ჯიუტი და წუნია მოცეკვავე - გზაპრესი

ჯიუტი და წუნია მოცეკვავე

ამბობს, რომ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა ძალიან გაუჭირდება, რადგან მამაკაცის შეფასებისას ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა, თიკას თაყვანისმცემლებს გაგიმხელთ, რომ მომხიბვლელი ღიმილი, მოწესრიგებული თითები, კარგი იუმორის გრძნობა და გემოვნებით შერჩეული ჩაცმის სტილი - მისი გულის მოგების შანსს გაძლევთ.

- პატარა ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. პროფესიით ორივე იურისტია. ახლა მამასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ამიტომაც, მასზე საუბარი არ მინდა... დედა მთელი დღე სამსახურშია, ძალიან დაკავებულია. ხშირად, ისე ხდება, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე ვერ ვნახო. ქალისთვის იურისტობა საკმაოდ რთული საქმეა, მძიმე სამუშაოა და დიდ ნებისყოფას მოითხოვს. დედა გაწონასწორებული, მშვიდი პიროვნებაა. ჰუმანურია და გადაწყვეტილებას "ცხელ გულზე" არასდროს მიიღებს. ჩვენ ვმეგობრობთ. მას არასდროს არაფერს ვუმალავ. პატარაობისას ბებია მზრდიდა. საკმაოდ ახალგაზრდა ბებია მყავს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. თანამედროვე ადამიანია და ჩემი ჩაცმულობა არ აღიზიანებს. ერთად დავდივართ მაღაზიებში, მის გემოვნებას ვენდობი... მე და ჩემს ძმას უმამობა არასდროს გვიგრძნია, რადგან ბიძა (დედის ძმა) გვედგა მხარში და მამობას გვიწევდა.

- ძმა შენზე უფროსია?

GzaPress- არა, ორი წლით უმცროსია. თანატოლებთან შედარებით, მიზანდასახული და გაწონასწორებულია. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ თემაზე დაველაპარაკო. მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ... ჩვენ ხშირად გვქონია კრიზისული პერიოდებიც, თუმცა, ერთად ყოფნითა და სიყვარულით ყველა დაბრკოლება გადაგვილახავს. ამიტომ აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი ისეთ პიროვნებად, როგორიც დღეს ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ოჯახის წევრებს ამაგი დავუფასო.

- შეგიძლია, საკუთარი თავი დაგვიხასიათო?

- შევეცდები, ობიექტურად შევაფასო საკუთარი თავი (იცინის): ძალიან ჯიუტი ვარ, გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. უაზრო რისკზე წასვლა არ მიყვარს, მაგრამ ყოველთვის სიახლეს ვეძებ. საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდა მიყვარს. მიზანდასახული ვარ. საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. იშვიათად ვკარგავ წონასწორობას. ემოციების გამოხატვაც დიდად არ მიყვარს. მეგობრული ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა დადებითად განმაწყობს, ოღონდ - ყველასთან არა. ეგოისტი გახლავართ, მაგრამ ეჭვიანობა არ მახასიათებს. რაც ჩემია, მე უნდა მეკუთვნოდეს! მიყვარს მარტო ყოფნა და ფიქრი.

- გაქვს ისეთი ცუდი თვისება, რის გამოც ახლობლებისგან შენიშვნას იღებ?

- მხოლოდ იმ ადამიანებისგან ვიღებ რჩევას, რომლის კეთილგანწყობაშიც დარწმუნებული ვარ. სხვებს უბრალოდ, ვუსმენ, თავს ვუქნევ და მერე ყველაფერს მაინც, ჩემებურად ვაკეთებ. ხომ გითხარი, ძალიან ჯიუტი ვარ-მეთქი. ჰოდა, ამის გამო ბევრჯერ კისერიც მომიტეხია, მაგრამ გამოსწორებას ნამდვილად არ ვცდილობ.

- ამაყი ხარ?

