შეშინებული ცნობილები - გზაპრესი

შეშინებული ცნობილები

როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება ან როცა ეს ყველაფერი ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს, აუცილებელი ხდება ფსიქოლოგის დახმარება. დავინტერესდით, რა ფობიებით არინ შეპყრობილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

თინი გალდავა:

GzaPress- ძალიან მშიშარა ვარ. თითქმის ყველაფრის მეშინია, რაც ექსტრიმთან არის დაკავშირებული. სიმაღლის, სისწრაფისა და სიბნელის ფობია მაქვს. არ მიყვარს შინ მარტო დარჩენა, ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება... მაკანკალებს მწერებისა და ქვეწარმავლების დანახვისას, ამიტომ ძალიან იშვიათად დავდივარ ლაშქრობებზე. ასეთ დროს თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ, დაძაბული ვარ. პანიკური შიში მაქვს თაგვებისა და ვირთხების. მათ ხსენებაზეც კი შეიძლება, გული წამივიდეს. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ჩემი ამ ფობიის შესახებ და როცა ისეთ სიტუაციაში ვხვდებით, როცა შესაძლოა, მსგავსი არსებები "გაიჩითონ", ცდილობენ, არაფერი შეიმჩნიონ... თუმცა, ამას წინათ მეგობრის აგარაკზე წავედი. ბედნიერმა ჩავალგე ბარგი. ერთი საათის ჩასულიც არ ვიყავი, როცა ერთ-ერთმა გოგონამ, რომელმაც ჩემი ფობიის შესახებ არ იცოდა, "მახარა", - თაგვი დავინახეო და მაშინვე მანქანაში ჩავჯექი, შინ წამოვედი. თაგვების ფოტოებზე ნახვაც კი მაშინებს, მეზიზღება.

- ფრენის გეშინია?

- ყველაზე მეტად ფრენის მეშინია! როცა ვიცი, რომ უცხოეთში უნდა გავემგზავრო, ერთი თვით ადრე ვნერვიულობ. ხშირად მესიზმრება თვითმფრინავი და აფრენის მომენტი - ეს კოშმარია! რა თქმა უნდა, ამის ისე არ მეშინია, რომ მოგზაურობაზე უარი ვთქვა, მაგრამ განვიცდი. ყველაზე მეტად არ მიყვარს აფრენის პროცესი, ხოლო როცა თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე დაშვებას იწყებს, ძალიან მსიამოვნებს, რადგან ნელ-ნელა მიწაზე ვეშვები და არანაირ საფრთხეს აღარ ველი. ისე, გაფრენის წინ დამამშვიდებელ აბებს ვსვამ, რომ ნერვებმა არ მიმტყუნოს (იცინის).

- ოდესმე, გემით თუ გიმოგზაურია?

- არა და ალბათ, გემზე დიდხანს ვერ გავჩერდები. წყლის შიში არ მაქვს, კარგად ვცურავ, მაგრამ ვფიქრობ, შუა ზღვაში ყოფნა დამაფრთხობს. ცნობისათვის, იახტით რამდენიმე საათი მისეირნია და ძალიანაც ვისიამოვნე.

ნინო მუმლაძე:

GzaPress- ბავშვობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის. სულ მელანდებოდა, თითქოს უკან ვიღაც დამყვებოდა. ეს შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ სიბნელეში მარტო ყოფნა ახლაც არ მსიამოვნებს... კიდევ, ქათმის ფობია მაქვს. მესმის, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ვისაც მსგავსი რამ სჭირს, იმან იცის, რომ ამაში სასაცილო არაფერია.

- ამ ფობიის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?

- როცა ცოცხალ ქათამს ვხედავ, ყოველთვის უხერხულ სიტუაციაში ვვარდები. ფრინველის ხელში აყვანა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. მახსოვს, ერთხელ სერიალ "ჩიფსების თაობის" გადაღების დროს სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი პერსონაჟი - ნუნუკა თეკლასთან ქათმით ხელში უნდა შესულიყო. სცენარისტებმა და გადამღები ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი ფობიის შესახებ და ამიტომაც, ქათამი წინასწარ იყიდეს. ჰოდა, ერთ დილას, პავილიონში შესულმა ქათამი რომ დავინახე, არაადამიანური ხმა ამომხდა, კივილით შევვარდი საგრიმიორო ოთახში და კარი ჩავკეტე. ვერავინ მიხვდა, რა დამემართა. ისტერიკაში ვიყავი და ვკიოდი: წაიყვანეთ, წაიყვანეთ-მეთქი... ბუნებრივია, როცა ცოტა დავწყნარდი და ჩემი შიშის შესახებ გაიგეს, სცენარი შეცვალეს და ქათმის ნაცვლად ბეკეკა მომაჩეჩეს (იცინის).

- დასასვენებლად სოფელში არასდროს ყოფილხარ?

