კაზინოში წაგებული თანხა, დაკარგული ოქროს ნივთები და... - გზაპრესი

კაზინოში წაგებული თანხა, დაკარგული ოქროს ნივთები და...

ჩემი მეუღლეც ასეთია - სიკეთის კეთება უყვარს". თურმე, მსახიობს ფული და ძვირად ღირებული ნივთები ბევრჯერ დაუკარგავს.

- ამბობენ, - ფული ხელის ჭუჭყიაო, მე კი ამ გამონათქვამს არ ვეთანხმები. ადამიანს ფული ყოველთვის სჭირდება და რაც უფრო მეტი გაქვს, მით უკეთესია (იცინის).

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი როდის აიღე?

- 16 წლის ვიყავი, მუშაობა ბავშვთა ფედერაციაში რომ დავიწყე. ძალიან მომწონდა ის საქმე, რასაც იქ ვაკეთებდი... რაც შეეხება პირველ ხელფასს: მახსოვს, კიკალამ კლიპში გადამიღო და ჰონორარი მომცეს. იმ თანხით ძმას ტყავის ქურთუკი ვუყიდე.

- ფულის შეგროვება გიყვარს?

GzaPress- ფულის გამნადგურებელი ვარ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც თანხის შეგროვება შეუძლიათ. რაც მაქვს, უნდა დავხარჯო.

- შენს შვილს ყულაბა თუ აქვს?

- დიახ, აქვს... ისეთი ყულაბა იყიდა, საიდანაც დედა იოლად ვერ ამოაცლის ფულს (იცინის).

- ანუ იმის ნაცვლად, რომ ფულის შეგროვებაში დაეხმარო, "ძარცვავ"?

- არა, თანხის შეგროვებაში მეც ვეხმარები, მაგრამ მერე თუ დამჭირდება, უნდა მასესხოს. ვალს აუცილებლად დავუბრუნებ. რა ვქნა, ყაირათიანად ხარჯვა არ შემიძლია. საღამოს შინ მისული საფულეს რომ გავხსნი, ვწუწუნებ: ამდენი ფული მედო და ნეტავ, რაში დავხარჯე-მეთქი? ბავშვობიდანვე მფლანგველი ვიყავი. ძმა ჩემზე 6 წლით უფროსია. ფულს რომ გვჩუქნიდნენ, მთელ თანხას მე ვხარჯავდი, ჩემს ძმას კი ჰბრალდებოდა: შენ დახარჯავდიო.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- უფ... ოჯახის ახლობლები, ნათესავები ფულს ხშირად გვჩუქნიდნენ. რომ გვეტყოდნენ: მოდით, ფული უნდა გაჩუქოთო, ჩემს ძმას რცხვენოდა, გარბოდა და იმალებოდა... მე კი მივდიოდი და ვამბობდი: იმისიც მე მაჩუქეთ-მეთქი (იცინის). კიდევ, ბავშვობაში კონცერტებს ვმართავდით, დასასწრებ ბილეთებს ვყიდდით და ასე ვშოულობდი ჯიბის ფულს.

- შეგროვილ თანხას რაში ხარჯავდით?

- ძირითადად, ტკბილეულს, სათამაშოებს ვყიდულობდით... მიმაჩნია, რომ კეთილი ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა სხვებს ვეხმარები. მახოვს ყველა ახლობლის დაბადების დღე და მათთვის საჩუქარს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვარჩევ. შეიძლება, სუვენირის საყიდლად მთელი დღე ვიარო. სხვას ისეთ რამეს ვერ მივართმევ, რაც თავად არ მომწონს.

- მატერიალურად დამოუკიდებელი როდიდან ხარ?

- 18 წლიდან მქონდა საკუთარი შემოსავალი, მაგრამ ცხადია, მხოლოდ ჩემს ხელფასზე არ ვიყავი დამოკიდებული, მშობლებიც მეხმარებდნენ. მერე, როცა გავთხოვდი, ერთი პერიოდი შინ "ჩავჯექი" და მატერიალურად მეუღლეზე დამოკიდებული გავხდი. თუმცა, ჩემი უმუშევრობა დიდხანს არ გაგრძელებულა - მალე ისევ გამიჩნდა საკუთარი შემოსავალი.

- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას ვერ ახერხებ?

- არა... ხელფასს რომ ავიღებ, უკვე ვიცი, ის ფული ბოლო თეთრამდე, რაში უნდა დავხარჯო. ამიტომ, ხელფასი მინიმუმ, 2 დღე მაქვს.

