გიგა ლორთქიფანიძის "ჰარემი" და აუხდენელი ოცნება - გზაპრესი

გიგა ლორთქიფანიძის "ჰარემი" და აუხდენელი ოცნება

სამ დას შორის ერთადერთია, რომელიც მსახიობი არ გახდა. მაია ლორთქიფანიძე მსახიობ დათო ხახიძის მეუღლეა. ერთმანეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიცნეს, სადაც დღეს დათო არაერთ სპექტაკლშია დაკავებული. შარშან წყვილმა იქორწინა და ეს ულამაზესი დღე მეგობრებმა სიურპრიზად უქციეს.

მაიასთან შეხვედრისას, გიგა ლორთქიფანიძე გავიხსენეთ, არც მისი ოჯახის დღევანდელობისთვის აგვივლია გვერდი...

GzaPress- უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით ვსწავლობდი, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. რამდენიმე ფირმაში სხვადასხვა თანამდებობა მეკავა, ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც. მოგვიანებით, თურქეთში სამედიცინო სფეროს "გადავეყარე" და ამ ეტაპზე თურქულ კლინიკებთან ვურთიერთობ, ჩამოსულ ჯგუფებს ვხელმძღვანელობ და ა.შ. ძალიან მინდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ რატომღაც, დედ-მამა მეწინააღმდეგებოდნენ. მათ ვუთხარი: ნინო და ნანაც ხომ თქვენი შვილები არიან და რატომ მიეცით თეატრალურში სწავლის უფლება-მეთქი? მარწმუნებდნენ, შენ სხვა სფეროში გაქვს პოტენციალიო და მიხსნიდნენ, როგორი რთულია მსახიობის ცხოვრება. მამა ყვიროდა: "ჩერეზ მოი ტრუპ!" ჰოდა, დავუჯერე და თეატრალურში არ ჩავაბარე, რასაც დღემდე ვნანობ. სხვათა შორის, მოგვიანებით ამას დედა-მამაც ნანობდა. გიგა მეგობრებთან ხუმრობით ამბობდა: კარგი არტისტი დავაკარგვინე ქართულ თეატრსო.

- ჩემს მეგობარს, რომელიც ოჯახში მესამე გოგონა იყო, მამა და ბაბუა ისე ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. ბატონ გიგას თუ ჰქონდა ამგვარი მიდგომა თქვენდამი ან ხომ არ ამბობდა, რომ ბიჭის მამობაც სურდა?

- მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. დედა ფეხმძიმედ რომ იყო, მამა დარწმუნებული გახლდათ, მესამე შვილი ბიჭი ეყოლებოდა და აპირებდა, მამამისის სახელი დაერქმია. თურმე, დედას მუცელზე ეფერებოდა, - პატარა დათიკო დაიბადებაო. თუმცა, არასოდეს ჰქონია ის გართულება, რომ ოჯახში ვაჟის ყოლა აუცილებელია. მამა ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ქალების "ჰარემით" (იღიმის). სამივე დას პირველად გოგონები შეგვეძინა და მამას ვეხუმრებოდით: რვა მოსიყვარულე ქალი და ერთი მამაკაცი ხარ-მეთქი. ერთადერთი, იმას დარდობდა, რომ ჩვენს შტოს გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა. ჰოდა, როცა მეორე შვილი შემეძინა და რა თქმა უნდა, მას დავარქვი გიგა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დიდი კეთილშობილება გამოიჩინა და თავად შემომთავაზა, ბავშვი ლორთქიფანიძის გვარზე დაგვეწერა. რასაკვირველია, ამას ვერც შევბედავდი, თავად რომ არ ყოფილიყო ინიციატორი. პატარა გიგა 13 სექტემბერს დაიბადა, მამაჩემის დაბადების დღე კი 19 ოქტომბერსაა. ბავშვი ერთი თვის რომ გახდა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა: მე და შენ მამაშენს ვერაფერს ვაჩუქებთ იმაზე უკეთესს, როგორი საჩუქარიც ბავშვის თქვენს გვარზე დაწერა იქნება. იუსტიციის სამინისტროში წავიდეთ და ეს საბუთი გიგას დაბადების დღეს მივუტანოთო. ასე გახდა ჩვენი შვილი გიგა ლორთქიფანიძე-კვაჭანტირაძე და მას შემდეგ ორ გვარს ატარებს. მამას ამის დამადასტურებელი საბუთი რომ მივუტანეთ, სიხარულისგან ცრემლები გადმოყარა, ძალიან ბედნიერი იყო. დაბადების დღეს, როგორც ყოველთვის, სახლში 20-25 კაციანი სუფრა იშლებოდა. მამა დარეკავდა, - მოვდივართო და ვიდრე შინ შემოვიდოდა, დედას ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, ამის გამო ჯადოქარს ვეძახდი (იღიმის).

