კახი კავსაძის დაბრკოლებებით სავსე გზა და ინციდენტი, რომელმაც მას არტისტობა მიზნად დაუსახა - გზაპრესი

კახი კავსაძის დაბრკოლებებით სავსე გზა და ინციდენტი, რომელმაც მას არტისტობა მიზნად დაუსახა

- ძალიან ბევრი ტკივილი და გამოცდა გადაიტანეთ. როცა თქვენს ბიოგრაფიას ვკითხულობდი, შევნიშნე, რომ ცხოვრებაში მრავალნაირი დაბრკოლება შეგხვდათ. ამის მიუხედავად, ძალიან პოზიტიური პიროვნება ხართ. ბევრი ადამიანი კი ბოროტი, ბრაზიანი ხდება. ყველაფრის მიუხედავად, ხალისიანი ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- ამ კითხვით ძალიან დამაფიქრეთ. ფიქრობთ, რომ პოზიტიურად გამოვიყურები? იცით, არასდროს და არავისი, არანაირ სიტუაციაში არაფერი შემშურებია. ერთხელ, ტელევიზია "202"-ში კორესპონდენტთან მქონდა საუბარი. მას ზუსტად ანალოგიური პასუხი გავეცი. მიპასუხა: - ეგღა გაკლიათო! ე.ი. მას მიაჩნია, თითქოს ყველაფერი მაქვს, რომ ვინმესი არ მშურდეს.

- 6 წლის იყავით, როცა მამათქვენი წავიდა. შეხვდით მამას მას მერე?

- ორჯერ ვნახე. ერთხელ, მას შემდეგ, რაც დაიჭირეს, ვნახე, შემდეგ, უკვე ციხეში რომ გადაიყვანეს, ერთხელ შევხვდი და მერე აღარ მინახავს...

- როგორ გგონიათ - მამამ, რომელთანაც შეხება მხოლოდ 6 წლამდე გქონდათ, რა დაგიტოვათ?

GzaPress- რაც წავიდა, იმის მერე ათას ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში, რომელიც მამას იცნობდა. როცა გაიგებდნენ, ვისი შვილი ვიყავი, ყველგან მესმოდა: - ვა, რას ამბობ?! დათაშკა კავსაძის შვილი ხარ?! იცი, რა მამა გყავდაო?! ორჯერ ვნახე, მაგრამ სულ ვამაყობდი. აი, ეს დამიტოვა. მშობლების კომპლექსი არ მქონია. დედაჩემი 27 წლის ასაკში დარჩა მარტო და მთელი ცხოვრება ჩვენ შემოგვწირა. იცით, როცა ვიღაცას ლანძღავენ, ვინც თუნდაც ტელევიზიაში გამოდის, ყოველთვის ვფიქრობ, - ამ კაცს ხომ შვილები ჰყავს, ასე საქვეყნოდ როგორ ლანძღავენ? შვილებმა რომ გაიგონ? ასე არ შეიძლება...

- ფიქრობდით, რომ მსახიობი უნდა გამოსულიყავით?

- არა, არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანების წრეში ვტრიალებდი. ცოტა მოხულიგნოც კი ვიყავი.

- თქვენი ნება რომ ყოფილიყო, სად ჩააბარებდით?

