როგორ დავეწიოთ "მოსიარულე" ლოგინს - გზაპრესი

როგორ დავეწიოთ "მოსიარულე" ლოგინს

მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ადამიანს ადუნებს, "კომედი ჯგუფის" მსახიობი - ნიკა არაბიძე ცხელ ზაფხულს ენერგიულად და ხალისიანად უმკლავდება, აქტიურად შრომობს. "ცნობილი დიეტოლოგი" და ბოტანიკაში განსწავლული "ცისფერთვალება ზვიგენი" სამსახურში აღელვებული დამხვდა, რადგანაც ქარელი-გორის გზაზე დაუჯარიმებიათ...

- 7 წელიწადია, ჯარიმის გადახდა არ დამჭირვებია. ახლახან მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, ქარელი-გორის მონაკვეთზე დამაჯარიმეს და "კანფეტივით" 20-ლარიანი გადამახდევინეს. მე და ვახო ბიჭიკაშვილი ბათუმიდან ვბრუნდებოდით, სამსახურში მოგვეჩქარებოდა... ჯარიმა არ გამიპროტესტებია - მეკუთვნოდა, მაგრამ ჩემზე მეტად ვახო აღშფოთდა, - ქართლში ჯარიმას როგორ გიწერენო?!

- პირველი ჯარიმა გაიხსენეთ...

- 10 წლის წინ დამაჯარიმეს. უნდა ვაღიარო, ნასვამი გახლდით, წვეულებიდან შინ მივდიოდი. ვიცი, რომ საჭესთან ნასვამი ადამიანი არ უნდა დაჯდეს, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ჰოდა, გზაში პატრულმა გამაჩერა, ჯარიმა გამომიწერა. შემდეგ პატრულის თანამშრომლები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ: - მანქანას ვინ წაიყვანსო? ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ავტომობილს ორივე ხელს ვერ გავუშვებდი, ცალი ხელით რაიმეზე მოჭიდებული უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, განვაცხადე, - ასეთი რა შემატყვეთ? სახლში მანქანით თავად მივალ-მეთქი!.. ერთი საპატრულო მანქანა წინ მიმიძღოდა, მეორე - უკან მომყვებოდა. შინ ესკორტითა და "წივილ-კივილით" მიმიყვანეს. მეორე დღეს მეზობლები "გამარჯობას" აღარ მეუბნებოდნენ: როგორი პატიოსანი ბიჭი გვეგონა, გუშინ კი სახლში პატრულმა მოიყვანაო (იცინის)!

- პირველად როდის იგრძენით თავი ბომონდის წევრად?

- მას მერე, რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, მეტ-ნაკლებად ცნობილი ვარ. თავდაპირველად "202"-ზე ვმუშაობდი, 2006 წელს "რუსთავი 2"-ში ამოვყავი თავი და ჩემი აღზევებაც აქედან დაიწყო (იღიმის).

- პოპულარობა და ბომონდის წევრობა ერთი და იგივეა?

- "ბომონდი" და "პოპულარობა" სხვადასხვა ცნებებია, რა თქმა უნდა.

- ჰოდა, გვითხარით, - ნაღები საზოგადოების წევრად მიგაჩნიათ თავი?

- ვერ ვიტყვი, რომ ელიტური ფენის წარმომადგენელი ვარ და ა.შ. თავს ყოველთვის ჩვეულებრივ ადამიანად მივიჩნევდი და ახლაც ასეა... ასეთი საყვარელი ამიტომ ვარ.

- პირველი დიეტა...

- დიეტა ერთადერთხელ დავიცავი და ასე აღარ მოვიქცევი, თუკი ჯვარი მწერია და ექიმი არ დამინიშნავს! ყველა ჭარბწონიანს მოვუწოდებ, რომ დიეტა არ დაიცვას! ჯობია, ცოტ-ცოტა და ხშირად მიირთვათ, გვიან არ ივახშმოთ... შეგიძლია, ამ რჩევებს მიაწერო: "ცნობილი დიეტოლოგი - ნიკოლოზ არაბიძე".

- როგორი დიეტა დაიცავით, ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება რომ მიგიღიათ?

- რაღაცნაირი დიეტა იყო:

უმარილო ბორშჩი უნდა გეჭამა, კომბოსტო... არ ვიცი, რა, თავი დამანებეთ, ჩემი გაჭირვება მეყოფა!.. მაგალითად, გასულ თვეში 4-5 კილოგრამი მოვიკელი, რადგან გვიან არ ვვახშმობ და ვცდილობ, ნაკლები ცომეული მივირთვა. გადასარევია! ამ თვეშიც 5 კილოს მოვიკლებ და ზღვაში ტანწერწეტა ბიჭი შევალ, თუ ვეღირსე წელს ზღვის ხილვას...

- პირველი გასამრჯელო...

- 7 ლარი. სტუდენტობისას ქუთაისში, "გეპეიში", "კავეენს" ვთამაშობდით. კონცერტი ჩავატარეთ... 7-7 ლარი დაგვრჩა.

