მოულოდნელი ნათლობა და შეხვედრა პატრიარქთან - გზაპრესი

მოულოდნელი ნათლობა და შეხვედრა პატრიარქთან

ბაბი მომავალი იურისტია, მაგრამ ის საქმეც უყვარს, რასაც ახლა აკეთებს და მომავალში საკუთარი თავი შოუბიზნესის აქტიურ წევრად წარმოუდგენია.

- შენს ბავშვობაზე გვიამბე რამე...

- როგორც მშობლები ამბობენ, ძალიან აქტიური და მოუსვენარი ბავშვი ვყოფილვარ. აი, ეს ფოტო, რომელიც პატარაობისას, მუშთაიდის ბაღში, ყველასათვის ნაცნობ დევებთან გადამიღეს, ძალიან მიყვარს.

- ბავშვობის დროინდელ ერთ-ერთ ფოტოსურათზე მშობლებთან ერთად ხარ. დედ-მამა რა პროფესიის არიან?

GzaPress- დედა და მამა უკვე 22 წელია, შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. მამა პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, მაგრამ ყოველთვის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. დედას უცხო ენები აქვს დამთავრებული. ამჟამად დიასახლისია. გარეგნულად ორივეს მამსგავსებენ, მაგრამ მგონია, რომ დედას უფრო მეტად ვგავარ არა მარტო გარეგნულად, არამედ ხასიათითაც. მას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მან შვილებისთვის ბევრი რამ გააკეთა და დღეს თუ რაიმეს წარმოვადგენ, უმეტესწილად, მისი დამსახურებაა. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, როცა ყველა ზეიმში მინდოდა მიმეღო მონაწილეობა, სოლოკონცერტიც კი მქონოდა (იღიმის). მახსოვს, სულ ვცეკვავდი, ვმღეროდი. ერთხელ ზეიმზე პეპის როლი მომცეს, შემდეგ წარმოდგენაში - "ქეთო და კოტედან" ხანუმა განვასახიერე. აი, ამ ბავშვობის დროინდელ სურათს რომ ვუყურებ, სულ მეცინება: ზეიმზე ვცეკვავდი. მე და ჩემი მეწყვილე ისე გავერთეთ ტრიალში, რომ ბოლოს ორივე ამოვყირავდით.

ძალიან მინდოდა ბალერინობა, მაგრამ პუტკუნა ვიყავი და არ გამოვიდა. სამაგიეროდ, საბალეტო ცეკვა ბაღის ზეიმზე შევასრულე.

- პრანჭია იყავი, არა?

- კი, საკმაოდ პრანჭია ვიყავი. ძალიან მიყვარდა ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ბებოს ბევრი სამკაული და პარფიუმერია ჰქონდა. ვიცვამდი მის გრძელ კაბას, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, "ავისხამდი" სამკაულებს, გავიკეთებდი მაკიაჟს (განსაკუთრებულად მიყვარდა წითელი პომადის წასმა) და ასე გამოპრანჭულს შემეძლო, მთელი დღე ქუჩაში მევლო.

- სკოლის პერიოდი გაიხსენე...

- მოსწავლეც ძალიან აქტიური ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. სკოლაში გამართულ წარმოდგენებში ხშირად ვმონაწილეობდი და თითქმის ყოველთვის გამორჩეული როლი მქონდა. მაგალითად, ვითამაშე ნოდარ დუმბაძის გიჟი მარგო, ინგლისის დედოფალი. სკოლის ასაკში ცოტა ხანი ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. სპორტში კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პარალელურად, ვცეკვავდი და ორივე საქმეს ერთდროულად თავს ვერ გავართმევდი. ჰოდა, არჩევანი ცეკვაზე გავაკეთე.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს იცვლის. საკუთარ გარეგნობაში შენ რა შეცვალე?

GzaPress- იმიჯით სხვებისგან არასდროს გამოვირჩეოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს გარეგნობაში რადიკალური ცვლილება არ მომხდარა; უბრალოდ, თმა "ავიჩეხე", რადგან ბოლოები დაზიანებული მქონდა. აი, ეს "ბოლო ზარზე" გადაღებული სურათია. იმ დღეს იმდენი ვიტირე, სახე დასიებული და აწითლებული მქონდა.

