უკრაინაში წარმატებული ქართველი ფეხბურთელის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

უკრაინაში წარმატებული ქართველი ფეხბურთელის სიყვარულის ამბავი

ეკოს ლვოვში, ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი. წყვილი მესამე შვილს ელოდება.

- საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელის მეუღლე, პროფესიით ვინ ხარ?

- ჟურნალისტი გახლავართ, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. გარკვეული პერიოდი სამოდელო საქმიანობას ვეწეოდი.

- მოდელობას რატომ დაანებე თავი? მეუღლეს არ მოსწონდა შენი საქმიანობა?

- ბუბას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. უბრალოდ, გათხოვებიდან ცოტა ხანში დავფეხმძიმდი, შემდეგ საცხოვრებლად ლვოვში გადმოვედით და თავისთავად ჩამოვშორდი საქმიანობას. თან, სიმართლე გითხრათ, მოდელობა ჩემთვის ჰობი იყო.

- პოდიუმზე გასვლა არ გენატრება?

GzaPress- რა თქმა უნდა, მენატრება და ხანდახან ამის შანსიც მეძლევა: ხშირად ძველი თაობის მოდელების მონაწილეობით, ჩვენებას აწყობენ და როცა თბილისში ვარ, ასეთ ღონისძიებაში სიამოვნებით ვმონაწილეობ. ბუბას მოსწონს, პოდიუმზე რომ მხედავს.

- შენ და ბუბამ ერთმანეთი სად გაიცანით?

- ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით, ერთ-ერთ გასართობ ადგილას გავიცანით და გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში ამიხსნა სიყვარული. თავდაპირველად ჩემგან უარი მიიღო (იღიმის). თუმცა, მერე იმდენი ქნა, რომ სიცოცხლეზე მეტად შემაყვარა თავი და დღეს მის გარეშე წუთითაც ვეღარ ვძლებ. ხმამაღალ ნათქვამად თუ არ ჩამითვლით, დავამატებ: მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთს შეგვახვედრა. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ბუბა ძალიან ყურადღებიანია. სიურპრიზების მომზადება უყვარს. ძირითადად, საჩუქრებს საჭიროების მიხედვით ყიდულობს. იცის, რა დროს რა მჭირდება. მისი შერჩეული საჩუქარი ყოველთვის მომწონს, საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს.

- თავდაპირველად უარი რატომ უთხარი, არ მოგწონდა თუ უბრალოდ, გაიპრანჭე?

- ჩვენს ურთიერთობაში მოვლენები სწრაფად განვითარდა... ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ არ ველოდი, სიყვარულს მალე თუ ამიხსნიდა. ამიტომ დავიბენი და ვერ მივხვდი, რა უნდა მეთქვა. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი.

- როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე?

- როგორც ამბობს, დანახვისთანავე მოვეწონე, ერთი ნახვით შევუყვარდი ანუ ჩემი გარეგნობა მოეწონა.

- თავად თუ გჯერა ერთი ნახვით შეყვარების?

- სიმართლე გითხრათ, მსგავსი რაღაცების არასდროს მჯეროდა, მაგრამ თურმე, ასეც ხდება (იცინის)... ბუბასი მჯერა. ის ყოველდღე ამტკიცებს, რომ ვუყვარვარ, პატივს მცემს.

- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

- ზოგადად სპორტსმენის ცოლობაა რთული, რადგან სულ რეჟიმში უწევთ ცხოვრება. ვარჯიშები, "ზბორები", ერთი ქალაქიდან მეორეში სიარული - ეს ყველაფერი თან ახლავს მათ ცხოვრებას და მეუღლე ვალდებულია, ამ ყველაფერში ფეხი აუწყოს, სხვანაირად უბრალოდ, არაფერი გამოვა. ბუბას წელიწადში ორჯერ ხანგრძლივი "ზბორები" აქვს და ამ ყველაფერს განშორების სირთულე, მონატრებაც ახლავს.

- თავად რით მოგხიბლა?

GzaPress- პირველ რიგში, საკუთარი გარეგნობით მომხიბლა. ვფიქრობ, საკმაოდ სიმპათიური მეუღლე მყავს (იცინის). უკეთ რომ გავიცანი, მისი ადამიანურობით აღვფრთოვანდი. ძალიან თბილი, ყურადღებიანი და გამგებია. ისეთი მამაკაცური თვისებები აქვს, რაც ძალიან მომწონს.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები?

- შეყვარებულები ერთი წელი ვიყავით. 4 წელია, ცოლ-ქმარი ვართ.

- რამდენი წლის იყავით, როცა დაქორწინდით?

- მე 24-ის ვიყავი, ბუბა 21-ის.

- ქორწილი გადაიხადეთ?