- სკოლას რომ ვამთავრებდი, ფილმს იღებდნენ - "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან". ბევრი ახალგაზრდა გასინჯეს, მე და ჩემი მეგობრებიც იქ ვიყავით. ამირჩიეს, ვეფხია ხალიბაური ერქვა ჩემს გმირს. მთავარი ის იყო, რომ როცა მიღებდნენ, ყურადღების ცენტრში ვიყავი, ეს კი ძალიან მომეწონა. ამბობდნენ: - "სვეტ ნა არტისტა"! ვა, არტისტი დამიძახეს-მეთქი, ვიფიქრე, ძალიან კარგად მახსოვს. ტექსტი ვთქვი, მოეწონათ. მერე კიდევ ორჯერ დამიძახეს სინჯზე და საბოლოოდ, როლზე დამამტკიცეს. ზაფხული იყო, სკოლას ვამთავრებდი. ვთქვი, რომ "გეპეიში" უნდა ჩამებარებინა, - მთელი ჩვენი ჯგუფი იქ წავიდა. პარალელურად ვვარჯიშობდი, ვცურავდი. ცუდად გადმოვხტი და ნეკნები დამემტვრა. წამიყვანეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ დარტყმისგან წყალი ჩამიდგა. ლევან ანჯაფარიძემ, ვერიკო ანჯაფარიძის ძმამ, თქვა, ბავშვი უნდა იწვესო. ასე რომ, ვერ გადამიღეს. ერთი წელი ვიწექი, მერე სპეციალური რეაბილიტაცია გავიარე. გამოცდებიც ვერ ჩავაბარე. წოლის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი. რომ მეთამაშა იმ ფილმში, არტისტი აღარ ვიქნებოდი. ის ამბიცია, რაც მქონდა, ამ გადაღების მერე გაქრებოდა. ეს რომ არ მოხდა, მიზანი გამიჩნდა და ამიტომ ჩავაბარე თეატრალურში, "ვგიკში" (მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი. - ავტ.) ვაპირებდი სარეჟისოროზე წასვლას. უნდა დამეწერა სცენარი, ასევე, ლიტერატურული ნაწარმოების სცენარი უნდა გამეკეთებინა და ვმუშაობდი, მაგრამ მოსკოვში ვერ წავედი, რადგან დედაჩემი მარტო დარჩებოდა: ჩემი ძმა რუსეთში იყო, მღეროდა, ოპერის მომღერალი იყო. მერე ვიფიქრე, თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩამებარებინა. კომისიაში ჩემი მეზობლები ისხდნენ და მიმიღეს. ბევრმა ვერ გაიგო, - ვიღაც ბიჭი მოვიდა, რაღაც წაიკითხა, ეს კაცი ვინ არისო? ერთადერთი, ვინც დამიჭირა მხარი, ახალგაზრდა კოტე მახარაძე იყო, და კიდევ, ლილი იოსელიანი. ხორავამ მათ უთხრა: "პრავილნო, მალადეც!" მიშა თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი და ის ჩემი მიღების სასტიკი წინააღმდეგი იყო. ორი ჯგუფი უნდა ყოფილიყო, ერთი - მიშასი, მეორე - სხვისი. მეორე რეჟისორი სტანისლავსკის მოწაფე იყო, მანამდე გადასახლებაში ნამყოფი; მოსკოვში ჩასვლის უფლება არ ჰქონდა და სამუშაოდ თბილისში ჩამოვიდა. მოკლედ, ამ კაცის - ღვინიაშვილის ჯგუფში აღმოვჩნდი. ქართველი იყო, მაგრამ ლექციებს რუსულად ატარებდა. არ ვიცი, სხვა პროფესიაში როგორაა, მაგრამ სულ ვამბობ, თუ კაცი ხდება მსახიობი, არტისტი, იღბალი უნდა სდევდეს თან. მე იღბალი მდევდა. უმნიშვნელოვანესია, ვინ არის შენი პირველი რეჟისორი, ვინ დაგელაპარაკება პირველად, როგორც რეჟისორი - მსახიობს. საერთოდ, ეს ყველაფერში მნიშვნელოვანია - ვინ არის შენი პირველი მეგობარი, ვისთან იქეიფე პირველად, ვინ იყო პირველი გოგო, რომელსაც ხელი მოჰკიდე. ვარპახოვსკი იღებდა ფილმს, ის ასევე გადასახლებული იყო ციმბირში და შემდგომ მოსკოვში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ. ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად და ამ ფილმის გადასაღებად. ის პირველად დამელაპარაკა ისე, როგორც რეჟისორი - მსახიობს. ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა და მეც მივიღე მისი ნათქვამი... ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შენი პირველი პარტნიორი, ვისაც დაელაპარაკები, როგორც არტისტი - არტისტს. ეს ჩემთვის ჟორჟიკა შავგულიძე იყო, წარმოგიდგენიათ?! ჩემს ბაბუას თამაშობდა. არ დამავიწყდება, ერთხელ რაღაც ვუთხარი, გაჩერდა, თავი გასწია და თქვა, - ვაა, რა სწორად მითხრაო!.. ეს იყო ჩემთვის ყველაზე უმაღლესი შეფასება. მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვადარებდი ჩემს სხვა რეჟისორებსა და პარტნიორებს.