- პირველად მაკიაჟი როდის გაიკეთე?

- პირველი სერიოზული მაკიაჟი ალბათ, კონცერტისთვის გავიკეთე. ისე, მახსოვს, ერთხელ სკოლაში გაპრანჭული წავედი და დირექტორმა თავად მომბანა სახე. მას მერე სკოლაში მაკიაჟით მისვლის მცდელობაც აღარ მქონია (იცინის). ახლა იშვიათად ვიღებები, ბუნებრივობა უფრო მეტად მომწონს. სამაგიეროდ, მიყვარს აქსესუარები, განსაკუთრებით - საათი და შარფი, რომელიც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

- თმა შეღებილი გაქვს?

- ბუნებრივად ღია ყავისფერი თმა მაქვს, დედას კი - მოწითალო. მისი თმის ფერი ყოველთვის მომწონდა, ამიტომ მეც შევიღებე, "რიჟა" გავხდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, ყველას ჰგონია, რომ ეს ჩემი ბუნებრივი თმის ფერია.

- როგორც ვიცი, მომავალი იურისტი ხარ. არადა, შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა...

- დიახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეორე კურსის სტუდენტი ვარ. მსახიობობის სურვილი მქონდა, მაგრამ მშობლები მიიჩნევდნენ, რომ ჩემგან კარგი იურისტი დადგებოდა და თუ ამ პროფესიას ავირჩევდი, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებდი, ხოლო ხელოვნებისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული ოდესმე ისედაც გამომადგებოდა. ძალიან მომწონს ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას - იურისტობას, ეს სფეროც ძალიან მომწონს და აქტიურად ვარ ჩართული სტუდენტურ აქტივობებში (იცინის).

- შენს ახლანდელ საქმიანობას მშობლები როგორ აფასებენ?

- მშობლებს არ უნდოდათ, რომ შოუბიზნესში დამემკვიდრებინა თავი. მამას ჩემი საქმე არ მოსწონს, მაგრამ მაინც, აქტიურად ადევნებს თვალს ჩემს გამოსვლებს. რაც შეეხება დედას - კმაყოფილია და ძალიან მგულშემატკივრობს.

- ეს შენი ნათლობის ფოტოა?

- დიახ, ამ ფოტოზე ჩემი მოულოდნელი ნათლობაა აღბეჭდილი. სკოლიდან მარტყოფის მონასტერში, ექსკურსიაზე წავედით. როდესაც ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბენიამინმა გაიგო, რომ მონათლული არ ვიყავი, მომნათლა. ნათლიები ჩემი კლასელები არიან.

- პატრიარქთან სურათი როდის გადაიღე?

GzaPress- ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახდა. ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. ჩემი გამოსვლის შემდეგ ბედნიერება მხვდა წილად - პატრიარქმა დამლოცა.

- "შალვა რამიშვილის შოუში" როგორ მოხვდი?

- შალვასთან კასტინგის საშუალებით მოვხვდი, რომელიც "ფეისბუკით" გამოცხადდა. კასტინგზე მისულს გოგონების გრძელი რიგი დამხვდა. ვნერვიულობდი, რადგან ჩემამდე შესული ბევრი კონკურსანტი გაისტუმრეს უარით. ისიც არ ვიცოდი, რა ფორმით ტარდებოდა კასტინგი. რომ შევედი, აღმოჩნდა, რომ თვითონ შალვა ატარებდა გასაუბრებას. ჩვენმა საუბარმა ძალიან მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. რამდენიმე დღეში უკვე სკეტჩში - "ერთხელ საქართველოში" გადამიღეს და მას შემდეგ აქტიურად ვთანამშრომლობთ. ბედნიერი ვარ, რომ საინტერესო, კრეატიული და მეგობრული გუნდის წევრი გავხდი.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- მიყვარს წიგნების კითხვა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, სიმშვიდეა. შეყვარებული არ მყავს.

- როგორი ბიჭები მოგწონს?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პატივს ვცემ ნიჭიერ და გონიერ ადამიანებს.

მარეხ ჭონიშვილი