როგორ აატირა მარიკო ებრალიძე დათო ტურაშვილმა - გზაპრესი

როგორ აატირა მარიკო ებრალიძე დათო ტურაშვილმა

იმ შემთხვევაში, თუ კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი, დასახმარებლად დედას მივმართავდი", - იხსენებს მომღერალი, მარიკო ებრალიძე. ის ახლახან ტელეწამყვანი გახდა. ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა.

პრეამბულის მაგიერ

- მარიკო, წიგნის სამყაროში შენი მეგზური ვინ იყო?

- დედა, ოჯახი, სკოლა, მუსიკა, მეგობრები, პედაგოგები, რომლებიც ახალ ლიტერატურას მირჩევდნენ. მახსოვს ასეთი ფაქტი: ჩემი ნათესავი, პოეტი ლალა ბეგლარიშვილი ძალიან ნაკითხი ადამიანია. ზღვაზე დასასვენებლად ერთად წავედით, მე ბულგაკოვს ვკითხულობდი, ის - ბარნოვს. მერე წიგნები გავცვალეთ, ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- რა თქმა უნდა, მიტირია. ბავშვობაში უფრო მეტირებოდა ხოლმე. ამ ბოლოსაც ვიტირე, დათო ტურაშვილმა ამატირა. განა შესაძლებელია, მისი "ჯინსების თაობა" ემოციის გარეშე წაიკითხო?

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- რომანში - "ლოტე ვაიმარში", გოეთესა და მისი ცხოვრების შესახებ ყოფილი შეყვარებულის, შარლოტა კესტნერის პირითაა მოთხრობილი. ამ პერსონაჟთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- მეხსიერება კარგი გაქვს?

- რაღაც ინფორმაცია ჩემს ტვინში შედის და თავისით გადის. ზოგჯერ უსარგებლო ამბებს, კარგი და საჭირო ინფორმაციაც მიჰყვება ხოლმე.

- ახლახან ტელეწამყვანი გახდი. საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემეცნებითი გადაცემა მიგყავს.

- დიახ, მთელი ბავშვობა ტელეწამყვანობაზე ვოცნებობდი. ხელში ფურცელს დავიჭერდი, რომელზეც დედას რაღაც ტექსტს წინასწარ ვაწერინებდი, მაგრამ მერე იმ ტექსტს აღარ ვკითხულობდი, ტელევიზიის პროგრამას ვაცხადებდი. ბავშვობის ოცნება ამიხდა, გულის წადილი ამისრულდა.

- როგორ გახდი ტელეწამყვანი?

- პროდიუსერი დამიკავშირდა და მითხრა, - შემეცნებით გადაცემას ვიწყებთ, რომლისთვისაც კასტინგს ვაცხადებთ და იქნებ მოხვიდეო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, გასაუბრებაზე მივედი. როცა ახალი საქმე პროექტი თუ ფესტივალი იწყება, ყოველთვის მირჩევნია, არა ჩემი ინიციატივით, არამედ ორგანიზატორების მოთხოვნით მივიდე. შესაძლოა, ეს ამბიციაა ან ქვეცნობიერში არსებული კომპლექსი. "ევროვიზიაზეც" ასე წავედი და ტელეწამყვანიც ასე გავხდი. ერთადერთი მოთხოვნა ის ჰქონდათ, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ბუნებრიობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თანდათან ჩამოვყალიბდი, დავლაგდი, შენიშვნებიც მივიღე და გავითვალიწინე. მე ხომ ამ საქმის პროფესიონალი არა ვარ.

- შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, მალე დედა გახდები.

- დიახ, ეს საოცარი განცდაა, ბედნიერი ვარ (იღიმის).

- თუ იცი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ერქვა ქორწინებისა და დედობის ქალღმერთს?

- იუნონა.

- რომელი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი კახეთში, ქართლსა და დედაქალაქში?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, ის ქართული ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.

- ილია ჭავჭავაძე.

- რომელმა მეფემ მოახერხა, მონღოლთა თითქმის 100-წლიანი ბატონობის შემდეგ, მათი საქართველოდან განდევნა?

- გიორგი ბრწყინვალემ.

- ვინ იყო "თავისუფლების ქანდაკების" ავტორი?

- არ ვიცი.

- ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ამ ქანდაკებაზე მუშაობის დროს, ვინ გამოიყენა მან მოდელად?

- ეს არასდროს წამიკითხავს, არც გამიგონია.

- საკუთარი დედა. პოეზია გიყვარს?

- პროზა მირჩევნია, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ლექსებს კარგად კითხულობენ. თავად ეს ნაკლებად მეხერხება.

- ვინ არის ტექსტის ავტორი სიმღერისა - "ტრიალებს", ფილმიდან - "ვერის უბნის მელოდიები"?

- პეტრე გრუზინსკი.

- ცდები. ავტორი მორის ფოცხიშვილია. რომელი ქართული სიმღერა მიეძღვნა შალვა ახალციხელს?

- "შავლეგო".

- რას ეძახიან ახალდაქორწინებულებს მთიულეთში?

