აჩიკო სოლოღაშვილისა და ნინო ჭოლაძის ტანდემი - გზაპრესი

აჩიკო სოლოღაშვილისა და ნინო ჭოლაძის ტანდემი

ბექას როლს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, აჩიკო სოლოღაშვილი ასრულებს, მიმის როლზე კი ასევე მსახიობი, ნინო ჭოლაძე დაამტკიცეს. ნინო ქუთაისის თეატრის მსახიობია და აქამდე არც ერთ ფილმსა თუ სერიალში მონაწილეობა არ მიუღია. ამ წყვილს შევუთანხმდი, რომ მათ რუბრიკაში - "ტანდემი" ჩავწერდი, მაგრამ სამწუხაროდ, აჩიკოს ეჩქარებოდა, ნინომ ინტერვიუზე მთელი ნახევარი საათით დაიგვიანა და მათთან ინტერვიუს ჩაწერა ცალკ-ცალკე მომიხდა.

"გული მწყდება, რომ საზოგადოებამ თეატრიდან კი არა, ეკრანიდან გამიცნო"

აჩიკო:

- ნამდვილად არ ვიცი, ამ როლისთვის რა კრიტერიუმით შემარჩიეს. დამირეკეს და მითხრეს: სერიალში ახალი გმირი, პოპულარული გადაცემის პროდიუსერი "შემოდის" და თუ თანახმა იქნები, ამ როლზე შენ დაგამტკიცებთო. ამ წინადადებამ გამახარა, რადგან გარდა იმისა, რომ ეს სერიალი მიყვარს, იქ ჩემი არაერთი მეგობარი მონაწილეობს. ასევე, ეს ერთადერთი სერიალია, რომელსაც კინოს სპეციფიკით იღებენ. მაყურებელი კი ძირითადად, "სიტკომებსა" და სტუდიურ სერიალებს არის მიჩვეული...

- თავიდანვე გითხრეს, როგორი პიროვნება უნდა ყოფილიყო შენი გმირი თუ მისი ხასიათის გარკვეული შტრიხები თავად მოიფიქრე?

GzaPress- ზოგადად მითხრეს, როგორი ტიპი უნდა ყოფილიყო ბექა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ უნდოდათ აფექტური, ენერგიული პროდიუსერი შეეყვანათ სერიალში. შევეცადე, სერიალის სხვა გმირებისგან განსხვავებული სახე შემექმნა.

- რეალურ ცხოვრებაში შენს გმირს პროტოტიპი თუ ჰყავს?

- რომ გითხრა, ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვასახიერებ-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა, ჩემმა ნაცნობმა პროდიუსერებმა ბექაში საკუთარი ხასიათის რაღაც თვისებები ამოიცნეს. შევეცადე, ჩემი თვალით დანახული გმირი "გამეკეთებინა".

- სერიალში შენი პარტნიორი ნინო ჭოლაძეა, რომელსაც მაყურებელი აქამდე არ იცნობდა.

- ნინოს თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობდი, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ, მასთან არანაირი შეხება არ მქონია. ვიცი მხოლოდ ის, რომ "ლედი მაკბეტს" არაჩვეულებრივად თამაშობს. სამწუხაროდ, მისი სხვა სპექტაკლი, არ მინახავს. ძალიან ნიჭიერი და "ძარღვიანი" გოგოა, ამიტომ არ მიჭირს მისი პარტნიორობა.

- მაყურებელი ვერ ხვდება, რა ურთიერთობა აქვს პროდიუსერსა და წამყვანს...

- 15 წელია, მიმი და ბექა ერთად მუშაობენ და უერთმანეთოდ ყოფნა არ შეუძლიათ. ამიტომ, ორივე გარკვეულ კომპრომისზე მიდის. ორივე გიჟია, გადარეულია, მაგრამ ფაქტია, ერთად მუშაობით იმ რეიტინგს აღწევენ, რაც გადაცემის არსებობისთვის ძალზე საჭიროა.

- შენია აზრით, რეიტინგი სკანდალს მოაქვს?

- მსახიობი ვარ და ჩემი მხრიდან ამ თემაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

- როგორ ფიქრობ, რატომ ხარ პოპულარული?

- ალბათ, საჭირო ვარ და იმიტომ. საერთოდ, ძალიან იოლია გახდე პოპულარული, მთავარია, მისი შენარჩუნება. დღეს შეგიძლია ჩაიხადო და ხვალ ქუჩაში ყველა გიცნობს. მერე, რა მოხდება ზეგ, მაზეგ? გააჩნია, რითი გახდები პოპულარული... პირადად მე, გული მწყდება, რომ საზოგადოებამ თეატრიდან კი არა, ეკრანიდან გამიცნო.

- ჟურნალისტის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- საკუთარ თავს ჟურნალისტს ვერ დავარქმევ, მე მხოლოდ გადაცემის წამყვანი ვარ.