- რაში დახარჯეთ?

- რაში აღარ დავხარჯე? საჩუქრები ვუყიდე დედას, ძმას, ახლობლებს (იცინის)... 7 ლარი რა არის? სახლამდე არც მიმყოლია.

- სიმთვრალეში ჩადენილი პირველი სამარცხვინო საქციელი...

GzaPress- მას მერე, რაც მეტ-ნაკლებად ცნობილი გავხდი, თავს დათრობის უფლებას არ ვაძლევ. სტუდენტი ისეთ "გადასარევ" დროს გახლდით, რომელიც იმედია, არასოდეს განმეორდება. "აღზევების" პერიოდს ვგულისხმობ - დავით აღმაშენებლის მეფობის მერე, ასეთი "დიდებული" დრო ქვეყანას რომ არ ახსოვს... მარტო ვცხოვრობდი და შინ იცი, როგორი მთვრალი მივსულვარ? ოთახი რომ ტრიალებს ხოლმე, ხომ იცი? არა? ვაიმე, სირცხვილი შენი! ერთხელ მე და შენ დავლიოთ! ჰოდა, რას გეუბნებოდი: ძალიან მთვრალი რომ ხარ, ოთახი ბრუნავს, ყველაფერი ტრიალებს, მაგალითად - ლოგინი "დადის", შენ კი უნდა დაეწიო და შეახტე!.. ფანჯრების ლეწვა, თოფით სიარული და წელს ზემოთ ყველაფრის "შემოტრეტვა" არ მჩვევია - კარგი სიმთვრალე მაქვს. ისეთი სამარცხვინოც არაფერი ჩამიდენია, რომ მეორე დღეს მთელ ქალაქს ჩემს საქციელზე ესაუბრა.

- პირველი ვიზიტი დედაქალაქში...

- დაახლოებით მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ბოტანიკაში საკონკურსო თემა დავწერე. ჩემი პირველი ვიზიტი "მეგაპოლისში" მაშინ იყო (იცინის). დიპლომიც ავიღე. ბაბუაჩემს სოფელში კაკლის სანერგე ჰქონდა. მე და ბაბუამ ტრიალ მინდორზე კაკალი გავაშენეთ - ჩემს წარმატებას მივუძღვენით... სხვათა შორის, დედა ბიოლოგი გახლავთ და თემის დამუშავებაში ცოტათი ისიც მომეხმარა.

- ის ხეივანი დღეს არსებობს?

- არა, ყველა ნერგი მოიპარეს...

- ყურადღება რატომ არ მიაქციეთ?

- რა მექნა, იქ ხომ არ დავიძინებდი?

- პირველი სასჯელი სკოლაში...

- მასწავლებლის შვილობა მეტი პასუხისმგებლობაა. დამნაშავე ვიყავი თუ არა, მაინც მე მსჯიდნენ. კლასი "შატალოზე" თუ წავიდოდა, დირექტორის კაბინეტში თავდახრილს ყოფნა ძირითადად, მე მიწევდა. სკოლაში პირველ სასჯელს რაც შეეხება: მერვე-მეცხრე კლასში ვიყავი, როცა დედამ საკლასო ოთახიდან გამაგდო. სად წავსულიყავი და რა მეკეთებინა, არ ვიცოდი. ამ დროს ხომ ყველა გაკვეთილზეა. ჰოდა, ის 45 წუთი სიმწრით გავიდა. ეზოში ვიმალებოდი, რომ დირექტორს არ დავენახე.

- პირველი ქათინაური სიდედრისგან...

- რომელი ერთი გავიხსენო (იცინის)? სიმართლე გითხრა, კონკრეტულად რა ქათინაური მითხრა, არ მახსოვს, მაგრამ კი ხედავთ, როგორი ყმაწვილიც ვარ.

- როლის შესრულებისთვის მიღებული პირველი კომპლიმენტი...

- სასკოლო ღონისძიებაზე კირილე მიმინოშვილის როლი შევასრულე: ის ეპიზოდი დავდგით, მთვრალი კირილე რომ შემოდის... სცენაზე ჯოხის "ცხენზე" ჩამომჯდარი შემოვრიკინდი... მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან დიდი ოვაცია და შექება დავიმსახურე. მეუბნებოდნენ, - როგორ კარგად ითამაშეო!

- დღეს უცნობები ხშირად გაქებენ?

- არ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ვარ, მაგრამ უცნობი ადამიანები ხშირად მაქებენ, - შვილო, როგორ მიყვარხარ, გაიხარე, იცოცხლეო... ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- პირველი მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი...

