მოგზაურობა წიგნის პერსონაჟებთან ერთად - გზაპრესი

მოგზაურობა წიგნის პერსონაჟებთან ერთად

"ბეჭდების მბრძანებელი" რაჭაში წავიკითხე. წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას გარემო მეტად მიმძაფრებდა", - ამბობს სატელევიზიო პრომოუშენის სპეციალისტი ზაალ წულუკიძე (ვინი). უყვარს ინტელექტუალური თამაშები და უფრო მეტად - შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურა.

პრეამბულის მაგიერ

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ბოლო რამდენიმე წელია აქტიური მკითხველი ვეღარ ვარ. ყველაზე დიდი ინტერესით შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურას ვკითხულობ. ბევრ სიახლეს უმეტესად ინტერნეტით ვეცნობი.

- პირველი ნაწარმოები, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- ეს ბავშვობაში იყო, მაშინ წასაკითხ ლიტერატურას მშობლები მირჩევდნენ. ჟიულ ვერნის ცნობილი პერსონაჟი კაპიტანი ნემო და მისი თავგადასავალი გამახსენდა. ამ ნაწარმოებმა მართლა მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. რომ ვკითხულობდი, თავი მეც მის "ნაუტილუსზე" მეგონა, გემის ერთ-ერთი იუნგა ვიყავი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- სემთან "ბეჭდების მბრძანებლიდან". ჩემი საყვარელი ნაწარმოების ყველაზე მაგარ გმირთან ვიმეგობრებდი.

- ეს პერსონაჟი რით გიზიდავს?

- ძლიერია, მეგობრობის, ერთგულების ფასი იცის. ყოველთვის შენ გვერდით დგას და ნებისმიერ წუთში მზადაა, რომ დაგეხმაროს, ბოლომდე დაიხარჯოს.

- რეალურ ცხოვრებაში მისი მსგავსი ადამიანი შეგხვედრია?

- ნურავინ მიწყენს, მაგრამ არ შემხვედრია.

- მას თავად რით ჰგავხარ?

- ეს ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან.

- მასთან საერთოს რომ არ პოულობდე, მეგობრობის სურვილი არ გექნებოდა.

- მგონია, რომ ცუდი მეგობარი მეც არ ვარ. მეგობრისთვის ხელის გაწოდება მაშინაც კი შემიძლია, როცა არ ელოდება. ჩემს ცხოვრებაშიც იყო მომენტი, როცა არავისგან არაფერს ველოდებოდი და ზუსტად ის მეხმარებოდა, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- ზომიერად. კითხვის დროს არ ვცდილობ, რამე კონკრეტული დავიმახსოვრო. ჩემთვის მთავარია იმ წუთში ის მანიჭებდეს სიამოვნებას.

- ვიცი, რომ ახლახან ეგვიპტეში იყავი, პირამიდები ნახე?

- არა, მე შარმ ელ შეიხში ვიყავი. კაირო 500 კილომეტრითაა დაშორებული. ტურები ძალიან ძვირი ღირდა. საერთოდ ეგვიპტეში შეიძლება წახვიდე დასასვენებლად, აიღო ნომერი კარგ სასტუმროში, მზეზე ინებივრო, ზღვაში გაგრილდე. ან აიღო ნომერი შედარებით იაფფასიან სასტუმროში, თუნდაც კაიროში, და სხვადასხვა ტურით ისარგებლო. იქ სანახავი მართლაც ბევრია. მე სამოგზაუროდ არ წავსულვარ, უბრალოდ დასვენება მინდოდა და ის პერიოდი კარგ სასტუმროში, შეზლონგზე წამოწოლილმა გავატარე.

- ბოლო პერიოდში ეგვიპტის პირამიდებს ტურისტებისგან საფრთხე დაემუქრათ. ტურისტების უმრავლესობა ცდილობს სახლში სამახსოვროდ პირამიდის ნატეხი წაიღოს. რა მოიმოქმედა ეგვიპტის მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ?

- ერთადერთი რაც მსმენია, ისაა, რომ სატვირთო მანქანებით მიაქვთ ქვები და პირამიდებთან ყრიან. ჩემი ძმა წლების წინ იყო ეგვიპტეში. მან შეამჩნია რაც ხდებოდა, პირამიდის ქვებს შორის ნაპრალში შეყო ხელი, მოტეხა და ისე წამოიღო. სახლში ნამდვილი პირამიდის ქვა მაქვს.

- საქართველოს რომელ რეგიონშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები, ქვეშის ციხე, წუღრუღაშენის ეკლესია, ორბელიანთა კარის ეკლესია...

- დამეხმარე, რა ახალი გაღვიძებული ვარ.

- ქვემო ქართლის ტერიტორიაზეა.

- ბოლნისში.

- რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს იმავე დილის 9 საათსა და 15 წუთისგან.

- ვაიმეეე!!! ახლოს საათიც არ არის, რომ შევხედო. რამდენი გამოდის, 45?

- ცდები.

- (ფიქრობს) 75 უნდა იყოს.

- 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხეს. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმის და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე". - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- უნდა გამოვიცნო. ე.ი ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იხდიდა და არა ყველა მცხოვრები. მწეველებს ხომ არა?

- გამოიცანი.

- 10 წელია სიგარეტს თავი დავანებე და ყველას ამისკენ მოვუწოდებ.

- ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- რას უწოდა ლენინმა გაზეთი ქაღალდისა და დისტანციის გარეშე?

- გაზეთში ამ შემთხვევაში სიახლე იგულისხმება. ტელევიზია არ იქნება, რადგან რომ უყურო ან მოუსმინო, დისტანციაა საჭირო. შესაძლოა რადიო იყოს სწორი პასუხი.

- რა თქმა უნდა.

- (იცინის) ყოჩაღ ლენინს, ლენინს კი არა და - მე.

- ის 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა, მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ, თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა. 1921 წლის 17 მარტს, როცა ბათუმის ნავსადგურიდან ქვეყანა თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა, ის მათ არ გაჰყოლია. მალე შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. დაასახელე ვისზეა ლაპარაკი?

- ქაქუცა ჩოლოყაშვილზე.

- მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში, ოფიციალური შეხვედრების დროს ეს ჩვეულება ხრუშჩოვმა შემოიტანა, მაგრამ საქმის ნამდვილ კლასიკოსად ბრეჟნევი ითვლება. რაზეა ლაპარაკი?

- მედლის ჩამოკიდება ან ტუჩებში კოცნა.

- ლიდერთა გადაკოცნა. ფეხბურთი გიყვარს?

- ოთხ წელიწადში ერთხელ აფრიკულ გუნდებს ვგულშემატკივრობ.

- აფრიკულ გუნდებს, რატომ?

- სწრაფად დარბიან, მონდომებულები არიან. წელს ბრაზილიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი.

- ეს გრანდიოზული მშენებლობა 1948 წელს დაიწყო და 2 წლის შემდეგ დასრულდა. ის მეტალოკონსტრუქცია, რომელიც მშენებლობაზე დაიხარჯა, შესაძლებელია დედამიწის ეკვატორს შემოევლოს. რომელი გრანდიოზული სპორტული ნაგებობა აშენდა ამ პერიოდში?

- მარაკანას სტადიონი. როგორც მახსოვს 200 000-მდე ადამიანი ეტეოდა. მერე რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და ადგილების რაოდენობა შემცირდა.

- გოეთე ამბობდა: "არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი ისე, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას"...

- სწორად, მართებულად, არა?

- "...რა მიაჩნია მას სასაცილოდ".

- მართალია, ძალიან მომეწონა. ამ დროს ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ხასიათი.

- ეს ცნობილი მწერალი შოტლანდიელი ფერმერის ოჯახში დაიბადა, საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა, რადგან იძულებული იყო მამასთან დამხმარედ ემუშავა. ლექსების პირველი კრებული 1786 წელს გამოსცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი ლექსები თარგმნილია ქართულადაც. დაასახელე ვისზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- რობერტ ბერნსზე. პოეზია გიყვარს?

- ნაკლებად. ლექსები ზეპირად არ მამახსოვრდება.

- "იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ/ იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.../ ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე./ იმგვარივე ცა, იმგვარივე ხე.../ იგივ ქარი დაჰქრის, იღუნება ბზა./ იმგვარივე მზე, იმგვარივე გზა,/ ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს/ იმგვარივე ხმით, იმგვარსავე ზარს".... ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- არ ვიცი.

- გალაკტიონი.

- ეგ უნდა მეთქვა, შევცდი. შენ რომ დაგეწყო, "მაქვს მკერდს მიდებული ქნარი".... გიპასუხებდი.

- "ძლიერებს უფრო მეტად უჭირთ ამ ქვეყნად, ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ", - რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- სად მდებარეობს კუნძული როდოსი, სადაც ცნობილი საოცრება როდოდის კოლოსი მდებარეობდა?

- ხმელთაშუა ზღვაში, არა?

- ეგეოსის ზღვაში. მას შეუძლია ერთი დღე-ღამის განმავლობაში 90-მეტრიანი გვირაბი გათხაროს. რაზეა ლაპარაკი?

- 2 პასუხი მაქვს - ობობა ან თხუნელა.

- თხუნელაა სწორი პასუხი.

- რაჭაში მინახავს ობობები, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ენა.

- რომელი უღელტეხილით უკავშირდება იმერეთი რაჭას?

- ნაქერალას უღელტეხილით, მანდ რომ გადავდივარ, ვგრძნობ, ჩემს ფესვებს ვუახლოვდები და ყოველთვის მეტირება.

- ვინ დაწერა "რევიზორი" და "მკვდარი სულები"?

- გოგოლმა. ბავშვობაში მაქვს წაკითხული.

- მას გარს ეკვრის ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გიბრალტარის ვიწრო სრუტით გამოიყოფა, ხოლო სუეცის არხით აზიას უკავშირდება. დაასახელე რომელ კონტინენტზეა ლაპარაკი?

- აფრიკის.

- ამ ქვეყანაში ექიმებს კარგ გასამრჯელოს უხდიდნენ, მაგრამ თუ იმპერატორი ავად გახდებოდა, მკურნალს მის გამოჯანმრთელებამდე ფული აღარ ეძლეოდა. რომელ ქვეყანაში ხდებოდა ასე?

- რადგან იმპერატორი ახსენე, ალბათ ეს ქვეყანა ჩინეთი იყო.

- დაბოლოს დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი...

- ჭკვიანია.

- "...გიჟიც კი მართალია".

თამუნა კვინიკაძე