რატომ გააკრიტიკა საზღვარგარეთ ცნობილმა დიზაინერმა "ქართული ბომონდი" - გზაპრესი

რატომ გააკრიტიკა საზღვარგარეთ ცნობილმა დიზაინერმა "ქართული ბომონდი"

თბილისელი შორენა მარცვლაძე-სარიშვილი საზღვარგარეთ ცნობილი დიზაინერია. მას იცნობენ, როგორც - შერონ მარის. ქართველებმა კი მის შესახებ ბევრი არაფერი იციან, რადგან მიზეზთა გამო, სამშობლოში მოდის სფეროში ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებია, სამაგიეროდ, სულ მალე მასშტაბური, მსოფლიო დონის ფესტივალით უკეთ გააცნობს საზოგადოებას თავს. ფიქრობს, რომ სტუმრად მოწვეულ, მოდის ბიზნესში ცნობილ უცხოელებს საქართველოს შეაყვარებს, მათ ქართველი ლამაზმანებითა და ნიჭიერი ადამიანებით დააინტერესებს და ამის წყალობით, "თავისიანებს" გზას გაუხსნის უფრო დიდი წარმატებისკენ.

- ყველა მიცნობს როგორც, შორენა მარცვალაძეს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, დედის გვარზე - სარიშვილზე გადავედი. პროფესიით დიზაინერი ვარ. დავამთავრე ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. როცა მოდის საერთაშორისო ფესტივალზე - "მედმოდა" მონაწილეობის შანსი გამიჩნდა, რომელიც იტალიაში ტარდება, ძალიან გამიმართლა. მერე ჩემი ნამუშევრებით უცხოელები დაინტერესდნენ და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა. ვერ ვიტყვი, რომ "საზღვარგარეთ მოღვაწე ვარ", მაგრამ წარმატებული ნამდვილად გახლავართ, ჩემზე წერენ უცხოურ გამოცემებში, რაც ნებისმიერი დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია.

GzaPressმოდის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილების შემდეგ, არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. მაგალითად, მიმიწვიეს დიზაინერების კონკურსზე - "სიკანია კრეატივა", რომელიც ქალაქ კატანიაში ტარდება. იქიდან პრიზით ჩამოვედი. მერე იყო ბევრი შემოთავაზება: "ნიუ-იორკის ფეშენ ვიკიდან", "ვაშინგტონის ფეშენ ვიკიდან", ლონდონიდანაც და ა.შ.

- ეს ყველაფერი ერთდროულად დაგატყდა თავს?

- დიახ, ასე მოხდა - 2013 წელი ჩემთვის მოულოდნელობებითა და სიურპირზებით იყო სავსე.

- იტალიაში "მედმოდაზე" როგორ მოხვდი?

- დიზაინერების შერჩევა იყო გამოცხადებული. გავაგზავნე ჩემი პორტფელიო და მასიმო პასტორელომ - საერთაშორისო მოდის ფესტივალის პროდიუსერმა და მენეჯერმა დამატებითი ინფორმაციაც მომთხოვა, რომლის გაგზავნის შემდეგ მომივიდა წერილი: შენ ხარ აყვანილი და დამტკიცებული "მედმოდაზეო". ეს იყო უზარმაზარი სიხარული ჩემთვის... ამ წარმატების შემდეგ, პორტუგალიაში მომიხდა თავის დამკვიდრება.

- როგორ ფიქრობ, რით მიიქციე უცხოელი კოლეგების ყურადღება?

- "მედმოდაზე" წარვადგინე კოლექცია, რომელსაც დავარქვი - "ქალი მომავლიდან" და ამ ჩვენებას მაღალი დონის შეფასება მოჰყვა. კოსტიუმების მკერავის ოსტატობაზეც კი ლაპარაკობდნენ და ჩურჩულებდნენ: ამ გოგოს ეტყობა, კარგი კონსტრუქტორი ჰყავსო. რთული დეტალები რომ ნახეს, გადაირივნენ. ყოველთვის სირთულე მიზიდავდა, მარტივი ხაზები კი არ მომწონს და ეს დამიფასდა. თუმცა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები, ცხადია (იღიმის).

- შენ გარდა, "მედმოდაში" რომელიმე ქართველი დიზაინერი მონაწილეობდა?

