არის თუ არა სასურველი სასიძო ბახვა ბრეგვაძე - გზაპრესი

არის თუ არა სასურველი სასიძო ბახვა ბრეგვაძე

ის პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის ასისტენტს თამაშობს. ბახვა 28 წლისაა და შეყვარებული არ ჰყავს. ამბობს, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, მუშაობს რამდენიმე ადგილას, აქვს საკუთარი შემოსავლი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ზარმაცია... მოსწონს ეშხიანი, ეფექტური და ცოტა არ იყოს, თამამი გოგონები.

- დედაჩემი - ქეთევან კობალაძე ექიმია. ამჟამად კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მუშაობს. მამას თავისი პატარა ბიზნეს, გათბობის და ვენტილაციის კომპანია აქვს.

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, ერთი ძმა მყავს, რომელიც ჩემზე უფროსია. ახლახან დაოჯახდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი რძალი მყავს.

- პროფესიით მსახიობი ხარ?

GzaPress- არა, პროფესიით მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ვარ. მსახიობი შემთხვევით გავხდი (იცინის).

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?

- ტყუპი ვარ. რომ გითხრათ, ასტროლოგიურ პროგნოზს ხშირად ვკითხულობ-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა, ვიცი, ტყუპის ყველაზე ცუდი თვისება ხასიათის მერყეობაა. ეს თვისება მეც მაქვს. გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირს. დავუშვათ, მეგობრები სადმე რომ მეპატიჟებიან, სულ ვყოყმანობ: თან მინდა წასვლა და თან - არა... ხშირად გაორებაც მემართება. კარგ ხასიათზე მყოფს შეიძლება, მოულოდნელად განწყობილება შემეცვალოს.

- შეგიძლია, შენს დადებით თვისებებზეც გვითხრა?

- ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს. თუმცა, გეტყვით: ჩემი ყველაზე დადებითი თვისება ის გახლავთ, რომ ბოღმიანი არ ვარ.

- ყოველთვის გულახდილი ხარ?

- ვფიქრობ, რომ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს თამაშიც გიწევს.

- ხშირად გიწევს ტყუილის თქმა?

- ხშირად - არა, მაგრამ ხანდახან ტყუილის თქმაც მიწევს. ვიტყუები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რაღაც საქმიდან გამოძრომა მინდა. არასდროს ვიტყვი ისეთ ტყუილს, რაც სხვას დააზარალებს. თავადაც ვერ ვიტან, როცა ვხვდები, ვიღაც მატყუებს, ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები.

- დამოუკიდებელი ხარ?

- ეგრე გამოდის. ვცდილობ, მქონდეს სამსახური, რათა მატერიალურად სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო. ჰოდა, ახლა რამდენიმე ადგილას ვმუშაობ.

- საკუთარი პროფესიით მუშაობ?

- კი, კომპანია "სარაჯიშვილის" მარკეტინგის მენეჯერი ვარ. ასევე, ვმუშაობ "რედაქცია #3"-ში.

- მოდი, შენს უარყოფით თვისებებზეც გვითხარი.

GzaPress- ზარმაცი ვარ. ვერ ვიტან დილით ადრე გაღვიძებას. ღამის ცხოვრება მიყვარს, გვიან ღამით ჩემი ტვინის უჯრედები კარგად იხსნება და აქტიური ვხდები. გამიმართლა, რომ არც ერთი ჩემი სამსახური არ მავალდებულებს სამსახურში დილით ადრე მისვლას. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ მქონდა სამსახური, სადაც საქმე დილით უნდა დამეწყო და სულ ვაგვიანებდი, რის გამოც შენიშვნას ხშირად ვიღებდი.

- თავს რით იმართლებდი?

- ვამბობდი: ვიგვიანებ, მაგრამ მთელი დღე ისე ნაყოფიერად ვმუშაობ, ბევრ დილაუთენია მოსულს ვჯობივარ-მეთქი (იცინის)... სხვათა შორის, ეს ჭრიდა.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- სიგარეტს ვეწევი. ბევრჯერ ვცადე თავი დამენებებინა, მაგრამ ვერ შევძელი. XXI საუკუნეში მოწევა ცუდი ტონად მიიჩნევა, მაგრამ რა ვქნა, ეს მავნე ჩვევა ვერ დავძლიე. ცუდი ის არის, რომ ძალიან ბევრს ვეწევი.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- საკმაოდ კარგი! სხვადასხვა სასმელის არევაც შემიძლია და თან, ცუდადაც არასდროს ვხდები (იცინის). თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა ისე დავმთვრალვარ, მეორე დღეს არაფერი მახსოვდა.

- ცეკვა-სიმღერა გეხერხება?

- ცეკვა საერთოდ არ მეხერხება. რაც შეეხება სიმღერას - სმენა მაქვს და როცა მეგობრები ალკოჰოლს მივირთმევთ, მაშინ ცოტა ავღიღინდები ხოლმე.

- წონასწორობას რა შემთხვევაში კარგავ?

- ასეთი რამ იშვიათად ხდება. ვცდილობ, საკუთარი თავის კონტროლი არასდროს დავკარგო. ყველაზე მეტად, უზრდელობა მაღიზიანებს. როცა ადამიანი უზრდელობს, თან - "გადებილებს", წონასწორობას ვკარგავ და ასეთ დროს შეიძლება, ადამიანს შევაფრინდე, არ დავინდო... არც გინებას ვაკლებ (იცინის).

