"ჩემი რომანები ყოველთვის ხანმოკლეა" - გზაპრესი

"ჩემი რომანები ყოველთვის ხანმოკლეა"

ტემპერამენტიანი და "ფეთქებადია". კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა. მიზნის მისაღწევად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ხატია ბრაჭულის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ვიცი, რომ ადამიანის დაბადების მომენტში ცაზე ვარსკვლავების განლაგება მის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს. ნიშნის ზოგადი დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა.

- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, ხშირად დროის მარტო გატარება უყვარს".

- მართალია, პერიოდულად განმარტოება მიყვარს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მოთხოვნილება მიჩნდება.

- ამ დროს შენში რა ხდება?

- არ ვიცი, საინტერესო პროცესია... უმეტესად, ამის სურვილი ემოციების დაგროვების შემდეგ მიჩნდება, ეს ემოციები კი ხან დადებითია, ხან - უარყოფითი.

- "სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცხენი ყველა დღესასწაულის მთავარი მოქმედი გმირია".

- მართალია, მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ. დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით, ლეღვის ხე ვარ, რომელსაც ერთი თვისება ჰქონია: ის მარტო ვერ ხარობს, გარშემო აუცილებლად სხვა ხეები უნდა იყოს. მეც ასე ვარ, მეგობრების გარეშე "დავჭკნები".

- "მაქსიმალურად ცდილობს, ხიფათს თავი აარიდოს, მაგრამ თითქოს განგებ, ყოველგვარი ხიფათი მის თავს ხდება".

GzaPress- ნამდვილად ასეა, ყოველთვის იქ ვარ, სადაც ხიფათია.

- "მას სევდიანი თვალები აქვს, გვერდით მყოფი ადამიანის ნუგეში და თანადგომა სჭირდება. იტანჯება, როცა მისთვის არავის სცალია".

- ურთიერთობაში ბოლომდე ვიხარჯები. ემოციას, გრძნობას ბოლომდე გავცემ და საპირისპირო მხრიდან იმის ნახევარსაც თუ ვერ ვიღებ, ვიტანჯები.

- "მას ერთნაირი დოზით ესაჭიროება როგორც კლიმატური, ასევე ადამიანური სითბო".

- ამინდი ჩემზე ძალიან მოქმედებს. სითბო მიყვარს და მგონია, რომ თავადაც თბილი ვარ.

- "მთლიანად საკუთარ ოჯახზეა მიჭაჭვული".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები: ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ.

- "მისთვის პანიკის მომგვრელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შესაძლოა, მარტო დარჩეს".

- ნამდვილად! მარტო რომ დავრჩე, თავს ცუდად ვიგრძნობ, ეს საშინელება იქნება.

- "მთელი ცხოვრება საკუთარ სისუსტეებს ებრძვის".

- (იცინის) მართალია!

- შენს ბრძოლას შედეგი აქვს?

- ადამიანმა საკუთარ თავზე გამუდმებით უნდა იმუშაოს. ვერ ვიტყვი, რომ მიზანს ყოველთვის ვაღწევ და ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ისიც არ მავიწყდება, რომ ცდა ბედის მონახევრეა.

- "მიზნის მისაღწევად ხშირად, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- არაკეთილსინდისიერი გზით არასდროს მივლია! მებრძოლი ვარ. დაბრკოლებები თითქოს, ძალას მმატებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შუა გზაში არასდროს გავჩერებულვარ.

- მიზანს ხშირად აღწევ?

- მშვილდოსნებს ერთი თვისება გვაქვს: მიზანში ან ზუსტად ვარტყამთ, ან ძალიან ვაცდენთ, ჩვენთვის შუალედი არ არსებობს.

- შემოდგომის ფერები გიყვარს?

- კი, მშვიდი ფერები მომწონს.

- "მას სჭირდება ისეთი სამუშაო გარემო, რომ მუდმივად ხალხთან ჰქონდეს ურთიერთობა".

