ძაღლებისა და კატების სახლში ყოლა ფასიანი გახდება(?!) - გზაპრესი

ძაღლებისა და კატების სახლში ყოლა ფასიანი გახდება(?!)

თბილისში შესაძლოა, შინაური ცხოველის ყოლა ფასიანი გახდეს. "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზადებული კანონპროექტი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებული იქნება, ძაღლის ან კატის იდენტიფიკაციის მიზნით, ცხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი. ასევე, ცხოველი უნდა აიყვანოს აღიცხვაზე, ყოველწლიურად გაატაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფასიანი იქნება... შეიზღუდება შინაური ცხოველის გასეირნების წესიც: დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ცხოველის ქუჩაში გაყვანა ნებადართული იქნება მოკლე საბმელით და ალიკაპით.

ასევე, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველის გადაყვანაც და ეს მხოლოდ მოკლე საბმელითა და ალიკაპით იქნება შესაძლებელი.

GzaPressცხოველის მფლობელი ვალდებული გახდება, საცხოვრებელი სახლის კარზე დაამაგროს სპეციალური ნიშანი იმის მიხედვით, თუ რა ცხოველი ჰყავს სახლში. განისაზღვრა წესიც, თუ რა ფორმით იკრძალება ცხოველის მოკვლა. დედაქალაქში უამრავ ცნობილ ადამიანსაც ჰყავს სახლში შინაური, სხვადასხვა ჯიშის ცხოველი. დავინტერესდით, იციან თუ არა ამ კანონპროექტის შესახებ.

ლაშა ჯუხარაშვილი, მსახიობი:

- ცხოველები მიყვარს. დაახლოებით ერთი წლის წინ, აზიური ნაგაზი, სახელად ბასა მყავდა.

- მას თავად უვლიდი?

- კი, მე ვუვლიდი. ძაღლი ბულაჩაურში, აგარაკზე მყავდა, რადგან თბილისში მისი პატრონობა შეუძლებელი იყო. 6 წელი მყავდა და ძალიან მიყვარდა. მის გამო ხშირად ჩავდიოდი აგარაკზე. ჩემი დანახვა ძალიან უხაროდა.

- 6 წლის შემდეგ გაასხვისე და მოგიკვდა?

- შარშან მომიკვდა, უფრო სწორედ, მომიწამლეს და ეს ძალიან განვიცადე.

- როგორ მიხვდი, რომ მოგიწამლეს?

- ის სიმპტომები ჰქონდა, რაც მოწამლის შემთხვევაში ემართებათ ძაღლებს.

- თბილისში ცხოველების ყოლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ეს ამბავი უკვე შენც გაიგე?

- მსგავსი არაფერი მომისმენია და წამიკითხავს.

- მაინტერესებს, ოდესმე შესწრებიხარ თუ არა ფაქტს, როცა ადამიანი ცხოველს უდიერად ექცევა?

- სამწუხაროდ, შევსწრებივარ. ასეთ დროს საშინელი რეაქცია მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ცხოველიც ხომ ცოცხალი არსებაა. არ შეიძლება ცუდად მოეპყრა ძაღლს, რომელიც ადამიანის მეგობრად მიიჩნევა. ვფიქრობ, ძაღლები მართლა ერთგული მეგობრები არიან.

- როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში ცხოველებისთვის?

- ბევრი ცხოველთა თავშესაფარი უნდა გაკეთდეს და შესაბამისად, ის აგრესია, რასაც მათ მიმართ ქუჩაში ავლენენ, შემცირდება.

- იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შესაძლოა, დაამტკიცონ, ქუჩაში ძაღლების გასასეირნებელი დრო დაწესდება და ავტობუსში მისი ალიკაპის გარეშე აყვანაც აიკრძალება.

- ავტობუსში ძაღლის აყვანა არა მგონია, სწორი საქციელი იყოს. არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, ავტობუსში მგზავრი ძაღლთან ერთად ასულიყოს... რაც შეეხება გასეირნებას: ვფიქრობ, საამისოდ კონკრეტული დროის დაწესება დიდი სისულელე იქნება.

- და კიდევ, ცხოველის პატრონი ვალდებული იქნება, სახლის კარზე დაამაგროს სპეციალური ნიშანი, იმისდა მიხედვით, თუ რა ცხოველი ჰყავს.