- ვაიმე, მთიული ვარ და ეს რომ არ ვიცი, სირცხვილია.

- ახალყოილნი. რომელ ქალაქში ემალებოდა გერმანელ ფაშისტებს ანა ფრნაკი?

- არ მახსოვს.

- ამსტერდამში. რა ჰქვია ორად შეკეცილ ფართო ლენტს, რომლითაც მოძღვარი ნეფე-დედოფლის ხელებს აერთებს ან თავზე ადებს მორწმუნეებს, აღსარების დროს?

- ვაიმე!!! ჯვარი ახლახან დავიწერე, მაშინ მითხრეს, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ.

- ოლარი. რომელ წიგნზე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია?

- საქართველოს კონსტიტუციაზე.

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- ყოველთვის მამალი ფრინველი გალობს.

- ის არაბებმა აწამეს, მაგრამ სარწმუნოებაზე ხელის აღებას სიკვდილი არჩია. დაასახელე, რომელ წმინდანზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, მეტეხის ხიდთან აწამეს.

- აბო თბილელი.

- რომელი ქვეყნის ტერიტორიაზეა ამჟამად ოშკის ტაძარი?

- თურქეთის.

- რა შემთხვევაში ვუყურებთ 3-ს და ვამბობთ, რომ 15-ია?

- ვერ ვხვდები.

- როცა 15 საათია.

- ეს რა მაიმუნური კითხვაა?!

- როგორ იბადება ზღარბი? ეკლებით?

- არა, ბალნით, რომელიც შემდეგ ეკლებად იქცევა.

- ეს მუსიკალური საკრავი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. შუა საუკუნეებში მას რომანტიკული ბალადების შესასრულებლად იყენებდნენ, ხოლო XVIII საუკუნეში სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში შევიდა. დაასახელე, რომელ ინსტრუმენტზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) არფაზე.

- 100 კილომეტრის გასავლელად ავტომანქანას სჭირდება 8 ლიტრი ბენზინი. რამდენი ლიტრი საწვავი დასჭირდება ამავე ავტომანქანას 125 კილომეტრის გასავლელად?

- მადროვე და გიპასუხებ (პაუზის შემდეგ), 10 ლიტრი არ გამოდის?

- გამოიცანი. ვინ ითვლება ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად?

- მელიტონ ბალანჩივაძე.

- 1883-1884 წლებში სად სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და რატომ გახდა ის იძულებული, სწავლისთვის თავი დაენებებინა?

- პეტერბურგში სწავლობდა. რატომ დაანება თავი, ზუსტი მიზეზი არ მახსოვს, მგონი ხელმოკლეობის გამო.

- დიახ. "მუსიკა საგანძურია, სადაც ყველა ეროვნებას თავისი განძი შეაქვს" - რომელი კომპოზიტორია ამ გამონათქვამის ავტორი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- ის რუსული კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი და არაერთი შედევრის ავტორია.

- მაგალითად?

- ბალეტი "გედების ტბა", ოპერა - "ორლეანელი ქალწული"...

- პეტრე ჩაიკოვსკი.

- რომელ ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე?

- მარაბდის ბრძოლაში.

- რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- არ ვიცი.

- მოკასინი. დაბნეული ადამიანებისთვის, იტალიაში საგანგებოდ გამოუშვეს ყავის ფინჯანი. მისი საკმარისი სითხით შევსების შემდეგ მელოდიური ზარი გაისმოდა. ფინჯანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი გახდა. ვინ ყიდულობდა მას?

- უსინათლო ადამიანები, ხომ?

- გამოიცანი. რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა? რაღაც ჩვეულება ჰქონდა.

- არ ვიცი.

- ქუდს იხდიდა, გენიალური ადამიანის პატივისცემის ნიშნად. "ვეფხისტყაოსნის" რომელ გმირთან არის შედარებული ვეფხვი ამ სტრიქონში: "ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა, მის მიერ კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა".?

- ნესტან-დარეჯანთან.

- რა ერქვა მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?

- ვერ ვიხსენებ.

- კლონდაიკი. რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც სიკეთის ნაცვლად ზიანი და უსიამოვნება მოსდევს? ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- დათვური სამსახური.

- ეს საზოგადო მოღვაწე გურიაში, სოფელ ლიხაურში დაიბადა, მამა სულ პატარას გარდაეცვალა, 5 წლისა დედითაც დაობლდა, 3 წლისა ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა, კარგი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დაასახელე იგი.

- წმინდანად როდის შერაცხეს?

- დაახლოებით 10 წლის წინ და ღვთისკაცი უწოდეს.

- ექვთიმე თაყაიშვილზეა ლაპარაკი.

- დაბოლოს, დაასრულე ლეონარდო და ვინჩის ცნობილი გამონათქვამი: "ფერწერა ეს პოეზიაა, რომელსაც ხედავენ და პოეზია ეს ფერწერაა, რომელსაც..."

- "...რომელსაც ისმენენ".

თამუნა კვინიკაძე