- არიან მამები, რომლებიც შვილებისადმი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან, უწესებენ შინ დაბრუნების საათებს, სულ აკონტროლებენ...

GzaPress- კი, მაგრამ მამას მუქარა მხოლოდ ბაქიბუქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმაურიანი და ემოციური გახლდათ, ხმამაღალ სიტყვას არ გვეტყოდა. მამას სიმშვიდე და დასვენება არ არსებობდა და თუ ასეთი რამდენიმე საათი ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდა... ადრე სოლოლაკში ვცხოვრობდით. 15-16 წლის ვიყავი, როცა თბილისში დაინიშნა კომენდანტის საათი, 90-იან წლებს მოჰყვა ათასი უბედურება, მამა ძალიან ღელავდა, როცა ჩვენ გარეთ გავდიოდით. თუმცა, ჩემი თაობა მაშინ ვერ აღიქვამდა, რა საშიშროება გვემუქრებოდა... ისიც უნდა ვთქვა, რომ გიგა იყო ჩვენი პროტეჟე დედასთან, ვინაიდან ის უფრო მკაცრი გახლდათ. ჰოდა, თუ დედასთან რამე სათხოვარი გვქონდა, მამას ვეუბნებოდით, დალაპარაკებოდა. არ მახსოვს, რამეზე უარი ეთქვას... თავის პროფესიას საოცარი ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მართალია, შემოქმედებაზე საუბრისას თავმდაბლობდა, მაგრამ საკუთარი ოჯახით ტრაბახობდა. რომ ვეტყოდი, - მამა, სირცხვილია-მეთქი, შემომიტევდა: ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორი საუკეთესო მეუღლე და შვილები მყავსო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, მისი ყურადღება არ მოგვკლებია. 7 საათზე იღვიძებდა, გაეცნობოდა სიახლეებს, წაიკითხავდა წიგნს, 9-ის ნახევარზე კი სამსახურში მიდიოდა. დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას უწევდა მისვლა: კინოსტუდია, თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თეატრები... შუადღეს შინ შემოივლიდა, ისადილებდა და ისევ მიდიოდა. სხვადასხვა დროს რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და ამავე დროს ესწრებოდა სხვა თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში. დამწყები რეჟისორი იყო თუ მსახიობი, ყველას შემოქმედებას უნდა გასცნობოდა. ენერგიის გადანაწილების საოცარი ნიჭი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული, ღამის 10-11 საათზე იღებდა "ღამის სტუმრებს"; თუ მეგობარ-ახლობლებს ვერ ნახულობდა, ურეკავდა და აუცილებლად, ყველას მოიკითხავდა.

- ოჯახის წევრებთან უყვარდა თავის შემოქმედებაზე საუბარი?