- ნუღა გამახსენებ, გეხვეწები! საერთოდ, მიმაჩნია, რომ "ოქროს შუალედი" ვარ: ადამიანი ჩემზე მეტს არ უნდა ლაპარაკობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკვე მომაბეზრებელია. სტუდენტობისას ერთ ადამიანს ვიცნობდი, რომელიც იმდენს ლაპარაკობდა, რომ სიტყვას ვერ "ჩააკვეხებდი". იმასაც ვერ მოახერხებდი, რომ გეთქვა, - ცუდად ვარო! წარმოიდგინე, კედელ-კედელ მიდიხარ, აქეთ-იქით იყურები, რომ იმან არ დაგინახოს და უცებ, მხარზე ხელს გადებს: ოჰ, შენ გეძებ, კაცო, სად იყავი? დავდგეთ, ვილაპარაკოთო (იცინის)! აი, ასეთ სიტუაციაში ვიყავი.

- გოგონაზე საუბრობთ?

- არა, ბიჭი იყო.

- ბიჭი თაყვანისმცემელი გყავდათ?

GzaPress- აა, თაყვანისმცემელი? ზოგადად, მომაბეზრებელ ადამიანზე მოგიყევი. ეს არ დაწერო, ისედაც არეული ქვეყანაა და ბიჭი თაყვანისმცემელიღა მაკლია! ერთადერთი, ჩემ შესახებ ეს ჭორი არ გამიგონია, რომ კაცებთან აქვს "ურთიერთობაო", თორემ სხვა - ყველაფერი... განსაკუთრებულად მომაბეზრებელი თაყვანისმცემელს რაც შეეხება: 90-იანი წლების ბოლოს, მობილურ ტელეფონზე ვიღაც მესიჯებს მწერდა, მაგრამ ვინაობას არ მიმხელდა. თავისთავად, შეწუხდები, როცა შუაღამისას "ესემესს" გამოგიგზავნიან და ვინაობას არ გაგიმხელენ. მესიჯების ავტორს ძირითადად, ვეკითხებოდი: ვინ ხარ? თუ სახელს არ მეტყვი, აღარ მომწერო-მეთქი! - კარგიო, - მპირდებოდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ მწერდა. 4 თვის მერე მითხრა, ვინც იყო. საბედნიეროდ, ჩვენი ურთიერთობა არ განვითარებულა.

- პირველი სიყვარული...

- ბავშვობაში ძალზე სერიოზულ განცხადებებს ვაკეთებდი. მაგალითად, ერთხელ საბავშვო ბაღიდან შინ დაბრუნებულმა ვთქვი, - ცოლი უნდა მოვიყვანო-მეთქი! ოჯახის წევრები დამეთანხმნენ, - კი, დედა, კიო... მაშინ ერთი გოგო მომწონდა, უფრო სწორად - მიმაჩნდა, რომ მიყვარდა. მოკლედ, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, როგორშიც ახლა ჩემი შვილია.

- თქვენს ბიჭუნას შეყვარებული ჰყავს?

- აბა, რა! განა მხოლოდ ერთი? ადრე ერთი უყვარდა, მაგრამ "რომანი" არ განვითარდა (მგონი, ის გოგონა სხვა ბაღში გადაიყვანეს). ჰოდა, ახლა მეორე უყვარს... მეც ასე ვიყავი. მერე დედამ ჩამომითვალა, თუ რომელი გვარის გოგონა არ უნდა შემერთო ცოლად და არ უნდა მყვარებოდა ისე, როგორც მამაკაცს - ქალი, მაგალითად: არაბიძე, ხუციშვილი (დედის გვარი), ლანჩავა... ყველა ნათესავი გოგონა რომ ჩამომითვალა, ვისაც ვიცნობდი, ტირილით გავსკდი - უცოლოდ დავრჩენილვარ-მეთქი (იცინის)!

- პირველი თამადობა ქორწილში...

- სხვათა შორის, თამადობასთან დაკავშირებით ბევრი შემოთავაზება მაქვს, თითქმის ყოველკვირა სადღაც მეპატიჟებიან. უცხოების ქორწილებს ყველანაირად თავს ვარიდებ. როცა ყველა სტუმარი ერთმანეთს იცნობს, სუფრაც ლამაზი და კარგი გამოდის. ყველა ქართველი კაცი პოტენციური თამადა გახლავთ, "დაჟე" - ქალიც. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა 8 ჭიქა ღვინო დავლიე და შინ საკმაოდ შეზარხოშებული დავბრუნდი: ზაფხულში არდადეგები რომ გვქონდა, 3 კვირის განმავლობაში ვიღაცებს საქმეში ვეხმარებოდით: ხან ყანაში დავყავდით, ხან - აბრეშუმის ჭიების ფოთლებს ვეძებდით... ყველაფერ ამას "შრომითი სემესტრი" ერქვა. ერთ-ერთი "შრომითი სემესტრის" დროს, ვიღაცას მივეხმარეთ და მასთან დავლიეთ. მას შემდეგ, ყოველ კვირას თამადობას მთავაზობენ. მიუხედავად ამისა, იშვიათად ვსვამ; თამადობაც იშვიათად მიწევს სამსახურისა თუ სხვა მიზეზების გამო... ხალხმრავალ ქორწილებში ყოფნა არ მიყვარს: ხალხი რომ თვრება, ყველა მკოცნის, თან - ძირითადად, კაცები. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"