- ის სახლი, სადაც მე ვისვენებ, წლიდან წლამდე დაკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს და შესაბამისად, არც ქათმებია და არც სხვა შინაური ფრინველები თუ ცხოველები. მეზობლის ქათმებს კი უბრალოდ, თავს ვარიდებ. თან, სოფელში ფსიქოლოგიურად მომზადებული მივდივარ, საკუთარ თავს ვამხნევებ... აი, პავილიონში თავისუფლად მოსეირნე ქათამი კი ჩემთვის მართლა შოკი იყო.

- ქათამის ხორცს არ მიირთმევ?

- როგორ არ მივირთმევ?! ის კი არა, ქათამს თავადაც ვამზადებ, ოღონდ - კარგად გასუფთავებული უნდა იყოს და ფეხები, კისერი, თავი არ უნდა ჰქონდეს.

- არ გიცდია ამ ფობის დაძლევა?

- მიცდია, მაგრამ ეს შიში რომ დაძლიო, პირველ რიგში, უნდა შეძლო და ფრინველი ხელში დაიჭირო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. თან, ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ეს ფობია რაღაც განსაკუთრებულ დისკომფორტსაც არ წარმოადგენს.

ხატია სიჭინავა:

GzaPress- ძალიან მშიშარა არც ბავშვობაში ვყოფილვარ და არც დღეს ვარ. თუმცა, პატარაობისას კბილის ექიმის, თეთრხალათიანი ადამიანების მეშინოდა. ჰოდა, დღემდე მაქვს უსიამოვნო შეგრძნება მათი დანახვისას.

- ყველაზე მეტად რისი გეშინია?

- სიმაღლის პანიკური შიში მაქვს. მე-8 სართულზე ვცხოვრობ და აივნიდან არასდროს ვიხედები.

- ამ ფობიის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- სიმართლე გითხრა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილვარ, რადგან თუ სიმაღლეზე მოვხვდი, ვცდილობ, იქაურობას სასწრაფოდ გავეცალო. სხვათა შორის, ასეთ დროს ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გაკონტროლებას და შესაბამისად, არ ვიცი, როგორ ვიქცევი.

- თუ ასეა, მე-8 სართულზე სარეცხის გაფენას როგორ ახერხებ?

- საშრობი მაქვს აივანზე და თვალდახუჭული ვფენ ხოლმე (იცინის)... მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში მაქვს, ვგიჟდები ფრენაზე. ერთი პერიოდი, ბავშვობაში სტიუარდესობაზეც ვოცნებობდი.

- გემით თუ გიმოგზაურიათ?

- არა, გემით არასდროს მიმოგზაურია. კრუიზი ჩემი ოცნებაა და ამ ოცნებას ოდესმე აუცილებლად ავიხდენ. ცურვა არ ვიცი, მაგრამ წყლის შიში არ მაქვს.

- არასდროს გიცდია შენი ფობიის დაძლევა?

- როგორ არ მიცდია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავძლიე.

კახა კუხიანიძე:

- ბავშვობაში "უჟასებისა" და მიცვალებულების მეშინოდა. კოშმარული ფილმების ყურება თან მომწონს და თან, ასეთ დროს უსიამოვნო შეგრძნებები მაქვს, ასეთ ფილმს მარტო ვერ ვუყურებ და ზოგჯერ, როცა სიტუაცია ძალიან მძაფრია, თვალებზე ხელს ვიფარებ (იცინის).

- მიცვალებულების რატომ გეშინია?

- სიბნელეში ბავშვები ერთმანეთს ვაშინებდით და აქედან გამომდინარე, დღემდე მომყვება სიბნელისა და მიცვალებულების მიმართ შიში. თუ სადარბაზოში ვინმე გარდაიცვლება, 40 დღით საცხოვრებლად მეგობართან გადავდივარ; პანაშვიდებზეც იშვიათად დავდივარ... ბავშვობაში მახსოვს, სულებს ვიძახებდით და თეფშს ვატრიალებდით. ამის ძალიან გვეშინოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით. თეფში მართლა მოძრაობდა და აქედან გამომდინარე, სულების არსებობის მჯერა.

GzaPress- იცი რა ჰქვია მიცვალებულების შიშს?

- არა, არ ვიცი.

- ნეკროფობია ჰქვია. სიბნელის დღემდე გეშინია?

- არა, ყოველთვის არ მეშინია, მაგრამ როცა შინ გვიან ღამით ვბრუნდები, სადარბაზოში შესულს ბავშვობა მახსენდება და ვიძაბები.

- მწერებისა და ქვეწარმავლების თუ გეშინია?

- ქვეწარმავლების მეშინია. ზაფხულში მეგობრები კუს ტბაზე ავდივართ. შანსი არ არის, იქ გავისეირნო. უბრალოდ, კაფეში ვჯდები და ყავას ვსვავ... იმიტომ არ ვსეირნობ, რომ ვიცი, იმ ადგილებში ქვეწარმავლები ბლომად არის და თავს საფრთხეში არ ვიგდებ.

- არ გიცდია შენი ფობიის დაძლევა?

- მიცდია და მინდა კიდეც, მიცვალებულების არ მეშინოდეს, მაგრამ არ ვიცი, ეს შიში როგორ დავძლიო? ვფიქრობ, ოდესმე ამას მოვახერხებ.

სოფო ჭონიშვილი