ნუკი კოშკელიშვილი გაქურდეს - გზაპრესი

ნუკი კოშკელიშვილი გაქურდეს

რის გამო რცხვენია, რას საყვედურობენ ყველაზე ხშირად, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება, სჯერა თუ არა ბედისწერის და რის შემდეგ შეებრალა ადამიანი, რომელმაც ის გაქურდა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1990 წლის 9 ივნისს.

- ბავშვობაში ვოცნებობდი...

- ...ბალერინობაზე, მაგრამ პუტკუნა ვიყავი და საბალეტო სკოლაში არ ამიყვანეს.

- ჩემზე ამბობენ...

- ....ძალიან კეთილიაო. ოჯახის წევრები ამბობენ, - ცანცარა არისო. ამ ორი შეფასებიდან რომელს უფრო ვეთანხმები? ალბათ - მეორეს. ხშირად მინდა სიკეთე ვაკეთო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის, ცანცარა კი ნამდვილად ვარ. ალბათ, ეს ასაკის ბრალიც არის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჩემ გარშემო ადამიანები ჯანმრთელები არიან და არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს.

- თვისება, რომელიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არასდროს არაფერი მწყინს, ბოღმის გულში დატოვება არ მჩვევია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს...

- ...ის, რომ არასდროს არაფერი არ მწყინს და გულში არაფერს ვიტოვებ. ზოგჯერ ადამიანები ცუდს მიკეთებენ. თითქოს, ეს უნდა მეწყინოს, მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ და ის წყენაც ადვილად მავიწყდება. ეს თვისება ჩემში თან მომწონს და თან - არა. ერთი ცნობილი ანდაზაა: ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი ენა არისო. ამ გამონათქვამს ვეთანხმები.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ეჭვიანობა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...2009 წელს "მის საქართველოზე" გამოსვლა იყო. უმადური უნდა ვიყო, რომ ეს არ ვაღიარო. მიუხედავად იმისა, რომ "მის საქართველოდ" არ ამირჩიეს, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ და ვინმე თუ მიცნობს, ეს ამ კონკურსის დამსახურებაა.

- არ მჩვევია...

- ...მანქანით სწრაფად სიარული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო. სულ სადმე წასვლას ვგეგმავ, მაგრამ ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ. 24 წლის ვარ და მხოლოდ 20-მდე ქვეყანაში გახლავართ ნამყოფი. საქართველო იმდენად ფანტასტიკური და მრავალფეროვანი ქვეყანაა, მე რომ მინდა, ისე კარგად სამშობლოსაც კი არ ვიცნობ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მინდა, კარგი ხარისხის თმა მქონდეს. არასდროს ვმალავ, რომ თმა დაგრძელებული მაქვს. სამწუხაროდ, ბუნებისგან ეს სილამაზე არ მებოძა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მიხარია. თავმდაბალი არ ვარ. როცა მაკრიტიკებენ, ესეც მიხარია. ჩემზე რომ არავინ ილაპარაკოს, მეწყინება - ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ აღარავის ვაინტერესებ. კრიტიკას ან გავითვალისწინებ, ან - არა.

- როცა ჩემზე ჭორაობენ...

GzaPress- ...ესეც მომწონს. ერთ-ერთი ბოლო ჭორი ძალიან სასაცილო იყო: მაღაზიაში მამასთან ერთად შევედი, ტანსაცმელი მოვიზომე, მამა კი გასახდელთან მელოდებოდა. რომელი სამოსიც შევარჩიე, მივაწოდე და ვუთხარი, - გადაიხადე-მეთქი. ეს სიტყვები ქართულად არ მითქვამს. მეორე დღეს ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ დაწერა, ნუკის უცხოელი საყვარელი ჰყავს, მაღაზიაში ერთად ნახესო. ჩვენ ამაზე ბევრი ვიცინეთ.

- ვანობ, რომ...

- ...ვჭამ და ვსუქდები. დიეტას არ ვიცავ, თორემ "შხვართი" ვიქნებოდი.

- ვერ წარმოვიდგენდი, თუ...

- ...გამოიგონებდნენ ისეთ ტელეფონს, რომელსაც კომპიუტერის მსგავსი შესაძლებლობები ექნებოდა. მახსოვს, ჩემი პირველი კომპიუტერი უზარმაზარი ჯაბახანა იყო და მეგონა, ამის იქით ტექნიკა ვერ წავა-მეთქი. კაცმა არ იცის, წინ რა სიახლეები გველოდება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვცდილობ, შეცდომა გამოვასწორო. ზოგიერთი შეცდომა კი მიყვარს: მცდარი ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ალბათ, ყველაფერი ისე არ მოხდებოდა, როგორც დღეს არის. ჩემთვის ყველანაირი შეცდომა დიდი გაკვეთილია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყველას ბოლომდე არ უნდა ვენდო, გული ზედმეტად არ უნდა გადავუშალო. საერთოდ, პოზიტიური ადამიანი უნდა იყო. გაგიკეთეს ცუდი? უნდა გაუკეთო კარგი! მოგცა მწარე? - მიეცი ტკბილი. ისევ მწარეს მოგაწოდებს? შენც გაუწოდე ტკბილი მანამ, ვიდრე დიაბეტი არ დაემართება (იცინის).