GzaPress- პირველი მეგობრები გახსოვთ? საერთოდ, როგორ მოგყვებიან ნამდვილი მეგობრები, რა არის მეგობრობა თქვენთვის?

- მეგობრები საბავშვო ბაღიდან მომყვებიან. ბევრი გარდაიცვალა. მე და გივი გადელია საბავშვო ბაღში ერთად ვიყავით. მეგობართან არაფერი გაქვს დასამალი, არასდროს აპირებ მისთვის ცუდს, არ გინდა, მოატყუო და ა.შ. გესმით ერთმანეთის, ერთ აზრზე ხართ. ასე ვიყავით ჩვენც. სანამ ამ ქვეყნიდან არ წავიდა, მანამდე ვმეგობრობდით.

- ორმა ქალმა - დედამ და მეუღლემ ძალიან დიდი როლი ითამაშეს თქვენს ცხოვრებაში. მოდი, ჯერ დედაზე მომიყევით...

- დედას ორი შვილი ვყავდით - მე და ჩემი ძმა. ირინა ბუგრიმოვას (საბჭოთა ცირკის ცნობილი მსახიობი, ლომებისა და ვეფხვების მომთვინიერებელი. - ავტ.) ეძახდა საკუთარ თავს: სახლში ორი ლომი მყავსო. რომ გითხრათ, დედის მეშინოდა, ასე არ იყო, მაგრამ მისი დიდი რიდი მქონდა. ბავშვობაში სულ მეშინოდა, მილიციაში არ მოვხვედრილიყავი. ხან ვიჩხუბებდით, ხან რაღაცას გავტეხდით და ვიცოდი, დედაჩემს გული გაუსკდებოდა. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვიდექი. მილიციელმა ხელი მომკიდა, - წამოდიო. შევეწინააღმდეგე და მაინც რომ არ მომეშვა, ვუთხარი, - არ წამიყვანო, დედაჩემს გული გაუსკდება-მეთქი. გაჩერდა, შემომხედა და მითხრა, - კარგი, წადიო. ახლაც მახსოვს, ეს ზემელზე მოხდა. მილიციელის სახეც კი ნათლად მახსოვს... დედა ძალიან მომთხოვნი იყო. ერთხელ ტრამვაიდან გადმოვხტი და დავვარდი. დედაჩემს ჩემი ძმა მუსიკაზე მიჰყავდა და პირდაპირ ფეხებში ჩავუვარდი. მითხრა, - ახლა წადი სახლში, მამაშენის ქამარი ამოიღე და ორივეს გაგლახავთო. ჩემი უმცროსი ძმა ახტა, - რა შუაში ვარო?! - რა შუაში ხარ და ამან დააშავა და ერთი თუ დააშავებს, ორივე დაისჯებაო, - უპასუხა. ჩვენს ღირსებას არ ეხებოდა, არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა. შვილების, ბიჭების ღირსება ხელშეუხებელი იყო. ძალიან გვერიდებოდა და ამას ვხედავდით. მაშინ პურს ბარათებით გვაძლევდნენ. პურის საყიდლად წავედი და ამ დროს ბარათი დამეკარგა. არ დამავიწყდება დედაჩემის უბედური სახე, - როგორ გაჭამოთ, როგორ გაცხოვროთო?! ვიცოდი, როგორ იბრძოდა ჩემთვის ბოლომდე. ბელასთან ძალიან დიდი ხნის რომანი მაკავშირებდა. დედაჩემმა ერთხელ მითხრა: "ასე აპირებ ბორიალს? მოჰკიდე გოგოს ხელი და მოიყვანე სახლში!" ჰოდა, აქაც მოვიყვანე და იქაც მივედი, - გამარჯობა, მე თქვენი სიძე ვარ-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ავთო საყვარელიძესთან იყო რაღაც ვახშამი, მივიყვანე ბელა და იქ ვთქვი პირველად, - გაიცანით ჩემი ცოლი-მეთქი. ყველა გაშრა. მერე კი ძალიან დამეგობრდნენ. ავთოს უყვარდა ღამღამობით მოსვლა, დალევდა სადღაც და ძმაკაცებთან ერთად მოვიდოდა ჩემთან სახლში. ვიდრე ბელა დაიღუპებოდა, ბოლოჯერ რომ მოვიდა, იმ ამბავს იხსენებს ხოლმე, - არ დამავიწყდება, ბოლო ერბოკვერცხი რომ გაგვიკეთა ბელამო... მახსოვს, როცა ბელა ჩემი ცოლი გახდა, მისი მეგობრები ქმრებითურთ ჩვენთან სახლში მოვიდნენ და ვგრძნობდი, წინასწარ ძალიან ღელავდა, როგორ შევხვდებოდი მის მეგობრებს. მეც ისევე ლაღად შევხვდი, როგორც ის - ჩემებს.