- ჯერ იმას გეტყვი, რომ სიამაყე და "თავში ავარდნა" სხვადასხვა რამეა... დიახ, ამაყი ვარ. ყოველთვის ვიცი, სად არის ჩემი ადგილი და ვის გვერდით. ბოდიშის მოხდაც მიჭირს, რაც ნამდვილად არ მეამაყება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია, ძალიან ძლიერია.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- ვცდილობ, კერძების მომზადება ვისწავლო. კარტოფილის და კვერცხის შეწვა ვიცი, სალათებსაც ვამზადებ, ქართულ ტრადიციულ კერძებთან შეჭიდებას კი ჯერ ვერ ვბედავ. ალბათ, მოვიკრებ გამბედაობას და ოდესმე ამ საქმეში დავხელოვნდები... აი, სახლში წესრიგი და სისუფთავე ძალიან მიყვარს. კმაყოფილი ვარ, როცა ჩემი ნივთები თავის ადგილას დევს და დროს არ ვკარგავ მათ ძებნაში...

- როგორ ფიქრობ, გათხოვების შემდეგ იოლად გაართმევ თავს ოჯახურ საქმიანობას?

GzaPress- ჩემთვის ქალი მაშინ არის იდეალური, როცა ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს უთავსებს და ორივე საქმე კარგად გამოსდის ისე, როგორც ეს დედამ და ბებიამ შეძლეს. ვეცდები, მათგან ავიღო მაგალითი და ოჯახური იდილიისთვის ყველაფერი გავაკეთო. არ ვიქნები მხოლოდ ქალი სახლში. მექნება ჩემი პროფესია, რომელიც ოჯახურ საქმიანობას არ შეუშლის ხელს. დროის სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ყველაფერს მოვასწრებ.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება შეგიძლია?

- უთოობა არ მიყვარს და აქედან გამომდინარე, არც მამაკაცის პერანგის დაუთოება ვიცი. იმედია, როცა დამჭირდება, ამის გაკეთებასაც შევძლებ.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მამაკაცი უნდა იყოს განათლებული, სერიოზული, კარგი იუმორის გრძნობით, ლამაზი ღიმილით და საინტერესო თვალებით. უნდა ჰქონდეს გრძელი თითები და მოწესრიგებული ფრჩხილები. უნდა იცვამდეს გემოვნებით, თუმცა, არა - კლასიკურად... მომავალზე უნდა ფიქრობდეს და მარტო დღევანდელი დღით არ ცხოვრობდეს. საქმიანი და რაც მთავარია, მშრომელი უნდა იყოს და ჩემგან სახლში ჯდომა არ მოითხოვოს. უნდა შეეძლოს მეუღლის გაგება, ცხოვრებისეული პრობლემები არ უნდა აშინებდეს. რაც უფრო ბუნებრივი და გულწრფელია მამაკაცი, მით უფრო მიმზიდველია.

- შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს?

- ფული ყველაფერი არ არის. შრომისმოყვარე ადამიანი მიუწვდომელსაც შესწვდება. მომავალი მეუღლის მატერიალურ მდგომარეობაზე მეტად, იმით დავინტერესდები, შეძლებს თუ არა ჩემს გაგებას. მთავარია, გვიყვარდეს, ვაფასებდეთ ერთმანეთს და ორივეს გვქონდეს ლამაზი მომავლის შექმნის სურვილი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

- არსებობს მანდილოსნების კატეგორია, რომელებიც ზღაპრული ცხოვრების გამო, სიყვარულზე უარს ამბობენ. მსგავსი რამ შენთვის მისაღებია?

- უსიყვარულოდ არ გავთხოვდები! მე პიროვნებას უნდა გავყვე და არა - მანქანას, აგარაკს და სახლს... ადამიანთან გრძნობა თუ არ მაკავშირებს, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გამიჭირდება.

- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?