- რესპონდენტებს შეკითხვებს ხომ უსვამ?

- რასაკვირველია, ნებისმიერ სიტუაციაში მიჩნდება შეკითხვები. ჟურნალისტიკა ძალზე რთული და ძლიერი პროფესიაა. მოგეხსენებათ, მეუღლე მყავს ჟურნალისტი და კარგად ვიცი, ეს საქმე რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება "სხვა შუადღეს", ვიღაცები შეგვარჩიეს და პირდაპირ ეთერში დაგვსვეს, რაც სულაც არ არის ადვილი, რადგან თითოეულ ჩვენს სიტყვას მნიშვნელობა აქვს, მაყურებელი არაფერს შეგარჩენს. სამწუხაროა, რომ საოცრად კრიტიკულები არიან, მაგრამ რას ვიზამთ, ქართველებს სხვების გაკრიტიკება არ გვიჭირს. სოციალურ ქსელში ყველა რაღაც ნეგატიურს წერს. სამწუხაროდ, ვცდილობთ, ერთმანეთი უარყოფითი ენერგიით დავმუხტოთ.

- შენს გმირს, ბექას როგორ აფასებენ სოცალურ ქსელში?

- ვცდილობ, სადაც ჩემზე კომენტარებს წერენ, არ წავიკითხო. მეც ადამიანი ვარ და შესაძლოა, ვიღაცისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამიჩნდეს... საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვარ. ამ გმირს ნელ-ნელა, რაღაცნაირად "ვაშალაშინებ".

- მუსიკისა და დრამის თეატრი გასტროლებზე ხშირად დადის, არა?

- გასტროლებით განებივრებული ნამდვილად ვარ. ერთი თვის წინ ჩამოვედი ავსტრალიიდან და მივხვდი: ეს ის ქვეყანაა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მომხიბლა იქაურმა სიმშვიდემ, სივრცემ და ადამიანების დამოკიდებულებამ. ჰოდა, თუ მივხვდები, რომ აქ არაფრად აღარ ვარგივარ, წავალ იქ და მუშად ვიმუშავებ. ტელეეკრანზე ხშირად რომ ჩანხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად საჭირო იქნები. ხვალ შეიძლება, ისე დაგიქნიონ ხელს, თითქოს არაფერი გაგიკეთებია. ამიტომაც ვამბობ: პოპულარობა ძალიან კარგია, მაგრამ დროებითია. სულ ვცდილობ, ჩემგან ისეთი ბრენდი შევქმნა, რომელიც მუდმივად საჭირო იქნება. თუმცა, რა გამომდის, ამაზე სხვებმა უნდა ილაპარაკონ.

- როგორც ვიცი, მამაკაცის როლის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაგაჯილდოეს.

- მართალია, "დურუჯი" ავიღე, სპექტაკლისთვის - "ზაფხულის ღამის სიზმარი", სადაც ორ გმირს: ფილოსტრატესა და პაკს ვთამაშობ.

"დედა მეხვეწება, შენს გმირს არ დაემსგავსოო"

ნინო ჭოლაძე:

- როგორც ყველა სხვა მსახიობს, მეც ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და სასინჯ გადაღებაზე დამიბარა, შემდეგ კი ამ როლზე დამამტკიცეს... ქუთაისის თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ საცხოვრებლად შვილებთან ერთად, თბილისში გადმოვედი.

- ტელეწამყვანის როლი როგორ მოირგე?

- თავდაპირველად, ამ როლის შემეშინდა, რადგან მე და მიმი ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.

- "სტერვა" არ ხარ?

- ვერ ვარ.

GzaPress

- არადა, ეს კარგად გამოგდის.

- მართალი ხარ, ისე ვთამაშობ, თითქოს ბუნებრივად ვარ ასეთი (იღიმის). როცა ამ როლზე მუშაობას ვიწყებდი, ვიფიქრე, რომ ვინმესთვის მიბაძვა უხერხული იქნებოდა და არც საინტერესო გამოვიდოდა. უნდა ვაღიარო, ტოქშოუების მაყურებელი არ ვარ და შესაძლოა, ეს კარგიც არის: მსგავს შოუებს თვალს რომ ვადევნებდე, უნებურად, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოვექცეოდი და ამა თუ იმ ტელეწამყვანის ხასიათიდან რაღაც შტრიხს გამოვიყენებდი. სცენარის ავტორმა, ქეთი დევდარიანმა მითხრა, დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო მიმი და აქედან გამომდინარე, დავიწყე გმირის გამოძერწვა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ამა თუ იმ სიტუაციაში, ამ ქალის ადგილას როგორ მოვიქცეოდი-მეთქი და თითქოს მიმი ჩემიანი გავხადე. ახლა დედა სულ იმას მეხვეწება, შენს გმირს არ დაემსგავსოო (იცინის).

