რამ გააბრაზა გიორგი ჩიტაური - გზაპრესი

რამ გააბრაზა გიორგი ჩიტაური

მას დამნაშავეების პოვნა და მათი საკადრისად დასჯა სურს... ვის ან რაში ედავება მომღერალი? - ამ თემაზე და იმ ჭორებზეც, რომელსაც თურმე, მასზე ავრცელებენ, გიორგიმ თავად ისაუბრა.

- უკვე 2 წელზე მეტია, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია ხან გააქტიურდება, ხან - ჩაცხრება... გააჩნია, ეს ვის როდის და რისთვის დასჭირდება.

- რას გულისხმობთ?

- ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ. ამას "ფეისბუკის" "ფარული" გვერდითაც აკეთებენ, ტელეფონზე დაფარული ნომრიდან მირეკავენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომ ჩემზე ცუდი რაღაც ილაპარაკონ. ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. არ მინდა, ეს ამბავი პოლიტიკას დავუკავშირო, მაგრამ შესაძლებელია, მართლაც ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდებოდეს ყველაფერი. ბევრისგან განსხვავებით, თუკი რაღაც უსამართლოს, ცუდს, მიუღებელს ვხედავ, ჩემს პოზიციას ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ, არაფრის მეშინია... არა მგონია, ვინმესთვის რამე დამეშავებინოს, რომ ჩემზე შური იძიონ. სხვა გზა არ დამიტოვეს: გამოძიება დაიწყება და ამ ადამიანების დასჯას მოვითხოვ, კანონის უმკაცრესი ზომით. მინდა, სიმართლე გაირკვეს - ვინ არიან, რას ემსახურებიან და ამ ამბავს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას.

- თქვენ მიერ ნახსენები ბინძური კამპანია პოლიტიკაში თქვენი გააქტიურების პერიოდში ვრცელდება ხოლმე?

GzaPress- დიახ. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად ვჩანდი, ასევე - 2009 წლის ბოლოს, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ახალგაზრდულ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული გახლდით. ახლაც იგივე ხდება, როცა პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ გამწვავებულია და ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. უკვე თითქმის ყოველდღე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა მოსალოდნელი... ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, რადგან "ერთი ერთში" ემთხვევა...

- კონკრეტულად, რა ჭორი და როგორ გაგივრცელეს?

- მაგალითად, "ფეისბუკის" ერთ-ერთი "ფარული" გვერდის საშუალებით დაწერეს: გიორგი ჩიტაური თავისი რაიონიდან გამოძევებულია, რადგან იქურდაო. კიდევ სხვა სახის ჭორებიც არსებობს, რომელზეც ახლა საუბარი არ მინდა. შეიძლება, ჩემმა ნათქვამმა გამოძიებას ხელი შეუშალოს.

- სამართალდამცავებთან პრობლემა გქონიათ?

- არასოდეს. იყო პერიოდი, როცა ბევრი "კითხვის ნიშანი" გამიჩნდა: წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის დატოვება მომიხდა, უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარიც მქონდა.... მოკლედ, დაახლოებით 2010 წელს, როცა ჩემსა და რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მცემეს. დარწმუნებული ვიყავი, მაშინდელი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როცა ქვეყანაში ახალგაზრდას ებრძვი და საშუალებას არ აძლევ, ქვეყანაში თავისი საქმე აკეთოს, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრს ებრძვიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება და ვის ინტერესებს ემსახურება.

- თქვენი ცემის ფაქტი გამოძიებულია?

- არა, სამართალდამცავებისთვის არც მიმიმართავს, რადგან ჩემი დაპატიმრება, ფიზიკური ლიკვიდაცია გამორიცხული არ იყო. შესაბამისად, იძულებული ვიყავი, ქვეყანა დამეტოვებინა.

- თქვენს ცემას რას უკავშირებთ?

GzaPress- ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი საქმე... ვინც ფიზიკურად გამისწორდა, სამართალდამცავი ორგანოს ოფიციალური თანამშრომლები არ ყოფილან. ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც მათთან თანამშრომლობდა, შეკვეთილ საქმეებზე მუშაობდა. არ გამიკვირდება, თუ დღევანდელ ხელისუფლებასაც ისეთი დაჯგუფებები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა უწყებასთან პასუხისმგებლები არიან. როგორც გითხარით, საჯარო განცხადებებს არ ვერიდები, ბევრი კი ამას ვერ აკეთებს. პირადად მე, არავისთან ვათანხმებ, რა უნდა ვთქვა, ჩემი სათქმელი მისაღები ვისთვის იქნება და ვისთვის - არა. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვარ, მაგრამ ყოველთვის დამოუკიდებლად ვმოქმედებ, მთელი ცხოვრება ასე ვიქცეოდი.

- გიორგი, თქვენი მუსიკალური კარიერა როგორ ვითარდება?

- "განვითარებას" ვერ დავარქმევ, რადგან ფაქტობრივად, ყველაფერი უკან-უკან წავიდა, არსად მიწვევენ... ცხადია, ამას ვერავის დავავალდებულებ. უბრალოდ, გული მტკივა, რომ ნანუკამ თავის შოუში ჩემ გარდა, "ნიჭიერის" თითქმის ყველა მონაწილე მიიწვია.

ეთო ყორღანაშვილი