თაკო აბაშიძე საკუთარი ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე ზრუნავს - გზაპრესი

თაკო აბაშიძე საკუთარი ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე ზრუნავს

ამბობენ, - ფული მასთან "მიდის", ვინც მისი ყაირათიანად ხარჯვა იცის, საფულეში ლამაზად ჩაწყობილს ატარებს და ხშირად ითვლისო... მსგავს გამონათქვამებს არ ეთანხმება მსახიობი თაკო აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრების წესი აქვს და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ხარჯავს.

- ფული, როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც საჭიროების საგანია. რაც შეეხება მასთან დაკავშირებულ, ე.წ. ფრთიან გამონათქვამებს, გეტყვით, რომ არ მიყვარს თავსმოხვეული აზრები და სიბრძნეები. ყველა ცხოვრობს ისე, როგორც შეუძლია. ამქვეყნად იმდენი აზრია, რამდენიც - ადამიანი.

- მატერიალურად დამოუკიდებელი როდიდან ხარ?

- დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გავხდი. თუმცა, მანამდეც ვმუშაობდი. პატივს ვცემ შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანებს. მაშინაც კი, როცა ოჯახისგან სრულიად უზრუნველყოფილი ვიყავი, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, საკუთარი შრომით მოპოვებული ფული მქონოდა. ბავშვობიდანვე მიჭირდა მშობლებისთვის ფულის თხოვნა. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი საკუთარ თავს მოვთხოვო და არა - სხვებს.

- რამდენი წლის იყავი, პირველად ხელფასი რომ აიღე?

GzaPress- 16 წლის ვიყავი, როცა ჩემი სიმღერა 100 დოლარად გავყიდე და ამ თანხით ახალი ტელევიზორი ვიყიდე, ჩემს ოთახში დავდგი - ის დღეს ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება. არასოდეს დამავიწყდება მამის წყლიანი თვალები, რომელიც სიამაყით იყო აღსავსე...

- 16 წლისამ ისეთი სიმღერა დაწერე, რომ გაიყიდა?

- დიახ, ასე მოხდა, ტექსტიც და მუსიკაც ჩემი იყო.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- სამწუხაროდ, არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ფულის დაგროვება შეუძლიათ. თუ მაქვს, დაუნანებლად ვხარჯავ.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ფულის შესანახავად ყულაბა, მუთაქა და მსგავსი ნივთები არასოდეს მქონია (იცინის). შეიძლება, ეს კარგი არ არის, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს, ფულის შეგროვება არ მეხერხება. თუმცა, როცა უკვე პატარა აღარ ხარ და ოჯახიც გყავს, შენს ხასიათში წინდახედულობა უნებურად იჩენს თავს.

- მატერიალური თვალსაზრისით კრიზისული მომენტი ხშირად გაქვს? ასეთ დროს დახმარებას ვის სთხოვ ხოლმე?

- ვცდილობ, კრიზისულ მდგომარეობამდე არასდროს მივიყვანო საქმე. მე და ჩემი მეუღლე საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ, რათა მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ. ასე რომ, საკუთარი თავისა და ერთმანეთის იმედი გვაქვს.

- შენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ფულის სესხება დაგჭირდა და დახმარების ხელი ვერავინ გამოგიწოდა?

- არა, ასეთი რამ არ მახსენდება... უფრო მეტიც, ჩემი აზრით, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს.

- თავად თუ გაგისესხებია ფული?

- კი, ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თუ ფული მაქვს და ვიცი, ადამიანს დახმარება სჭირდება, უკან არ დავიხევ.

- ყველაზე მეტ თანხას რაში ხარჯავ?

- ფულს ძირითადად, საჩუქრებში ვხარჯავ. როცა საყვარელ ადამიანებს ვახარებ, ეს მაბედნიერებს. ყოველთვის ვცდილობ, მათთვის ისეთი ნივთები შევარჩიო, რაც ესიამოვნებათ. ასევე, მიყვარს წიგნების ყიდვა. ვცდილობ, შვილისთვის საუკეთესო ენციკლოპედიები შევიძინო. ბარბარე ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე აქედანვე ვზრუნავთ მის მომავალზე. გვინდა, განათლებული გოგო გაიზარდოს და კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდეს.

- ხელფასის თვიდან თვემდე განაწილებას ვერ ახერხებ?

- მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი, ბევრი რამ ვისწავლე. მე და ლაშა ერთად ვგეგმავთ ოჯახის ბიუჯეტს, ვანაწილებთ თანხას და ვცდილობთ, შეცდომები არ დავუშვათ.

- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა?

