თამუნა ლეკვეიშვილის სამი "საოცრება" - გზაპრესი

თამუნა ლეკვეიშვილის სამი "საოცრება"

მისი ცნობილი შეძახილი: "ხალხოოოოო" დიდი ხანია, მაყურებელმა შეიყვარა. თამუნა ლეკვეიშვილი დაძაბული სამუშაო რეჟიმის შემდეგ შინ მიიჩქარის, სადაც სამი მცირეწლოვანი, არცთუ ისე იოლად მოსავლელი შვილი ელოდება.

- სამი ძალიან საყვარელი შვილი მყავს: 5 წლის ნინი, 3 წლის ნიკოლოზი და წლისა და სამი თვის ელენე... ნიკოლოზი და ელენე საკეისრო კვეთით გავაჩინე. ისე დაემთხვა, რომ ორივე ნოემბერში გაჩნდა. იყო შანსი, ერთსა და იმავე დღეს დაბადებულიყვნენ, მაგრამ არ მოვინდომე. ჰოდა, ერთი 24-ში გავაჩინე, მეორე - 25-ში.

- შვილები გარეგნულად გგვანან...

- სამივე მგავს ცხვირით (იცინის). ჩემი ბავშვობის დროინდელი ფოტოები რომ ნახოთ, ჩვენ შორის მსგავსება გაგაოცებთ. განსაკუთრებით კი ნინი მგავს. ნუ, რაღაცებით მამას - გიგისაც ჰგვანან... ნიკოლოზსა და ელენეს მოწითალო თმა აქვთ. როგორც ამბობენ, თმის ასეთი შეფერილობა გიგის ბებიას ჰქონდა.

- ძალიან აქტიური, მოძრავი და ცელქი ბავშვები არიან...

GzaPress- კი, მაგრამ ამავდროულად, საოცრად თბილები გახლავან. ნიკოლოზი ძალიან კეთილია. ლუკმას ისე არ შეჭამს, ნინის რომ არ გაუყოს (იღიმის). ბავშვებს ჰყავთ ძიძა, რომელიც უვლის ნიკოლოზსა და ელენეს. რაც შეეხება ნინის - ის ბაღში დადის და 7 საათამდე იქ უწევს ყოფნა... ჩემთვის საუკეთესოა დროის ის მონაკვეთი, როცა შვილებთან ერთად ვარ. თითქმის ერთდროულად იძინებენ. ახლა ნიკოლოზი დამოუკიდებლად დაძინებასაც შეეჩვია, რაც მახარებს.

- შვილებს ძილის წინ არ უმღერი?

- კი, გოგონების შუაში ვწვები და ვმღერი. თუმცა, ბოლო დროს მივხვდი, რომ ჯობია, არ ვიმღერო, რადგანაც მერე შეკვეთას მაძლევენ: - ახლა ეს გვინდა, ახლა ისო და დაძინების პროცესი იწელება...

- მუსიკალურები არიან?

- სამივე მუსიკალურია. ნინის 100%-იანი სმენა აქვს. უშეცდომოდ იმეორებს ისეთ ფრაზებს, მაოცებს.... ელენე საოცრებაა: ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს აბსოლუტურად სწორად მღერის. სიმღერას რომ დავიწყებ, ის აგრძელებს. ნიკოლოზიც მუსიკალურია, მაგრამ ეს საქმე გოგონებს უკეთ გამოსდით (იღიმის)... სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც მუსიკოსია: ინსტრუმენტალისტი, ალტისტი, კონსერვატორია აქვს დამთავრებული.

