დაწუნებული "ტომ სოიერის თავგადასავალი" და რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულთან დაკავშირებული ეჭვები - გზაპრესი

დაწუნებული "ტომ სოიერის თავგადასავალი" და რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულთან დაკავშირებული ეჭვები

"მგონი, წიგნების კითხვა მესამე კლასიდან დავიწყე. პირველი სერიოზული წიგნის წაკითხვა მშობლებმა დამაწყებინეს: მითხრეს, რომ "ტომ სოიერის თავგადასავალი" წამეკითხა. როგორ შეიძლება, ეს წიგნი არ მოგეწონოს, მაგრამ კითხვა დავიწყე და არ მომეწონა: ჩემთვის რთული იყო ან გული ვერ დავუდე. მერე, ცოტა ხანში, შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი" (ბავშვობიდან მიყვარდა) წავიკითხე, სადაც ზღაპრული ფერები, სამყარო იყო "დახატული"..." - ამბობს თეატრმცოდნე.

- ძალიან მიყვარდა - "შავყურა თეთრი ბიმი". ვგიჟდებოდი რეზო ინანიშვილის მოთხრობებზე, იაკობ გოგებაშვილის "საგანძურზე", ნოდარ დუმბაძის გენიალურ ლექსებზე... შემდეგ მახსოვს, ჩემზე აკუტაგავას ნაწარმოებებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა: ახლობელთან სოფელში ვისვენებდი და აკუტაგავას მოთხრობები იქ ვიპოვე. ეს მოთხრობები ჩემთვის უცნაური სამყარო იყო... კარელ ჩაპეკის მოთხრობა - "რომეო და ჯულიეტა" რომ წავიკითხე, რომლის პერსონაჟიც ამბობს, - რომეოსა და ჯულიეტას ქორწილში მინისტრანტად ვმსახურობდი, ერთმანეთი არასოდეს უყვარდათო ანუ - შექსპირისგან განსხვავებით, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა, ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ვფიქრობდი, - ნეტავ, კარელ ჩაპეკმა უფრო ადრე დაწერა თუ შექსპირმა? მართლა ასე იყო თუ არა-მეთქი? წლების შემდეგ გავიგე, რომ ყველაზე ადრე არტურ ბრუკმა დაწერა "რომეუსისა და ჯულიუსის ტრაგიკული ზღაპარი" და მივხვდი, შექსპირმაც და კარელ ჩაპეკმაც ტრანსფორმაცია მოახდინეს... პატარას წიგნების კითხვა უნდა შეაყვარო, ზღაპრული სამყარო შეუქმნა. ჩემს ბავშვობაში რადიოზღაპრები იყო ან ზღაპრებს ბებია გვიამბობდა. სამწუხაროდ, ახლა ბებიებს შვილიშვილებისთვის აღარ სცალიათ. ბებია ზღაპრებს დღესაც მომიყვება, რომ დავუჯდე...

- კარგ მკითხველად როგორ ჩამოყალიბდით?

GzaPress- დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვს პირველ წიგნს როგორ შეურჩევ. "ტომ სოიერის თავგადასავალს" ჩემი დასაწუნი რა აქვს, მაგრამ მაშინ სხვა გუნებაზე ვიყავი... "წიქარაზე" ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა!

- რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიბაძავთ?

- ერთ საოცარ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ნათელა ურუშაძემ მიამბო: ფილმი - "დათა თუთაშხია" ახალი გამოსული იყო. თბილისობის დღესასწაულზე ქალბატონი ნათელა მანდარინის საყიდლად, რიგში მდგარა (მაშინ პროდუქტები ყუთებით ჩამოჰქონდათ და ყიდდნენ). ძირითადად, ხალხი 10-20 ყუთ მანდარინს ყიდულობდა. მათთვის, ვინც 1-2 კილოს იყიდდა, ცალკე რიგი იყო. ამ რიგში მდგარი ადამიანები გამყიდველისთვის მნიშვნელოვან კლიენტურას არ წარმოადგენდნენ. კაცთან ერთი შავებში ჩაცმული ქალი მივიდა და უთხრა, - გეთაყვა, 2 კილოგრამი ამიწონეო. გამყიდველმა უპასუხა, - მაცადე, ქალო, ხომ ხედავ, კლიენტებს ვემსახურებიო!.. 10-20 ყუთი მანდარინი კიდევ გაყიდა... ცოტა ხნის შემდეგ, შავებში ჩაცმული მორიდებული ქალბატონი ისევ მივიდა, მაგრამ გამყიდველმა ხელი ჰკრა და ისევ აგდებული ტონით უპასუხა, - მაცადეო!.. ამ დროს რიგს 12-13 წლის ბიჭი გამოეყო, ჩასკვნილ-ჩასუქებულ გამყიდველთან მივიდა, შარვალზე დაქაჩა (ბიჭი კაცს მუხლამდე სწვდებოდა) და უთხრა, - აუწონე, რომ გეუბნებაო!.. უეცრად, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ვერ მივხვდით, ეს ბავშვი ვინ იყო. გამყიდველი ჩაიკუზა და მანდარინის აწონა დაიწყო... მოხუცი ქალი ბავშვს მოუბრუნდა, აკოცა და ჰკითხა: - შვილო, ვინ ხარო? ბიჭუნამ უპასუხა: - მე, ბებო, დათა ვარ, თუთაშხიაო... აი, ბავშვს მოუნდა, რომ დათა თუთაშხიასთვის მიებაძა და სიკეთე გაეკეთებინა, კეთილშობილური საქციელი ჩაედინა. აი, ეს შეუძლია კინოგმირს და მოთხრობის პერსონაჟს. ასე რომ, ნაწარმოები უმნიშვნელოვანესია.

- ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება თქვენზე რომელიმე ნაწარმოებს თუ მოუხდენია?

- კი, რასაკვირველია. კონკრეტული "ფრთიანი" ამბავი ნამდვილად არ მახსენდება, მაგრამ ნაწარმოებს ძლიერი ემოციური გავლენა ბევრჯერ მოუხდენია.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- კი, უამრავი წიგნი მაქვს: ჩვენს სახლში მთელი კედლები წიგნებს უჭირავს.

- თქვენი შეძენილი წიგნებია?

- ზოგი ბებიამ და მშობლებმა შეიძინეს, ზოგიც - მე. სხვათა შორის, ბებიას 6 შვილიშვილი ჰყავს და ყველა წიგნს 6-6 ცალს ყიდულობდა. ახლა სახლში ორ-ორი წიგნია - ჩემთვის და ჩემი დისთვის.

- თავად წიგნებს ხშირად ყიდულობთ?

- კი, ახლახან "ქართული მწერლობის" 10 წიგნი შევიძინე: 30 ტომი გვქონდა, დამატებით კიდევ 10 ტომი გამოვიდა და ვიყიდე.

- თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებს ეცნობით? ვინმე განსაკუთრებულად მოგწონთ?

- რასაკვირველია, ვეცნობი. საერთოდ, გამორჩეულად 3 ქართველი მწერალი მიყვარს: ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი და დავით კლდიაშვილი. მაგალითად, ჩემთვის დავით კლდიაშვილთან შედარებით, ფრანგული კომედიოგრაფია არაფერია... თანამედროვე ავტორებს რაც შეეხებათ, დიდ პატივს ვცემ: აკა მორჩილაძეს, დათო ტურაშვილს; მიყვარს ლაშა ბუღაძის პიესები...

- სპექტაკლად დადგმული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

GzaPress- ჩემთვის დრამატურგიაში შალვა დადიანს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ასევე - პოლიკარპე კაკაბაძეს. "ყვარყვარე თუთაბერი" მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოები გახლავთ. "კვაჭი კვაჭანტირაძეზეც" იმავეს თქმა შემიძლია.

- ქართულის გარდა, ლიტერატურას კიდევ რომელ ენაზე კითხულობთ?

- რუსულად. რუსული ლიტერატურა, პოეზია, დრამატურგია - უმდიდრესია. სამწუხაროდ, ცხოვრების რიტმი ისეა აჩქარებული, რომ კითხვას იშვიათად ვახერხებთ - ადამიანებს საკითხავად აღარ გვცალია და ეს ძალიან ცუდია...

- სკოლაში თქვენთვის უინტერესო ნაწარმოები წაგიკითხავთ?

- ასეთი არ მახსოვს... ერთხელ ისტორიის მასწავლებელმა ვუდი ალენის ნაწარმოებები მოგვიტანა და მას შემდეგ ალენის თაყვანისმცემელი ვარ. ნაწარმოები შენში განსაკუთრებულ ემოციას, "თანაგანცდას" რომ იწვევს, მაშინვე ხვდები, რომ ეს ავტორი შენთვის მნიშვნელოვანი გახდა...

- წიგნების "გათხოვება" გჩვევიათ?

- სხვათა შორის, ჩემს სახლში ჩანაწერების ალბომი არსებობს, სადაც წერია, რომ ამან და ამან ამა და ამ თვის ამა და ამ რიცხვში წაიღო ესა და ეს წიგნი. ჩაბარების ვადა არის 30 დღე. ვაი, მას, ვინც არ ჩამაბარებს (იცინის)!..

- ამის გამო კონფლიქტი მოგსვლიათ?

- სერიოზული - არა, მაგრამ წიგნს რომ წაიღებ, დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეპყრო და პატრონს დროულად დაუბრუნო.

- წიგნების საჩუქრად მიძღვნა გიყვართ?

- თუ ვიცი, რომ იმ ადამიანისთვის წიგნი ძვირფასი რამ არის, გადაშლის და წაიკითხავს, ვაჩუქებ.

- რომელიმე წიგნმა მსოფლმხედველობა რადიკალურად თუ შეგიცვალათ?

- ასეთი ერთი წიგნი არ ყოფილა, მსოფლმხედველობა, ფასეულობები ადამიანს თანდათან გიყალიბდება...

- წიგნის წასაკითხად განსაკუთრებული გარემო გჭირდებათ?

- მთავარია, მეცალოს.

- "მოდის" გამო რომელიმე წიგნი თუ წაგიკითხავთ?

- კი და შემდეგ ყოველთვის მინანია...

- ბოლოს რომელმა წიგნმა გაგიცრუათ იმედი?

- გარკვეულწილად - ფამუქმა, მანამდე - კოელიომ. სხვათა შორის, ახლახან სტამბოლში ვიყავი. ცოლისა და დის დაჟინებული მოთხოვნით, ფამუქის მუზეუმში მივედი, დავათვალიერე. ის უდავოდ, საინტერესო კაცია, მაგრამ - რა ვიცი...

- ნიკა, "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევთ?

- ბერტოლტ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" წაიკითხონ - ეს წიგნი მათ უამრავ რამეზე დააფიქრებს. რატომღაც მგონია, რომ ეს ნაწარმოები დღევანდელ რეალობას ძალიან ჰგავს... მარკესზე აღარაფერს ვამბობ - ძალიან პოპულარული და გამორჩეულად კარგი ავტორია.

ეთო ყორღანაშვილი