- კი, თამარ ქირიამაც წარმოადგინა საკუთარი კოლექცია. როგორც ვიცი, ის პალერმოში ცხოვრობს და წლებია, იქ მუშაობს... სხვათა შორის, მაშინ ჩემი ნამუშევრების გადაღება მოინდომა ფოტოგრაფმა ანტონიო ტაკონემ - ის გახლავთ იტალიელი, მსოფლიოს ცნობილი ფეშენ ვიკების (მილანის, პარიზის, ლონდონის და ა.შ) ფოტოგრაფი. მას თავად კრისტიან დიორიც კი ჰყავს გადაღებული. ტაკონემ პერსონალურად ჩემი კოსტიუმებისთვის მოაწყო ფოტოსესია და ეს იყო შოკი! სხვათა შორის, გადაღების პროცესში მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ახლა მუშაობისას ამ დეტალებს ვითვალისწინებ. მაგალითად, კოსტიუმს, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელიც ჩვენების დამთავრებისთანავე გაიყიდა, შიგნიდან ე.წ. წული ჰქონდა და შუა გადაღების დროს მომახსნევინა: კადრში ვერ ხვდება კარგადო და ამიხსნა, რასაც გულისხმობდა.

- ჩვენების შემდეგ შენი ბევრი კოსტიუმი გაიყიდა?

GzaPress- სულ 12 კოსტიუმი მქონდა წაღებული, მაგრამ ათი გავიტანე, ჩვენების ფორმატიდან გამომდინარე. რაღაცები გაიყიდა, რაღაცები - არა. ორი კოსტიუმი იყიდა სამოდელო სააგენტო "მოდელ ეჯენსის" დირექტორმა და მთავარმა ვიზაჟისტმა. მან ჩვენების დამთავრებისთანავე მითხრა, ვყიდულობო. ვუპასუხე: გაყიდვა არ შემიძლია, რადგან გადაღებაზე გამაქვს-მეთქი და "ბრონი" გაუკეთა, მოგვიანებით იყიდა... წელიწადში მხოლოდ ორ საჩვენებელ კოლექციას ვქმნი. მირჩევნია, ნელა ვიმუშაო და ხარისხიანი პროდუქტი გავიტანო პოდიუმზე, ვიდრე სწრაფად ვიმუშაო და უხარისო სამოსი შევქმნა. თუმცა, ცხადია, პარალელურად კერძო შეკვეთებზეც ვმუშაობ და ყოველდღიურ კოსტიუმებსაც ვქმნი.

- შერონ, რომელიმე ქართველი დიზაინერი გამორჩეულად მოგწონს?

- დავით კომა ძალიან ნიჭიერია და ჩემზე ბევრად წარმატებულიც, რაც მეამაყება.

- ამბობენ, რომ ქართველებს განსაკუთრებული გემოვნება გვაქვს. ასეა?

- კი, ნამდვილად გამორჩეულები ვართ, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ბევრი ქართველი უბრალოდ, თავს შესაბამისად კარგად ვერ ან არ უვლის.

- ყველაზე გემოვნებიანი ქართველ ქალად ვის მიიჩნევ?

- ყოველთვის მომწონდა მაკა ასათიანი და დღემდე მას მივიჩნევ ყველაზე გემოვნებიან ქართველად.

- ტანისამოსის მაღაზია ალბათ, გაქვს...

- პატარა ატელიე მაქვს პორტუგალიაში, ქალაქ ოვარში. ბევრი შეკვეთა გვაქვს, ძირითადად - აქსესუარებზეა მოთხოვნა. გარდა ამისა, ფოტოსესიებისას ვმუშაობ, როგორც დიზაინერი, იმიჯმეიკერი; ვთანამშრომლობ რამდენიმე სააგენტოსთან, რომლებიც მართავენ ფესტივალებს, კონკურსებს.

- რით არის გამორჩეული შენი სამოსი?

- როგორც ამბობენ, თავხედურად ვთამაშობ ფერებით. ძალიან მიყვარს ლურჯი და ყვითელი, მათი ერთმანეთში არევა. ვფიქრობ, ფერების შეხამება კარგად გამომდის. იმასაც აღნიშნავენ, რომ ჩემი კოსტიუმები "ტვინით არის ნამუშევარი", თან - თარგი მთლიანად დავანგრიე.

- რას ნიშნავს "თარგის დანგრევა"?

- თარგი ხომ სტანდარტულია, მე კი მაგალითად, პიჯაკს ნაკერს ვუკეთებ ისე, რომ თავიდან ყველას ჰგონია, მისი ჩაცმა მოუხერხებელი იქნება, მაგრამ შედეგი ყველას აღაფრთოვანებს. საჭიროებიდან გამომდინარე ,რკინებით დაწყებული, თითქმის ყველანაირ მასალას ვიყენებ.

