მარიამ ნადირაძისა და გიორგი მახარაძის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

მარიამ ნადირაძისა და გიორგი მახარაძის სიყვარულის ამბავი

ის თავისუფალ თეატრში თანამშრომლობს, მიწვევით თამაშობს მარჯანიშვილის თეატრშიც, მონაწილეობს სერიალებშიც. მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლის - მსახიობ გიორგი მახარაძის ჯგუფელი და შეყვარებულია. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, მაგრამ დაოჯახებას ჯერ არ აპირებენ.

- 4 თებერვალს გახდა 2 წელი, რაც მე და გიორგიმ ერთმანეთს "სხვანაირი" თვალით შევხედეთ. 8 წელია, მას ვიცნობ. ჯგუფელები ვიყავით და ამავე დროს, ახლო მეგობრებიც. ახლა, როცა გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. გიორგის, როგორც პიროვნებას, ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და რაც მთავარია, ძალიან კეთილი, თბილია. მისი იმედი მაქვს ყოველთვის და ყველაფერში, ის ჩემთვის დიდი ძალაა...

- სცენაზე ერთად გითამაშიათ?

GzaPress- სტუდენტობის დროს, სადიპლომო სპექტაკლში პარტნიოტები ვიყავით; მერე თავისუფალ თეატრში ვითამაშეთ ერთად და დღემდე ვმონაწილეობთ წარმოდგენაში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ".

- სიყვარულში გიორგი გამოგიტყდა?

- ჩვენ უსიტყვოდ მივუხვდით ერთმანეთს, რადგან უკვე სხვანაირად ვუღიმოდით, ვუყურებდით ერთურთს. ახლა უკვე ერთად ვცხოვრობთ.

- ანუ გარკვეული პერიოდი ერთად იცხოვრებთ და ამის შემდეგ გადაწყვეტთ, დაქოწინდებით თუ არა?

- დიახ, ასე გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, დაქორწინებამდე რაღაც პერიოდი წყვილმა ერთად უნდა იცხოვროს. ვცდილობთ, ბედნიერებით დავტკბეთ და დაოჯახებას არ ვჩქარობთ.

- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

- ჩემი ოჯახის წევრები დიდ პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას. მშობლები გიორგის კარგად იცნობენ და ისიც იციან, ისეთს არასდროს არაფერს გადავდგამ, რაც მათ გულს ატკენს. ჩემი მშობლებისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება? გიორგის გემრიელი კერძებით ანებივრებ?

- გიორგი თავად მანებივრებს ამ ყველაფრით. ძალიან კარგად გამოსდის ხორციანი კერძების მომზადება. ისე კი, მეც ვცდილობ, ვასიამოვნო და ვეკითხები: რა მოგიმზადო-მეთქი? მართალია, სადილების კეთება არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, ვისწავლო.

- შენ მიერ მომზადებული რომელი კერძი მოსწონს?

- ბანანისა და შოკოლადის ბლინები ძალიან მოსწონს.

- დილით ყავას რომელი ამზადებთ?

- გააჩნია, პირველი ვინ გაიღვიძებს. ამ მხრივ ერთმანეთს ვანებივრებთ.

- გიორგისა და მარიამ როინიშვილს ოჯახი რომ დაენგრათ, ამბობდნენ, - გიორგიმ უღალატაო... ის "მესამე" შენ ხომ არ იყავი?

- არა, ასე ნამდვილად არ არის, არანაირი მესამე პირი არ ყოფილა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ჩვენი სიყვარულის ამბავი მათი დაშორებიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწყო... რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ხშირად, ოჯახის დანგრევას ყოველთვის ვიღაცას აბრალებენ, მაგრამ მერწმუნეთ, მე ნამდვილად არ ვყოფილვარ მათი დაშორების მიზეზი... სხვათა შორის, გიორგი ერთგული ადამიანია და არასდროს არავის ღალატობს; მეც, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ.

- გიორგი საკმაოდ წარმატებული მსახიობია. მის თაყვანისმცემლებზე ხომ არ ეჭვიანობ?

GzaPress- პირიქით, ძალიან მიხარია, ამდენი გულშემატკივარი რომ ჰყავს. ამის გამო კონფლიქტი არასდროს გვქონია.

- გიორგი ეჭვიანია?

- ეჭვიანია, მაგრამ ცდილობს, არ მაგრძნობინოს. თანაც, მან იცის, როგორ მიყვარს.

- დაბოლოს, შენს საქმიანობაზე რას გვეტყვი?

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. თუმცა, იყო პერიოდი, როცა სხვა პროფესიაზეც ვფიქრობდი. დედის დამსახურებაა, რომ საბოლოოდ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. როცა მამას, რომელიც ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი მრჩეველია, ვუთხარი, რომ მსახიობობას ვაპირებდი, მითხრა: იცოდე, ეს რთული პროფესიაა. თუ მზად ხარ სირთულეების გადასალახად, მაშინ შენ გვერდით მიგულეო. ოჯახის ყველა წევრისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა და ახლა ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა. პირველი კურსიდან აქტიურად ვმუშაობ თეატრში, ხანდახან - კინოშიც. ძალიან ბევრი საინტერესო როლი ვითამაშე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღწეულით კმაყოფილი ვარ. თავს არ დავზოგავ დასახული მიზნების მისაღწევად.

სოფო ჭონიშვილი