- რა მოგწონს მიმიში და რატომ უნდა მოსწონდეს ის მაყურებელს?

- სულაც არ არის სავალდებულო, ყველა გმირი გვიყვარდეს. ჩემს ნამუშევარზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს... სერიალში ბევრი გმირი იქცევა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაყურებლისგან კი აგრესია მიმის მისამართით წამოვიდა - ამაზე მეცინება. ასე ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ჩემი გმირისგან განსხვავებით, სხვები საკუთარ "გადახვევებს" ანგელოზისებური გამოხედვით ფარავენ...

- შესაძლებელია, რომ ბექამ და მიმიმ რომანი გააბან?

- ისინი მეგობრები არიან. ვფიქრობ, რომ მიმისთვის ბექა ყველაზე ძვირფასი, ერთგული და სანდო ადამიანია, რომელიც არასოდეს უღალატებს. თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მათ შორის არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ არის, მაგრამ სცენარისტი რას შემოგვთავაზებს, არავინ იცის... მეორე კურსზე, თინათინ გურჩიანის საკურსო მოკლემეტრაჟიან ფილმში რომ გადამიღეს, მას მერე, ამ სერიალამდე, კამერის წინ არ მითამაშია, მაგრამ მუშაობა გამიადვილდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროფესიონალების გუნდთან მიწევს თანამშრომლობა, არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავს.

- აჩიკოს როგორ შეეწყვე?

- მას თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია. პატივს ვცემ, როგორც შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის მქონე ადამიანს. აჩიკო მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, შენზეც, როგორც პარტნიორზე, ფიქრობს.

- საკუთარ თავზეც გვიამბე რამე...

- მყავს ორი შვილი: 14 წლის მარიამი და 7 წლის ბარბარე. ახლა აღმოვაჩინე, რომ უმცროსი ქალიშვილი "ჩემი ცოლის დაქალებს" აღარ უყურებს მას მერე, რაც მასში სათამაშოდ მიმიწვიეს. არადა, მანამდე ერთი სერიაც არ გამოუტოვებია. არ ვიცი, მიმის რომ ვასახიერებ, ამის რცხვენია თუ ჩემ გამო ნერვიულობს. იმ სპექტაკლებს, რომლებშიც ვმონაწილეობ, სიამოვნებით ადევნებს თვალს, მაგრამ სერიალში "ვერ მიმიღო"... გამიმართლა, რომ კარგი შვილები მყავს. მარიამი ცოტა არ იყოს, კრიტიკულია და ისეთ რაღაცებს მეუბნება, რაც ნამდვილად უნდა გავითვალისწინო. მას ვენდობი.

- მეუღლე არ გყავს?

- მყავს, მაგრამ ამჟამად საქართველოში არ არის. სხვას ვერაფერს გეტყვით; არ უყვარს, როცა მასზე ვლაპარაკობ.

- პროფესიით ვინ არის?

- ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია.

- არ მესმის, მეუღლის ვინაობას რატომ მალავ?

- დასამალი არაფერია - ჩემი მეუღლე ზაზა ხუბუკელაშვილი გახლავთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მას ქვეყნიდან წასვლა მოუხდა და იმედია, საკუთარი ნიჭის რეალიზებას სხვა ქვეყანაში შეძლებს. ამჟამად ისრაელში გახლავთ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- სტუდიაში. ბავშვობაში ვმღეროდი გოგონათა ჯგუფი "ტეტრაკორდში". პარიზში ტარდებოდა ქუთაისის დღეები. გასამგზავრებლად რომ ვემზადებოდით, სიმღერის ჩაწერა გადავწყვიტეთ. გვითხრეს, რომ ყველაზე კარგად არანჟირებას ზაზა აკეთებდა. მაშინ 16 წლის ვიყავი. პირველად მისი მუსიკა რომ მოვისმინე, შოკში ჩავვარდი, ძალიან მომეწონა. ყოველთვის ვფიქრობდი, - ამ ადამიანის ადგილი საქართველოში არ არის-მეთქი. როცა ადამიანს შენი საქმე გიყვარს, მაგრამ სხვა რამის კეთება გიწევს, ითრგუნები და როგორც ხელოვანი, კვდები. ზაზამ ჯერ მოსკოვში სცადა მუშაობა, მერე სამშობლოში დაბრუნდა, მოგვიანებით - ისრაელში გაემგზავრა...

- დაბოლოს, სიმღერას თავი რატომ დაანებე?

- არ მსურს ვიყო იქ, სადაც ძალიან კარგი არ ვარ. მსახიობობაა ის საქმე, რომელზეც არასოდეს მიოცნებია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. სიმღერა ალბათ, ჰობი უფრო იყო. არადა, მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე: დედა, ბაბუა და ბებიები ფანტასტიკურად მღერიან.

ნათია ჟივიძე