომიერთდა და ახლა ბევრ რაღაცას ასტროლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე ვაფასებთ.

- როდესაც ადამიანს გაიცნობ, მაშინვე ინტერესდები მისი ასტროლოგიური ნიშნით?

- კი, ასეა. მერე ვცდილობ გამოვიცნო, მატყუებს თუ არა, როგორი რეაქცია ექნება ჩემს ამა თუ იმ საქციელზე, ღირს თუ არა მასთან კამათი და ა.შ.

- რადიოწამყვანიც ხარ და საკმაოდ ბევრი ფანი გყავს. ხალხს ხმით აჯადოებ, არა?

- (იცინის) შეიძლება, ბევრ "ვარსკვლავსაც" კი შეშურდეს, იმდენი ფანი მყავს. რადიოწამყვანებს მსმენელების სახით საოცრად ერთგული გულშემატკივრები გვყავს: ერთი რადიოდან მეორეში გადავსულვარ და იქ "გადმომყოლიან". საჩუქრებს მიგზავნიან, დღესასწაულებს მილოცავენ. არის რამდენიმე ქალბატონი, რომლებსაც შეუძლებელია, არ შევეხმიანო. მათ რომ ვურეკავ, ძალიან უხარიათ. წელს, ახალი წლის ღამეს კონცერტი მიმყავდა. პირველის ხუთ წუთზე, როცა "მრავალჟამიერი" ჟღერდა, ქალბატონ ნარგიზას ვურეკავდი (იცინის), რომ მისთვის 2015 წლის დადგომა მიმელოცა, რადგანაც ვიცოდი, ჩემი სატელეფონო ზარი ძალიან გაახარებდა...

- ტელევიზიებშიც მუშაობ...

- კი, ასეა. იცი, ვმღერი კიდეც, მაგრამ სოლო კარიერაზე არ მიფიქრია... ბევრ საქმეში ვცდილობ საკუთარი ძალების მოსინჯვას, მაგრამ ჩემთვის მთავარი მსახიობობაა და მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში უამრავი პრობლემაა, ხან მთავარი როლი მითამაშია, ხანაც - ეპიზოდური, რასაც სცენაზე ვაკეთებ, სწორედ ეს არის ჩემთვის უდიდესი სიამოვნება.

ლალი ფაცია