მასთან ერთ-ერთი ვიზიტისას შემომთავაზა, - წამოდი, ავიდეთო - გზაპრესი

მასთან ერთ-ერთი ვიზიტისას შემომთავაზა, - წამოდი, ავიდეთო

თუ ადრე კაკაოსფრად შეფერილი სხეული ადამიანის დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლობაზე მეტყველებდა, 1920 წელს, კოკო შანელის დამსახურებით, გარუჯული, მუქი კანის ფერი ძალზე მოდური გახდა. ნამზეური დღემდე მოდურად მიიჩნევა, მაგრამ ზოგჯერ, ადამიანებს გარუჯვისას ზომიერების დაცვა უჭირთ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან; თან, ზედმეტად მუქი კანით არცთუ ისე მომხიბვლელად გამოიყურებიან. მთავარი პრობლემა ეს არ არის: ეფექტური ნამზეურის მისაღებად ჩატარებულ, სიცოცხლისათვის სახიფათო ექსპერიმენტებს წელს ახალი მეთოდი შეემატა; აღნიშნული გამაოგნებელი მეთოდი რომელმა "მეცნიერმა" შეიმუშავა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მან თანამოაზრეები მალევე შეიძინა. გარუჯვის ამ უცნაური და ახალი ხერხის "რეცეპტს" არ დავწერ, რადგან კარგად იცით, ზოგს სიტყვები - "არ შეიძლება" პირიქით ესმის და ეფექტური ნამზეურის მისაღებად, თავს სასიკვდილოდ იმეტებს...

მიუხედავად იმისა, რომ წელს ნამდვილად ცხელი ზაფხულია და "ზაგარის" ბუნებრივად მიღება პრობლემას არ წამორდგენს, ადამიანები სოლარიუმს მაინც სტუმრობენ და უფასოდ გარუჯვას "მზის სხივების" ყიდვას ამჯობინებენ...

ლიკა ქორქია:

GzaPress- გარუჯვა დაახლოებით, 15 წლიდან დავიწყე. მაშინ ძირითადად, ზომიერად ვირუჯებოდი: პლაჟზე დილით მივდიოდი, შუადღისას კი, როცა მზის სხივები უკვე ჯანმრთელობისთვის მავნე ხდებოდა, შინ ვბრუნდებოდი. ახლა სოლარიუმსაც ვსტუმრობ. პირადად მე, ამ მეთოდით უფრო ეფექტურად ვირუჯები, ვიდრე მზის გულზე. ისეთი სოლარიუმი მაქვს შერჩეული, რომელიც ვიცი, რომ საქართველოში ყველაზე კარგი და უსაფრთხოა. იქ მაშინ მივდივარ, როცა აუზზე წასასვლელად არ მცალია. ჩვენს ქვეყანაში გოგონები სოლარიუმში "კლინიკურად" დადიან, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში სულ ორიოდე სოლარიუმია, რომლის ნდობაც შეიძლება.

- ეფექტური ნამზეურის მისაღებად ოდესმე, რაიმე უცნაური მეთოდი გამოგიყენებია?

- არა. სპეციალურ კრემს ვიყენებ, რომელიც ჩემს კანს იცავს და ეფექტურად გარუჯვაშიც მეხმარება.

- დღესდღეობით გარუჯული სხეული ისევ მოდურად მიგაჩნია?

- ლამაზია, "ჯანმრთელია", მაგრამ სიშავე არ მომწონს და ძალიან მუქი კანის ფერიც არ მიხდება. უბრალოდ, ოდნავ შეფერილი უნდა იყოს. საერთოდ, გარუჯული სხეული ზაფხულს უხდება, მაგრამ ხშირად, ადამიანები პათოლოგდებიან და წლის ნებისმიერ დროს სტუმრობენ სოლარიუმს. სამწუხაროდ, ზედმეტი ნამზეური კანისთვის ძალიან ცუდია. შემდეგ იძულებული ხდებიან, კანის გასაჯანსაღებლად სხვადასხვა პროცედურა ჩაიტარონ. ბევრი ამასაც არ აკეთებს, რაც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

- მზის სხივებს არასდროს დაუწვია შენი კანი?

- მახსოვს, ბავშვობაში დავიწვი. ახლა ფრთხილი ვარ და მზის აბაზანებს სწორად ვიღებ.