- თბილისელი გოგო მოულოდნელად იტალიაში რომ გაემგზავრე, ენის ბარიერი არ გქონდა?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამართული ინგლისურით ვლაპარაკობდი, მაგრამ ენის ბარიერი მაინც არ შემქმნია. ასეც რომ ყოფილიყო, თარჯიმანები ჰყავდათ და მათი დახმარებით ვისარგებლებდი (იღიმის).

- საცხოვრებლად საზღვარგარეთ რატომ გადაბარგდი? ხომ შეგეძლო, კარგი საქმეები საქართველოდანაც გეკეთებინა?

- კარგი კითხვაა, მაგრამ... სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მოდის ბიზნესი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, პირიქით - მეამაყება რომ ქართველი ვარ და ნებისმიერ ჩვენებზე საქართველოს სახელით გავდივარ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, აქ ბევრი არაფერი კეთდება და შესაბამისად, არც კონკურენცია არსებობს. აქ ყველაფერი "კლანურია". თითქოს, ყველაფერი ერთი და იმავე ადამიანების ირგვლივ ტრიალებს და სხვას კონკურენციის გაწევის სურვილიც რომ გაუჩნდეს, ამის საშუალებას არ მისცემენ.

- ამიტომაც დაწერე პოსტი საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე, სადაც ამბობდი: მეამაყება, რომ არ ვარ ე.წ. ქართული ბომონდის წევრიო?

GzaPress- არა, ეს დავწერე იმიტომ, რომ გამაბრაზეს. მას შემდეგ, რაც ფესტივალის ჩატარება დავაანონსე, ბევრმა უსაფუძვლოდ გამლანძღა. პროექტი დეკემბერში ჩამოვიტანე. 28 აპრილს საქართველოში ჩამოვა 30-კაციანი დელეგაცია: მსოფლიო დონის, ცნობილი დიზაინერები, მოდელები, ფოტოგრაფები. ამ ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი და ჟიურის წევრებიც უცხოელები იქნებიან: საკუთარი საქმის პროფესიონალები და არა - ე.წ. "ფეისები". მოვიწვიე პოპულარული სამოდელო სააგენტოების დირექტორები, ფოტოგრაფები, რომლებსაც სწორი შეფასებების გაკეთება შეუძლიათ. ჰოდა, როდესაც ეს ყველაფერი გაიგეს, ვიღაცებმა, ვის ვინაობასაც შეგნეულად არ დავასახელებ, ბევრი ირონიული მესიჯი მომწერეს. ერთ-ერთი მათგანი დამემუქრა კიდეც, - სიურპიზებს უნდა ელოდოო და ა.შ. ისიც მითხრეს: რა, მოდის ბიზნესის "პირველი ლედობა" გინდაო? რატომაც არა?! ეს ვის არ უნდა? თუ მაქვს საშუალება, ჩემს ქვეყანაში რაღაც გავაკეთო, რატომ უნდა დავიხიო უკან, არ მესმის. ბოლოს და ბოლოს, მე ქართველი ვარ და ეს არის საქველმოქმედო პროექტი! ფესტივალზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება და შემოსულ თანხას, ბოლო თეთრამდე, "დიმიტრი ცინცაძის ფონდს" გადავცემთ. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი მეც მტკივა. მათ სხვა ვერაფრით დავეხმარები და რაშიც ყველაზე მეტად კომპეტენტური ვარ (მოდის ბიზნესს ვგულისხმობ), იმით ვცდილობ მათთვის მხარში ამოდგომას და ამაში საქილიკო არაფერია. ჰოდა, ვინაიდან გამაბრაზეს, "ცხელ გულზე" დავწერე ის პოსტი. ცნობისათვის, კონკურსში 10 ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობს და თითოეული 5 კოსტიუმს წარადგენს.

- ფესტივალი ერთდღიანი იქნება?

- ძალიან მინდოდა, 2-დღიანი ყოფილიყო, მაგრამ მითხრეს, - არ ღირს, ამ ეტაპზე ერთი დღეც საკმარისიაო და რჩევა გავითვალისწინე, მომავალ წელს კი ფესტივალი World Model Festival Georgia უფრო მასშტაბური იქნება.

- ამ ფესტივალს ვინ აფინანსებს?

- ხარჯების ნაწილი საკუთარ თავზე ავიღე. მილიონერი არ ვარ, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, გარკვეული თანხა ქველმოქმედებისთვის გადავდო.

- ამ ყველაფერს რატომ აკეთებ: გინდა, საზღვარგარეთიდან 30-კაციანი დელეგაციის ჩამოყვანით ქართველებს დაანახვო, თუ როგორი წარმატებული ხარ თუ უბრალოდ, საქართველოში მოდის ბიზნესის ხელშეწყობა გსურს და პარალელურად, ქველმოქმედების გაკეთების სურვილიც გამძაფრებული გაქვს?