- სპექტაკლების პრემიერებისა თუ ფილმების შესახებ აზრს გვეკითხებოდა. დედას აქვს ის ფოტოები, სადაც მამა გადასაღებ მოედანზეა დაფიქსირებული. ოპერატორთან ერთად ისეთ კლდეებსა და მიდამოებში დაძვრებოდა, სულ მიკვირდა. ყველამ იცის, რომ "დათა თუთაშხია" მისთვის საყვარელი ნამუშევარი იყო. რაც შეეხება წარმოდგენებს: მან 153-ზე მეტი სპექტაკლი დადგა და არ მახსოვს, რომელიმე გამოერჩიოს. სეზონი არ ყოფილა, გიგას ერთი ან ორი პრემიერა არ ჰქონოდა თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში და ა.შ. რუსთავი - ეს ინდუსტრიული ქალაქი 1967 წელს დაარსებულმა თეატრმა ძალიან მალე აქცია ერთ-ერთ კულტურულ კერად. ეს თეატრი დღემდე გიგას სახელს ატარებს, რაც მიხარია. მე და ჩემი დები ფაქტობრივად, მის კედლებში ვართ გაზრდილები. მახსოვს, დილის 11 საათზე გადიოდა ავტობუსი ელბაქიძის დაღმართთან არსებული ავტოსადგურიდან, რომელსაც რუსთავში მსახიობები და მათ შორის - დედაც მიჰყავდა. ბავშვობის დიდი ნაწილი გატარებული მაქვს რეპეტიციებზე, სპექტაკლებსა და საღამოებზე, რომლებიც რუსთავის თეატრში იმართებოდა. მამას მანქანით მივყავდი და სულ ვწუწუნებდი, რადგან მსურდა, იმ ავტობუსის მგზავრი ვყოფილიყავი, სადაც ძალიან მხიარული საზოგადოება იკრიბებოდა. ძალიან მიყვარდა რუსთავის თეატრი და მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, რადგან იქ დათო და მამამისი მუშაობდნენ (იღიმის).

- ვიცი, თქვენი მეუღლის მამა და ბატონი გიგა მეგობრობდნენ...

- დიახ. 1967 წელს, როცა რუსთავის თეატრი დაარსდა, გივი ხახიძე თეატრში მსახიობ მეგობარ გოგონას მიჰყვა, რადგან მამას კასტინგი ჰქონდა გამოცხადებული. როგორც ჩანს, იმ დროს ქალების საკმარისი რაოდენობა იყო, მამაკაც მსახიობებს კი ეძებდნენ და მამამ გივი თავისთან დაიტოვა. მას არაორდინარული გარეგნობა ჰქონდა და ამიტომაც მოეწონა. ასე დაიწყო მათი მეგობრობა. დათოსგან ვიცი, რომ გიგას და მამამისს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. დათოსგან და დედამისისგან, ქალბატონი მარიეტასგან ისიც ვიცი, რომ მაშინ, როცა გივი ავადმყოფობდა, გიგა ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, წამლებს უგზავნიდა, ნახულობდა. დათო 25 წლის იყო, როცა 54 წლის მამა გარდაეცვალა.

GzaPress

- იმ პერიოდში დათოს არ იცნობდით, არა? როგორც ვიცი, ის ორიოდე წლის წინ გაიცანით.

- დიახ. ჩემ გარდა, მას ჩემი ოჯახის ყველა წევრი იცნობდა. მე გავიცანი ბოლოს, მაგრამ - საფუძვლიანად (იღიმის). 2013 წლის სექტემბერში მოზარდ მაყურებელთა თეატრში რაღაც პროექტის განხორციელება მსურდა, რაც რამდენიმე გარემოების გამო ვერ მოხერხდა. დაახლოებით ორი კვირა თეატრში სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად დავდიოდი. მისვლიდან მეორე დღეს გავიცანი დათო და მერე რაღაცნაირად, სწრაფად აეწყო ყველაფერი (იღიმის).

- მეგობრებმა ლამაზი დღესასწაული მოგიწყვეს ქორწილის სახით...