- ვერ ვხვდები, ეს რისთვის არის საჭირო? ალბათ, იმისთვის, რომ უცხო ადამიანმა გაიგოს, ჩემთან სტუმრობის შემთხვევაში რომელი ცხოველის ატანა მოუწევს.

- აპირებ შინ ძაღლის ყოლას?

GzaPress- აუცილებლად! მაგრამ ჯერ მე და ჩემი მეუღლე პატარას ველოდებით. აი, შვილი რომ შემეძინება, მერე მოვიყვან ლეკვს და ორივეს ერთად გავზრდი (იცინის).

ელენე ზანგური, მოდელი:

- ბავშვობაში დალმატინელის ჯიშის ძაღლი მყავდა, რომელიც შემდეგ მომპარეს. ეს უდიდესი ტრაგედია იყო ჩემთვის და ამიტომაც, ამ ამბის გახსენება არ მიყვარს. მყავდა კატაც, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა. 16 წლის იყო, ძალიან მსუქანი და სასაცილო.

- თავად უვლიდი?

- ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული ძაღლის მოვლა და გასეირნება იყო. ის მართლა ოჯახის წევრივით გახლდათ.

- თბილისში ცხოველის ყოლის შესახებ ახალი კანონპროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით შესაძლოა, მაგალითად, ძაღლის შინ მიყვანის შემთხვევაში გარკვეული გადასახადი დაგიწესონ...

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. მეც მოვისმინე მსგავს კანონპროექტზე მსჯელობა, მაგრამ არ მეგონა, ამაზე სერიოზულად თუ ლაპარაკობდნენ.

მგონი, უკეთესი იქნება, ამ ყველაფრის ნაცვლად, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მიუსაფარ ბავშვებზე იზრუნონ. დავიჯერო, ჩვენს ქვეყანაში ბინაში ძაღლის ყოლა-არყოლაზე დიდ პრობლემას ვერ ხედავენ?

- ახლა თუ გყავს რაიმე ცხოველი სახლში?

- აღარც კატა მყავს და აღარც - ძაღლი. დიდი ძაღლი კორპუსის ბინაში გამოსაკეტად მეცოდება, პატარას ჯიშის ცხოველს კი დიდი სიამოვნებით მოვუვლი.

ნანუკა გოგიჩაიშვილი, მოდელი, ტელეწამყვანი:

- მე და ჩემი და პატარები ვიყავით, როცა მამამ სიურპრიზი გაგვიკეთა: კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარი გამოვაღეთ და ძალიან პატარა, საყვარელი ლეკვი დავინახეთ; იმდენად პატარა იყო, ძლივს ჩანდა. მოკლედ, ბედნიერი დღე გვქონდა (იცინის).

- შენს ძაღლს რა ერქვა?

- ლესი. ეს იყო ფრანგული ჯიშის ბულდოგი, რომელიც 9 წელი გვყავდა.

- თავად უვლიდი?

- მთელი ოჯახი გადართული იყო ამ პატარა ძაღლის მოვლაზე და ვისაც ეცალა, ის უვლიდა ხოლმე.

- ცხოველთა ყოლის შესახებ ახალი კანონი რომ მზადდება, ამის შესახებ რა იცი?

- კი, ვიცი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. მინდა, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ცხოველებს, განსაკუთრებით კი ქუჩის ძაღლებს სჭირდებათ მზრუნველობა.

- ოდესმე ძაღლი ან კატა თუ გყოლია სახლში?

ნუცა ბუზალაძე, მომღერალი:

- კი, როგორ არ მყოლია და ახლაც მყავს 2 ძაღლი.

- მათ თავად უვლი?

GzaPress- მე - არა, ჩემი ოჯახის წევრები უვლიან. ჩემი ძაღლები ახლა სტამბოლში არიან.

- იქ რატომ წაიყვანე?

- დეიდაჩემი ცხოვრობს თურქეთში და მასთან არიან. "გოგო" - ჩიკა და "ბიჭი" - დინო მყავს.

- იცი, რომ თბილისში ცხოველის ყოლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს?

- (იცინის) მსგავსი რამ არ მსმენია და ვერც ვხვდები, ასეთი კანონის მიღება რა საჭიროა.

- ოდესმე ადამიანისგან ცხოველზე ძალადობას ფაქტს შესწრებიხარ?