- ფულს ძირითადად, რაში ხარჯავ?

GzaPress- როცა საქმე შვილის გართობას ეხება, უკან არაფერზე ვიხევ. არ მიყვარს, მშობლებს ბავშვები გასართობად რომ მიჰყავთ და რაღაცებზე უარს ეუბნებიან. ჩემთან ერთად სადმე წასვლა არა მარტო ჩემს შვილს უყვარს, არამედ მეგობრებისა და ახლობლების პატარებსაც. იციან, რომ მათ სალომე უარს არაფერზე ეტყვის. ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ.

- შოპინგი გიყვარს?

- რომ გითხრა, ხელფასის უმეტეს ნაწილს შოპინგში ვხარჯავ-მეთქი, - მოგატყუებ. ბოლო დროს წონაში ცოტა არ იყოს, მოვიმატე და ახალ სამოსს საერთოდ აღარ ვყიდულობ. როცა დავიკლებ, გარდერობს მერე განვაახლებ.

- საოჯახო ნივთების შეძენა გიყვარს?

- ბოლო დროს საოჯახო ნივთებსაც აღარ ვყიდულობ. ახალ სახლში რომ გადავალ, ამაზე მერე ვიზრუნებ. ისე კი, მიყვარს ლამაზი ჭურჭელი და ავეჯი.

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- წარმატების მისაღწევად ფულიც საჭიროა. თუმცა, თუ უნიჭო ხარ, როგორი მდიდარი ოჯახის შვილიც უნდა იყო, წარმატებული ვერ გახდები. ყველაზე მთავარი კი იღბალია. ადამიანს თუ გაგიმართლა, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა და, შეიძლება, ნიჭიერმაც კი მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადგილი ტკეპნო, წინ ვერ წახვიდე.

- ამ ეტაპზე რამდენი სამსახური გაქვს?

- ვმუშაობ "რედაქცია ნომერ 3"-ში, პიარის კუთხით. ვთამაშობ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".

- როცა მატერიალური პრობლემა გაქვს, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- პირველ რიგში, მეუღლეს, მერე უკვე - მშობლებს.

- საბანკო მომსახურებით არ სარგებლობ?

- ადრე თითქმის ყველა ბანკის ვალი მქონდა. მერე, როგორც იქნა, ყველა კრედიტი დავფარე, რაც ძალიან მიხარია და არა მგონია, ოდესმე კიდევ მომინდეს მათი შემოთავაზებებით სარგებლობა. გადაწყვეტილი მაქვს, რომ კრედიტი არასდროს ავიღო!

- მეგობრისგან თუ გისესხებია ფული?

- კი, როგორ არა! მგონი, ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფულის სესხება არ დასჭირვებია.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- კი, კარგი გადამხდელი ვარ. თუ ვხედავ, რომ მევალეს თანხას დათქმულ დროს ვერ ვუბრუნებ, გულახდილად ვეუბნები, პრობლემა შემექმნა და ცოტა ხანი უნდა მადროვო-მეთქი. ასეთ საქმეში ტყუილი და უაზრო თავის მართლება გამართლებული არ არის.

- ოჯახში დანაზოგი არასდროს გაქვთ?

- დანაზოგი არ გვაქვს, რადგან ჩემი ქმარიც ჩემნაირია - ისიც ძალიან მხარჯველია. როცა რაღაც პრობლემა გვაქვს, მეუღლის ძმაკაცების იმედად ვართ. მას არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავს, ერთმანეთის გატანა იციან და როცა რაღაც გვჭირდება, უკან არ იხევენ. ასევე ვართ ჩვენც მათთვის.

- ოდესმე ფული დაგიკარგავს?

GzaPress- დიახ, თან - ბევრჯერ. მაგალითად, რამდენი დღის წინ დავკარგე 100 დოლარი. როცა რაღაცას ვკარგავ, არ ვნერვიულობ - ნერვიულობა დაკარგულ ნივთს თუ თანხას მაინც ვერ დაგიბრუნებს. ჩემი დაუდევრობით ბევრი ძვირად ღირებული ნივთი დამიკარგავს. ერთხელ საფულე დამრჩა ტაქსიში, შიგ კი 1.000 ლარი მქონდა. ერთხელ კიდევ, ქუჩაში დამაყაჩაღეს: ხელფასი ახალი აღებული მქონდა. ქუჩაში მივდიოდი და ვფიქრობდი: სად ან რაში დამეხარჯა? ჰოდა, ამ დროს ვიღაცამ ჩანთა ხელიდან გამომტაცა და გაიქცა.