ამასთან, გიგი მუსიკალური ოჯახიდან არის: დედა მუსიკოსი ჰყავდა - ვოკალისტი მანანა ეგაძე. ის კონსერვატორიაში კათედრის გამგე იყო, ცნობილი პედაგოგი და ბევრი კარგი მუსიკოსი აღუზრდია. მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი. სამწუხაროდ, ის 2007 წელს გარდაიცვალა. მე მაშინ მათი რძალი არ ვიყავი, მაგრამ ქალბატონ მანანას კარგად ვიცნობდი ჯერ ერთი, კონსერვატორიიდან და მეორეც, ხშირად მოვდიოდი მის ოჯახში სტუმრად, როცა მე და გიგი შეყვარებულები ვიყავით. ძალიან თბილი ქალი იყო, კულტურული. გიგის მამაც მუსიკოსია, წლების განმავლობაში ოპერის ორკესტრში უკრავდა, ალტისტი იყო. ასე რომ, ჩემი მეუღლე დიპლომიანი მუსიკოსების ოჯახიდან არის, მე კი უდიპლომო მუსიკოსების ოჯახიდან: დედა კარგად მღერის, მამაც მღეროდა და საყვირზე უკრავდა. ის 2009 წელს გარდაიცვალა.

- სურვილი თუ გაქვს, რომ შენი შვილები მუსიკოსებად ჩამოყალიბდნენ?

- ნიკოლოზი არ ვიცი, მაგრამ გოგონები აუცილებლად უნდა ვატარო მუსიკალურ სკოლაში. კლასიკური მუსიკა უნდა ისწავლონ, განათლება მიიღონ. სმენა, გემოვნება აქვთ. თუმცა, როცა გაიზრდებიან, პროფესიულ არჩევანს თავად გააკეთებენ, მათ ვერაფერს დავაძალებ.

- სამსახურში რომ მიდიხარ, ტირიან?

- არ ტირიან, მაგრამ ნიკოლოზი ძალიან ცელქია და ოჯახის წევრები ყურდღებით უნდა იყვნენ, რომ არ გამომყვეს. სახლიდან იპარება ხოლმე ან ჩაიცვამს "ბურტკას" (როგორც თვითონ ეძახის) და ამბობს, მალე მოვალო. რაც მთავარია, "ბურტკას" უკუღმა იცვამს, "კაპიუშონი" ქვემოთ აქვს ხოლმე მოქცეული...

ცოტა ხნის წინ ასეთი რამ მოხდა: ძიძა უნდა მოსულიყო. ჰოდა, კარის საკეტი გავხსენი, მე კი საძინებელში შევედი: ცოტა ხანს კიდევ დავიძინებ-მეთქი. ამასობაში, ნიკოლოზს როლინგზე "ბურტკა" ჩაუცვამს. წელს ქვემოთ სრულიად შიშველს ნინის "ბალეტკებში" ჩაუყვია ფეხი, კარი გაუღია და გარეთ გასულა. ბედად, ძიძა შეხვდა. გაგვიმართლა, თორემ სად წავიდოდა, ვინ იცის...

საშინლად ცელქია. ორჯერ გვეგონა, რომ წნევის წამალი დალია. მართალია, ბავშვების გამო სახლში "საშიშ" რაღაცებს ვმალავთ, მაგრამ მაინც უპოვია. მოკლედ, ორჯერ მყავდა საავადმყოფოში ამის გამო, სადაც მამშვიდებდნენ: სინამდვილეში, ბავშვს არაფერი დაულევიაო. 2 წუთითაც ვერ მოაცილებ თვალს.

- გიგი არ გეხმარება ბავშვების აღზრდაში?

GzaPress- ისიც მუშაობს, თავისი საქმე აქვს. თუმცა, ნინი ბაღში მას მიჰყავს და მასვე მოჰყავს. პატარებს ხშირად ასეირნებს... მესამე შვილზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მეგობრები მეხუმრებოდნენ: მალე სახლმწიფო დახმარებას აიღებო. ელოდნენ, რომ მეოთხესაც გავაჩენდი (იღიმის).