- მართალია და ასეთი პროფესიაც მაქვს. ხალხთან ურთიერთობა ჰაერივით მჭირდება, ასეთ დროს ენერგიით ვივსები.

- მოუსვენარი ხარ?

- ძალიან. შესაძლოა, ეს ჩემი პროფესიის ბრალიც არის. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.

- "მას თავში იდეები სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად, ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული".

- ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ რამდენჯერმე ისეთი განცდაც კი მქონდა, - ამ დღეებში დამირეკავენ და გადასაღებად მიმიწვევენ-მეთქი. ჩემი ეს წინათგრძნობა გამართლებულა.

- სიზმარს ხშირად ნახულობ?

- კი, "სიზმარა" ვარ.

- შეგიძლია, ადამიანებს მწარე სიმართლე პირდაპირ უთხრა?

- პირდაპირი მხოლოდ ახლობლებთან ურთიერთობისას ვარ. ნაცნობებთან მსგავსი რამ არ მჩვევია. ჩემი და მორიელის ნიშნით არის დაბადებული და მას პირდაპირობა ჩემზე მეტად სჩვევია. მორიელები ყველაზე კარგი მეგობრები არიან, ერთგულებით გამოირჩევიან.

- როგორც მეგობარს, როგორც შეყვარებულს, იმედგაცრუება გქონია?

- კი. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ბევრ რამეზე ვხუჭავს თვალს. პატიების უნარი მაქვს. მეგობრის დაკარგვა მწარე განცდაა, მაგრამ კონფლიქტს პირველი თავად არასდროს ვიწყებ.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ხშირად ვერ ახერხებს, მიმბაძველობას გაექცეს".

- თუ ადამიანი მართლაც მისაბაძია, არ მერიდება იმის აღიარება, რომ მას ვბაძავ. არ მომწონს, როცა მისაბაძი არაფერი აქვს და მაინც ჰბაძავენ. ამის მაგალითები ბოლო პერიოდში მომრავლდა და ეს ცუდია. შესაძლოა, წიგნის გმირსაც კი მიჰბაძო.

- "უყვარს მოგზაურობა. მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს".

GzaPress- მართალია. როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, უკან დასაბრუნებელ ბილეთს წინასწარ არასდროს ვყიდულობ. შესაძლოა, დაგეგმილი 4 დღის ნაცვლად, იქ ერთი კვირა დავრჩე. სულ დავდივარ; მინდა, რაც შეიძლება ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა მოვასწრო. მოკლედ ხეტიალი მიყვარს ბუნებაში, ქალაქებსა და ურთიერთობებშიც.

- "ურთიერთობებში ხეტიალში" რა იგულისხმე?

- ძალიან კომუნიკაბელური ვარ. მეგობარი მეუბნება: როგორ შეგიძლია სრულიად უცნობთან საერთო ენის გამონახვა, ყველას როგორ ელაპარაკებიო? მე კი ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ, ტაქსის მძღოლებსაც კი გამოველაპარაკები ხოლმე.

- "ხშირად, მისი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა".

- ხშირად - არა, ჩემი რომანები ყოველთვის ხანმოკლეა.

- რატომ?

- არ ვიცი... ალბათ, მრავალფეროვნება იმდენად მიყვარს, ბოლომდე ვერ მომყვებიან, ბოლომდე ვერ მიგებენ. ვეძებ უფრო საინტერესოს და სავარაუდოდ, ძიების პროცესს მოაქვს ცვალებადობაც.

- ეს დამღლელი არ არის?

- დამღლელია, მაგრამ ამითაც სიამოვნებას ვიღებ.

- ესეც ერთგვარი ხეტიალია, არა?

- რა თქმა უნდა! ქალების უმეტესობას ოცნების კოშკების აგება გვჩვევია და ესაა ჩემი მინუსიც. ვფიქრობ, არავინ არ უნდა აიყვანო ცაში, არ უნდა გააიდეალო. მგონია, ეს ყველაფერი წლების მატებასთან ერთად, წარსულში რჩება. ადამიანის შეცნობა ვისწავლე.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- (იღიმის) ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. შეყვარებული არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ერთი ადამიანი მომწონს. ურთიერთობა ახალი დაწყებული გვაქვს. ჰოდა, მასზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ.