GzaPress- ჯერ 3 წლისაც არ არის და ყულაბა არ აქვს, მაგრამ მამამ ანაბარი გაუხსნა ერთ-ერთ ბანკში. მინდა, ჩემმა შვილმა ფულისა და შრომის ფასი იცოდეს.

- შეგიძლია გაიხსენო, ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი ვინ და როდის მოგართვა?

- უამრავი საჩუქარი მიმიღია და მათ ფასების მიხედვით ვერ გამოვყოფ. ჩემთვის ყველანაირი საჩუქარი ძვირფასი და ღირებულია.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- ფულს ყველაზე ხშირად, ბაბუა მჩუქნიდა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი თენგიზ ბაბუა, რომელიც სახლში დაბრუნდებოდა თუ არა, მე და ჩემს ძმას დაგვიძახებდა, საფულეს ამოიღებდა და წითელ 10-მანეთიანებსა და იასამნისფერ 25-მანეთიანებს თანაბრად გვინაწილებდა. გვეუბნებოდა: ბაბუ, რაც გინდათ, ის იყიდეთო... ბაბუა ძალიან მიყვარდა. მენატრება და ვწუხვარ, რომ ისეთ დროს გარდაიცვალა, როცა მატერიალურად მყარად არ ვიდექი ფეხზე და მისთვის ბევრი ვერაფერის გაკეთება ვერ შევძელი.

- როგორ ფიქრობ, ბევრს შრომობ საიმისოდ, რომ საკმარისი თანხა გამოიმუშაო?

- კი, ძალიან ბევრს ვშრომობ: რამდენიმე სამსახური მაქვს და საქმეს ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ. მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ვიშრომო. უქნარა, ზარმაცი ადამიანები არ მიყვარს. თუ ჯანმრთელი ხარ, აუცილებელია, სამსახური ეძებო.

- საკუთარი შრომის ანაზღაურებით ყველაზე ძვირად ღირებული, რა გაქვს შეძენილი?

- ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენს, მე და ჩემი მეუღლე უახლოეს მომავალში გიჩვენებთ. გპირდებით, ამ შენაძენის ექსკლუზიურ ფოტოებს მოგცემთ (იცინის).

- შენთვის საფულე მნიშვნელოვანი აქსესუარია?

- საკმაოდ მნიშვნელოვანი აქსესუარია. არ მიყვარს ძალიან პატარა და მოუხერხებელი საფულე. ჩანთებიც დიდი მიყვარს.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ვფიქრობ, გაკონტროლება ყველაფერს სჭირდება, მათ შორის - ფულის ხარჯვასაც.

- ხშირად შოპინგობ?

- შოპინგი ძალიან მიყვარს. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, დაღლილობას მიხსნის და რაღაცნაირად მალაღებს. ვგიჟდები ყვავილების მაღაზიაში სიარულზე.

- მეუღლე ხშირად გჩუქნის ყვავილებს?

- ლაშამ იცის, რომ ყვავილები ძალიან მიყვარს. ჰოდა, არა მარტო მე, არამედ ბარბარესაც ხშირად ჩუქნის ლამაზ თაიგულს. ჩვენს ოჯახში ორი ქალბატონია - მე და ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, ვაზაში ყვავილები სულ გვაქვს.

- კოსმეტიკის შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავ?

GzaPress- ყოველ შემთხვევაში, ცოტას ნამდვილად არ ვხარჯავ... ეტაპობრივად, რაც მჭირდება, იმას ვყიდულობ. მიყვარს ხარისხიანი კოსმეტიკა, რაც დამეთანხმებით, იაფი არ ღირს.

- რომელია შენი საყვარელი სუნამო?

- "შანელი" მიყვარს. თუმცა, ძალიან ტკბილი სურნელიც არ მომწონს და წელიწადის დროსაც გააჩნია... ყვავილების სურნელით გაჯერებული სუნამოებიც "ჩემია".

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფულით წამატების მიღწევა უფრო იოლია, ვიდრე მხოლოდ ნიჭით?

- ბევრი ფულით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. რასაკვირველია, სიმდიდრე წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი გზაა, მაგრამ "ბევრი" ტვინით მიღწეული წარმატება უფრო მეტად მყარი და გემრიელი მგონია (იცინის). ვფიქრობ, ადამიანის ტვინზე ძვირფასი არაფერი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ფულიც ხომ ადამიანმა გამოიგონა?!

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- რა თქმა უნდა, ვსარგებლობ. XXI საუკუნეში ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია... დაბოლოს, მინდა, ყველა ადამიანს ვუსურვო, რომ მათი შრომა და ამ შრომით მიღებული ანაზღაურება ერთმანეთის ადეკვატური იყოს.

სოფო ჭონიშვილი