როცა სახლში ვარ, მე და ნინი ერთად ვხატავთ ხოლმე რაღაცებს. ეს საქმე ნინისაც უყვარს და მეც, მაგრამ ნიკოლოზი ხელს გვიშლის. ჩემს შვილებს უყვართ ზღაპრების მოსმენა და მათ წიგნს ხშირად ვუკითხავ, მერე კი ჩემს წაკითხულს ნინი მიყვება. ეს პროცესი ნიკოლოზსაც მოსწონს. გვაქვს სიმღერის გაკვეთილებიც: როიალთან ვსხდებით და საბავშვო სიმღერებს ვასრულებთ.

- ბრაზიანი დედა ხარ?

- ხანდახან კი. ჩემი სიბრაზე ხმის აწევაში გამოიხატება. როცა ვამბობ: იცოდეთ, გავბრაზდები-მეთქი, იციან, ვიყვირებ და ჩერდებიან (იღიმის).

- ტელევიზორში რომ გხედავენ, როგორი რეაქცია აქვთ?

- "ორი დედიკოო", - ასე ამბობენ. "ხალხოოო" რომ ესმით, მოსწონთ. აი, თამუნა ყვირისო, - ამბობენ და თვითონაც ყვირიან.

- ეკა ბესელიას პაროდიასა და შეძახილზე: "ხალხოოო" ყველას გულიანად ეცინება. თავად თუ მოგწონს?

- (იღიმის) განსაკუთრებულ არაფერია. ამ პერსონაჟის შესაქმენლად ბევრი არც მიმუშავია.

- პაროდიების ნიჭს ადრე არ ამჟღავნებდი. ახლა რამ მოგცა ბიძგი?

- ეკა ბესელიას რომ ვახმოვანებ, ვფიქრობ: ეს ნაკლებად არის პაროდია, უფრო - უტრირებაა. პირველი პაროდია, რაც გავაკეთე, რეჟისორ ქეთი დოლიძის იმიტაცია გახლდათ. ჟიმნის "დუღარე შოუში" ერთ-ერთ სტუმრად "ქეთი დოლიძეც" უნდა ჰყოლოდათ. სცენარი რომ დაიწერა, კითხვა გაჩნდა: ვინ განასახიერებდა ამ ქალბატონს? მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. ძალიან შემეშინდა, დავიძაბე, რადგან სახასიათო მანერების მქონე ქალბატონია... შესაბამისი პარიკი, სამკაულები, სათვალე, პომადა - ყველაფერი მომარგ-წამისვეს, რომ გარეგნულად დავმსგავსებოდი. მერე შევეცადე, საუბრით, მანერით მიმებაძა. ამ როლს კარგი გამოხმაურება მოჰყა. როგორც ჩანს, მაყურებელს "ქეთი დოლიძე" მოეწონა.

- თავად ქალბატონ ქეთის თუ მოეწონა?

- მან სოციალურ ქსელში გაგვლანძღა: უნიჭოები, მასხარები და კარიკატურები გვეძახა. ჩემი აზრით, ეს არ უნდა გაეკეთებინა. მისთვის პასუხი არ გაგვიცია. თუ ვიღაც შენს პაროდიას აკეთებს, ე.ი. რაღაცას წარმოადგენ. ჰოდა, ასე არ უნდა გაბრაზდე...

- ეკა ბესელიაც ხომ არ გაგინაწყენდა?

- არა, მას კარგი რეაქცია ჰქონდა. ეჭვი მაქვს, მოსწონს კიდეც თავისი გმირი.

- "იმედის კვირის" პაროდიისას ინგა გრიგოლიას იმიტაციის გაკეთებაც სცადე...

- ეგ ნომერიც ხმაურიანი იყო, კრიტიკაც დაიმსახურა: თავად ადრესატს, ინგა გრიგოლიას არ მოეწონა, გააპროტესტა... ჩვენ ყოველდღე სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. ახლა შაბათ-კვირას "ფანოღიც" დაგვემატა, მე კი ამ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ და თითოეულ მონაწილესთან მიწევს მუშაობა. მათთან ერთად ვარჩევ სიმღერას, მერე კი მის დამუშავებაზე ვზრუნავთ და ა.შ.

ლალი ფაცია