ნინო შავგულიძე:

GzaPress- გარუჯვის უცნაური მეთოდი გამომიყენებია. ეფექტური ნამზეურის მისაღებად რაც გავაკეთე, ნუ დაწერ - ვინმემ არ გამოიყენოს და საკუთარ ჯანმრთელობას არ ავნოს. მე კანი არ დამეწვა, მაგრამ შესაძლოა, ამან სხვაზე ისე ცუდად იმოქმედოს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდეს. სხვათა შორის, ამას წინათ საინფორმაციო გამოშვებებმა გადმოსცეს, რომ ერთმა გოგონამ სერიოზული დამწვრობა მიიღო... უბრალოდ, რაღაცები თეთრ კანზე არ უნდა წაისვა, ოდნავ გარუჯული მაინც უნდა იყო, რომ შემდეგ სასურველი ფერის მიღებაზეც იზრუნო... ძალიან თეთრი კანი მაქვს. პლაჟზეPპირველი გასვლისთანავე ჭარხალივით ვწითლდები. ახლა ჭკუა ვისწავლე: ჯერ დამცავ კრემს ვისვამ და გარუჯვას ისე ვიწყებ, შემდეგ კი ნელ-ნელა, კანს ულტრაიისფერ სხივებს "ვაპარებ" ხოლმე... მზეზე თმის გასახუნებულად თავზე ლიმონის წვენიც წამისვამს.

- სახურავზე თუ გარუჯულხარ?

- დასამალი რა არის? კი, სახურავზეც ავსულვარ "ზაგარის" მისაღებად (იცინის)! ჩემი მეგობარი ძალიან მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. თავისუფალი დრო რომ ჰქონდა, სახურავზე ადიოდა და ნახევარი საათი მზის აბაზანებს იღებდა. თან, იმ სახურავზე არასოდეს არავინ ამოდიოდა. მასთან ერთ-ერთი ვიზიტისას შემომთავაზა, - წამოდი, ავიდეთო. ავყევი და სახურავზე გავირუჯეთ.

- სოლარიუმში დადიხარ?

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ აქტიურად დავდიოდი. ექიმებთან კონსულტაციის მერე, სოლარიუმი და ზენიტში მყოფი მზის სხივების ქვეშ ყოფნა კატეგორიულად ამეკრძალა.

ანრი ჯოხაძე:

GzaPress- იშვიათად ვირუჯები, მაგრამ ბოლო პერიოდში, დამჭირდა და გავირუჯე, ოღონდ - ხელოვნურად.

- ცხელი ზაფხულია. "მზის სხივებს" რატომ ყიდულობ?

- დიდი ხნით მზეზე წოლა მეზარება. სოლარიუმი კარგი გამოსავალია: 10 წუთში გაირუჯები, გამოხვალ და შედეგი სახეზეა. სოლარიუმს ბევრჯერ არ ვსტუმრობ. მთავარია, ოდნავ გავირუჯო.

- გარუჯული გოგონები მოგწონს?

- სხვათა შორის, ქალბატონების გარუჯული კანი ნაკლებად მომწონს. ჩემ გარშემო უამრავი გოგონაა, რომელბიც ინტენსიურად ირუჯებიან, მაგრამ "დაზაგრულ" სახესა და სხეულზე მეტად, სითეთრე უხდებათ. ყოველთვის ვურჩევ, ნამზეურის მიღებას ცოტათი მოერიდონ, რადგან მერე ძალიან შავდებიან. საერთოდ, თეთრი ქალი ბევრად უფრო ეფექტურია, მაგრამ მსუბუქად გარუჯვაც მისაღებია.

ნუკა კვალიაშვილი:

- ზღვაზე ყოველთვის დავდიოდი. მიზანმიმართულად გარუჯვა დაახლოებით, 2008 წელს დავიწყე. წინათ სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ, ამ ზაფხულს კი - ვესტუმრე. ძალიან თეთრი კანი მაქვს. მზის გულზე პირველად დაწოლისას კანი მეწვება. სოლარიუმს იმიტომ ვესტუმრე, რომ არ დავმწვარიყავი, თან - შეფერილი ვყოფილიყავი, მერე კი პლაჟზე გავსულიყავი.

- გასარუჯად უცნაური მეთოდი გამოგიყენებია?

- არა. საერთოდ, გარუჯვაზე "ჩაციკლული" არ ვარ.

ლევან ჩიჩუა:

- გარუჯული რომ ვარ, მიყვარს, მაგრამ მზის აბაზანების მიღების პროცესი მეზარება (იცინის). სოლარიუმში დაახლოებით, ხუთჯერ ვარ ნამყოფი. გარუჯვის ამ მეთოდს არ მივესალმები, მაგრამ თუ დამჭირდება, შეიძლება, სოლარიუმში "შევძვრე".

- სახურავზე გარუჯულხარ?

- 2 წლის წინ, აგარაკზე ყოფნისას, გასარუჯად ვერანდაზე ავედი.

- როგორ ფიქრობ - უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები გასარუჯად უცნაურ და რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის მავნე მეთოდებს რატომ იყენებენ?

- დღემდე კიდევ ვინმე თუ იყენებს რაიმე ისეთს, რაც მის ჯანმრთელობას ავნებს, ის ალბათ არანორმალურია, ფსიქიკური პრობლემები აქვს ან თავის მოკვლა უნდა... უამრავი ფაქტი ვნახეთ, როცა ასეთი მეთოდების გამოყენების გამო ხალხი დაიწვა. ამიტომ სხვებმა აღარ უნდა გაიმეორონ.

ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"