- პირველ რიგში, მინდა, კონკურენცია შევქმნა საქართველოში. მე არ ვარ ბოღმა და მსურს, ქართველ მოდელებს, დიზაინერებს მივცე საკუთარი ნამუშევრების, საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება. არ მომწონს ეს "კლანური" ამბები, როცა ყველაფერი ორ-სამ ადამიანს აქვს მისაკუთრებული და სხვებს საქმეში ფეხის მოკიდების საშუალებას არ აძლევენ. არავის არ აქვს სხვისი "დაბლოკვის" უფლება. ნიჭიერია ადამიანი თუ უნიჭო, ეს მის მიერ გაკეთებული საქმით გამოჩნდება, მაგრამ მთავარია, საქმის კეთების საშუალება მისცე. ყველა ქართველ დიზაინერს მივმართავ: მოდით, გავერთიანდეთ ამ ფესტივალის გარშემო და ერთად ვუჩვენოთ მსოფლიოს, თუ როგორი მაგრები და ნიჭიერები ვართ... ცხადია, ქველმოქმედების გაკეთების სურვილმაც მიბიძგა ამ ფესტივალის ორგანიზებისკენ, სხვანაირად საკუთარი ფინანსების ამ საქმეში ხარჯვას გამართლება ვერ ექნება. ემოციური ვარ და დაავადებულ ბავშვებზე ძალიან ვდარდობ... სხვათა შორის, სამომავლოდ საკუთარი საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებასაც ვფიქრობ და იმედია, ეს საქმე გამომივა.

- თუმცა, საქართველოში ისედაც ბევრი საქველმოქმედო ფონდი არსებობს...

- რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესია. ოღონდ, ეს ფონდები ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს და სხვისი გასაჭირის წყალობითYმიღებული თანხებით ვიღაცები ხელს არ უნდა ითბობდნენ, როგორც ეს ზოგჯერ ხდება ხოლმე.

- როგორ ფიქრობ, ეს ფესტივალი ქართული მოდის ბიზნესს რას მისცემს?

- ჯერ ერთი, ჩრდილში მყოფ ჩვენს დიზაინერებს უცხოელები გაიცნობენ და შესაძლოა, ამის შემდეგ მათ მსოფლიო მოდის ბიზნესისკენაც გაეხსნათ გზა, ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. სხვათა შორის, იცით, რა გავაკეთეთ? ფოტოგრაფ ანტონიო ტაკონეს უკვე ველაპარაკე და ვუთხარი: საქართველოში ბევრი ისეთი ლამაზი გოგო გვყავს, რომელსაც სიმაღლე არ უწყობს ხელს მოდის სამყაროში წარმატების მისაღწევად და ეს დასანანია-მეთქი. მიპასუხა, - შერონ, არანაირი პრობლემა არ არის. მოდი, შენს ფესტივალზე დავასახელოთ ორი გამარჯვებული: ერთი - "ფეშენ მოდელი" და მეორე - "გლამურ მოდელიო". მოგეხსენებათ, გლამურ ანუ ფოტომოდელებს სიმაღლე დიდად არ სჭირდებათ. ჰოდა, მისი შემოთავაზება ძალიან მომეწონა, ავიტაცე.

- როგორც ვიცი, ამ ფესტივალზე ჩამოდის ცნობილი მოდელი ფანი ტორესი.

- ეს ის მოდელია, რომელიც "ფეშენ ვიკებს" არ აკლდება. თუმცა, ზოგს მოსწონს, ზოგს - არა ანუ გემოვნებაზე არ დაობენ. ფანი ტორესი უკრაინაში ერთ-ერთი ჩვენების დროს, სპეციალურად ჩემ გამო ჩამოფრინდა და როცა საქართველოში, ფესტივალში მონაწილეობა შევთავაზე, მიპასუხა: სიამოვნებით გესტუმრებითო. გარდა ფანი ტორესისა, ჩამოვა "პლეიბოის" ერთ-ერთი "სახე", წარმოშობით ბულგარელი ელენა, რომელიც ახლა ესპანეთში ცხოვრობს.

- დაბოლოს, ფესტივალის მოწყობაში ვინ გეხმარება?

- სხვათა შორის, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მაგალითად, რეჟისორ დავით ასლამაზიშვილს ვთხოვე დამხარება და დაუფიქრებლად ამოგვიდგა მხარში, შოუს მომზადებაში უსასყიდლოდ დაგვეხმარება. ფოტოგრაფების დაქირავებაც არ დაგვჭირდა - ეს ერთსულოვნება მახარებს და მაძლიერებს.

ლიკა ქაჯაია