- სიყვარული შეჩვევა მგონია. როცა ადამიანს კარგად გაიცნობ, იცი მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები, ამის შემდეგ იგრძნობ, რომ მასთან კომფორტულად ხარ და საბოლოოდ, აღმოაჩენ, რომ გიყვარს. ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა. ანუ რა გამოდის, მხოლოდ ადამიანის გარეგნობა გიყვარდება? - ეს იგივეა, რაც წიგნის ყდა მოგეწონოს და არ იცოდე, შიგნით რა წერია ან წერია თუ არა საერთოდ რამე.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია?

GzaPress- ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. "თაყვანისმცემელი" - ეს სიტყვა არ მომწონს. ვაფასებ თითოეული ადამიანის ყურადღებას, სითბოს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, მაგრამ როცა მათი საქციელი ზღვარს სცდება, ზრდილობის ფარგლებში ვახვედრებ, - მაწუხებ-მეთქი. საჩუქრებითა და უაზრო ყურადღებით ვერავინ მომისყიდის. პირიქით, როცა ადამიანი არ მომწონს, მისგან აქტიურობა მაღიზიანებს.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, შენი გული რომ მოინადიროს?

- ადამიანები რთულად მიყვარდება, ერთი შეხედვით წვრილმან რაღაცებსაც კი ყურადღებას ვაქცევ. ვიმეორებ, მთავარი გარეგნობა არ არის. თუმცა, თვალებსა და ღიმილს ყოველთვის განსაკუთრებულად ვაფასებ.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- არ მიყვარს ყალბი ადამიანები, სიტუაციის მიხედვით რომ ირგებენ ნიღაბს. ურთიერთობაში თამაში ჩემთვის მიუღებელია.

- პატიება შეგიძლია?

- როცა ადამიანი გულს გატკენს, ურთიერთობაში ბზარი ჩნდება, რომლის ამოვსებას როგორც უნდა ეცადო, მაინც ვერ შეძლებ. შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ მუდამ მემახსოვრება.

- როგორ წარმოგიდგენია საკუთარი ქორწილი?

- ჩემი ქორწილი ზღვის სანაპიროზე წარმომიდგენია, კოცონითა და ჩირაღდნებით განათებულ ადგილას... მხოლოდ საყვარელი ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენ გვერდით და არა - ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ. ჩემი კაბაც კი ვიცი, როგორი უნდა იყოს: სადა, გრძელი, გვერდით ჩახსნილი და ზურგამოღებული. თმის ვარცხნილობა და მაკიაჟიც სადა მექნება. თავზე კი მინდვრის ყვავილებისგან დაწნულ გვირგვინს გავიკეთებ.

- ქართული ტრადიციული ქორწილი არ მოგწონს?

- ხალხმრავლობა არ მიყვარს, ამიტომ ტრადიციული ქართული ქორწილი, რომელიც ბოლოს ღრეობაში გადადის, დიდად არ მხიბლავს. თამადის ინსტიტუტიც არ მხიბლავს (იღიმის).

- თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- სადმე ტბის პირას, ხის სახლში...

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, ამ გადაწყვეტილებას როგორ შეეგუები?

- როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებს, ისინი დამოუკიდებლად უნდა შეეცადონ ოჯახის აწყობას. ამიტომ მშობლებთან ერთად ყოფნა არ მიმაჩნია სწორად. არა მგონია, მის ამ შემოთავაზებას დავთანხმდე.

- ქართული ტრადიციის თანახმად, დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- მგონი დროა, ჩვენს ტრადიციებს გადავხედოთ: ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი... დედა ერთი მყავს და მხოლოდ მას ვეძახი "დედას".

- ოჯახი ან კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, რომელს აირჩევ?

- ამაზე არ დავფიქრებულვარ. ახლა ძირითადად, ჩემს მომავალ პროფესიასა და კარიერის აწყობაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ალბათ, როცა ოჯახი მეყოლება, შვილებსა და მეუღლეზე წინ ვერავის და ვერაფერს დავაყენებ.

სოფო ჭონიშვილი