- რა რეაქცია გქონდა? დასახმარებლად პატრულს არ მიმართე?

- არა, ხმაც არ ამომიღია. შემეშინდა, რადგან შევნიშნე, გამტაცებელს იარაღი ჰქონდა... კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: გასულ ზაფხულს ზღვაზე ოქროს საყურე და ბეჭედი დავკარგე. მოვიხსენი და პლაჟზე, ქვაზე დავდე. ვიფიქრე, - წასვლისას ავიღებ-მეთქი. როცა ოქროს ნივთებს ვიხსნიდი, გული მიგრძნობდა, რომ დავკარგავდი, მაგრამ მაინც მოვიხსენი. ჰოდა, ისე წამოვედი პლაჟიდან, ოქროს საყურე და ბეჭედი არც გამხსენებია. მოგვიანებით მათ მოსაძებნად კი დავბრუნდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე.

- არასდროს არაფერი გიპოვია?

- არა, მარტო დაკარგვაში ვარ მაგარი... თუმცა, ერთხელ ბავშვობაში, ბაზრობაზე მანქანის გასაღები ვიპოვე. ვიკითხე: გასაღები ხომ არავის დაგიკარგავთ-მეთქი? პატრონი გამოუჩნდა. მახსოვს, იმ კაცს ისე გაუხარდა გასაღები რომ იპოვა, წამიყვანა და ძალიან ბევრი კანფეტი, შოკოლადი, კიდევ - თოჯინა მიყიდა და მადლობაც ბევრჯერ გადამიხადა.

- სასურველი თანხა რომ გქონდეს, პირველ რიგში, რას გააკეთებდი?

- ვიყიდდი ძალიან ლამაზ სახლს, ოღონდ - პატარას და ჩემი შვილის გემოვნებით მოვაწყობდი. ის დიზაინერობაზე ოცნებობს. ვფიქრობ, კარგი გემოვნება აქვს.

- შენი შვილი რამდენი წლის არის?

- 7 წლისაა და საკმაოდ ჭკვიანი გოგოა, სკოლაშიც კარგად სწავლობს.

- შენი აზრით, რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ოჯახმა ნორმალურად იცხოვროს?

- გააჩნია, რა მოთხოვნები აქვს ოჯახს, ბავშვები რა ასაკში არიან... თუ სტუდენტები ჰყავთ, ბევრი ფული დასჭირდებათ, თუ არა და, მაშინ 5.000 დოლარი საკმარისია იმისთვის, რომ ნორმალურად იცხოვრონ.

- აზარტული ხარ?

- ისე, რა... ახალი გათხოვილი ვიყავი, როცა ქმარს ვუთხარი: მოდი, კაზინოში წავიდეთ-მეთქი. გამოვიპრანჭეთ, ჩავიდეთ ჯიბეში ფული და წავედით. იმ დღეს 500 დოლარით 7.000 დოლარი მოვიგეთ. ჩვენ წინ, "რულეტკაზე" თამაშობდა კაცი, რომელმაც 70 ათასი დოლარი მოიგო. გაოცებული ვუყურებდი... მეუღლემ მითხრა: საპირფარეშეში გავალ და მოვალო. მის მოსვლამდე იმ "რულეტკაზე" გადავინაცვლე და მოგებული 7 ათასი დავდე. ჰოდა, თანხა წავაგე. მას მერე არასდროს მითქვამს, კაზინოში წავიდე-მეთქი.

- როგორც ვიცი, შენმა მეუღლემ ლატარიაში დიდი თანხა მოიგო, არა?

- დიახ, ნახევარი მილიონი ლარი მოიგო.

- მოგებული თანხა რაში დახარჯეთ?

- არც მახსოვს. მნიშვნელოვანი არაფერი გვიყიდია. ხომ გითხარით, როცა ფული გვაქვს, სურვილი გვიჩნდება, გარშემო მყოფებს დავეხმაროთ. შვილიც ჩვენ დაგვემსგავსა: სკოლაში ბუფეტში რომ შედის, ყველა მეგობრისთვის ყიდულობს რაღაცას, რაც ძალიან მიხარია.

სოფო ჭონიშვილი