- მოგვიყევით თქვენს შვილებზეც - ნანუკასა და ირაკლიზე.

GzaPress- ირაკლი 15 წელიწადია, წასულია ამერიკაში. აქ, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა, მანამდე გადაიღეს კინოში. ძალიან კარგად იმუშავა, გამიკვირდა კიდეც. რაღაც გადაღება იყო, პატარა ბავშვი სჭირდებოდა რეზო ჩხეიძეს და ჩემი შვილი გადაიღო. კარგად რახან დაიწყო, მგონი, ცოტა ადვილი მოეჩვენა ყველაფერი. მერე, რაც თეატრალურ ინსტიტუტში მოხვდა, საქმე ისე კარგად ვეღარ წავიდა მისთვის. თეატრიდან რომ აპირებდა წამოსვლას, პაატა ციქურიშვილს დაუკავშირდა ამერიკაში. მოილაპარაკეს. პაატამ უთხრა, - აქ თუ ჩამოხვალ, კარგი იქნებაო, - და ირაკლიც წავიდა, დაკრა ფეხი. მეც არ შევეწინააღმდეგე. მახსოვს, ბავშვობაში რაღაცას ვხატავდი და დედაჩემმა მაჩვენა, როგორ დამეხატა უფრო კარგად. როგორ კარგად ხატავ-მეთქი! - გავოცდი. მომიყვა, რომ უნდოდა, მხატვარი გამოსულიყო, რისი უფლებაც ბებიაჩემმა არ მისცა. მერე სულ ამას დარდობდა. ძალიან კარგი ექიმი იყო, მაგრამ ყოველთვის ამბობდა, - როგორ არ მომცა დედაჩემმა სამხატვროზე ჩაბარების უფლებაო?!. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს შვილებს, - რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი. არ მეგონა, ნანუკაც არტისტი თუ გახდებოდა. ეს რომ გამომიცხადა, გავგიჟდი, არ ველოდი. ვუთხარი, - კი, ბატონო, მაგრამ ერთი რამე იცოდე, არტისტობა სიცილი და სიმღერა კი არა, ურთულესი პროფესიაა; დაიმახსოვრე - მთელი ის პერიოდი, როცა არტისტი იქნები, დარტყმები გექნება გულში და სულში, მხოლოდ ხანდახან შეიძლება, ტაშიც დაგიკრან და ეს პატარა, მოკლე საოცრება იქნება. ყოველთვის მზად ხარ ამ დარტყმებისთვის-მეთქი? - კიო, მითხრა. ირაკლისაც იგივე ვუთხარი. როცა აღარ ხარ სტუდენტი, არ გყავს მასწავლებელი, თავად უნდა იცოდე, როგორ მოიქცე. ცუდი გაგებით არ ვამბობ, მაგრამ ყველა იბრძვის. დაამთავრეს თეატრალური, გავიდნენ ცხოვრებაში და დაიწყო ნამდვილი, ყოველდღიური ყოფა. დაფიქრდნენ, უკვე სხვანაირი გაუხდათ სახეები, ფიქრები, სხვანაირად დაიწყეს მოქმედება და ცხოვრებაც. მერე გადაწყვიტა ირაკლიმ ამერიკაში წასვლა.

- ამერიკაში თქვენ იყავით, ხომ ასეა?

- როგორ არა. ინგლისურადაც ვითამაშე. "სტუმარ-მასპინძელი" დავდგით და მუსა ვითამაშე. თბილისშიც ვითამაშეთ, ასევე ინგლისურად. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, მსახიობი იყო, ელდარ სახლთხუციშვილი, გადასარევი ბიჭი: - შენზე "ნაგლი" კაცი არ მინახავს. თბილისში არა უშავს, მაგრამ ამერიკაში ინგლისურად თამაშობ, არ გრცხვენიაო?..

ეკა აბაშიძე