- კი და ვერ ვიტან იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველის წვალება ბედნიერებას ანიჭებთ. ვინც ცოცხალ არსებას აწამებს და უდიერად ექცევა, თავად არის ცხოველი.

დათუნა მგელაძე, მომღერალი:

- არც ძაღლი მყავს და არც - კატა, ამიტომ თბილისში ცხოველთა ყოლის შესახებ კანონპროექტით არ დავინტერესებულვარ.

- ძაღლი არასდროს გყოლია?

- კი, ბავშვობაში მყავდა. როცა ეს ძაღლი მომიკვდა, ისე განვიცადე, მაშინვე ვთქვი, რომ აღარასდროს მოვიყვანდი სახლში ცხოველს.

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

- რა სისულელეა?! ძაღლი რომ ვიყოლიო, ამის გამო ფული რატომ ან ვის უნდა გადავუხადო?

- წელიწადში ერთხელ უნდა გაატარო რეგისტრაცია და ამ ყველაფერში გადაიხდი ფულს...

- თუ რეგისტარციაზე გატარების შემდეგ ცხოველს ყურადღებას მიაქცევენ, ჩაუტარებენ აცრებს უფასოდ და ა.შ. ეს კარგია იქნება, სხვა შემთხვევაში - აბსურდული კანონი იქნება... მე თუ მკითხავთ, უმჯობესია, დააწესონ ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოველს ქუჩაში ასეირნებს და მის განავალს იქვე ტოვებს. როცა ჩემი ჰეფი ეზოში ჩამყავს და მოისაქმებს, იქაურობას ვწმენდ და ურნაში ვაგდებ. ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვისაც ცხოველი ჰყავს და ქალაქი აღარ დაბინძურდება.

- რამდენი წელია, რაც ჰეფი გყავს?

- 4 წელია.

- ქუჩაში ადამიანის მიერ ცხოველის წამების ფაქტს შესწრებიხარ?

- არა, არ შევსწრებივარ და ღმერთმა დამიფაროს ამისგან. მსგავსი ფაქტის მომსწრე რომ გავხდე, გულგრილად ვერ ჩავუვლი იმ ადამიანს, ვინც ცხოველზე ძალადობს. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მეზობელმა ეზოში ხბო დაკლა. ეს აივნიდან დავინახე და ისტერიკა დამემართა, უკონტროლო გავხდი; ბოთლს ვესროდი დედასაც კი, რომ არ შევეჩერებინე - მეზობელთან საჩხუბრად გავრბოდი.

- როცა სახლიდან გადიხარ, ჰეფის შინ მარტო ტოვებ?

- კი, ჰეფი ძალიან ჭკვიანია და არაფერს გააფუჭებს. უმეტესად, წევს ლოგინზე და მელოდება. თუმცა, მარტო ყოფნა დიდხანს არ უწევს: იმ დროისთვის, როცა მე შინიდან გავდივარ, ჩემი შვილი ბრუნდება სკოლიდან.

ნანა ნებიერიძე, სპორტსმენი:

- ძაღლიც მყავს და კატაც. არ მივესალმები ცხოველის ყოლა რომ ფასიანი გახდეს, ეს სრული მარაზმი იქნება. ან როგორ შეიძლება, ცხოველის გასეირნების საათები დააწესო? ძაღლს ასეირნებ დილით ან საღამოს, როცა გცალია.

- ცხოველებს თავად უვლი?

- ჩემს ძაღლს - მაილოს და კატა ტუტას ხშირად, თავად ვუვლი, მაგრამ ამ საქმეში დედაც მეხმარება ხოლმე.

- შენი ძაღლი და კატა ერთმანეთს არ ერჩიან?

- ერჩიან კი არა, დაქალები არიან (იღიმის). მაილო ძალიან მეგობრული და თბილია. სულ ერთად არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ.

ლიკა ქორქია, მოდელი:

- გავეცანი კანონპროექტს თბილისში ცხოველთა ყოლის შესახებ და ჩემთვის რაღაცები გაუგებარია, რაღაცებს - ვეთანხმები. სახლში მყავს ძაღლი და თევზი. კატა ცოტა ხნის წინ მომიკვდა, რაც ძალიან განვიცადე. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემი ოჯახის ბინადრების მოვლა ძალიან მიყვარს.

სოფო ჭონიშვილი