- "შეყვარებული ცხენი გულის სწორის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. ამ ადამიანების ვნება ძლიერია. ამას ემატება ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი რამ არის".

- სასიყვარულო ფრონტზე არასდროს წამიგია, მაგრამ იმედგაცრუება მქონია. ჩემგან წასული ადამიანი ყოველთვის უკან მიბრუნდება, ოღონდ - მერე მე ვამბობ უარს. რაც შეეხება დათმობაზე წასვლას: დარწმუნებული ვარ, ადამიანთან, რომელიც მეყვარება და რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, ბევრ რამეს დავთმობ, ძალიან ერთგული ვიქნები.

- "ტემპერამენტიანი და "ფეთქებადი" ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში ადვილად კარგავს წონასწორობას, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- მართალია, ფიცხი ვარ და ცვალებადი ხასიათიც მაქვს - ეს ჩემი ცუდი თვისებებია. ამ ყველაფრში დადებითი ის არის, რომ ჩემი "აფეთქება" და გაჯიუტება მართლა ხანმოკლეა. ცუდი განწყობა დიდხანს არ მიმყვება.

- "მაშინვე გარბის, როგორც კი უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".

- კი, მაშინვე "ვქრები". არადა, ზუსტად ვიცი, გავა დრო და ის მაინც დაბრუნდება, მაგრამ მე ვეღარ მივიღებ, რადგან სხვა გზა მექნება არჩეული.

- "სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა სჩვევია..."

- არა, ეს არ არის სიმართლე. რჩევა შეიძლება, ოჯახის წევრებს ან ძალიან ახლო მეგობრებს მივცე. გამორიცხულია, სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩავერიო.

- სხვის აზრს თავად თუ ითვალისწინებ?

- ოჯახის წევრებისა და მეგობრების აზრს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. საერთოდ, განსხვავებული აზრის მოსმენა მიყვარს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მირჩევნია, საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიმოქმედო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ცხენის წელში დაბადებული მშვილდოსანი ცნობისმოყვარე და ჭორიკანაა".

- ცნობისმოყვარე ვარ, ჭორიკანა - არა.

- "ის გამორჩეულად აფასებს ინტელექტუალური ადამიანების გარემოცვას და თავადაც გამუდმებით ცდილობს ერუდიციის დონე აიმაღლოს".

- ინტელექტუალებთან ურთიერთობა მიყვარს. თითქოს მათგან სულიერ საზრდოს, საინტერესო ინფორმაციებს ვიღებ. ადამიანი რითიც არ შეგიძლია, გაძარცვო, ეს არის ცოდნა.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შენს გმირზე რას იტყვი?

- სერიალში ჩემი გმირი საწყალი გოგო გახდა, დაჩაგრულ დიასახლისად იქცა. ბაქარი მთლად კარგად ვერ იქცევა, მაგრამ თამუნას ის უყვარს და მის კაპრიზებსაც იტანს. ეს გოგო რაღაცნაირად მებრალება, მაგრამ წარსულთან შედარებით, ოჯახი აქვს. ვფიქრობ, მისი ცხოვრება მაინც დადებითისკენ შეიცვალა.

- ბაქარისნაირი ხასიათის თაყვანისმცემელი გყოლია?

- არა, ეგეთ ადამიანს ვერც ავიტან. ის სულ ჩხუბობს და ყველაფრით უკმაყოფილოა.

- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეა?

- "რკინის თეატრში" დავით ანდღულაძე კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს" დგამს, მაისში პრემიერა გვექნება. პლატონის დის - დარიკოს როლს ვასრულებ. ეს ჩემი სადიპლომო სპექტაკლი იქნება, რომლითაც უნივერსიტეტს დავამთავრებ.

თამუნა კვინიკაძე