- საოცარი ქორწილი იყო! მგონია, ასეთი რამ არავის ჰქონია და ამით სულ ვტრაბახობ. თურმე, დათოც ყოფილა საქმის კურსში, მაგრამ დეტალურად მანაც არ იცოდა, რას გეგმავდნენ მეგობრები. იმ პერიოდში ჭოლა "მოზარდში" "რომეო და ჯულიეტას" დგამდა, სადაც დათო მერკუციოს როლს ასრულებს. 2014 წლის 2 თებერვალს მან დამირეკა: რეპეტიციის შემდეგ გამოგივლი, ჭოლამ რესტორანში დაგვპატიჟაო. მოვემზადე და წავედით. შევაღე რესტორნის კარი, სადაც 130-მდე კაცი იყო შეკრებილი. დათოც არ ელოდა ასეთ "მასშტაბებს", შოკში იყო, სახეზე მიტკლისფერი ედო. შესასვლელში თაიგული მომაწოდეს, თეთრი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი დამახვედრეს და ხანჯლების კორიდორში გაგვატარეს. სუფრას დათო გომართელი თამადობდა. მოწვეული იყვნენ მომღერლები. შავი კაბა მეცვა და ვიძახდი: ეს რომ მცოდნოდა, სხვა ფერის კაბას მაინც ჩავიცვამდი-მეთქი. მართლაც, დაუვიწყარი დღე იყო.

- თქვენს შვილებზე რას გვეტყვით?

- გიგა 11 წლისაა. ამ ეტაპზე რეჟისორობა აინტერესებს და სულ კამერა უჭირავს, რაღაცებს იღებს, ამონტაჟებს, "იუთუბიზე" ათავსებს. დათო ურჩევს, ბევრი იკითხოს, რადგან ამ პროფესიას დიდი ინტელექტი სჭირდება... რაც შეეხება ნინის, ის 18-ის გახლავთ და წელს შეეცდება უნივერსიტეტში ჩაბარებას. მეგონა, მსახიობობას მოისურვებდა, რადგან სამი წლიდან არაჩვეულებრივად მღერის, ცეკვავს, მაგრამ ნინიმაც მოინდომა, სერიოზული ცვლილება შეეტანა ჩვენს გენეტიკურ მისწრაფებებში და ბიზნესისა და ფინანსების ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას. იმედი მაქვს, მოახერხებს და სტუდენტი გახდება... ბევრი ბაბუა ვერ ჰკიდებს ჩვილს ხელს, ფრთხილობს, მაგრამ მამა იყო ის ადამიანი, რომელსაც პირველივე დღეებიდან ხელში აჰყავდა ბავშვები და ლოგინში იწვენდა. ჩვილების საოცარი სიყვარული ჰქონდა. მამას ოთახი მისაღებიდან მარჯვენა მხარეს იყო. შვილიშვილები რომ სტუმრობდნენ, აკვირდებოდა, პირველად საით წავიდოდნენ და ვაი, ჩვენი ტყავის ბრალი, თუ სხვა მხარეს გადაუხვევდნენ (იღიმის). აუცილებლად, პირველი თვითონ უნდა ჩახუტებოდა ბავშვებს.

- სეხნია შვილიშვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- უნდა ვაღიარო, რომ ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა მისთვის. "როგორ გალამაზდა გიგა", - მეტყოდა ხოლმე, ანდა, - "შეხედე, რა ფერები აქვს". მამას და ბებიას მოსწონდათ ქერა, კულულებიანი, ლურჯთვალება ბავშვები. გიგას ამ მხრივ ძალიან გაუმართლა - მის ყველა შვილიშვილს თეთრი კანი და ოქროსფერი თმა აქვს. უხაროდა, ამისთანა ბავშვები სხვა არც ერთ ოჯახში არ იბადებიანო. ქვეყანაზე ყველაზე უკეთესები ვეგონეთ და ამ მხრივ ძალიან სასაცილო იყო.

იცით, მამა რაზე ოცნებობდა? - ერთ სამსართულიან კორპუსში ყველას ჩვენ-ჩვენი ოჯახით, ერთად გვეცხოვრა, ბავშვებს კარიდან კარში ერბინათ და ყველას მიჰფერებოდა.

ანა კალანდაძე