- ქორწილი ჯერ არ გვქონია და არც ჯვარი გვაქვს დაწერილი. გვინდა, ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ქორწილი გვქონდეს, მაგრამ ამ ყველაფრის ორგანიზებას ვერ მოვაბით თავი. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ.

- რამდენი შვილი გყავთ?

- 2 გოგონა გვყავს და ახლა მესამე შვილის დაბადებას ველოდებით.

- მისი სქესი იცით?

- დიახ, კიდევ ერთი ქალიშვილი გვეყოლება. პატარა მაშო აგვისტოში დაიბადება. ბუბას ძალიან უნდოდა, ვაჟის მამა გამხდარიყო. არა უშავს, მეოთხესაც გავაჩენ და ის იქნება ბიჭი ან მეხუთე მაინც (იცინის).

- ანუ ბევრი შვილის ყოლას აპირებთ?

- დიახ, გვინდა ბევრი შვილი გვყავდეს.

- უფროსი რამდენი წლის არის?

- უფროსი - თიკა პირველი ქორწინებიდან მყავს. ის ახლა 9 წლისაა.

- ძიძა გყავს თუ დამოუკიდებლად ახერხებ ბავშვების მოვლას?

- ამ ეტაპზე ძიძის აყვანის საჭიროება არ გვაქვს. უფროსი სკოლაში დადის, პატარა - საბავშვო ბაღში. დედაჩემი და დედამთილიც ძალიან მეხმარებიან. მესამე რომ გაჩნდება, მერე შესაძლოა, ძიძაც მოვიყვანოთ სახლში.

- იმ ქალაქზე რას გვეტყვი, სადაც ცხოვრობთ?

- მოგეხსენებათ, ბუბა უკრაინის ნაკრებში თამაშობს, ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელია. ქალაქ ლვოვში ვცხოვრობთ. ძალიან კარგი, მყუდრო ქალაქია. გვიყვარს ლვოვი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ცივი ზამთარი იცის. უკრაინული სამზარეულოც შეგვიყვარდა.

- ქართული კერძები არ გენატრებათ ხოლმე?

- აქ ქართული რესტორნებიც არის, სადაც ხშირად დავდივართ. ისე, სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი სადილების მომზადება თავადაც მეხერხება. ბუბას ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები, განსაკუთრებით კი: გუფთა, სოუზი და სხვადასხვანაირად მომზადებული ქათამი.

- თავად თუ გეხმარება საოჯახო საქმეების კეთებაში?

- მისთვის დახმარება არასდროს მითხოვია, მაგრამ როცა ცუდად ვიყავი, რაღაც-რაღაცებს აკეთებდა. სამზარეულოში მისი ადგილი არ არის, არაფერი გამოსდის.

- ბავშვები თუ მიჰყავს ხოლმე გასართობად?

- ბუბა ბავშვებთან ურთიერთობისას ძალიან თბილია. გიჟდება მათზე. ცდილობს, თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატაროს.

- მეუღლის თამაშებზე დადიხარ?

GzaPress- რა თქმა უნდა და ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ... მისი არც ერთი თამაში არ მაქვს გამოტოვებული. ფეხბურთშიც კარგად ვერკვევი. ვიდრე ბუბას გავიცნობდი, მხოლოდ ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშებზე დავდიოდი, ახლა კი ფეხბურთის დიდი ქომაგი გავხდი.

- ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?

- ბუბა საქართველოში ნაკრების თამაშებსა და არდადეგებზე ჩადის. საქართველოს ნაკრები მისთვის ყველაფერია. ამბობს, რომ სულ სხვა ემოცია ეუფლება, როცა საქართველოს ნაკრების ფორმა აცვია და ჰიმნი ჟღერს... დანარჩენ დროს ლვოვში ატარებს. მე კი ძალიან ხშირად მიწევს აქეთ-იქით სიარული (იღიმის).

- რაზე კამათობთ ხოლმე?

- იმდენად ხშირად გვიწევს განშორება, რომ როცა ერთად ვართ, კამათსა და სხვა სისულელეებში დროს არ ვკარგავთ. სულ იმას ვფიქრობთ, ერთმანეთს რა ვასიამოვნოთ. თანაც, არაკონფლიქტური ადამიანები ვართ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ ერთურთს... აი, შეყვარებულობის პერიოდში კი ერთი-ორჯერ გავებუტე (იღიმის).

- მეუღლეს შენთვის ყველაზე ძვირად ღირებული რა უჩუქებია?

- როგორც აღვნიშნე, საჩუქრების კეთება ძალიან უყვარს. ბოლო დროს ავტომობილი და ძვირად ღირებული სამკაული მაჩუქა.

- რა ფირმის ავტომობილი გაჩუქა?

- 2015 წელს გამოშვებული ტოიოტა "რავ-4". ძალიან გამახარა.

სოფო ჭონიშვილი