- რამდენი წლის ხარ?

- 28-ის.

- მშობლები არ გეუბნებიან, - დროა, დაოჯახდეო?

- არა, ჯერ მსგავს რაღაცებს არ მეუბნებიან. ვფიქრობ, დაოჯახება საპასუხისმგებლო რამ არის და ყველაფერს თავის დრო აქვს. როცა შეგიყვარდება, მაშინ დაოჯახდები.

- შეყვარებული არ გყავს?

- არა, შეყვარებული არ მყავს... ჩემს მოხიბვლას შეძლებენ ეშხიანი გოგონები. მომწონს "თხელი", წვრილკოჭებიანი მანდილოსნები (იღიმის).

- შეყვარებული არასდროს გყოლია?

- სერიოზულად არასდროს არავინ მყვარებია. ისე, გატაცებები მქონია.

- აქტიური გოგონები მოგწონს?

- ზედმეტად თამამი გოგოები არ მომწონს. თუმცა, არც ისეთი მომეწონება, რაღაცას რომ ეტყვი და გაწითლდება.

- შენმა რჩეულმა გემრიელი კერძების მომზადება უნდა იცოდეს?

- სასურველია, რომ იცოდეს. გურმანი ვარ და შემიძლია, ორ საათში ერთხელ გემრიელად მივირთვა.

- თავად თუ გეხერხება კერძების მომზადება?

- თუ სახლში მარტო ვარ, შემიძლია, რაღაც თავადაც მოვიმზადო. შეიძლება, უცებ მაკარონი მოვიხარშო და რაღაც გემრიელი სოუსიც მოვამზადო. კარტოფილისა და კვერცხის შეწვაზე აღარაფერს ვამბობ - მგონი, ამის გაკეთება ყველა მამაკაცს ეხერხება. სხვათა შორის, ძალიან მაგარ კოქტეილებს ვამზადებ.

- რამდენად მოწესრიგებული ადამიანი ხარ?

GzaPress- ამით ვერ დავიკვეხნი. თუ ვიცი, რომ სახლში დედაა, შეიძლება, ქურთუკი იქვე დავაგდო, სადაც გავიხდი. ვიცი, დედა აიღებს და თავის ადგილას დაკიდებს. ისე, არეულობაში ყოფნა არ მიყვარს. როცა სასწავლებლად საზღვარგარეთ, 6 თვით წავედი, იქ მარტო ვცხოვრობდი და იძულებული გახლდით, ყველაფერი თავად მომეწესრიგებინა.

- მანდილოსანს შენთვის სიყვარული აუხსნია?

- მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ ურთიერთობაში ინიციატივა კი გამოუჩენიათ.

- სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩენის შემდეგ პოპულარული გახდი. ეს ყველაფერი მოგწონს?

- რა თქმა უნდა, მომწონს. ზუსტად 3 სერია გავიდა ჩემი მონაწილეობით... ჰოდა, ქუჩაში რომ გავედი, მივხვდი, რაღაც კარგი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ბავშვები აქტიურობენ, ქუჩაში მაჩერებენ და ფოტოების გადაღებას მთხოვენ.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. ქართულ ტრადიციებში ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგალითად, არ მომწონს ისეთი თამადა, რომელიც გაუთავებლად ლაპარაკობს, შენ კი იძულებული ხარ, უსმინო. არ მომწონს ქელეხის ტრადიცია. ადრე ქელეხში სტუმრებს იმიტომ ეპატიჟებოდნენ სუფრასთან, რომ სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქიდან სამძიმრის სათქმელად ჩასული ხალხი შიმშილისგან არ შეწუხებულიყო. მაგრამ ადამიანი თბილისში რომ გარდაიცვლება და შენ მეზობლად ცხოვრობ, რა საჭიროა ქელეხის სუფრას მიუჯდე?..

- შენი რჩეულის მშობლებთან, მათი შვილის ხელის სათხოვნელად მიხვალ?

- რა თქმა უნდა, მივალ, ამაში სამარცხვინო არაფერი. თუმცა, ამ ყველაფერს თანამედროვე სახეს მივცემ, ლამაზად გავაკეთებ.

- დაოჯახების შემდეგ მშობლებთან ცხოვრებას აპირებ?

- დაოჯახების შემდეგ აუცილებლად, მეუღლესთან ერთად, ცალკე ვიცხოვრებ, მშობლებთან კი სტუმრად მივალთ ხოლმე. იმედია, გვექნება დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება.

- როგორ ფიქრობ, სასურველი სასიძო ხარ?

- იმედია, ვარ.

- საქორწილო მოგზაურობაში რომელ ქალაქში წახვიდოდი?

- ძალიან მიყვარს პარიზი. სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ამ ქალაქში ჩასვლა და რაღაცნაირად შემიყვარდა... საყვარელ ადამიანთან ერთად სიამოვნებით ვესტუმრებოდი საფრანგეთს.

- შენი აზრით, ძნელია საყვარელი ქალის განებივრება?

- როცა გიყვარს, ძნელი არაფერი არაა. თუ მთხოვს, ყავასაც მოვუმზადებ და მივართმევ, ოღონდ - ეს აუცილებლად, უნდა მთხოვოს (იცინის).

სოფო ჭონიშვილი