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვისას.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...უსამართლობას ვაწყდები. დაახლოებით 1 კვირის წინ გამქურდეს. ისე მოხდა, რომ ტაქსიში დამრჩა ბარათი, რომელიც მძღოლმა გამოიყენა და ჩემი ანგარიშიდან დიდი თანხა მოხსნა. ძალიან გავმწარდი. ვამბობდი, - მიწიდან ამოვთხრი, სად დაიმალება-მეთქი? დახმარებისთვის სამართალდამცავებს მივმართე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პიროვნებამ კუთვნილი თანხა დამიბრუნა და გავიგე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხნით ყოფნა ემუქრება, შემეცოდა. მოვინდომე, პოლიციაში შეტანილი განცხადება გამომეტანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კანონის მიხედვით ამის უფლება არ მაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ პოლიციამ სამაგალითოდ იმუშავა: ზუსტად 2 დღეში იპოვეს ადამიანი, რომელიც ქალაქიდან გაქცეული იყო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...წონაში 10 კილოთი ნაკლები. მინდა, რომელიმე მზიან ქვეყანაში ზღვის სანაპიროზე ვისვენებდე.

- სიყვარული...

- ქარივითა არის: ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან მეტკინა და დავიწვი, მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ დამმართნია.

- ვეპრანჭები...

- ...საკუთარ თავს.

- ვრისკავ, როცა...

- ...ჩემი ინტუიცია მეუბნება, - გარისკეო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ნუ ხარ "ფეთქებადიო". ამ საყვედურს უმეტესად, დედისგან ვისმენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიტყვი იმას, რომ მთელ სამყაროს დავეხმარებოდი, რადგან ამ შემთხვევაში, ყალბი ვიქნები. მე ისეთ ახლობლებს დავეხმარებოდი, რომლებსაც უჭირთ. ბევრს ვიმოგზაურებდი, ვიყიდიდი ლამაზ სახლს აუზით, გარდერობებით და ა.შ. შესაძლოა, ამის წაკითხვის შემდეგ მკითხველმა გამკიცხოს, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.

- თავისუფლება...

- ...არ ნიშნავს იმას, რომ უნდა აკეთო ის, რაც გინდა. თავისუფლებაა, როცა გაქვს არჩევანი ცუდსა და კარგს შორის და აკეთებ იმას, რაც სწორად მიგაჩნია.

- როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები...

- ...მოვიწყენ ხოლმე.

- ბედისწერის...

- ...ნაწილობრივ მჯერა და თან - იმისიც მწამს, რომ გონივრულად თუ მოიქცევი, შეგიძლია, საკუთარი ბედი მართო. მოკლედ, ამ შემთხვევაში საკუთარ თავთან ვერ ვთანხმდები. მე ხომ ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ვგრძნობ, ჩემში მუდმივად 2 ადამიანი ცხოვრობს, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული და წინათგრძნობის წყალობით ხიფათსაც არაერთხელ გადავურჩი. ჩემს ინტუიციას ყოველთვის ვენდობი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, ის პერიოდი მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად გავატარო. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სირთულე მარტივად გადამატანინონ.

- მინდა ვიცოდე...

- ...რა არის ბედნიერების ფორმულა. ახლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერების მოლოდინში გახლავართ. ბედნიერების ფორმულა რომ ვიცოდე, ყველას გაგიზიარებდით.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფიზიკოსი.

- ადამიანი, რომლის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...დედაა. ყოველთვის ვამბობ, არსებობენ ფანტასტიკური მეგობრები, მაგრამ ისე - როგორც დედას, ჩემი წარმატება ვერავის გაახარებს.

- ვჯიუტდები...

- ...ხშირად.

- მამაკაცი უნდა იყოს...

- ...მამაკაცი! ნაკლსაც თავისი ხიბლი აქვს. სოფი ლორენმა თქვა: თუ ქალს თავისი მამაკაცის ნაკლი არ უყვარს, მას ის ადამიანი არ ჰყვარებიაო. ჩემი მამაკაცი როგორი უნდა იყოს? ისეთი როგორიც არის.

- შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? მგონი, ყველა ქალი შეყვარებულია. გადავწყვიტე, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს ვილაპარაკო.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვთხოვდი, ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელად იყვნენ. ვიცი, სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ ეს მაშინ მოხდეს, როცა ძალიან, ძალიან მოხუცები იქნებიან. ახლობელი ადამიანების დაკარგვის მეშინია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...რაც მეტ სიკეთეს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. ვიყოთ კეთილები.

თამუნა კვინიკაძე